რატომ იგეგმება თურქეთში სამხედროების როლის მკვეთრად შემცირების ხარჯზე ისლამის გაძლიერება და რა საფრთხეს უქმნის ეს სამხრეთ კავკასიას
– თქვენი აზრით, მართლაც ანტირუსულ ბლოკს ქმნიან საქართველო, ბელორუსია და მოლდოვა? თუ რატომ აღიქვამს ასე მტკივნეულად მოსკოვი ამ სამი ქვეყნის თითქოს დაახლოების მცდელობას?
– მე ასე ვიტყოდი, ეს არის იმ ადამიანების კავშირი, რომლებსაც არ უყვართ, სასტიკად ეზიზღებათ და ეშინიათ პუტინის. ეს არის ამ კავშირის ერთადერთი საფუძველი. თუმცა ბელორუსია არასდროს შევა ანტირუსულ გაერთიანებაში, რადგან ამ შემთხვევაში ის დაკარგავს ერთიანი საბაჟო კავშირის წევრობას, რაც უზარმაზარ ზიანს მიაყენებს ბელორუსიის ეკონომიკას და ლუკაშენკოს მთავრობას. მეორეც, მიხაი გიმპუ არ წარმოადგენს მოლდოვას, ის შემთხვევით ასრულებს მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობას. ახლა იქ ყველა თავს იტეხს იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი ამ პოსტზე და როგორ დასვეს საკუთარი ხელით მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სკამზე. ამდენად, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, მას თავიდან მოიშორებენ. მით უმეტეს, რომ გიმპუს არ აქვს მოსახლეობის არანაირი მხარდაჭერა, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელსაც ჩვენ, მართალია, დანაშაულებრივ რეჟიმს ვუწოდებთ, მაგრამ მას მხარს უჭერს მოსახლეობის ნახევარი. გიმპუსა და მისი პარტიის მხარდაჭერა კი არ სცდება სამ პროცენტს.
– მაშინ როგორ მოახერხა მიხაი გიმპუმ ასეთი პოლიტიკური სიმაღლის დაპყრობა?
– ყველაფერი ძალიან მარტივადაა. მოლდოვაში სამმა პარტიამ შექმნა ალიანსი და მათ წინასწარ გადაინაწილეს უფლებამოსილებები, გიმპუს, როგორც ყველაზე სუსტი პარტიის თავკაცს, შეხვდა ყველაზე დაბალი თანამდებობა: პარლამენტის სპიკერობა – ამ პოსტს დიდი წონა არ აქვს მოლდოვაში, დანარჩენი ორი პარტიის ლიდერებმა კი მიიღეს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები. მაგრამ იმის გამო, რომ პრეზიდენტის არჩევნები დაიბლოკა, პრეზიდენტის პოსტი ვერავინ მიიღო, კონსტიტუციით კი პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის სპიკერი. აი, ასე აღმოჩნდა ამ პოსტზე გიმპუ. წესით, ის ამ პოსტზე ორ-სამ დღეს უნდა ყოფილიყო.
– ასეა მოლდოვას კონსტიტუციით?
– არა, იგულისხმება, რომ მოვალეობის შემსრულებელი არჩევნებამდე ორ-სამ დღეს თუ იქნება ამ პოსტზე.
– ჩვენთან 40 დღეა და ამიტომ გკითხეთ.
– მოლდოვაში ასე მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ვადები, იგულისხმება ორი-სამი დღე, სანამ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნები დაიბლოკა და ამიტომ მოლდოვას კონსტიტუციაში არსებული ამ წინააღმდეგობის გამო ეს გაუგებარი პერსონა გიმპუ ასრულებს მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობას. მას ვერ იტანენ მოლდოვაში. მაგალითად, გიმპუმ დააწესა საბჭოთა ოკუპაციის დღე, მაგრამ მას მხარი მისმა მომხრეებმაც კი არ დაუჭირეს. სააკაშვილი ძლიერი მენეჯერი და ფიარშიკი მაინც არის, გიმპუ კი არც ფიარშიკია და არც მენეჯერი.
– სასწავლებლად ხომ არ ჩამოვიდა საქართველოში?
– ალბათ და რაღაც მხარდაჭერის მისაღებად, როგორ დარჩეს ამ პოსტზე. გიმპუს აქვს ანტირუსული ორიენტაცია და ცდილობს ამის რეალიზაციას.
