კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლას ავალდებულებს თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენ მუსიკოსებს და რატომ აკრძალა მან მსუბუქი ნარკოტიკის, ნასვაის გამოყენება


ამ აზიური, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე მან პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური და ქარიზმატული მეთაური, „თურქმენბაში“ საპარმურატ ნიაზოვი შეცვალა. თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს ძნელად წარმოსათქმელი გვარის გამო, ერთ დროს აქტუალურ ისლანდიურ ვულკანს – ეიაფიადლაიეკიუდლის ადარებენ და მისგან გაცილებით დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას ელიან, ვიდრე ეს ნიაზოვის დროს ხდებოდა. რუბრიკაში, სწორედ ბერდიმუჰამედოვის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.

* საპარმურატ ნიაზოვის გარდაცვალებამდე, დასავლურ და რუსულ პრესაში ხშირად ჩნდებოდა ვარაუდი, რომ 1957 წელს დაბადებული გურბანგული ბერდიმუჰამედოვი „თურქმენბაშის“ უკანონო შვილი იყო. ამ ვარაუდს, იმით ამართლებდნენ, რომ ბერდიმუჰამედოვი ძლიერ წააგავდა ნიაზოვს, მათ შორის ასაკში სხვაობა 17 წელი იყო და იმით, რომ ბერდიმუჰამედოვის მშობლების შესახებ, პრაქტიკულად, არაფერია ცნობილი. საინტერესოა, რომ პროფესიით სტომატოლოგი ბერდიმუჰამედოვი ერთი პერიოდი საპარმურატ ნიაზოვის პირადი ექიმი იყო.

* 2007 წლის ზამთარში, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა სპეციალური განცხადება გააკეთა ტელევიზიით, რომ ამიერიდან თურქმენეთის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა ინტერნეტით სარგებლობა. ნიაზოვის პერიოდში ინტერნეტით მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტი სარგებლობდა, ხოლო საიტების უმეტესობა დაბლოკილი იყო. განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს აშხაბადის ცენტრში გაიხსნა 2 ინტერნეტკაფე.

* პირველი რეფორმა, რომელიც ბერდიმუჰამედოვმა განათლების სისტემაში განახორციელა, სკოლებში ათწლიან სწავლებაზე გადასვლას ეხებოდა. გარდა ამისა, მან გააუქმა ნიაზოვის დროინდელი განკარგულებები მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩაცმის თაობაზე. ამიერიდან გაუქმდა სპეციალური უნიფორმების ტარება უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, ხოლო ნიაზოვის ესკიზით შექმნილი გოგონების სასკოლო კაბები ევროპული მოდის მიმდინარეობებზე შექმნილმა მომწვანო კაბებმა შეცვალა, რომელთა ხმარება გაცილებით მოსახერხებელია.

* თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი კარატეში შავი ქამრის მეექვსე დანის მფლობელია. შავი ქამარი ბერდიმუჰამედოვს კარატეს მსოფლიოს ფედერაციის ხელმძღვანელის ანტონიო ესპინოზას გადაწყვეტილებით მიენიჭა. საინტერესოა, რომ ბერდიმუჰამედოვს თურქმენეთში კარატეს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და არა სპორტული დამსახურებებისთვის მიენიჭა შავი ქამარი.

* თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა აშხაბადში ახლადგახსნილ ონკოლოგიურ ცენტრში პირადად ჩაატარა ოპერაცია და პაციენტს კეთილთვისებიანი სიმსივნე – ლიპომა ამოაჭრა. ქირურგიული ოპერაციის მსვლელობისას ბერდიმუჰამედოვს ასისტენტობას გერმანელი პროფესორები – იოჰანეს სენკი და კლაუს ჩაიკოვსკი უწევდნენ. სიმსივნე პაციენტს ყურის უკან ჰქონდა და პრეზიდენტმა ის წარმატებულად მოაცილა. ოპერაცია ჯანდაცვის მუშაკთა პროფესიული დღის აღსანიშნავად ჩატარდა. საინტერესოა, რომ ბერდიმუჰამედოვი პროფესიით სტომატოლოგია და მანამდე მსგავსი ოპერაცია არ გაუკეთებია. იგი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია მედიცინის სფეროში და გააჩნია სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

* თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვს, მას არ აკმაყოფილებს ქვეყნის ამჟამინდელი ვითარება მუსიკალურ სფეროში და რეფორმების გატარებას გეგმავს. მისი თქმით, თურქმენი მუსიკოსები მხოლოდ ფოლკლორული მემკვიდრეობის არანჟირებითა და უცხოური მუსიკის მიბაძვით შემოიფარგლებიან, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. ამასთან დაკავშირებით, ბერდიმუჰამედოვმა გასცა სპეციალური განკარგულება, სადაც ნახსენებია, რომ ყოველმა თურქმენმა მუსიკოსმა უნდა შეისწავლოს 72 სახეობის თურქმენულ ნაციონალურ საკრავზე დაკვრა. აღსანიშნავია ისიც, რომ უცნობია თუ რომელ 72 ინსტრუმენტზე საუბრობს პრეზიდენტი.

* გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გააუქმა თავისი წინამორბედის, საპარმურატ ნიაზოვის განკარგულება და „შავი სიიდან“ ამოიღო ცირკი, კინო და ოპერა, თუმცა ძალაში დატოვა ბალეტის აკრძალვა. „თურქმენბაში 2-ად“ წოდებულმა ბერდიმუჰამედოვმა პირადად გახსნა ცირკის წარმოდგენა აშხაბადში და დაესწრო რუსი, ჩინელი, ავსტრიელი და კენიელი ცირკის მსახიობთა წარმოდგენას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბერდიმუჰამედოვის ინიციატივით თურქმენებს დაუბრუნდა ცივილიზებული კალენდარი, თურქმენეთის პირველი არხის ლოგოდან გაქრა ნიაზოვის მოოქრული ფიგურა, ხოლო აშხაბადის ცენტრიდან აიღეს საპარმურატ ნიაზოვის, ცნობილი, მბრუნავი ოქროს ძეგლი.

* თურქმენეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა თავისი ქვეყანა ტურისტებისთვის მიმზიდველი გახადოს. მისი ინიციატივით, კასპიის ზღვის სანაპიროზე მიმდინარეობს კურორტ „ავაზას“ კეთილმოწყობა, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს ესპანეთის, თურქეთისა და ეგვიპტის კურორტებს. პროექტის ღირებულება 5 მილიარდი ამერიკული დოლარია და ბერდიმუჰამედოვი ერთ დროს დახურული აზიური ქვეყნის ცენტრალური აზიის კოსტა-დელ-სოლის ტიპის კურორტად გადაქცევას გეგმავს.

* გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა თურქმენეთის ტერიტორიაზე აკრძალა ნასვაის მოხმარება, რომელიც ერთგვარ, მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება. ნასვია თამბაქოს, მცენარეული ნაცრის, აქლემის ნაკელის, ზეთისა და სხვა კომპონენტებისგან მზადდება. ნარკოტიკს, მინიატურული გრანულის სახით ღეჭავენ და ასე იღებენ საჭირო ეფექტს. ბერდიმუჰამედოვის თქმით, ნასვაი ონკოლოგიური დაავადების გაჩენის რისკს ზრდის და მისი მოხმარება საზიანოა ჯანმრთელობისთვის. აღსანიშნავია, რომ ნასვაი თურქმენეთში უძველესი დროიდან გამოიყენება და მას როგორც სამედიცინო პრეპარატს, ისე მოიხმარდნენ გასული საუკუნის დასაწყისში.

* თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ვლადიმირ პუტინთან, რამზან კადიროვთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, ნურსულთან ნაზარბაევთან, ილჰამ ალიევთან და ისლამ ქარიმოვთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, თავისუფალი პრესის მტრად დასახელდა. ეგრეთ წოდებულ „შავ სიაში“ პოსტსაბჭოთა სივრცის სულ 40-მდე პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი მოხვდა.


скачать dle 11.3