ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს შოუ-პეკინესისა და ოჯახის პეკინესის განსხვავება ლეკვობიდანვე შეიძლება?
პასუხი: რა თქმა უნდა, შეიძლება. ვინც ამ ჯიშის გამრავლებით არის დაკავებული, მან იცის, რა სახის ძაღლებს ამრავლებს. – შოუსთვის თუ ჩვეულებრივ ოჯახის ძაღლებს. ერთ ნაყარში ერთი ან ორი შოუ-ძაღლი თუ გამოდგა ხარისხით, დიდი მიღწევაა. შეიძლება, გამოფენაზე გაიყვანოთ და კარგი შეფასებაც მიიღოს, მაგრამ რასაც ჰქვია, ეტალონი გახდეს და წარმატებას მიაღწიოს, ეს ერთეულების ხვედრია. ამიტომ, გირჩევთ, თუ სერიოზულად ხართ დაინტერესებული პეკინესის შოუში მონაწილეობთ, მაშინ ის კინოლოგის გარეშე არ შეიძინოთ.
კითხვა: რამდენიმე წლის წინ ოჯახში 1 წლის პუდელი გვაჩუქეს ახლობლებმა, რომელიც დროთა განმავლობაში, საოცრად ეჭვიანი გახდა სტუმრების მიმართ. იმდენჯერ ჩაგვაგდო უხერხულ სიტუაციაში, რომ ცოტა ხანში, ჩვენც გავაჩუქეთ. ახლა ლეკვის აყვანა გვინდა და მაინტერესებს, საშუალოდ რა ასაკიდან ეწყება ძაღლს ეჭვიანობის შეგრძნება, რომ ყურადღება მივაქციოთ და კიდევ იგივე სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ?
პასუხი: ძირითადად, ლეკვობიდანვე. მაგრამ, ეს გენეტიკური არ არის. პრინციპში, ყველაფერი პატრონზეა დამოკიდებული. დავუშვათ, ორი ლეკვი გყავთ. თუ დააკვირდებით, როცა ერთი მოვა თქვენთან, მეორეც მაშინვე გამოეკიდება მას უკან. მერე როცა, ძაღლი სქესობრივად მწიფდება – 6-8 თვის შემდეგ, ეჭვიანობას უფრო გამოხატავს. რაც უფრო იზრდება, თავდაჯერებაც ემატება. ამიტომ, პატრონმა სათანადო ყურადღება ძაღლს ლეკვობიდანვე უნდა მიაქციოს.
კითხვა: ჩემი ძაღლი ცოფზე აცრილია, მაგრამ მაინც მაინტერესებს, თუ ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომ მან ვინმეს უკბინა, თუნდაც ოჯახის წევრს გაჰკრა კბილი, საჭიროა თუ არა, დაზარალებულისთვის აცრების ჩატარება?
პასუხი: მართალია, ძალღი აცრილია, მაგრამ არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ ხშირად განმეორებითი აცრის ჩატარება ავიწყდებათ პატრონებს. ასეც რომ არ იყოს, თავის დაზღვევის მიზნით, აუცილებელია, თუ ძაღლმა გიკბინათ ან კბილი გაგკრათ მიმართოთ ექიმს.
კითხვა: როგორც ვეტერინარი, რას ურჩევდით ძაღლის პატრონს, რას მიაქციოს უპირველესად ყურადღება და რა უნდა გაითვალისწინოს?
პასუხი: პატრონს უნდა ახსოვდეს, რომ ბეწვის ცვენა თუ ,,ლინკის” პერიოდს არ ემთხვევა (ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომას) და ხასიათდება ბუდობრიობით, აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება და ცხოველი მიიყვანოს ვეტერინართან. გახსოვდეთ, მკურნალობისთვის აუცილებელია, ბეწვის ცვენის მიზეზის დადგენა, უმეტეს შემთხვევაში, საჭიროა, დაზიანებული უბნიდან აღებული კანის ანაფხეკის ლაბორატორიული გამოკვლევა, რისი საშუალებითაც დაისმევა სწორი დიაგნოზი. აღნიშნული პროცედურისთვის აუცილებელია, ვეტერინართან ვიზიტი.