როგორ შემოესია ქართველი მოღალატეების წაქეზებით ოსმალეთი იმერეთის მეფეს, ბაგრატ მესამეს, ახალი ძალებით
იმერეთის მეფის, ბაგრატ მესამის ცხოვრება და მოღვაწეობა მრავალი ფათერაკითა და ღალატით იყო აღსავსე. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი, ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი დავით კიკნაძე, გვიამბობს, თუ რისთვის განუდგა ბაგრატ მესამეს ლევან დადიანი, როგორ დაატყვევა ამ მეფემ ყვარყვარე ჯაყელი და რატომ უბოძა ამ მონარქს ქართლის მეფემ თავისი მიწები.
დავით კიკნაძე: იმერეთის მეფე, ბაგრატ მესამე, დაიბადა 1495 წლის 23 თებერვალს. ის იყო მეფე ალექსანდრესა და თამარ დედოფლის შვილი და ორი ძმაც ჰყოლია. 1510 წელს, როდესაც ბაგრატი 15 წლის ასაკში ავიდა ტახტზე, თურქებს იმერეთი მოურბევიათ. ეს იყო მათი პირველი სერიოზული დამარბეველი ლაშქრობა იმერეთში. ახლად გამეფებულ ბაგრატს ძალიან მალე სხვა განსაცდელიც დაატყდა თავს.
– კიდევ რა გადახდა ტახტზე ახლად ასულ იმერეთის მეფეს?
– ქართლის მეფეს, დავით მეათეს, შესაფერისი დრო შეურჩევია და ბაგრატის წინააღმდეგ გაულაშქრია. დავითს შურისძიების წყურვილი ამოძრავებდა ბაგრატის მამის – ალექსანდრეს მიმართ, რომელმაც ქართლის მეფეს გორი წაართვა. ბაგრატ მესამის წინააღმდეგ დავით მეათისთვის მხარი დაუჭერიათ კახეთის მეფეს, სამცხის სპასალარ მზეჭაბუკსა და ბაგრატის ძმას – ვახტანგს. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს იმერეთის ტახტის ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებდა. ძმათა შორის ბრძოლა მოხისთან გამართულა, სადაც ბაგრატმა სძლია ძმას.
1514 წელს სპარსეთის შაჰი კოალიციას ქმნის ოსმალთა წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოც ჩაერთო. შესაძლოა, მასში იმერეთის მეფეც იღებდა მონაწილეობას.
1526 წელს ბაგრატ მესამეს ქართლის გარკვეულ ტერიტორიებს გადასცემენ (ალი, სურამი და ახალდაბა).
– რატომ?
– მკვლევართა ვარაუდით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ბაგრატი ქართლის ტახტის პრეტენდენტთა შორის ბრძოლაში ჩაერია და დავით მეათის ძეს – ლუარსაბს დაუჭირა მხარი და არა დავითის ძმას – გიორგის. გიორგიმ, მართლაც, მხოლოდ ორი წელი შეძლო მეფობა. „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს: „და მეფობდა ლუარსაბ შეწევნითა ბაგრატისათა“. იმერეთის მეფე ქართლის მეფე ლუარსაბს ყოველგვარ დახმარებას უწევდა. ყოველთვის, როდესაც ლუარსაბი ყიზილბაშებთან ბრძოლაში მარცხდებოდა, გარბოდა და იმერეთს აფარებდა თავს.
1533 წელს, ბაგრატის მხარდაჭერით, მამია დადიანი და მამია გურიელი ჯიქების (აფხაზური ტომი) წინააღმდეგ ლაშქრობენ. 30 იანვარს მათ ამ ლაშქრობაში გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ, მომდევნო დღეს ბაგრატის მომხრეთა ჯარში უთანხმოებამ იჩინა თავი, რითაც ისარგებლეს ჯიქებმა და მოწინააღმდეგენი სასტიკად დაამარცხეს. ჯიქებს მამია დადიანი ჯერ გაუშიშვლებიათ და შემდეგ მოუკლავთ. მამია გურიელიც ტყვედ ჩავარდა, რომელიც შემდეგ შვილმა და გურიის სამღვდელოებამ გამოისყიდა.
– ამის შემდეგ რა მოხდა?
– ამის შემდეგ, 1535 წელს, მამია გურიელი და მამია დადიანის მემკვიდრე, კვლავ ბაგრატ მესამის თაოსნობით, სამცხე-საათაბაგოში შეიჭრდნენ. ბრძოლა ახალქალაქთან ახლოს, მურჯახეთში მოხდა, სადაც იმერეთის მეფემ და მისმა მომხრეებმა გაიმარჯვეს და სამცხის ათაბაგი ყვარყვარე ტყვედ ჩაიგდეს. ამ გამარჯვებამ ბაგრატ მესამეს საშუალება მისცა, სამცხე 10 წლის განმავლობაში თვითონ დაეკავებინა და იქ ოსმალთა ექსპანსია შეეჩერებინა. ამ პერიოდში ბაგრატს სამცხეში ეკლესია-მონასტრების მშენებლობა დაუწყია.
