კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ელის მსოფლიოს ხორბლის შეუქცევადი დეფიციტი, თუკი ჩინეთში თითო მოსახლე ყოველწლიურად ერთი კილოგრამით გაზრდის ფქვილის მოხმარებას

 

– როგორი ისტორია აქვს ხორბლის კულტურას საქართველოში?

– ყველას მოეხსენება, რომ პურის განსაკუთრებული მნიშვნელობა ძირითადად ისაა, რომ მისი მეშვეობით ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი არის შესაძლებელი არსებობის შენარჩუნება. გარდა ამისა, პური პირდაპირ კავშირშია მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებასთან. სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისგან განსხვავებით, ხორბლის მარცვალს ის უპირატესობა აქვს, რომ ადვილია მისი შენახვა და ტრანსპორტირება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მას იყენებენ მაკარონის წარმოებასა და კულინარიაში. მისგან შეიძლება, მივიღოთ სპირტი, ზეთი და სხვა პროდუქტები.

ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ ბრძანა, პური იმდენი უნდა მოვიყვანოთ, არ გაგვიხდეს საყიდელი და ეყოს ჩვენს შინაურ ბაზარსო. ჩვენს სულიერ მამას ღრმად სწამდა, რომ პური არ არის საქონელი. მიუხედავად მისი შეგონებისა, შემოტანილმა მარცვალმა ამჟამად მთლიანად დაიპყრო ჩვენი შიდა ბაზარი და ადგილობრივმა ფერმერმა დაკარგა ხორბლის წარმოების ინტერესი.

ეს ფაქტი სამწუხაროა იმიტომაც, რომ ხორბლის კულტურა საქართველოში ჩაისახა და კულტურული ხორბლის 24 სახეობიდან 5 სწორედ საქართველოსთვისაა ენდემური. მართალია, ხორბლის ენდემურ სახეობებს დღეისთვის არ აქვს საწარმოო მნიშვნელობა, მაგრამ ისეთი ძვირფასი ბიოლოგიური თვისებები გააჩნია, რომელთა გამოყენება უცილებელია ინტენსიური, მაღალმოსავლიანი ჯიშების მისაღებად. ესენია: იმუნიტეტი, ტოლერანტობა და მაღალი პურისცხობითი თვისებები. ენდემური სახეობები საუკეთესო მასალაა ხორბლის სელექციური, სამეურნეო და ბიოლოგიური ნიშნების გასაუმჯობესებლად. ხორბლის მსოფლიო ინტელექტის ისტორია იწყება ჩვენი ქვეყნიდან. ამ მხრივ აღსანიშნავია ხორბლის ისეთი პრიმიტიული ჯიშები, როგორებიცაა: ზანდური, კოლხური, ასლი და მახა. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ზანდურის სამშობლო რაჭა-ლეჩხუმია. სხვათა შორის, უცხოეთში უფრო იციან, რომ ზანდურის სამშობლო რაჭა-ლეჩხუმია, ვიდრე ჩვენთან.

– ეს ჯიშები თავმოყრილია ერთ კონკრეტულ ადგილას, იმის იმედით, რომ, ადრე თუ გვიან, მათ გამოიყენებენ ხორბლის ახალი ჯიშების გამოსაყვანად?

– სათესლე მეურნეობები დაიშალა, ქართული ენდემური ხორბლის ჯიშები გაფანტულია სხვადასხვა ადგილებში. აღსადგენია ჩვენი ხორბლის გენოფონდი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში, ძირითადად, ხორბლის საშემოდგომო ფორმებია, მათი გავრცელების ძირითადი არეალია აღმოსავლეთ საქართველო.

– ტრადიციულად რა რაოდენობის ხორბალი მოჰყავდათ საქართველოში?

– სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ 1913 წლიდან არსებობს, ამიტომ იძულებული ვართ, ათვლა იმ პერიოდიდან დავიწყოთ. 1913 წელს საქართველოში ხორბლის კულტურა 168 200 ჰექტარზე დაითესა და მივიღეთ 118 200 ტონა მარცვალი, ანუ ჰექტარზე საშუალოდ მხოლოდ 7 ცენტნერი მოვიწიეთ. მეორე მსოფლიო ომამდე, ანუ 1940 წელს დაითესა 232 800 ჰექტარი და მივიღეთ 102 700 ტონა მარცვალი, ანუ ჰექტარზე 4,3 ცენტნერი ვაწარმოეთ. ომის შემდგომ პერიოდში ვთესავდით 231 800 ჰექტარს და ვაწარმოებდით 176 700 ტონა მარცვალს, ანუ ჰექტარზე ვიღებდით 7,6 ცენტნერს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო.

– რატომ იყო ეს მაჩვენებელი ასეთი დაბალი?

– ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზები. არ იყო სასუქი, არ იყო შესაბამისი პირობები, მაგრამ მას შემდეგ საქართველოში დაიხვეწა ხორბლის თესვა-მოყვანის აგროტექნიკა, დარაიონდა, ანუ რაიონების მიხედვით გადანაწილდა მაღალმოსავლიანი ჯიშები და 1985 წელს ერთეულ ჰექტარზე ვაწარმოეთ 23 ცენტნერი, ხოლო 1990 წელს საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის მაჩვენებელი 29,3 ცენტნერამდე ავიდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში.

– ტექნიკურად შესაძლებელია, რომ საქართველოში მივიღოთ ხორბლის იმდენი მოსავალი, რომ არ დაგვჭირდეს მისი იმპორტირება?

– სტატისტიკა გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ საქართველოში შესაძლებელია, მივიღოთ ხორბლის ის რაოდენობა, რომ არ დაგვჭირდეს მისი იმპორტი, მაგრამ დღეს, რეალურად, საგრძნობლადაა შემცირებული ქვეყანაში ხორბლის სათესი ფართობი, მაშინ, როდესაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წინა წლებთან შედარებით სტაბილურად მაღალ მოსავალს იღებენ.

– კონკრეტულად?

– დღეს ხორბლის ნათესი ფართობი აღარ აღემატება 50 000-90 000 ჰექტარს და, ასევე, სტაბილურად დაბალია მარცვლის საჰექტარო მოსავლიანობა. საკუთარი წარმოებით მოსახლეობის მარცვლით უზრუნველყოფა არ აღემატება 9 პროცენტს. მოგახსენებთ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს: ქვეყანაში ყოველწლიურად დაუთესავი რჩება 300 000-400 000 ჰექტარი სახნავი მიწები, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს 600 000-800 000 ტონა მარცვლეული. არადა ამის კომპენსაცია შეიძლებოდა დაუთესავი ფართობების ათვისებით მათზე, სულ მცირე, 2-2,5 ტონა საჰექტარო მოსავლის მიღების შემთხვევაშიც კი. ისევ სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია მოვიშველიოთ: 1998 წელს საქართველოში სულ სახნავი ფართობი იყო 791 900 ჰექტარი, დაითესა 616 100 ჰექტარი, ანუ 77,8 პროცენტი, შემოვიტანეთ 791 000 ტონა ხორბალი; დაახლოებით იგივე მონაცემებია 2003 წლამდე. 2004 წელს სახნავი ფართობი სულ 801 800 ჰექტარს შეადგენდა, დაითესა 534 000 ჰექტარი, ანუ 67 პროცენტი ავითვისეთ და 778 000 ტონა ხორბალი შემოვიტანეთ; 2005 წელს დაითესა 330 000 ჰექტარი ფართობი, ანუ ავითვისეთ სახნავი მიწების 41 პროცენტი, შემოტანილი ხორბლის რაოდენობა კი 774 000 ტონა იყო; 2007 წელს დაითესა უფრო ნაკლები – 299 000 ჰექტარი, ანუ 37 პროცენტი და შემოვიტანეთ 798 000 ტონა ხორბალი; 2008 წელს, ომის შემდეგ, სახნავი მიწის ფართობი შეგვიმცირდა თითქმის 100 000 ჰექტარით და შეადგინა 700 000, დაითესა 329 000 ჰექტარი, ანუ 47 პროცენტი. შემოტანილი ხორბლის რაოდენობამ კი 788 000 ტონა შეადგინა. თუმცა გასული საუკუნის 80-იანი წლების ანალიზი გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებობს ხორბლის მარცვლის წარმოების გაზრდის დიდი რესურსი.

