რამდენი წლის განმავლობაში იყვნენ ქართველები ირანის ცენტრალური ქალაქის – ისპაჰანის მმართველები
უნდილაძეთა გვარი ერთ-ერთი გამორჩეული ქართული გვარი იყო, რომელიც ირანში დამკვიდრდა და დიდ კარიერასაც მიაღწია შაჰ-აბას პირველის კარზე. როგორ მოხვდა, რა გზით აღზევდა, დამკვიდრდა და რით დაასრულა არსებობა ამ გვარმა უცხო დამპყრობლის კარზე, ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტი, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს.
– ბატონო ვაჟა, როგორ აღმოჩნდნენ უნდილაძეები საქართველოს ყველაზე დიდი მტრის კარზე?
– შაჰ-აბას პირველი, როგორც კი ტახტზე ავიდა, მაშინვე შეუდგა ახალი პოლიტიკის გატარებას, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ძველი ყიზილბაშური ზედაფენა უნდა ჩამოეშორებინა მმართველობის ყველა სფეროდან, მათ შორის, ჯარიდანაც. ყიზილბაშები იყვნენ პატარა, შეუვალი ფეოდალები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. სპარსეთს დიდი მიზნები ჰქონდა: მას ოსმალეთი უნდა დაემარცხებინა, შემდეგ კი შაჰ-აბასი კავკასიაში პირველობისთვის ემზადებოდა, რაც მან განახორციელა კიდეც იმის საშუალებით, რომ სახელმწიფო მოხელეებს ყველა დონეზე ჩამოაშორა ყიზილბაშები და დააწინაურა კავკასიური ელემენტები, რომლებიც, ან მონები იყვნენ, ან – პირადად მისი მორჩილები. ამ პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართულნი უნდილაძეებიც.
შაჰმა დედაქალაქიც კი გადაიტანა ყაზვინიდან (ჩრდილოეთ ირანიდან), სადაც თურქმანული ტომები ცხოვრობდნენ, ცენტრალურ ირანში – ისპაჰანში, სადაც უფრო ჭარბად იყვნენ სპარსული ელემენტები. ირანის მმართველმა, ადრე არსებული ყორჩის ჯარის ნაცვლად, რომელშიც ყიზილბაშთა ზედა ფენას ეჭირა მნიშვნელოვანი ადგილები, შექმნა ახალი, ეგრეთ წოდებული „ყულის ჯარი“. „ყული“ ითარგმნება, როგორც „მონა“. ეს „მონათა“ ჯარი, სწორედ კავკასიური ელემენტებისგან იყო შექმნილი და პირადად შაჰს ემორჩილებოდა. შაჰის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ გაამართლა: მან ქალაქის თავი, როგორც სპარსეთში უწოდებდნენ – ტარუღები, ყველგან შეცვალა და გაზარდა კავკასიელთა როლი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ნახევარ საუკუნეზე მეტხანს, ისპაჰანის ქალაქის თავის თანამდებობებს უმეტესწილად ქართველები იკავებდნენ.
– ვინ იყო პირველი დაწინაურებული უნდილაძე, რომელიც ირანში გვხვდება?
– პირველი უნდილაძე, რომელიც ირანში გამოჩნდა, ეს არის ალავერდი-ხანი. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ პირად წერილში, თავისი მოღვაწეობის პირველ წლებშივე, შაჰ-აბასი სწერს რომის პაპს, რომ ის ქრისტიანთა მფარველია. რა თქმა უნდა, ეშმაკი შაჰი ამას იმიტომ წერდა, რომ სჭირდებოდა ევროპის მომხრეობა ოსმალების წინააღმდეგ. ამ წერილში იგი აღნიშნავს: ჯერ ერთი, მე ერთი მეუღლე ქართველი მყავს (გულისხმობს სიმონ-ხანის ასულს – ელენეს) და, ამავე დროს, დაწინაურებული მყავს ქრისტიანი ალავერდი-ხანიო. ასე რომ, ამ წერილში უკვე ჩანს პირველი უნდილაძე შაჰის გვერდით. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოჩნდა ის სპარსეთში, ზუსტი ცნობები არ არსებობს. ერთი ვერსიით, ის ბავშვობაში მოიტაცეს და ტყვედ წაიყვანეს, მეორე ვერსიით კი, საქართველოში უნდილაძეთა გვარის დამცრობა ნელ-ნელა ხდებოდა და ბოლოს იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილან, რომ აღარაფერი დარჩენიათ და ალავერდი-ხანი თვითონ წასულა ირანში კარიერის გასაკეთებლად.
– როგორ წარიმართა უნდილაძეთა ცხოვრება ირანში?
