პოლიტიკური კალეიდოსკოპი
საკუთარი წიგნის ჰონორარს ტონი ბლერი დაჭრილ ჯარისკაცებს უყოფს
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა პირობა დადო, რომ თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის გაყიდვიდან მიღებულ ჰონორარს მთლიანად დაჭრილი ჯარისკაცების ფონდში გადარიცხავს. ბლერის პრეს-მდივნის განცხადებით ჰონორარი დაახლოებით 4 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ეს თანხა მთლიანად გადაეცემა საქველმქომედო ფონდ „როიალ ბრითიშ ლეგიონს“. სხვათა შორის, ინგლისელმა პაციფისტებმა და ერაყის და ავღანეთის საომარი კამპანიების მოწინააღმდეგეებმა ბლერის ფულს „სისხლიანი ფული“ უწოდეს.
ბარაკ ობამამ მექსიკის
ყურეში იბანავა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მექსიკის ყურეში იბანავა და ამით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნავთობის გაჟონვის მიუხედავად, მექსიკის ყურეს სანაპირო ზოლი არ საშიში არ არის დამსვენებლებისთვის. პრეზიდენტმა, უმცროს ქალიშვილ საშასთან ერთად, ფლორიდის შტატის საკურორტო ქალაქ პანამა-სითიში ყოფნის დროს გაცურა მექსიკის ყურეში. ამ ქალაქის პლაჟები ამერიკის ათ საუკეთესო საზღვაო კურორტს შორის ფიგურირებს და უნდა ითქვას, რომ ობამა თავდაპირველად სულაც არ აპირებდა იქ დასვენებას. იგი, ოჯახთან ერთად, მენისა და როდ-აილენდის შტატების მონახულებას გეგმავდა.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება „იუთუბით“ და „ტვიტერით“
დაინტერესდა
გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საკუთარი გვერდი გახსნა მიკრობლოგების საიტ „ტვიტერზე“. ერთი თვის წინ კი ვიდეოპორტალ „იუთუბიზე“ ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური არხი ამოქმედდა, რომელზეც განთავსებულია 80-მდე ვიდეორგოლი. ვიდეოების უმეტესობა პროპაგანდისტული ხასიათისაა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის დისკრედიტაციას ეწევა. რამდენიმე რგოლში სამხრეთ კორეა ამერიკის „მეძავად“ არის მოხსენიებული. საინტერესოა, რომ ამ ვებგვერდების მონახულების უფლება არ აქვს ჩრდილოეთ კორეის 23 მილიონ მოქალაქეს. მათ ქვეყანაში ინტერნეტით სარგებლობა მკაცრად არის შეზღუდული.
ავსტრალიაში დედოფლის
სიკვდილს ელიან
„დედოფალ ელიზაბეთ მეორის გარდაცვალებისთანავე, ავსტრალია მოიშორებს მონარქიის სტატუსს და გახდება რესპუბლიკა“, – ეს სენსაციური განაცხადი, ავსტრალიის პრემიერს, ჯულია გილარდს ეკუთვნის. „მიმაჩნია, რომ მონარქის სიკვდილი, ზუსტად ის მომენტია, როცა ავსტრალიას შეუძლია, რესპუბლიკა გახდეს,“ ეს განაცხადა პრემიერმა პარლამენტში გამოსვლის წინ. თუმცა, იქვე დაამატა, რომ ბრიტანეთის დედოფალს ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს.
პრეზიდენტის წინაშე შიშველი
გარბენა მილიონი დოლარი ღირს
მავანი ბრიტანელი მილიონერი მზად არის ნებისმიერ მსურველს, რომელიც შიშველი ჩაირბენს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას წინაშე, ერთი მილიონი დოლარი გადაუხადოს. ასეთი ექსტრავაგანტური აქციის წამომწყები ბრიტანელი მეწარმე და შოუმენი ალკი დევიდია. საინტერესოა, რომ, თავდაპირველად, დევიდი 100 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდას გეგმავდა, თუმცა შემდგომში თანხა გაიზარდა და ამჟამად მილიონერის შეთავაზებას 160 მსურველი გამოუჩნდა. აღსანიშნავია, რომ შიშველმა მოხალისემ ბარაკ ობამას ფონზე სურათიც უნდა გადაიღოს.