– თქვით, რომ ამ სამ პიროვნებას აერთიანებს პუტინის სიძულვილი. თქვენი აზრით, რა მოტივი აქვს საამისოდ თითოეულს?
– სააკაშვილს პოსტსაბჭოთა სივრცის „ბოლშოი ნაჩალნიკ პუტინ“, ადრე თუ გვიან, მოითხოვს პასუხს მისი ანტირუსული პოლიტიკის გამო. არავის არაფერი დავიწყებია და არავის არაფერი უპატიებია. სააკაშვილი უფრთხის ამას და ამიტომაც არ უყვარს პუტინი. ლუკაშენკოს სხვა მოტივი აქვს. მას მიაჩნია, რომ პუტინმა მისი ადგილი დაიკავა.
– ეს როგორ?
– საქმე ის არის, ლუკაშენკოს იმედი ჰქონდა, რომ ელცინის შემდეგ რუსეთი და ბელორუსია ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდებოდნენ. მას კი მაშინ ყველაზე დიდი რეიტინგი ჰქონდა.
– რუსეთშიც?
– რა თქმა უნდა, რუსეთში. მეტიც, ლუკაშენკოს დღესაც აქვს საკმაოდ დიდი რეიტინგი რუსეთში. ზუსტად არ მახსოვს კვლევის შედეგები, მაგრამ რეიტინგში, დაახლოებით, მეხუთეა: პუტინის, მედვედევის, ლუჟკოვისა და შოიგუს შემდეგ. მაგრამ მაშინ ლუკაშენკოს ყველაზე დიდი რეიტინგი ჰქონდა და შეეძლო, გამხდარიყო რუსეთის პრეზიდენტი.
– გაერთიანებული რუსეთისა და ბელორუსიის?
– არა, გაერთიანებული რუსეთის, ბელორუსია მთლიანად უნდა შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში.
– და ბელორუსია აღარ იარსებებდა?
– რა თქმა უნდა. ერთი სიტყვით, ლუკაშენკოს ჰგონია, რომ პუტინი მის ადგილზე ზის. ამას გარდა, მათ ბევრჯერ იჩხუბეს. პუტინს ისევ უნდოდა რუსეთ-ბელორუსიის გაერთიანება, მაგრამ ლუკაშენკოს აღარ უნდოდა, რადგან მისი მიზანი იყო, გაერთიანებული რუსეთის პრეზიდენტობა და არა ბელორუსიისა და რუსეთის გაერთიანება. ამის გამო ლუკაშენკომ და პუტინმა ბევრჯერ იჩხუბეს. მეორე მხრივ, პუტინი და ლუკაშენკო სხვადასხვა დონის პოლიტიკოსები არიან. პუტინი არის მაღალგანვითარებული და განათლებული ევროპელი.
– პუტინი?!
– დიახ, ლუკაშენკო კი არის რუსი ბრიგადირი. ბელორუსიას მართავს, როგორც ერთ დიდ კოლმეურნეობას. რაც შეეხება გიმპუს: მას უბრალოდ სძულს რუსეთი, რადგან თავს რუმინელად მიიჩნევს. ის ფიქრობს, რომ რუსეთმა რუმინეთს მოლდოვა მოგლიჯა და მისი ოკუპაცია მოახდინა. პუტინს კი განიხილავს, როგორც ყველაზე ძლიერ რუსს, რომელიც მოლდოვას არ აძლევს რუმინეთს. აი, მისი მოტივი.
– სააკაშვილს ეშინია, რომ „დიდი ნაჩალნიკი პუტინი“ მოვა და პასუხს მოსთხოვსო, მაგრამ ეს სცენარი რომ განხორციელდეს, სულ მცირე, აუცილებელია, რომ სხვა „დიდი ნაჩალნიკი“, ანუ ამერიკა წავიდეს საქართველოდან. წავა?
– არავინ იცის, როგორ მოხდება ეს ზუსტად. არც სააკაშვილმა იცის და არც არავინ. ამერიკა რუსეთთან თამაშობს დიდ საჭადრაკო პარტიას და საქართველო ამ დაფაზე ერთ-ერთი პაიკია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, გაიწიროს. ეს შეიძლება, იყოს ნებისმიერი რამ: ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლა, ნავთობი, გაზი, ბირთვული პროგრამები.
– თურქეთმა და აზერბაიჯანმა გასულ კვირას ოფიციალურად განაცხადეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ეს შეიძლება, განვიხილოთ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი?
– არა.
