კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის მეუღლეზე იყო თავდავიწყებით შეყვარებული ოქროს მადნების მრეწველის ქალიშვილზე დაქორწინებული აკაკი წერეთელი


ისევე როგორც მრავალი ცნობილი ადამიანის ცხოვრებაში აკაკი წერეთლის პირად ბიოგრაფიაშიც ჭორი და მართალი ერთმანეთშია არეული. ერთი-ერთი ასეთი ბურუსით მოცული საკითხია ვანო მაჩაბლის იდუმალი გაუჩინარებაც. ამ ჭორს ისიც ამწვავებს, რომ მავანნი ამტკიცებენ, თითქოს აკაკი წერეთელს სასიყვარულო კავშირი ჰქონდა ვანო მაჩაბლის მეუღლესთან. ჩვენი რესპონდენტი, ფილოლოგიის დოქტორი ელისაბედ ზარდიაშვილი ამ ჭორს ფაქტებითა და დოკუმენტებით უარყოფს.


ელისაბედ ზარდიაშვილი: ჟურნალ „თბილისელებს“ მადლობა ეთქმის იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ დაინტერესდა ისეთი მტკივნეული საკითხით, როგორიც კლასიკოსებისა და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების გარშემო აგორებული ჭორებია. ვანო მაჩაბლის მეუღლისა და აკაკი წერეთლის სასიყვარულო ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჭორია მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში. ეს ჭორი იმდენად ფესვგადგმული აღმოჩნდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ერთობ განათლებულ საზოგადოებაში კიდევ ამტკიცებდნენ მის სიმართლეს.

– როგორია კონკრეტულად ამ ჭორის დეტალები და საიდან აგორდა ის?

– ვანოს გაუჩინარების მიზეზების ძიების დაწყებისთანავე, გაჩნდა მაჩაბლის გაქრობის რამდენიმე სხვადასხვა ვერსია. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ იგი საზოგადოებრივ საქმიანობას შეეწირა; მეორენი მის გაუჩინარებას ვანოს ავადმყოფობას უკავშირებდნენ; მესამენი ვანოს დუხობორებთან ურთიერთობაზე აკეთებდნენ აქცენტს; საზოგადებისთვის ყველაზე მტკივნეული ვერსია კი იყო აკაკის, ვანოსა და მისი მეუღლის სასიყვარულო სამკუთხედთან დაკავშირებული ამბავი.

საქმე ისაა, რომ 1900-იანი წლებიდან შეგნებულად და მიზანმიმართულად ხდებოდა „ლაფის შესხმა“ ისეთ მოღვაწეებზე, როგორებიც ილია, აკაკი და სხვები იყვნენ. მზადდებოდა ნიადაგი ქართული სულის გასანადგურებლად. ილია თავისივე ეპოქაში უკვე დიდი ავტორიტეტი იყო, ანუ ერის მამა, ხოლო აკაკი უგვირგვინო – მეფე. ახალ მოძრაობას ძველი კერპების მსხვრევის გარეშე დამკვიდრება არ უწერია. პირდაპირი მსხვრევა გამოიწვევდა საზოგადოების პროტესტს, ამიტომ საჭირო იყო, ჯერ მათი გასვრა, ავტორიტეტის შელახვა და შემდეგ ადვილი იქნებოდა ასეთი კერპის განადგურება. ასე მოხდა ილიასა და აკაკის შემთხვევაშიც. „კვალში“ და „მოგზაურში“ გაუთავებლად იბეჭდებოდა მათი შეურაცხმყოფელი წერილები. ასეთ შემთხვევაში, დამეთანხმებით, ძალიან ძნელი იყო ჭორისა და სიმართლის გარჩევა. სხვათა შორის, ეს მეთოდი სტალინისთვისაც არ იყო უცხო და ამის მრავალი მაგალითი არსებობს. ერთ კრებაზე, სტალინს ტრიბუნაზე მდგომი პარტიული ოპონენტისთვის დარბაზიდან დაუძახია, – შენ გიჯობს, ჩვენს კრიტიკას მოეშვა და საკუთარ ცოლს მიხედოო. ამას ყველანი აღუშფოთებია, მათ შორის მისი თანამოაზრენიც. ეგ რა თქვი სოსო, იმ ღირსეულ და კეთილშობილ მანდილოსანზე ეგ რამ წამოგაცდენინაო. ძალიანაც კარგად ვთქვიო, – უპასუხია სტალინს, წავიდეს ახლა და ამტკიცოს, რომ ეგრე არ არისო. ამ მაგალითით იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ მიზნის მისაღწევად ყველას ლაფში ამოსვრა შეეძლოთ, რაც არც დღევანდელი ეპოქისთვისაა უცხო.

– სინამდვილეში როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან აკაკის, ივანე მაჩაბელსა და ტასო მაჩაბელს?

