ცოდვები
ამბავი მეზობლის მკვდარი ძროხისა
მიუხედავად იმისა, რომ ამ უჩვეულოდ ცხელმა ზაფხულმა ხანძრებით ლამის მთელი მსოფლიო დააზარალა, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მაინც რუსეთიდან მიღებულ ცნობებს ვეწაფებით. მართალია, არ მგონია, ჩრდილოეთში (თუ მის მასშტაბებს გავიხსენებთ) იმაზე მეტად დაზარალებულიყვნენ, ვიდრე ჩვენ – 2008 წლის აგვისტოში, სამაგიეროდ, თუ სომხურ ანდაზას გავიხსენებთ (მეზობელს ძროხა მოუკვდა, წვრილმანია, მაგრამ მაინც სასიამოვნო), ვეჭვობ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სავსებით ეთანხმება რუსეთის პატრიარქის შეფასებას, ხანძარი სასჯელია ჩვენი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსული) ცოდვებისთვისო.
მეორე მხრივ, ქართული მედია არც იმას გვიმალავს, რომ რფ-ში ხელისუფლება ხანძრით მიყენებული ზარალის მასშტაბებს მალავს; თანაც ისეთი რიხით, თითქოს ჩვენთან რომელიმე სულიერს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, რა ბედი ეწიათ ბოლო წლებში სტიქიით დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს. რეალურად, რუსეთის არაერთი, მართალია, მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც სოფელი ხანძარმა 15 წუთში გაანადგურა, თუმცა, რუსული მედიის ცნობით, პრემიერ პუტინის განკარგულებით, სოფელდამწვრებს ახალ საცხოვრებელ სახლებში ოქტომბრამდე შეასახლებენ. ამის პარალელურად, ქართული მედია იუწყება, რომ რფ-ის უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს საცხოვრებელს აფხაზეთში სთავაზობენ.
თუ გავიხსენებთ, რომ რფ კარგა ხანია, იმედოვნებს, რომ აფხაზეთს მოინელებს, ზედაც რუსეთის პატრიარქის შეფასებას დავამატებთ, გამოდის, რომ, ადრე თუ გვიან, ყველა საკუთარი შეცდომების შედეგს მოიმკის. შესაბამისად, არც იმის გამოკვლევა გვაწყენდა, რა ცოდვამ გვიწია, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს ორი უძველესი ნაწილი ქართველებისგან სრულად დაიცალა?!