ორჯერ ევრიკა!
ფეხით მოსიარულე ინვესტორები
ქართული ტურიზმი აყვავების გზას უკვე დაადგა: 26 წლის ქ-ნი სიდამონიძე ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედაც დაინიშნა და მუშაობასაც შეუდგა. ამ უკანასკნელმა გაგვიმხილა კიდეც საკუთარი პრიორიტეტები: დსთ-ის ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვა (აი, რა დიდებული აღმოჩენა გააკეთა ახალგაზრდა კადრმა) და ის, რომ საქართველო უნდა წარმოჩინდეს მსოფლიო ტურიზმის რუკაზე, როგორც ტურისტული მიმართულება (და მერე რა, რომ ბოლო ექვსი წელია, ამ მიზნით არაერთი საბიუჯეტო მილიონი დაიხარჯა). ბუნებრივია, 28 წლის მინისტრ ქ-ნ ქობალიას ეს პროექტი გულგრილს ვერ დატოვებდა და, რაკი არც დატოვა, ქ-ნ სიდამონიძესთან ერთად უკვე შეუდგა კიდეც მის სისრულეში მოყვანას, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერად. კერძოდ, ქ-ნმა ქობალიამ (რომელიც ეკონომიკის მდგრადად განსავითარებელი სამინისტრო იმიტომ ჩააბარეს, რომ ინვესტორები მოიზიდოს) გაგვიმხილა, ხშირად მეკითხებიან, სად – ეკონომიკის განვითარება და სად – ტურიზმიო. ამ ბნელი აზროვნების მქონეთ 28 წლის მინისტრმა, ერთი ისაა, დამტვრეული ქართულით, განუმარტა, რომ თითოეული ტურისტი ინვესტორიაო (ესეც მეორე ევრიკა!).
ჩვენ არ ვიცით (ან კი როგორ გვეცოდინება, როდესაც ჩვენი ახალგაზრდა-ახალბედა ჩინოვნიკებისგან განსხვავებით ჯერჯერობით არ ვართ ინგლისურენოვნები?!), რამდენად საფუძვლიანად გაამდგრადებს ქართულ ეკონომიკას ტურისტების მიერ ჩადებული ინვესტიცია (ცნობისთვის, თურქეთის სანაპირო 2 700 კილომეტრია, ჩვენი კი, ოკუპირებული აფხაზეთიანად – 320), სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში თანამშრომლების კონკურსის წესით შერჩევა გრძელდება (ალბათ, იმ მიზნით, რომ ეკონომიკას ახალი სისხლი გადაუსხან), რაც იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ კონკურსგავლილების ასაკი 28-ს არ ასცდება.
ხოლო, სანამ უფრო ახალბედებს შეარჩევენ, გასულ კვირასვე ქ-ნმა ქობალიამ პირადად უხელმძღვანელა საკუთარი უწყების მიერ აუქციონზე გამოტანილ შენობებზე შესაბამისი აბრების განთავსებას. ზედ ინსტრუქციაც მოაყოლა: ნებისმიერ გამვლელს შეეძლება, ინფორმაციის მიღება, რომ ეს კონკრეტული ობიექტი იყიდებაო. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ქ-ნ ქობალიას აზრით, რამდენიმე ათეულმილიონიანი ქონების შემძენი ინვესტორები ქუჩაში ფეხით დასეირნობენ. ჰოდა, ახლა თავად დაითვალეთ, რა დრო დასჭირდება ამ ტემპებით ქართული ეკონომიკის გამდგრადებას.