„დედიკოს ბიჭი“
თუ მამაკაცს, როგორც ეგზემპლარს, ისე განვიხილავთ და კატეგორიებად დავყოფთ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო „ნიმუში“ „დედიკოს ბიჭია“. მას შეუძლია, პარტნიორის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს. თუმცა, ურთიერთობის პირველ ეტაპზე აუცილებლად მოგეწონებათ – ის ხომ ისეთი ზრდილობიანი, გალანტური, აკურატული, რომანტიკული და ყურადღებიანია... რა თქმა უნდა, ეტყობა „დედიკოს სკოლა“... საოცრად მოიხიბლებით, როცა ხელზე გეამბორებათ, აგავსებთ ყვავილების თაიგულებით... არასოდეს წავა თქვენზე წინ, თქვენ მაგივრად გამოაღებს კარს და ისე გაგიღიმებთ, იქნებ, თავიც დაგაკარგვინოთ. ანუ, იდეალური კავალერი იქნება... გეუბნებით, მას დედიკომ ყველაფერი ასწავლა და ასეთ შეცდომებს ის არ დაუშვებს. სამაგიეროდ, მომავალში ნამდვილად ვერ გაამართლებს თქვენს იმედებს. თუ კარგად დააკვირდებით, აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ ცოტათი ინფანტილურია და გადაწყვეტილებების მიღებაც უჭირს.
იქნებ, ეს ნაკლი გგონიათ და ფიქრობთ, რომ უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო?! მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ რომ აღმოჩნდებით და რეალობასთან პირისპირ დარჩებით, მაშინ მიხვდებით, ვისთან გქონიათ საქმე. თუ ძალაუფლების მოყვარე, პრეტენზიული, ძლიერი ქალი ბრძანდებით, შეგიძლიათ და გამოგდით მბრძანებლობა, მაშინ, შეძლებთ მის მართვას და თქვენგან მეტ-ნაკლებად, ჰარმონიული წყვილიც გამოვა. მაგრამ, სანამ არჩევანს მის სასარგებლოდ გააკეთებდეთ, კარგად დაიხსომეთ: ნუ გექნებათ იმედი, რომ ის როდესმე რამე საქმეში ინიციატივას გამოიჩენს. ინდივიდუალიზმი მისთვის უცხოა. სიურპრიზების საწინააღმდეგო მას არაფერი აქვს, მაგრამ თავისით ვერაფერს მოიფიქრებს, თქვენგან კი სიამოვნებით მიიღებს. დედაც უნდა იყოთ მისთვის, საყვარელიც, ცოლიც, „ნაშაც“ და მბრძანებელიც. ვერ შეძლებთ? – მაშინ, ამას დედამისი გააკეთებს, თუმცა, საეჭვოა, თქვენ ეს მოგეწონოთ – ვის ესიამოვნება, როცა ოჯახსაც და ქმართან მის ურთიერთობას დედამთილი განაგებს?! ერთი სიტყვით, იოლი სამუშაო არ გელით. კიდევ არის ერთი საშიშროება: თუ „დედიკოს ბიჭი“ ვინმე თქვენზე ძლიერი ქალის ინტერესების ობიექტად იქცევა, ორ ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლა, გამარჯვება კი რთული იქნება.