– აბა, სომხეთის წინააღმდეგ? ვის გაუგზავნეს მესიჯი აზერბაიჯანმა და თურქეთმა? და რა შინაარსი იკითხება მასში?
– ეს, რა თქმა უნდა, გზავნილია სომხეთისთვის. ამას გარდა, რეალურად თურქეთი და აზერბაიჯანი ბოლო 15 წელია, სტრატეგიული პარტნიორები არიან. იმან, რომ თურქეთმა სომხეთთან ურთიერთობის მოწესრიგება გადაწყვიტა, გამოიწვია აზერბაიჯანის დიდი უკმაყოფილება. ახლა თურქეთი აპირებს დააბალანსოს ვითარება. ამის შემდეგ ვვარაუდობ, რომ იქნება რაღაც პოზიტიური გზავნილი სომხეთის მიმართულებით. თურქეთი დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს: აზერბაიჯანთან თანამშრომლობასაც უსვამს ხაზს და იმავდროულად უნდა, რომ რაღაცნაირად გაანეიტრალოს სომხური ლობიც.
– სომხეთთან ურთიერთობის აღდგენა რაში სჭირდება თურქეთს? მხოლოდ სომხური ლობის გასანეიტრალებლად? რა ასეთ პრობლემებს შეიძლება უქმნიდეს სომხური ლობი?
– ვვარაუდობ, რომ თურქეთი ემზადება რადიკალური საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. შიდა პოლიტიკური სისტემის შეცვლას აპირებს.
– კერძოდ?
– მკვეთრად შემცირდება სამხედროების როლი თურქეთის შიდა პოლიტიკაში და გაიზრდება – ისლამის.
– ეს არ არის სახიფათო?
– რატომ არის სახიფათო? საქართველოში მართლმადიდებლობას იგივე როლი აქვს, რა როლის მინიჭებაც უნდათ ახლა თურქეთში ისლამისთვის. რატომ არ აქვთ თურქებს უფლება, განამტკიცონ ისლამი, თავიანთი რელიგია?!
– აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის სახიფათო თურქეთის ისლამიზაცია? ათა-თურქი, რომელმაც, ფაქტობრივად, შექმნა თანამედროვე თურქეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, სწორედ ამის წინააღმდეგი არ იყო?
– გეთანხმებით. მაგრამ ეს ასე მოხდება. ჩვენ ყველანი ვართ იმის მოწმე, რომ თურქეთი იცვლება. ეს თვისებრივად ახალი თურქეთია და ის გამოდის ამერიკული გავლენიდან.
– და როგორ მოძოვენ ერთად სამხრეთ კავკასიაში რუსეთი და თურქეთი?
– ახლა რთულია ამის თქმა, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა მოხერხდეს ის, რომ რუსეთი და თურქეთი ერთობლივად დომინირებდნენ სამხრეთ კავკასიაში. ამით სტაბილურობა დამყარდება კავკასიაში.
– ნახევარი კავკასია რუსეთის იქნება და ნახევარი – თურქეთის?
– არა, მათ ერთობლივად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და შემდეგ ეს თავს მოახვიონ სამხრეთ კავკასიაში სხვა აქტიორებს.
– სომხეთს თავის გადაწყვეტილებას თავს მოახვევს რუსეთი, აზერბაიჯანს – თურქეთი. საქართველოს?
– ერთობლივად რუსეთი და თურქეთი.
– და რა ბერკეტები აქვთ საამისოდ დღეს რუსეთსა და თურქეთს?
– ჯერჯერობით მცირე ინსტრუმენტები აქვთ, მაგრამ უნდა მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება თურქეთსა და რუსეთს შორის, რომ ეს პროცესი დაიწყოს.
– დაწყებულია უკვე ამაზე მუშაობა თუ ეს მხოლოდ თქვენი ხედვაა?
– ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ბოლო დროს თურქეთი და რუსეთი ერთმანეთს მჭიდროდ უახლოვდება.
– და ეს რაში გამოიხატება?
– ეკონომიკურ პროექტებში, მაგალითად, ისიც ამის დასტურია, რომ ომის დროს თურქეთმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია.
– შესაძლოა, აშკარად არ დაუჭირა მხარი, მაგრამ, როგორც ცნობილია, ერდოღანმა მოსკოვს მოსთხოვა, რომ არც ერთი ბომბი არ ჩამოვარდნილიყო ბათუმში და, საერთოდ, აჭარის ტერიტორია ხელშეუხებელი დარჩენილიყო?