– ერთ-ერთი პირველი ბრძოლა, სადაც ალავერდი-ხანი გამოჩნდა, იყო შეტაკება ვანის ტბასთან 1605 წელს, სადაც თურმე, ისეთი მძიმე ბრძოლა გამართულა, რომ თვით შაჰ-აბასიც კი შემდრკალა. ამ დროს ჯარის მეთაურობა ხელში აუღია ალავერდი-ხანს და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოუპოვებია. ეს გამარჯვება იმდებად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ მას შემდეგ დაიწყო თვით შაჰის აღმავლობა. ამის შემდეგ, ალავერდი-ხანიც დიდი ფიგურა ხდება შაჰის კარზე. სხვათა შორის, ვერაგი შაჰის ცინიკური გამოთქმაცაა ცნობილი: მთელი ირანი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი-ხანს ვემორჩილებიო. ამ გამარჯვების შემდეგ უნდილაძე გახდა შაჰ-აბასის რეფორმების ორგანიზატორი – ის ყველაფერში გვერდში ედგა შაჰს და ირანის დიდებას ემსახურებოდა.
– რა წოდება ჰქონდა უნდილაძეს ირანში?
– თავდაპირველად საკმაოდ დაბალი თანამდებობა ეკავა, კერძოდ, იყო ოქრომჭედელთა უფროსი, ანუ ზარგარბაში. აქედან მოყოლებული, მისი კარიერა ისე წარიმართა, რომ ბოლოს ცენტრალური ირანის პროვინციის – ფარსის ბეგლარბეგი, მოგვიანებით კი, ყულის ჯარის უფროსი, ანუ, ყულარ აღასი გახდა.
შაჰმა თავის კარზე ქართველთა მთელი დასი შექმნა. საერთოდ, სიმპტომატურია, რომ, ვინც ქართველების ყველაზე დიდი მტერია, სწორედ მის კარზე იქმნება ხოლმე ქართველთა დასი. ამ დასში აღმოჩნდა ალავერდი-ხანიც, ასევე სააკაძეები, როსტომ-ხანი, ანუ, როგორც მაშინ მოიხსენიებოდა – სეფი მირზა, ცნობილი მხატვარი სიაუში, მაგრამ, ყველაზე გამორჩეული მათ შორის უნდილაძეები იყვნენ თავიანთი თვისებებით, პოპულარობითა და, შეიძლება ითქვას, უფრო დიდი შეგნებით. როგორც შემდგომ დავინახავთ, ისინი ცდილობდნენ, საქართველოს საწინააღმდეგო არანაირ აქციაში არ მიეღოთ მონაწილეობა.
– ალავერდი-ხანის გარდა, კიდევ რომელ უნდილაძეებს ვხვდებით ირანში?
– უნდილაძეთა წარმომადგენელთაგან ირანში ალავერდი-ხანის გარდა ვხვდებით: იმამ ყული-ხანს, მის ძმას – დაუდ-ხანს, ალავერდი-ხანის შვილიშვილს სეფი ყული-ხანს და იმამ ყული-ხანის კიდევ ორ შვილს. არიან კიდევ მათი მეუღლეები. მათგან ყველას სახელიც არაა ცნობილი. ალავერდი-ხანს ქართველი მეუღლე ჰყავდა, ისევე, როგორც იმამ ყული-ხანს. ეს ქალბატონებიც აქტიურ როლს თამაშობდნენ მათ მოღვაწეობაში.
– მათ შორის ყველამ შეიცვალა რჯული?
– ყველა გამაჰმადიანებული იყო, სავარაუდოდ, მათი გამაჰმადიანება ზემოთ ნახსენები შაჰის წერილის შემდგომ პერიოდში მოხდა.
უნდილაძეებს ირანში აშენებული ჰქონდათ ბაზრები, ქარვასლები, სასახლეები, ხიდები, არხები, გზები. დღესაც კი შესანიშნავად გამოიყურება და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ალავერდი-ხან უნდილაძის მიერ ისპაჰანში აგებული ჯულფას ხიდი, ანუ ჩაჰარ-ბაღი. ის ამჯერადაც მოქმედებს. ცენტრალურ ირანში ძალიან ცუდი გადასასვლელი გზები ყოფილა და ალავერდი-ხანის მეუღლის თაოსნობით გაუყვანიათ ეს გზები. არსებობს გადმოცემა, რომ უნდილაძეთა მიერ აშენებულ ჩეჰერ სუთუნის სასახლეში, რომელიც ფრესკებით იყო მოხატული, ქართული წარწერებიც ყოფილა. მაგრამ, შემდეგ, ალბათ, მოშალეს, ვინაიდან ასეთი რამ ირანში მიუღებელი იყო.
