ვინ არიან ქართველი ტრეისერები და რის ფასად უჯდებათ მათ სიმაღლიდან ხტომა, კედლებზე ასვლა და ჰაერში ტრიალი
ქართველები ყველაფერში ნიჭიერები და ექსტრემალები რომ ვართ, ეს ფაქტია. მთავარია, რაში ვიყენებთ და ვხარჯავთ ამ ჩვენს მონაცემებს. ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ხშირად შემინიშნავს ახალგაზრდები, რომლებიც თავისი ქცევითა და ჩაცმის სტილით იპყრობენ გამვლელთა ყურადღებას. ისინი ნამდვილი ექსტრემალები არიან და ცდილობენ, საკუთარი უცნაური ნიჭის დემონსტრირება პირდაპირ ქუჩაში, ხალხის თვალწინ მოახდინონ. ისინი ჯგუფ „ჯამპ ჯორჯიას“ წევრები არიან, ანუ ტრეისერები. თინეიჯერმა „ფუბუმ“ და „ჩაქსომ“ პარკურის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოიძიეს. უცხოეთის ვიდეოებიდან გადმოიღეს პარკურის ილეთები. დაიწყეს ვარჯიში, მეგობრებიც შემოიკრიბეს და დღეს მათ უკვე ჯგუფი ჰყავთ, შემოთავაზებებიც აქვთ – კლიპშიც გადაიღეს და, იმედია, თავდაუზოგავი ვარჯიშისა და რისკზე წასვლის სანაცვლოდ, მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევენ.
„ფაბუ“: პარკურის ვიდეო ინტერნეტში ვნახე. დავინტერესდი. ვიფიქრე, ვცდი, იქნებ, მეც გამომივიდეს-მეთქი და დღეს ჩემი არჩევნით კმაყოფილი ვარ. თავიდან ცოტა გამიძნელდა, მაგრამ ახლა ყოველდღე ვვარჯიშობ და მგონი, ცუდად არ გამომდის (იცინის). ჯგუფიც შევიკრიბეთ, შვიდი ბიჭი და „ჯამპ ჯორჯია“ დავირქვით.
„ჩაქსო“: მე მეგობარს წავყევი, ის ვარჯიშობდა პარკურში. მომეწონა, ვიფიქრე, მეც გამოვცდი ჩემს თავს როგორი ექსტრემალი ვარ-მეთქი და თურმე შემძლებია. ისე, ცნობისთვის, ვინც პარკურში ვარჯიშობს, მას ტრეისერი ჰქვია. სამწუხაროდ, თბილისში არ არის გამოყოფილი ადგილი, სადაც შეგვიძლია თავისუფლად ვარჯიში და ამიტომ, ქუჩაში გვიწევს მალაყებზე გადასვლა (იცინის). უცხოურ საიტებზე შევდივართ, იქ ვნახულობთ უცხოელი ტრეისერების ახალ ილეთებს, მერე ერთმანეთს ვუზიარებთ და კარგად გამოგვდის. ყოველ შემთხვევაში, ვინც გვნახა, ამას ამბობს.
– ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა სპორტის ამ ექსტრემალური სახეობით. სულ რამდენი ჯგუფია საქართველოში და თუ იცნობთ ერთმანეთს?
„ფაბუ“: ძალიან ბევრი ექსტრემალ პარკურთა ჯგუფი შეიქმნა საქართველოში. რასაკვირველია, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ერთად ვვარჯიშობთ და ვეხმარებით კიდეც ერთმანეთს ილეთების შესრულებაში.
„ჩაქსო“: საქართველოში, ბევრი კარგი ტრეისერი თინეიჯერია და მათ რომ სავარჯიშო პირობები ჰქონდეთ, დამერწმუნეთ, უკეთესად მოემზადებოდნენ და ბევრ უცხოელსაც გაუსწრებდნენ ექსტრემში. უნდა ნახოთ, ქუჩაში გამვლელთა რეაქცია. ახალგაზრდები ჩერდებიან და გვიყურებენ, ასაკში შესულები კი ვიშვიშებენ, კისერი არ მოიტეხოთ, ეს რაებს აკეთებთო (იცინის). ყურება-ყურებაში, ბევრი თინეიჯერიც ჩაბმულა ამ სპორტში და ვარჯიშიც დაუწყია. ბევრი ცდილობს, ჩვენი ილეთების გამეორებას, მაგრამ ამას ყოველდღიური ვარჯიში და ცოტა რისკიც სჭირდება, ისე არაფერი გამოვა.
– თქვით, გამვლელები გვაფრთხილებენ, კისერი არ მოიტეხოთო. ტრავმები ხშირია?
„ფაბუ“: სხვათა შორის, ტრავმები ხშირია. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, კედელზე ვასრულებდი ტრიუკს, სწრაფად ავხტი, ფეხი დავარტყი, ავედი, ამოვტრიალდი და ვეღარ შევიკავე თავი. ისე დავასკდი თავით ქვაფენილს, ვიფიქრე, გამისკდა-მეთქი, მაგრამ გადავრჩი. ტვინის შერყევაც მქონია და მაჯის ამოვარდნაც, მაგრამ, ეს არაფერი. თუ გინდა, ხალხი შენი ექსტრემით გადარიო, ან თავს გაიტეხ და ან ხელს მოიტეხ. აბა, როგორ გინდა?