– მაპატიეთ, მაგრამ თურქეთს ასეთი პრეტენზიები არ წამოუყენებია. ეს ზღაპრებია.
– მადლობა ღმერთს, რომ რუსულმა ავიაციამ იერიში არ მიიტანა, მაგრამ მაშინ რატომ არ დაბომბეთ ბათუმის პორტი, თუკი დაიბომბა ფოთის პორტი?
– იმიტომ რომ, ფოთის პორტი უახლოესი პორტია აფხაზეთისკენ. თუკი სამხედრო ხომალდები ბათუმის პორტიდან დაბომბავენ აფხაზურ ქალაქებსა და აფხაზურ ფლოტს, დამერწმუნეთ, ბათუმზეც მიიტანენ იერიშს და ვერანაირი თურქეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. მით უმეტეს, რუსეთი არასდროს მიიღებს თურქეთის არანაირ ულტიმატუმს. მე ვფიქრობ, რომ ერდოღანმა ითხოვა, ბათუმს არ შეხებოდა სამხედრო დარტყმები და პუტინი და მედვედევი წავიდნენ „ნა ვსტრეჩუ“ თურქეთის ამ მეგობრულ თხოვნაზე.
– კიდევ მითხარით რუსეთისა და თურქეთის დაახლოების მაგალითები.
– ეკონომიკური პროექტები და არა მხოლოდ ენერგეტიკული, სხვა სფეროებშიც. თურქული ბიზნესი, მოგეხსენებათ, ძალიან აქტიურია რუსეთში. რუსული ტურიზმი ვითარდება თურქეთში. იგეგმება უვიზო მიმოსვლაზე გადასვლა. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და ის საცაა ამოქმედდება, სავარაუდოდ, შემოდგომიდან.
– რა ღირს თურქეთის ვიზა რუსეთში?
– თუ არ ვცდები, 30 დოლარი.
– რას მისცემს რუსეთსა და თურქეთს უვიზო მიმოსვლა, გარდა იმისა, რომ ტურისტები აღარ გადაიხდიან 30 დოლარს?
– საგრძნობი შეღავათი იქნება. თქვენ ხომ იცით, როგორ ძლიერად იმოქმედა საქართველოზე თურქეთთან უვიზო რეჟიმმა?!
– ჩვენ ახლოს ვართ, საერთო საზღვარი გვაქვს, თქვენ ასეთი საზღვარი არ გაქვთ ერთმანეთთან?
– ჩვენც ახლოს ვართ ერთმანეთთან. მაგალითად, თურქეთსა და რუსეთს შორის უფრო ხშირი მიმოსვლაა, ვიდრე რუსეთსა და საქართველოს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთო საზღვარი გვაქვს.
– თურქეთი ამერიკის წინააღმდეგ თამაშობს?
– არა, ეს არის პუტინსა და ერდოღანს შორის პირადი მეგობრობის შედეგი. მათ დავუმატებდი ბერლუსკონის.
– ბერლუსკონი რაღა შუაშია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებთან?
– მე მას მივანიჭებდი ამ ურთიერთობისთვის ევროპული მხარდაჭერის ფუნქციას.
– იტალიაც ამერიკის წინააღმდეგ თამაშობს?
– არა, არა, თურქეთი არ თამაშობს ამერიკის წინააღმდეგ, მაგრამ თურქეთი უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება ამერიკისგან.
– მაგრამ თურქეთი ისევ ილტვის ევროკავშირისკენ?
– თურქეთი ილტვის ევროკავშირისკენ, რადგან მშვენივრად ესმის, რომ არასდროს იქნება ევროკავშირის წევრი. ის ილტვის ევროკავშირისკენ, განსაკუთრებით, ახლა, როდესაც მას სჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომ მკვეთრად შემცირდეს არმიის, როგორც თურქეთის სტაბილურობის გარანტის, როლი. რეალურად ერდოღანი ამზადებს საკონსტიტუციო გადატრიალებას და მას სჭირდება ევროკავშირის თანხმობა.
– და რუსეთის მხარდაჭერა.
– ალბათ, ასეა.
– რით ხსნით იმას, რომ რუსეთი უფრო ადვილად ნახულობს საერთო ენას ისლამურ სახელმწიფოებთან, ვიდრე ქრისტიანულ სამყაროსთან?
– არა, რატომ?! რუსეთს შესანიშნავი ურთიერთობები აქვს მართლმადიდებელ სახელმწიფოებთან.
