რატომ არ არის სასურველი ძუ ძაღლის წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეჯვარება და რა არის ცრუმაკეობის განვითარების მიზეზი
თუ გინდათ, სახლში ძაღლი გყავდეთ, ამისთვის მარტო სურვილი არ კმარა. უმჯობესია, გარკვეული იყოთ იმ საკითხებში, რომლის ცოდნაც ნამდვილად წაგადგებათ, სანამ, საჭიროების დროს, თქვენს ძაღლს ვეტერინარი გასინჯავს. მაგალითად, თუ თქვენ ამა თუ იმ ჯიშის ძუ ძაღლი გყავთ, ძალიან დაგეხმარებათ რამდენიმე დეტალის ცოდნა ცრუ ფეხმძიმობასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: ძაღლის ორგანიზმში გამრავლების ორგანოები ქმნის რთულ სისტემას, რადგან ემსახურება გამრავლებას. სქესობრივ სიმწიფეს ძუ ძაღლი აღწევს დაახლოებით 6-11 თვის ასაკში, ხოლო პატარა ჯიშები გაცილებით ადრე, ვიდრე საშუალოები და დიდი ძუები. რაც შეეხება ხვადებს, ისინი 15-16 თვის ასაკში მწიფდებიან სქესობრივად აქვთ სრულფასოვანი შთამომავლობის შექმნის, უნარი, რასაც ინარჩუნებენ სიცოცხლის ბოლომდე.
– რა ასაკამდე არის რეკომენდებული ჯიშიანი ძაღლების შეჯვარება?
– ჯიშიანი ძაღლები შეჯვარებაზე დაიშვებიან 8 წლამდე. ძუს პირველი შეჯვარების ოპტიმალური ასაკია 1,5-2 წელი.
– წელიწადში რამდენჯერ არის რეკომენდებული ძაღლებისთვის შეჯვარების პროცესი?
– ადრეული და ხშირი, წელიწადში ერთზე მეტი შეჯვარება, იწვევს შთამომავლობის ხარისხისა და სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებას, რაც უარყოფითად აისახება დედის ჯანმრთელობაზე. შეჯვარებამდე აუცილებელია ძუს ჩაუტარდეს დეჰელმინთიზაცია, აცრები და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები.
არსებობს შეჯვარების სპეციალური წესები, რის მიხედვითაც ხდება წყვილის შერჩევა. შეჯვარების დროს, ხშირად აუცილებელია სპეციალისტის დახმარება. უმჯობესი იქნება, თუ ძუს მივიყვანთ ხვადთან, რადგან ამ დროს ხვადი უკეთესად აკონტროლებს სიტუაციას. გასათვალისწინებელია სხვა გარემოებებიც, რადგან, ნებისმიერმა სტრესულმა ზემოქმედებამ, შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს როგორც ხვადზე, ისე ძუზე. დალეკვიანება ხდება შეჯვარებიდან 58-65 დღეში, მაგრამ, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითად, 53-72 დღე. ძაღლი სქესობრივი ციკლისა და შეჯვარების შემდეგ, ყოველთვის არ ითვლება განაყოფიერებულად, რადგან, შეიძლება, განვითარდეს ცრუმაკეობა.
– ცრუმაკეობაზე რას გვეტყვით უფრო ზუსტად?
– ტერმინი „ცრუმაკეობა” გამოიყენება არამაკე ცხოველის ქცევისა და ფიზიკური მდგომარეობისას, როცა ის ძალიან ჰგავს მაკე ცხოველის ქცევასა და ფიზიკურ მდგომარეობას.
– ცრუმაკეობის სიმპტომები როგორია?
– ცრუმაკეობის ნიშნები, შეიძლება, განვითარდეს სქესობრივი ციკლიდან 6-12 კვირის გასვლის შემდეგ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ცრუმაკეობა უფრო ხშირად ძაღლებში გვხვდება, ვიდრე კატებში.
– ცრუმაკეობის განვითარების მიზეზი რა არის?
– ცრუმაკეობის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონული ცვლილებება, როცა ორგანიზმში იკლებს პროტესტერონის და სწრაფად იმატებს პროლაქტინის დონე. ასევე, ისეთი დრო, როცა არ ხდება ცხოველის განაყოფიერება. ცრუმაკეობა უფრო ხშირად მაშინ ვითარდება, როცა ცხოველის შეჯვარება ხდება სქესობრივი ციკლის ბოლო დღეებში, ანუ დიესტრუსის ფაზაში. ზოგ ცხოველში ცრუმაკეობა გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების შემთხვევაში, რის გამოც ხდება სისხლში, პროლაქტინის დონის მომატება, რამაც, შეიძლება, გამოიწვიოს ყოველივე.
– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი ძაღლი მაკედ არ არის?
– ცრუმაკეობის დროს ცხოველი სხვადასხვა ნივთებით იწყებს ბუდის მოწყობას ისეთ ადგილებში, სადაც ის ნაკლებად შესამჩნევი იქნება, უღვივდება დედობრივი აქტივობა სათამაშოებისადმი, ფეხსაცმელებისა და სხვა საგნებისადმი; ყველაფერი ბუდეში მიაქვს და მალავს; უდიდდება სარძევე ჯირკვლები; შეიძლება, მოხდეს რძის ან სეროზული სითხის სეკრეცია. ცრუმაკეობისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: სხეულის მასის მომატება, საშოდან მუკოიდური გამონადენი, მუცლის ზომაში გაზრდა. თუ ცხოველს ჩამოუყალიბდება ზემოთ აღწერილი მაკეობისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაშინ, საჭიროა, აჩვენოთ ვეტერინარს, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ეს ნამდვილად ცრუმაკეობაა.
თუ თქვენი ოთხფეხა მეგობარი არ არის მაკედ, მაგრამ აქვს ღებინება, ასევე, მუქი ფერის და არასასიამოვნო სუნის გამონადენი საშოდან, სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ ექიმთან. ამ დროს, შეიძლება, განვითარდეს სასქესო სისტემის ინფექციები, როგორიცაა ენდომეტრიტები, რომელიც, შესაძლოა, გართულდეს პიომეტრიით და ოპერაციული ჩარევა დასჭირდეს. ვეტერინარი საგულდაგულოდ გასინჯავს თქვენს ცხოველს, შეიძლება, დასჭირდეს სპეციალური გამოკვლევაც – მუცლის ღრუს ექოსკოპია ან რენტგენი. ამის შემდეგ ვეტერინარი ზუსტად დასვამს დიაგნოზს და მოგცემთ შესაბამის რჩევა-დარიგებას. ცრუმაკეობის სიმპტომები უფრო ხშირად თავისთავად გაუვლის ხოლმე ცხოველს 2-3 კვირის შემდეგ და არ ტოვებს რაიმე გართულებებს.
ცრუმაკეობის დროს რეკომენდებულია წვნიანი საკვების მიცემის შეზღუდვა, რათა შეიზღუდოს რძის სინთეზი სარძევე ჯირკვლებში. ამით თავიდან აიცილებთ სარძევე ჯირკვლების მხრივ შემდგომ გართულებებს მასტიტებისა და მასტოპათიების სახით, რომლებსაც, შესაძლოა, სიმსივნური ხასიათის გართულება მოჰყვეს. ამიტომ, საჭიროა, დროულად მიაქციოთ ყურადღება თქვენს ოთხფეხა მეგობრებს და დროულად მიიღოთ კონსულტაციები ვეტერინართან.