– აკაკი წერეთელს ნამდვილი მეგობრობა აკავშირებდა ვანო მაჩაბელთან. აკაკი საზოგადოებრივ საქმეებში ყოველთვის მას უჭერდა მხარს და არა ილიას. პოეტს მაჩაბლების სახლში ერთი ოთახიც კი ჰქონდა გამოყოფილი საცხოვრებლად. თავის მხრივ, ტასოც მეგობრობდა აკაკისთან და მუდამ მხარში ედგა მას. სხვათა შორის, აკაკის მეუღლე ნატალიაც მაჩაბლების ბინის მისამართზე აგზავნიდა აკაკის წერილებს. პოეტს ხომ მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა, ის ხან საჩხერეში იყო, ხან ქუთაისში, ხანაც თბილისში და თანაც, სხვადასხვა ადგილას. რაც შეეხება სიყვარულს, მინდა გითხრათ, რომ აკაკი წერეთელს ნამდვილად უყვარდა ტასო მაჩაბელი და 20 წელი გულში ინახავდა ამ სიყვარულს. ვანოს გაუჩინარებამდე, მას შემოქმედებაშიც კი არ გამოუმჟღავნებია თავისი გრძნობები ტასოსადმი, ხოლო გაუჩინარების შემდეგ რამდენიმე ლექსი მიუძღვნა. ასე რომ, ამ სიყვარულის შესახებ, თვით აკაკის გარდა არავინ არაფერი იცოდა. ამდენად, იგი ვერც მიზეზი გახდებოდა ვანოს დაკარგვისა.

ჩემი აზრით, არ შეიძლება, რომელიმე ეპოქის ფაქტსა და მოვლენაზე მსჯელობა, თუ არ გავითვალისწინეთ იმ ეპოქის ზნეობრივი ნორმები.

– რას გულისხმობთ?

– ანასტასია ბაგრატიონ-მაჩაბელი კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა, საზოგადოებაში ცნობილი იყო თავისი კდემამოსილებითა და მედიდურობით. ტასო თავდავიწყებით იყო შეყვარებული თავის მეუღლეზე და ასეთად დარჩა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. იგი წლების მერეც ვერ ეგუებოდა ვანოს გაუჩინარებას და აკაკის, როგორც ვანოს მეგობარს, ყოველთვის საყვედურობდა დუმილს. მას სურდა, რომ სულ ვანოზე ესაუბრათ. ერთ-ერთ წერილში, რომელსაც ტასო მეუღლის გაუჩინარებიდან 5 წლის შემდეგ წერს აკაკის, აღნიშნავს: „მე საშინლად მაღელვებს, რომ ამ ამბებში ვანო არ არის და შეჩვეული რომ ვარ, ყოველთვის იყო, საშინლად გული მომდის. ვანო მოკლებულია ყველაფერს ამას. არ გავაგრძელებ ამაზე ლაპარაკს, შორს წავალ...“ ანუ ტასოს ვანოსადმი სიყვარული წლებმაც ვერ გაცრიცა. ვანოს გაუჩინარების შემდეგ, როცა აკაკი ტასოს სიყვარულში გამოუტყდა, მათი მეგობრობა მაშინვე დაიმსხვრა. ამის შემდეგ, აკაკის უფლება აღარ ჰქონდა გამოჩენილიყო იქ, სადაც ტასო იყო. წერილიც არსებობს, სადაც აკაკის ყველაზე ახლო მეგობარი – ლიზა თარხნიშვილი ახალქალაქიდან საყვედურობს პოეტს: – ეგ რა მეგობრობაა, ჩემს სანახავად არ ჩამოხვედიო. აკაკი პასუხობს: ტასო აპირებს შენთან წამოსვლას და სანამ ის არ გამობრუნდება, მეშინია და ვერ ჩამოვალო. ყოველივე ამის შემდეგ, ტასოს მორალში ეჭვის შეტანა, უბრალოდ სასაცილოა. ტასო მაჩაბელი სამუდამოდ დარჩა აკაკის ცხოვრებაში, როგორც მისი პოეტური შთაგონების წყარო.

– მეუღლის გაუჩინარებიდან, რამდენი ხნის შემდეგ გაუმხილა ტასო მაჩაბელს აკაკი წერეთელმა სიყვარული?