– რთული დასაჯერებელია, როდესაც ხედავ საქართველოს და სერბეთის მაგალითს: რუსეთმა არ გამოიყენა თავისი გავლენა და დაუშვა კოსოვოს დამოუკიდებლობა?
– არა, არა, საქართველო გამონაკლისია და რუსეთს სინამდვილეში შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ქართველ ხალხთან.
– ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს უბრალოდ ლიტონი სიტყვებია. როგორ შეიძლება, სახელმწიფოებს ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს და ხალხებს – შესანიშნავი?!
– საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ვერ დაარღვევენ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. რუსეთს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს სერბეთთან, საბერძნეთთან, კვიპროსთან, ბულგარეთთან, ჩერნოგორიასთან, უკრაინასთან, მუსლიმანებთანაც, რადგან რუსეთი მართლმადიდებელ-მუსლიმანური სახელმწიფოა. ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ რუსეთი უნდა შეეცადოს, შექმნას სლავურ-თურქული, მართლმადიდებლურ-მუსლიმანური კონფედერაცია.
– ევროკავშირის ალტერნატივაა რუსეთ-თურქეთის კავშირი? კიდევ ვინ უნდა შევიდეს ამ კავშირში, თქვენი აზრით?
– რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი.
– ირანი?
– რთული სათქმელია, იქ ძალიან ეგზოტიკური რეჟიმია.
– თქვენც რეალურად გეჩვენებათ მთიან ყარაბაღში ომის განახლების საფრთხე?
– არა, ეს დიდ ზიანს მოუტანს აზერბაიჯანის ეკონომიკას და არ მგონია, აზერბაიჯანი ამაზე წავიდეს, მით უმეტეს, რომ დრო აზერბაიჯანზე მუშაობს.
– დრო მუშაობს, ანუ საბოლოოდ აზერბაიჯანი დარჩება მოგებული?
– დიახ, დიახ. არ ვიცი, როგორ განვითარდება კონკრეტულად მოვლენები, მაგრამ დრო აზერბაიჯანზე მუშაობს.
– ირანთან ომის ალბათობა?
– ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამ საფრთხეს, რადგან ამერიკელები ორ ომზე მეტის წარმოებას ვერ შეძლებენ, მაგრამ შესაძლოა, ისრაელმა დაიწყოს ომი ირანთან.
– თუ ისრაელი ომს დაიწყებს, მას ამერიკა აუცილებლად დაეხმარება.
– ისრაელი მაშინ დაიწყებს ომს ირანთან, როდესაც ამერიკელები საბოლოოდ და სრულიად წავლენ ერაყიდან.
– რუსულ პოლიტიკას დიდი გამოცდილება აქვს ავღანეთში. თქვენი პროგნოზით, როგორ დამთავრდება ამერიკისთვის ავღანეთის ოპერაცია?
– ის დამთავრდება ჯარების გამოყვანით, იმიტომ რომ ამერიკელებს არ აქვთ არანაირი სტრატეგია. საბჭოთა კავშირი ავღანეთში ომს იგებდა, იმიტომ რომ სწორი სტრატეგია ჰქონდა.
– ათ წელს იყავით იქ და რა გააკეთეთ საბოლოო ჯამში?
– ვერ გავაკეთეთ, რადგან საბჭოთა კავშირი დაიშალა. ჩვენ ვაძლიერებდით ავღანეთის ჯარს და ვქმნიდით პროსაბჭოურ სამთავრობო სტრუქტურებს, ვაშენებდით ინფრასტრუქტურას. ეს რომ გაეკეთებინათ ამერიკელებსაც, მაშინ შედეგს მიიღებდნენ.
– ამერიკელები ამბობენ, რომ ავღანეთში დემოკრატიას ამყარებენ. თუ ამერიკა გავა ავღანეთიდან, რუსეთი ისევ შევა?
– რუსეთს არანაირი საქმე არ აქვს ავღანეთში.
– ანუ ამ წელს შეიძლება, მშვიდად ვიყოთ, ომები არ გველის?
– თუ ასე დავსვამთ საკითხს, ამ წელს არაფერი არ იქნება. ამას ხელს უშლის ეკონომიკური კრიზისი.
– რაკი პოლიტიკურ კრიზისებს ხელს უშლის ეკონომიკური, იმედი ვიქონიოთ, რომ ის გაიწელება.
– რას ამბობთ?! მერედა რა ვქნათ პოლიტიკოსებმა და პოლიტოლოგებმა, საქმე აღარ გვექნება?!