მწვანე კუთხე
კითხვა: რა პირობებში გავახარო სატაცური და როგორი მოვლა სჭირდება მას?
პასუხი: ამ მცენარეს კარგი განათება სჭირდება, თუმცა მზის მცხუნვარე სხივების პირდაპირ მოქმედებას ვერ უძლებს, ფოთლები უყვითლდება და სცვივა. ამიტომ საჭიროა, მისი დაჩრდილვა. კარგია თუ სატაცურს ხშირად გადარგავთ. მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: თიხა-ყამირი, ნეშომპალა, ნაკელი და სილა. ზამთარში სითბოში ამყოფეთ. მორწყეთ ზომიერად და გაამრავლეთ ფესვის დაყოფით.
კითხვა: როგორ გავამრავლო დიფენბახია?
პასუხი: დიფენბახია მრავლდება ძირის დაყოფით, ღეროს დაჭრით და დაკალმებით. შემდეგ ჩარგეთ ნაზავ ნიადაგში: თითო წილი ქვიშა, მიწა და ტორფი. ამ მცენარის გამრავლება იოლია ყველანაირი ხერხით. მთავარია, სწორად შეურჩიოთ ნიადაგი და შემდეგ ჩარგოთ. ერთი თვის შემდეგ თქვენთვის სასურველ შედეგს დაინახავთ.
კითხვა: მაინტერესებს, როდის უნდა მივაწოდო მცენარეს სასუქი და აუცილებელია თუ არა მისთვის დამატებითი კვება?
პასუხი: გაზაფხულზე თითქმის ყველა მცენარეს სჭირდება დამატებითი კვება, ანუ სასუქის მიწოდება. გარე მცენარეებისთვის საჭიროა, გადამწვარი ნაკელი ან წუნწუხი. ოთახის მცენარეებისთვის არსებობს სხვადასხვა სახის სასუქი. შეგიძლიათ, მიაკითხოთ სამთო ქიმიის შენობას და იქ კონკრეტულ მცენარეზე შესაფერის სასუქს გირჩევენ.
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ უნდა გადავრგო ჭორიკანა?
პასუხი: თუ თქვენმა მცენარემ უკვე მიაღწია არასასურველ ფორმას და ზომას, შეგიძლიათ, გადაჭრათ ან შეკვეცოთ და ამის შემდეგ გადარგოთ. საერთოდ, მისთვის სასურველი იქნება თუ გაზაფხულის პერიოდში გადარგავთ. ეს პროცესი მცენარეზე ცუდად არ აისახება.
კითხვა: ბინაში მაქვს ბანანის ხე, რომელსაც ფოთლები გაუყვითლდა, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ამ მცენარეს უყვარს მზიანი ადგილი და, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ არასასურველ გარემოში შეიძლება ფოთლები, გაუყვითლდეს. გაზაფხულიდან ხშირად მორწყეთ. შესაძლებელია, ახლა თქვენს მცენარეს არასაკმარისი წყალი აქვს. გირჩევთ, ამ პერიოდში მცენარე გარეთ ამყოფოთ.