ამ ლაშქრობის შემდეგ ბაგრატ მესამემ მამია გურიელს აჭარა და ჭანეთი მისცა, რამაც დადიანის უკმაყოფილება გამოიწვია.
სამცხეში ოთარ შალიკაშვილმა ბაგრატ მესამის საწინააღმდეგო და პროოსმალური ჯგუფი შეადგინა. მან ყვარყვარეს შვილი, ქაიხოსრო, ოსმალეთში წაიყვანა და მათ სულთან სულეიმანს დახმარება სთხოვეს.
– რა მოჰყვა შალიკაშვილის ამ წამოწყებას?
– იმისთვის, რომ გაენეიტრალებინა ოთარ შალიკაშვილი და ქაიხოსრო ჯაყელი, რომლებსაც ოსმალეთმა ჯარი შეაშველა, ბაგრატ მესამე ირანის შაჰს – თამაზს ხლებია და მორჩილება აღუთქვამს. ამასთან, ქართული წყაროს ცნობით, მას თავის დელეგაციაში ჭაღარა, გამოცდილი და დარბაისელი დესპანები შეუყვანია. მართლაც, ბაგრატსა და მის დესპანებს მიზნისთვის მიუღწევიათ, შაჰ-თამაზს მათთვის „შეწევნა ოსმალთა ზედა” აღუთქვამს და ჯარიც მიუშველებია. ამის შემდეგ, ბაგრატ მესამეს ტაო-კლარჯეთის ნაწილიც გაუთავისუფლებია ოსმალთაგან.
1543 წელს ოსმალებმა 22-ათასიანი ლაშქრით სამცხეს შემოუტიეს. ბაგრატმა მოუწოდა გურიელსა და დადიანს და მტერთან შესაგებებლად გაემართა. გურიელი მართლაც დროულად გამოცხადდა თავისი ლაშქრით მეფესთან, დადიანს კი უთქვამს: ამ ლაშქრობაში ჩემთვის არანაირი სარგებელი არ არის, გარდა დანაკლისისაო და მეფეს არ ეახლა. მიუხედავად ამისა, ბაგრატ მესამემ და მამია გურიელმა ოსმალები სასტიკად დაამარცხეს ოლთისის მიდამოებში, ქარაღაქთან. ამ ბრძოლას თვით ოსმალთა მთავარსარდალი, არზრუმის ბეგლარბეგი – მუსა ფაშა ემსხვერპლა. როგორც სპარსელი და თურქი ისტორიკოსები წერენ, ქართველებმა ლალისფრად შეღებეს ბრძოლის ველიო. იმასაც დავძენ, რომ ბაგრატ მესამეს ამ ბრძოლაში ევროპული წარმოების ზარბაზნებიც ჩაუგდია ხელთ.
– ადვილად არ შეეგუებოდა ოსმალეთი ასეთ მარცხს.
– ოსმალეთი ამ მარცხს არ შეეგუა და, ქართველი მოღალატეების წაქეზებით, 1545 წელს, იმერეთის მეფეს ახალი ძალებით შემოუტია. ბაგრატმა ხელმეორედ დაიბარა გურიელი და დადიანი თავისთან. გურიელმა ამჟამადაც ერთგულება გამოიჩინა და ბაგრატს ლაშქრით ეახლა, დადიანმა კი დახმარებაზე უარი შემოუთვალა.
მიუხედავად ამისა, ბრძოლა შედგა ბასიანში, სოხოისტას ველზე. ამ ბრძოლაში იმერეთის მეფეს ქართლის მეფეც მიეშველა თავისი ჯარით.
– როგორ დასრულდა ეს ბრძოლა?
– სამწუხაროდ, თავი იჩინა ქართველების უარყოფითმა თვისებებმა: მესხებს მეწინავე ლაშქარში ბრძოლა მოუთხოვიათ, რის გამოც უთანხმოება ჩამოვარდნილა მესხებსა და დანარჩენ ქართველებს შორის. ამის გამო მესხებს საერთოდ მიუტოვებიათ ბრძოლის ველი. დანარჩენები მთელი დღე იბძოდნენ, თუმცა, გადამწყვეტ მომენტში მესხთა ღალატის შედეგად, ქართველები დამარცხდნენ, ქაიხოსრო კი ოსმალებმა სამცხის ათაბაგად ცნეს.
მომდევნო წელს ბაგრატ მესამემ კვლავ ილაშქრა სამცხეზე. მას ამჯერად აწყურიდან განსაკუთრებით სათაყვანებელი ღვთისმშობლის ხატიც წამოუსვენებია. მიუხედავად ამისა, ძალების განლაგება ამჯერადაც ოსმალთა სასარგებლოდ იყო და ეს ამ ლაშქრობის შედეგსაც დაეტყო. ამიტომაც, დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ოსმალებს ერგოთ, აღმოსავლეთ საქართველო და სამცხის ნაწილი კი – ირანს.