– 20 წლის განმავლობაში გულში დამარხული საიდუმლო სიყვარული, ვანოს გაუჩინარების შემდეგ აკაკიმ მალევე გაუმხილა ტასოს. მაგრამ იგი პირდაპირ არ მისულა და არ უთქვამს მისთვის, მიყვარდი, ან მიყვარხარო. მთელი ამ 20 წლის განმავლობაში მგოსანი დღიურების სახით წერდა ტასოსთვის სასიყვარულო ბარათებს და ინახავდა. მან ერთად მოგროვილი ეს გაუგზავნელი ბარათები მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადასცა ქალს. ეს წერილები დასათაურებული აქვს მგოსანს, მაგალითად: „სიკვდილის წინეთი აღსარება“, „ღამის 4 საათი“ და ასე შემდეგ. აი, ასე გახდა ტასოსთვის ყველაფერი ცნობილი. სწორედ ეს წერილები, სხვა რამდენიმე ბარათთან ერთად, ინახებოდა აკრძალულ ფონდში. როგორც ვიცით, აკრძალულ ფონდში მასალები ერთი საუკუნის განმავლობაში ინახება. ეს წერილები საზოგადოებისთვის 1996 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ლიტერატურის მუზეუმმა გადასცა ლიტერატურის ინსტიტუტს. ამის შემდეგ პირველად ეს წერილები პროფესორმა ნორა ოტინოვმა გამოაქვეყნა ჟურნალ „მნათობში“. სწორედ ამ წერილების დღის სინათლეზე გამოტანამ გადააცალა ბურუსი და ნათელი მოჰფინა სიმართლეს, რითაც მრავალ კითხვას გაეცა პასუხი.

– რატომ გახდა აქტუალური ასეთი ჭორი. აკაკის ხომ ჰყავდა ცოლ-შვილი?

– აკაკი ერთგან წერს: „ცოლი მყავს – არა მყავს, შვილი მყავს – არა მყავს, ფული მაქვს – არა მაქვს...“

– რატომ?

– 1864 წელს აკაკიმ ცოლად შეირთო ნატალია ბაზილევსკაია. პოეტის ეს ნაბიჯი არამარტო სხვებისთვის, მისთვისაც, მოულოდნელი აღმოჩნდა. იმ ხანებში იგი უცხოეთში წასვლას აპირებდა სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ წასვლის ნაცვლად ცოლი მოიყვანა. ამ ამბავს თვითონ ასე ხსნის: „როდესაც, ბიძისგან დიდად შევიწროებულმა და შეწუხებულმა ქალმა შემომჩივლა თავისი აღსარება, მაშინ კი გული მეტკინა, მეც ავდექი და მეორე დღეს ის ქალი ვითხოვე“. ესე იგი, აკაკიმ ნატალია შეცოდების გამო შეირთო.

– რატომ ავიწროებდა ნატალიას ბიძა?

– ნატალია ბაზილევსკაია იყო ოქროს მადნების მრეწველის შვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ქონება ბიძამ (მამის ძმამ) მიითვისა. სხვათა შორის, ეს ფაქტიც აბათილებს იმ ჭორს, რომ აკაკიმ ცოლი ქონების გამო შეირთოო. ამასვე ადასტურებს კატო მიქელაძის მოგონებაც, რომ აკაკისა და ნატალიას იმ დიდი მემკვიდრეობიდან კაპიკი არ რგებიათ.

– როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან უსიყვარულოდ დაქორწინებულ აკაკის და ნატალიას?

– მათი ურთიერთობები სავსე იყო კონფლიქტებით. სხვათა შორის, ერთგან სერგეი მესხი თავის საცოლეს, კეკეს, პარიზში სწერს: აკაკისა და ნატალიას ისეთი ურთიერთობა აქვთ, როგორც ძაღლსა და კატასო.

აკაკის ნატალიასთან 1869 წელს შეეძინა ვაჟიშვილი ალექსი, რომელმაც ქართულიც კი არ იცოდა, რადგან დედა-შვილი მუდმივად უცხოეთში ცხოვრობდა. ცოლ-შვილი ფულის გამო სულს ხდიდა პოეტს. ნატალიას ნაჯღაბნ წერილებში, ერთადერთი სიტყვა, რომელიც შეიძლება, გაარჩიოს მკითხველმა, არის სიტყვა: „დენგი“. ამ წერილებით ირკვევა აკაკის მუდმივი გაჭირვების მიზეზი. ყველაფერს, რასაც ის შოულობდა, მუდამ ცოლ-შვილს უგზავნიდა.

ასეთმა უიღბლო ოჯახურმა ცხოვრებამაც შეუწყო ხელი აკაკის სხვა ქალი შეეყვარებინა. მიუხედავად ამგვარი უიღბლობისა, აკაკის ბიოგრაფია კონტრასტებით იყო აღსავსე. პირად ცხოვრებაში სრულიად წარუმატებელი, საზოგადოებრივ ასპარეზზე აკაკი მაინც ერთადერთ შემოქმედად რჩება ქართულ სინამდვილეში, რომელმაც სიცოცხლეშივე მოიპოვა ხალხის სიყვარული და აღიარება. მას ხომ უგვირგვინო მეფე უწოდეს. ერთ-ერთი პარიზული გაზეთი აკაკის იუბილეს დღეებში წერდა: ასეთი პატივი შესაძლოა, მხოლოდ ვიქტორ ჰიუგოს ღირსებიაო.


скачать dle 11.3