– წლების მიხედვით, როგორ ნაწილდებოდა პროცენტები ადგილზე წარმოებულ და შემოტანილ ხორბალს შორის?

– 1995 წელს ადგილზე წარმოებული ხორბლის რაოდენობამ 77 000 ტონა შეადგინა, შემოტანილმა – 886 000 ტონა, შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე ფქვილის სახით 125 კილოგრამი მოდიოდა. 1999 წელს ადგილობრივად ვაწარმოეთ 225 000 ტონა მარცვალი, შემოვიტანეთ 763 000 ტონა; 2000 წელს ადგილზე ვაწარმოეთ 89 000 ტონა ხორბალი, შემოვიტანეთ 832 000 ტონა; 2001 წელს 306 000 ტონა ვაწარმოეთ, 687 000 ტონა კი შემოვიტანეთ; 2004 წელს ადგილზე ვაწარმოეთ 186 000 ტონა, შემოვიტანეთ 778 000 ტონა; 2006 წელს მოვიწიეთ 70 000 ტონა, შემოვიტანეთ 798 000 ტონა; 2007 წელს ვაწარმოეთ 75 000 ტონა, შემოვიტანეთ 788 000 ტონა. ერთ სულ მოსახლეზე კი 110 კილოგრამი ფქვილი მოდიოდა.

– 2007 წელს მოვუკელით პურის მირთმევას?

– არა, უბრალოდ ცოტა ხორბალი შემოვიდა. აშკარაა, რომ საქართველო თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული იმპორტირებულ ხორბალზე, არადა გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოში არახელსაყრელი კლიმატური თუ სხვა ფორსმაჟორული პირობების გამო, შეიძლება, იმდენად შემცირდეს ხორბლის რესურსი, რომ უცხოურმა ქვეყნებმა მთლიანად თვითონ დაიტოვონ ხორბლის მოსავალი და ჩვენ მარცვლის გარეშე დავრჩეთ.

– რაც ხდება კიდეც დღეს.

– დიახ, ან მსოფლიო ბაზარზე იმდენად გაძვირდეს მარცვლეული, რომ გაგვირთულოს მოსახლეობის პურით მისაღებ ფასებში მომარაგება. თუ, სულ რაღაც, რამდენიმე დღის წინათ 50-კილოგრამიანი ადგილობრივი ფქვილის ტომარა 33 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი უკვე 47 ლარია, მეტიც, ფასები, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს. ფასმატება ხდება მთელ მსოფლიოში და, ბუნებრივია, ჩვენთანაც. ამდენად, დიდი მეცადინეობა დასჭირდება საქართველოს მთავრობას, რომ შეინარჩუნოს პურის ფასი.

– ცხადია, გამოსავალი ხორბლის ადგილზე წარმოებაა, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენთან ადგილზე წარმოებული პროდუქცია იმპორტირებულზე ძვირია, თუმცა არ ვიცი, როგორ ახერხებს ამას ჩვენი ლიბერალური საგადასახადო სისტემა. ამ პირობებში რა აზრი აქვს ხორბლის ადგილზე წარმოებას?

– ხორბალი ერთწლიანი კულტურაა და დათესვის პირველსავე წელს იძლევა მოსავალსაც და ფინანსურ შედეგსაც, მაგრამ იმისთვის, რომ მარცვლეულის წარმოება ხელსაყრელი გავხადოთ ჩვენი ფერმერებისთვის, მაქსიმალურად გავზარდოთ ხორბლის მოსავალი და მკვეთრად შევამციროთ მისი იმპორტი, საჭიროა, გაიზარდოს ხორბლის თესვის ფართობი და ყველგან გამოვიყენოთ ინტენსიური ტექნოლოგიები. ამასთან აუცილებლად მიმაჩნია, რომ ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს გაუიაფდეთ მინერალური სასუქებისა და საწვავის ღირებულება, რომ რენტაბელური გახდეს მარცვლის წარმოება. ასევე, აუცილებელია, მათთვის გაიცეს შეღავათიანი კრედიტები და გათავისუფლდნენ საბანკო საურავებისგან. ამას გარდა, ხორბლის მწარმოებლებს სახელმწიფომ მტკიცე დაპირება უნდა მისცეს, რომ მაქსიმალურად შეისყიდის მათ მიერ წარმოებულ მოსავალს.