სოხოისტას ტრაგიკული მარცხის შემდეგ, ბაგრატ მესამემ გადაწყვიტა სამეგრელოს მთავრის, დადიანის სამაგალითოდ დასჯა, რათა სხვა მთავრებსაც ჰქონოდათ მისი რიდი და იმერეთის მეფის უზენაესობა ეცნოთ.
– როგორ მოიქცა იგი?
– მან დადიანი ხონის ჭალაში ვითომდა სანადიროდ მიიწვია და მოულოდნელად შეიპყრო. მეფეს განზრახული ჰქონდა, მისთვის თვალები დაეწვა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და გელათის სამრეკლოში გამოკეტა. ვინ იცის, ღალატს რომ არ ეჩინა თავი, ბაგრატ მესამეს მართლაც სხვაგვარად მოეტრიალებინა იმერეთისა და მთელი დასავლეთ საქართველოს ბედი. მაგრამ, სამწუხაროდ, იმერეთის დიდ მეფეს იმ თავადმა უღალატა, ვისაც დადიანის მეთვალყურეობა ჰქონდა დავალებული. საქართველოს ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც სახელს „ხოფილანდრეს“ ვხვდებით. სწორედ ეს ხოფილანდრე გამოდგა მოღალატე. სამცხის ახალი მთავრის, ქაიხოსროს მიერ მოსყიდულმა ხოფილანდრე ჩხეიძემ ლევან დადიანი ციხიდან გამოაპარა. მისმა ამ ქმედებამ ტრაგიკული შედეგი გამოიღო – ოდიშის, გურიისა და სამცხე-საათაბაგოს მთავრები იმერეთის მეფის წინააღმდეგ შეიკრნენ და მის მორჩილებას ფორმალურადაც აღარ აღიარებდნენ. სწორედ ეს უნდოდათ საქართველოს მტრებს – ოსმალებს, რომელთაც ხელ-ფეხი გაეხსნათ და, გარდა იმისა, რომ ისტორიული მესხეთის დიდი ნაწილი მიიტაცეს, ყველანაირად წააქეზეს ეგრეთ წოდებული „ტყვის სყიდვაც“. ამ საშინელმა მოვლენამ დეცენტრალიზებულ საქართველოში კატასტროფული შედეგები მოიტანა, თანაც, ასე ვთქვათ, ერის საუკეთესო გენოფონდი ვაჭრობის მთავარ სუბიექტად იქცა. აი, ეს გამოიღო შედეგად ხოფილანდრეს თითქოსდა უმნიშვნელო ქმედებამ. შეიძლება ითქვას, „ხოფილანდრეს სინდრომისგან“ დღესაც ვერ გავთავისუფლდით.
– ამის შედეგ როგორ გაგრძელდა ბაგრატ მესამის ცხოვრება და მოღვაწეობა?
– ბაგრატი ფარ-ხმალს არ ყრის. თავის მეფობის მეორე ნახევარში მან განსაკუთრებული ყურადღება ეკლესია-მონასტრებს დაუთმო და იმერეთი სამ ახალ საეპისკოპოდ დაყო: გელათის, ხონისა და ნიკორწმინდის. მანვე გადმოიტანა დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში, წმიდა გიორგის ეკლესიაში. რაც მთავარია, მეთექვსმეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, ბაგრატ მესამემ იმერეთში დიდი საეკლესიო კრება მოიწვია, რომელსაც დაესწრნენ: კათოლიკოსი ევდემონი, სპეციალურად მოწვეული ქართლის კათოლიკოსი მალაქია და დასავლეთ საქართველოს ათი ეპისკოპოსი.
– რა იყო ამ შეკრების მთავარი მიზანი?
– კრების მთავარი მიზანი იყო „ტყვის სყიდვის“ აკრძალვა და ამ საქმის მიმდევართა შეჩვენება. გარდა სულიერი სასჯელისა, კრებამ დაადგინა რომ ამ საშინელ საქმეში ჩართული ყველა პირი, წოდების მიუხედავად, სიკვდილით დასჯილიყო. კრებამ იმსჯელა სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც და შეიმუშავა დადგენილება, რომელიც ცნობილია სახელით – „სამართალი კათალიკოზისა“.
ზოგიერთი მკვლევარი, მაგალითად, ციალა ღვაბერიძე, დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ საქართველოს ისტორიაში ცნობილი, მაგრამ სადავოდ გამხდარი ეგრეთ წოდებული „ბაგრატის სამართალი“ სწორედ იმერეთის მეფის – ბაგრატ მესამის შექმნილია.
– როდის აღესრულა ბაგრატ მესამე?
– მრავალი შიდა და გარე ომგადახდილი და დამაშვრალი მეფე 1565 წელს გარდაიცვალა და გელათის მონასტერში, მის მიერვე აღდგენილ წმიდა გიორგის ეკლესიაშია დაკრძალული.