„ჩაქსო“: თან, როცა პარკურში ვარჯიშობ, თავისუფალი ტანსაცმელი უნდა გეცვას, რომ მოძრაობაში არ შეიზღუდო. მაჯაზე დახვეული უნდა გქონდეს ქსოვილი, რომ ოფლი მოიწმინდო. ტანზე მაისური და ფეხზე სქელძირიანი „ნიუბალანსებია“ საჭირო. აბა, ჯინსები თუ ჩავიცვით და პიჯაკებში გამოვიწკიპეთ, რა გამოვა? (იცინის).
– როგორც ვიცი, გოგონებიც ვარჯიშობენ პარკურში. მათ იცნობთ? როგორი მონაცემები აქვთ ქართველ თინეიჯერ ტრეისერ გოგონებს?
– რამდენიმე გოგო ვარჯიშობს პარკურში და ძალიან მაგრები არიან. ბევრს უნდა, დაიწყოს ჩვენთან ერთად ვარჯიში, მაგრამ ეშინიათ, არაფერი გამოგვივაო. ვეუბნებით, ჩვენც ასე გვეგონაო, მაგრამ თავს იკავებენ. ძნელია თავიდან ამ ილეთების გაკეთება, მაგრამ ეშხში რომ შეხვალ, მერე სიძნელე გავიწყდება და ცდილობ, უფრო მაგრად გამოსცადო თავი, დარწმუნდე საკუთარ შესაძლებლობებში. ამით სხვას კი არა, საკუთარ თავს უმტკიცებ სიძლიერეს. რომ ნახოთ, რამდენი მეტრის სიმაღლიდან ხტება „ფაბუ“, გაგიჟდებით. ბევრი თვალებზე ხელს იფარებს (იცინის).
„ ფაბუ“: მიყვარს სიმაღლეები და თუ ექსტრემალი ხარ, რა პრობლემაა მეორე ან მესამე სართულიდან გადმოხტომა და ტრიუკის ჩატარება. ერთხელ, გვინდოდა, კლიპი გადაგვეღო. ავედით კორპუსის სახურავზე, დავიწყეთ ტრეისერობა და რომ დაგვინახეს იქ მცხოვრებლებმა რა დღეში ვიყავით, წივილ-კივილით აიკლეს იქაურობა – ახლავე ჩამოდით, თორემ პატრულს დავურეკავთო. ისე, ერთი პატარა შეცდომა და შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს ყველაფერი. ასე რომ, სახურავზე არ გვიშვებენ და ისევ ქუჩაში გვირჩევნია კისრის მოტეხა (იცინის). ამას წინათ, ერთმა გამვლელმა გვიყურა, მოეწონა, აზარტში შევიდა და გადაირია, გინდა თუ არა, მეც უნდა გადავხტე დიდ მანძილზე სიმაღლიდანო. ძლივს დავაშოშმინეთ.
– შეყვარებულები თუ გყავთ და თუ ასწავლით მათაც ექსტრემალურ ილეთებს?
– შეყვარებული მყავს და არ მიყვარს მისთვის ჩემი შესაძლებლობების დემონსტრირება. არც მიფიქრია, მისთვის მესწავლებინა პარკურის ილეთები. არ ვარჯიშობს და რომ მოინდომოს და რამე მოიტეხოს, მერე? (იცინის). ექსტრემის გამო საყვარელ გოგონას შარში ვერ გავხვევ.
„ჩაქსო“: თავიდან ოჯახის წევრები მიკრძალავდნენ პარკურით გართობას, ახლა კი მიხვდნენ, რომ ამის გარეშე არ შემიძლია და თავი დამანებეს, შეეგუვნენ. რომც დამიშალონ, მე მაინც ვივარჯიშებ და აზრი არ აქვს. უნდათ თუ არა, უნდა შეეგუონ. დილიდან საღამომდე გარეთ, ქუჩაში ვარ და ვვარჯიშობ. ეს რომ არ მსიამოვნებდეს, არ გამომდიოდეს, ჩემი გატაცება არ იყოს და არ მიზიდავდეს, ვინ დამაძალებს? რომ იტყვიან, მთელი დღე ჰაერში მალაყებს გადავდივარ. (იცინის). რაც შეეხება შეყვარებულს, არ მინდა, ისიც სპორტის ამ სახეობამ გაიტაცოს.
– როგორც ვიცი, შემოთავაზებები გქონდათ და ერთ-ერთმა რეპერმა თავის კლიპშიც გადაგიღოთ.
„ფაბუ“: მომავალში რეჟისორობას ან გრაფიკოსობას ვგეგმავ და ვიდეოებს რომ ვიღებთ, რეჟისორის თვალით ვუყურებ. რაც შეეხება, შემოთავაზებებს, ერთ-ერთმა რეპერმა გადაგვიღო კლიპში. „ფანტას“, „რედ ბულისა“ და „იქსელის“ რეკლამაც გვაქვს გადაღებული. ახლა, სარეკლამო კლიპს აკეთებს ბიჭოლა მოდელებზე. იქ სჭირდება ექსტრემალი ბიჭები, შემოთავაზება გვაქვს და ვნახოთ, რა გამოვა.
„ჩაქსო“: დამერწმუნეთ, ქართველებს კარგად გამოგვდის ტრეისერობა და სპეციალური სავარჯიშო პირობები თუ გვექნება, უფრო მეტს დავამტკიცებთ.