ალავერდი-ხანი პირველად 1588 წელს იხსენიება, ეს არის მეორე წელი შაჰ-აბასის ტახტზე ასვლიდან. ამ წელს აბასმა თავიდან მოიშორა დიდი მოხელე – მურშიდ ყული-ხანი, რომელიც მას ხელს უშლიდა. ამ საქმეში, შაჰის გვერდით მოქმედებს ალავერდი-ხანიც.
– ანუ, ალავერდი-ხან უნდილაძე შაჰ-აბასის ხელისუფლებაში მოსვლიდან მის გვერდით დგას?
– სწორედ ამან შეუწყო ხელი, რომ ოქრომჭედლების უფროსობიდან ძალიან მაღალ თანამდებობამდე ასულიყო.
საინტერესოა, რომ ბევრი მოგზაური თუ ისტორიკოსი ახსენებს თავის ჩანაწერებში ალავერდი-ხანს, იმამ ყული-ხანს, დაუდ-ხანს, მაგრამ, არც ერთი არ ამბობს მათ გვარს, მხოლოდ ქართული წყაროები იუწყებიან, რომ ალავერდი-ხანიც, დაუდ-ხანიც და იმამ ყული-ხანიც უნდილაძეები არიან. ჩვენც ნამდვილად უნდა ვენდოთ მათ იმიტომ, რომ ამას ამბობს ვახუშტი ბაგრატიონიც, ბერი ეგნატაშვილიც, არჩილიც. თანაც, უნდა ითქვას, რომ ისინი დადებითად ახასიათებენ მათ, გარდა სპარსოფილი ფარსადან გორგიჯანიძისა. ის ქართველი ისტორიკოსია, სხვებისგან განსხვავებულ საინტერესო დეტალებსაც ხედავს, მაგრამ, შაჰის პოლიტიკის მომხრეა და, როდესაც მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ უნდილაძეები მთლად ბოლომდე შაჰის ერთგულები არ ყოფილან, ის მათ აკრიტიკებს.
– ასეთი რამ მოხდა, საბოლოოდ?
– ნამდვილად მოხდა. შაჰ-აბასის გარდაცვალების შემდეგ, დაუდ-ხანი და იმამ ყული-ხანი გადაუდგნენ ახალი შაჰის – სეფის პოლიტიკას.
არის ცნობები, რომ 1614 წელს ალავერდი-ხანს შაჰი უხმობდა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად, გიორგი სააკაძის მსგავსად, მაგრამ, ალავერდი-ხანმა როგორღაც მოახერხა და უარი თქვა საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებაში მონაწილეობის მიღებაზე. ჩვეულებრივ, ასეთ დროს ავადმყოფობას იმიზეზებდნენ ხოლმე. შემდეგ მისი შვილი იმამ ყული-ხანიც ასევე მოიქცა. ამის შემდეგ, ალავერდი-ხანი ძალიან მალე, მოულოდნელად გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ ეს მკვლელობა შაჰმა ალავერდი-ხანს სწორედ ამ უარის გამო მოუწყო, თუმცა, რეალურად, არ გვაქვს ამის შესახებ ზუსტი ცნობები.
– ამის შემდეგ რა ხდება?
– ამის შემდეგ, გარკვეული ხნით, ირანში მოღვაწეობას განაგრძობენ მისი ვაჟები. იმამ ყული-ხანი გახდა ფარსის ბეგლარბეგი, ანუ უპირველესი მმართველი; დაუდ-ხანი კი ჯერ ფარსის ხანი იყო, ხოლო მოგვიანებით, განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგობას მიაღწია. ალავერდი-ხანის შვილიშვილი, სეფი ყული-ხანი კი ლარის პროვინციის ბეგლარბეგი გახდა.
იმამ ყული-ხანს ირანში განათლებული ადამიანის სახელი ჰქონდა გავარდნილი. შირაზში არსებობდა კარმელიტების კათოლიკური რეზიდენცია. მათ ძალიან საინტერესოდ აქვთ აღწერილი, რა ხდებოდა იმხანად ირანში და სწორედ ამ ქრონიკაში, ამ ორდენის ერთ-ერთი პრეფექტი 1623 წელს წერს, იმამ ყული-ხანმა ჩვენგან მოითხოვა პლატონისა და არისტოტელეს წიგნები და, ამავე დროს, ბიბლიის არაბული თარგმანიო. საინტერესოა, რომ ამ დროს ის აღარ იყო ქრისტიანი, თუმცა, ბიბლია მაინც აინტერესებდა. იმამ ყული-ხანის სახელი ირანში იმდენად განთქმული იყო, რომ სპარსელ პოეტს, მაულან კადრის, ორი პოემა მიუძღვნია მისთვის: „ჯანგნამა“ და „ჯარუნნამა“. ეს იმ ტერიტორიების სახელწოდებებია, რომლებიც იმამ ყული-ხანმა ირანს შემოუერთა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორივე პოემა სპარსული ლიტერატურის ანთოლოგიაშია შესული.
ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო იმამ ყული-ხანის მეუღლე. რაც შეეხება მისი ძმის – დაუდ-ხანის მეუღლეს, ის თეიმურაზ პირველის და – ელენე იყო. ასე რომ, უნდილაძეებს კავშირები მაინც ჰქონდათ საქართველოსთან.
– ცნობილია, რომ, მამის მსგავსად, იმამ ყული-ხანიც გაურბოდა საქართველოს წინააღმდეგ აშკარა მოქმედებას.
– მართლაც ასეა. ერთხელ, როდესაც შაჰის ბრძანებით, ფარსის ჯარი, რომლის ბეგლარბეგიც თვითონ იმამ ყული-ხანი გახლდათ, საქართველოში უნდა წასულიყო, მან ავადმყოფობა მოიმიზეზა და თავის მოადგილეს გადააბარა ჯარის წინამძღოლობა.
როდესაც იმამ ყული-ხანი შირაზის ბეგლარ-ბეგი იყო, იმხანად მოხდა ქეთევან დედოფლის წამება. არსებობს საინტერესო ცნობა: შაჰ-აბასს შეუთვლია იმამ ყული-ხანისთვის, თუ ქეთევანი მიიღებს მუსლიმანობას, დაანებე თავი, თუ არა – მაშინ, უნდა მოვკლათო. მას შეუბედავს და შეუთვლია შაჰისთვის პასუხად: „ეს ბერი დედაკაცი არის, არაფრით არ შეიცვლის რწმენას და თავი დაანებე“. მისი კარიერის ძალიან ცუდ მომენტად უნდა ჩათვლილიყო ის, რომ მისი ბეგლარბეგობის დროს ეწამა შირაზში ქეთევან დედოფალი, მაგრამ, როგორც ჩანს, მან მართლაც ყველაფერი გააკეთა ქართველი დედოფლის გადასარჩენად და დანარჩენი მასზე აღარ იყო დამოკიდებული. ამას იმიტომ ვვარაუდობთ, რომ თეიმურაზ პირველი, ქეთევანის ვაჟი, აქებს იმამ ყული-ხან უნდილაძეს თავის ისტორიულ პოემაში და ამბობს, იმამ ყული-ხანის ქებას ენა ვერ იტყვისო.
– როგორ დასრულდა იმამ ყული-ხანის მოღვაწეობა?
– 1633 წელს, როდესაც თეიმურაზ პირველმა მოაწყო აჯანყება ახალი შაჰის წინააღმდეგ, იმამ ყული-ხანმა მონაწილეობა მიიღო ამ აჯანყებაში, რის გამოც ის სიკვდილით დასაჯეს.
რაც შეეხება დაუდ-ხანს, ის მრავალ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. მისი აშენებულია ირანში რამდენიმე ბაზარი, ორასოთახიანი ქარვასლა, ციხესიმაგრეები და ასე შემდეგ. დაუდ-ხანი 1633 წლამდე დარჩა ყარაბაღის ბეგლარბეგად. იმამ ყული-ხანის დასჯის შემდეგ მასზე მიდგა ჯერი. როგორც ჩანს, დაუდ-ხანს ძალიან შეეშინდა, ოჯახი მიატოვა და გაიქცა. შაჰმა კი ირანში დატოვებულ მის ცოლ-შვილზე იძია შური. მან, ასევე, სიკვდილით დასაჯა იმამ ყული-ხანის სამი ვაჟიც.
საინტერესოა, რომ უნდილაძეთა გვარის დასჯაში არა მარტო შაჰი აქტიურობდა, არამედ სხვა ქართველიც, კერძოდ, ხოსრო მირზა, შემდეგში საქართველოს მეფე – როსტომ-ხანი. მათ თავიდანვე კონფლიქტი ჰქონდათ – როგორც ჩანს, პირველობაში ეცილებოდნენ ერთმანეთს.
ასე დამთავრდა უნდილაძეთა უძლიერესი და უდიდესი ოჯახის ისტორია ირანში. თუ დავუჯერებთ ცნობილ იტალიელ მისიონერ პიეტრო დელა ვალეს, უნდილაძეებს ბოლო მომენტში უთქვამთ: შაჰმა მოგვატყუა, ახლა რომ ცხოვრებას თავიდან ვიწყებდეთ, ირანის კარზე აღარ წამოვიდოდითო. ეს, ალბათ, სიმპტომატურია – ყოველთვის ასე მთავრდება უცხო და, თანაც, მტრის კარზე აღზევებული ქართველის ბედი.