შენ რომ ჩემთვის ხმა არ მოგიტანია?!
ანუ „რაც შენია,“ შენი აღარ არის
მართალია, დევნილებს არწმუნებდნენ, „რაც შენია, შენიაო“ (ანუ დაგიკანონებთ იმ საცხოვრებელ ფართებს, რომლებშიც ცხოვრობთო), ოღონდ ეს მაშინ იყო, არჩევნებამდე. ხანი გამოხდა (მით უფრო, რომ ოპოზიცია არდადეგებზეა, თუმცა ისიცაა, „რა – მკვდარი და რა – შინმოუსვლელი“) და აღმოჩნდა, რომ აქა-იქ სამადლოდ შესახლებული დევნილები მშვიდად და ცივილიზებულად გამოასახლეს და შორს, რაიონებში გაასახლეს. შესაბამისად, „თვალი თვალს რომ მოშორდა, გულიც თითქმის გადასხვაფერდა“, ანუ დედაქალაქმაც მათი პრობლემები დაივიწყა. უფრო ზუსტად, დაავიწყეს, რადგან ყველა პატიოსანი და სამშობლოს მოყვარული მოქალაქის ყურადღება ახლა აჭარის საკურორტო სეზონისკენაა მიპყრობილი (თანაც, ვამბობთ – სამშობლოს, ვგულისხმობთ – მთავრობას; ვამბობთ, მთავრობას, ვგულისხმობთ – სამშობლოს).
უკეთესი დღე არც გარე მოვაჭრეებს დაადგათ (მათი უმეტესობაც დევნილია), ხან აკრძალული, არჩევნებამდე კი დაშვებული გარე ვაჭრობა კვლავ აიკრძალა. მაგრამ, რაკი გარე მოვაჭრეებს დასაკარგი არაფერი აქვთ (მარქსის პროლეტარებივით), ისინი ქუჩაში გამოვიდნენ. თავდაპირველად აქცია პრეზიდენტის მრავალასმილიონიან სასახლესთან გამართეს, მოგვიანებით კი პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს. პოლიტიკური სპექტრიდან გარე მოვაჭრეებს მხოლოდ „კონსერვატორი“ ჩხარტიშვილი, „ხალხის პარტიელი“ შალამბერიძე და „რატომ“ მოძრაობის წარმომადგენელი ჩიტაძე უთანაგრძნობდნენ; სავარაუდოდ, იმიტომ რომ დანარჩენი ოპოზიციონერები ისვენებენ და ესეც რომ არა, მათი მოტივი ასეთია: თქვენ რომ ჩვენთვის რკო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხმები) არ მოგიტანიათო?!
თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის ქართული პოლიციისა და გარე მოვაჭრე ასაკოვანი ქალბატონების შერკინება ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა, აქციას ხმა ქ-ნი ბურჯანაძის პარტიამაც შეაწია (სავარაუდოდ, რაკი პარტიის ლიდერი ენერგიას იღდგენს, შესაბამისი განცხადება ბ-ნმა სოფრომაძემ გააკეთა).
მეორე მხრივ, ზემოთქმული აჩენს ეჭვს, რომ ოპოზიციასაც ხელისუფლების პოზა აურჩევია (მხოლოდ მათთვისაა ოპოზიცია, ვისი ხმებიც საკუთარ ურნაში ეგულება), თუმცა, ამას გარდა, მომხდარმა კიდევ ერთი ფრიად საგულისხმო დასკვნაც გამოგვატანინა: თუ ოდესმე მტერზე გამარჯვება მოგვინდება, მოწინავე მებრძოლი ბრიგადები ასაკოვანი ქართველი ქალბატონებით უნდა დავაკომპლექტოთ!