ქერის ორმოს პირმშო
„მერლინ მონრო“ „ფიგაროს“ ელემენტებით
შესაძლოა, იმიტომ რომ ზაფხულია (ან, სულაც, სხვა მიზეზის გამო), ბოლო ორი თვეა სრულიად საქართველოს ყურადღების ცენტრში ბათუმია. იმ დიადი და სანუკვარი მიზნის მისაღწევად, რასაც ტურისტებისთვის ყოველმხრივ ტურისტულად შემკული პირობების შექმნა ეწოდება, ბათუმში ღონისძიებების ცვენაა: ხან უცხოელი დიჯეები ჩამოჰყავთ, ხანაც საპენსიო ასაკის, თუმცა ერთ დროს მოკაშკაშე ვარსკვლავები. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რა უჯდება ეს სიამოვნება საქართველოს ბიუჯეტს (ზუსტად ისევე, როგორც კვლავაც არაფერი ვუწყით, რა დაგვიჯდა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საბიუჯეტო სახსრებით გამართული ღონისძიებები და ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა ხიდ-ბაღები) და არის თუ არა აჭარაში ტურიზმით მიღებული შემოსავალი დანახარჯის ადეკვატური, მაგრამ, რაკი ნათქვამია, „შენ ხილი ჭამე, მებაღეს რას კითხულობო“,თუნდაც ის „მებაღე“ შენ მიერ წვალებით შევსებული (იქნებ შეუვსებელიც) ბიუჯეტი იყოსო, საქართველოს მოსახლეობაც თავდავიწყებით გადაეშვა ბათუმური სიამოვნებების მორევში. მათ კი, ვინც მორევში უშუალოდ ვერ მოხვდა, დანაკლისს საქართველოს ელმედია ანაზღაურებს. შესაბამისად, დღეში რამდენჯერმე შეგვიძლია, ვიხილოთ კრის დე ბურგისა და წითელკაბიანი სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებული დუეტი, რა თქმა უნდა, აღშენებული ბათუმური პეიზაჟებით გამდიდრებული (სხვათა შორის, დღემდე არც ის ვიცით, რა დაგვიჯდა ქ-ნი ნიჟარაძის „ევროვიზიაზე“ მოპოვებული მეცხრე ადგილი, უფრო მეტიც, ისე მოირგო მომღერალმა მეორე წითელი კაბა, რომ „დოლჩე და გაბანას“ „ევროვიზიისთვის“ ექსკლუზიურად შეკერილი წითელი კაბის ფასიც არავის უთქვამს).
ერთი სიტყვით, კრის დე ბურგიც კმაყოფილი დარჩა (და მერე რა, რომ მთლად კარგადაც ვერ გაერკვა, სად და რისთვის იყო), რა თქმა უნდა, სოფო ნიჟარაძეც, რომელმაც ქართულ პოლიტიკურ პეიზაჟში არა მხოლოდ „მერლინ მონროს“ შტრიხი, არამედ „ფიგაროს“ ელემენტებიც შემოიტანა (იმიტომ რომ ყველგანაა!). ხოლო, რაკი ის იმ ერთეულ რჩეულთა შორისაა, რომლებსაც პოსტრევოლუციურმა საქართველომ უხვად დააბერტყა თავისი კეთილდღეობის კალთა, უკვე შეგვიძლია, თავისუფლად ვუწოდოთ, ვარდების რევოლუციის ქერის ორმოს პირმშო!