– პირადად მე ეს ცოტა საეჭვოდ მიმაჩნია, მაგრამ ვნახოთ. რუსულ ხორბალზე რატომ არის მოთხოვნა მთელ მსოფლიოში?

– რუსული ხორბლის ჯიშებს გაცილებით ჯობია განვითარებული ქვეყნების ხორბლის ჯიშები, უბრალოდ ჩვენთან რუსეთის ხორბლის სელექციის ჯიშებია აპრობირებული. რუსეთში არის ხორბლის როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო ჯიშები.

– თუ სწორად მივხვდი, მათ ამჟამად სწორედ საშემოდგომო ხორბლის ყანები დაეწვათ?

– დიახ. მაგრამ მგონია, ჩვენ უფრო დაგვეწვა ის მოსავალი, იმიტომ რომ რუსეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა.

– ამჯერად ხანძრებმა და გვალვებმა გააფუჭა მოსავალი, მაგრამ, როგორც ცნობილია, ისედაც არის მოსალოდნელი ხორბლის დეფიციტი, რადგან ინდოეთსა და ჩინეთშიც დაიწყეს პურის მირთმევა. ეს მართლაც ასეა?

– მარცვლის გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის რაოდენობას. ინდოეთსა და ჩინეთში ისე გაიზარდა მოსახლეობის რიცხვი, რომ ფართობი აღარ ჰყოფნით ბრინჯის მოსაყვანად. მოგეხსენებათ, ბრინჯი სპეციფიკურ, წყლიან გარემოში იზრდება. ამიტომაც დაიწყეს პურის გამოყენება. იმ ქვეყნებში კი მოსახლეობის რაოდენობა სულ უფრო და უფრო იმატებს და, შესაბამისად, სულ უფრო და უფრო ცოტა ადგილი რჩებათ ბრინჯის დასათესად. წარმოიდგინეთ, თუ დღეს ჩინეთში თითოეული მოსახლე წელიწადში 106 კილოგრამ ფქვილს მოიხმარს, ხვალ რომ ერთი კილოგრამით გაზარდოს ფქვილის მოხმარება, რა მოხდება?! კატასტროფა! ჩვენთვის, იცით, რა არის შეღავათი?

– ცოტანი რომ ვართ?

– არა, დასავლეთ საქართველოში, ძირითადად, მჭადს მიირთმევენ და ეს დიდი შეღავათია. დასავლეთ საქართველომაც რომ დაიწყოს პურის ინტენსიურად გამოყენება, ეს პრობლემებს შეგვიქმნის.

– ანუ სიმინდს უფრო ვთესავთ, ვიდრე ხორბალს?

– სიმინდი შეუდარებლად ბევრი მოგვყავს: 250 000 ჰექტრამდე ითესება ყოველწლიურად დასავლეთ საქართველოში.

– აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას ხომ შეუძლია, თავად მოიყვანოს თავისი სამყოფი ხორბალი და თონეში თავად გამოიცხოს პური?

– კახეთში თითქმის ყველა ოჯახს აქვს თონე, მაგრამ თონეს ფიჩხი უნდა, ფიჩხის შეგროვება კი უცხოელებისთვის იჯარით გაცემულ ტყეებში გართულებულია. ამასთან, საქართველოში, მსოფლიოს ერთ-ერთ ღარიბ ქვეყანაში, საწვავი ძალიან ძვირი ღირს, როგორ შეიძინოს გლეხმა?!


скачать dle 11.3