ვის აკივლებს და აწივლებს ზღვაში არჩილ სოლოღაშვილი და როდის გრძნობდა ის თავს ლილიპუტად გულივერების ქვეყანაში
მისი ცხოვრების წესი და სამსახური ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის გართობაა – ცეკვა, სიმღერა, თამაში, ემოციები... ალბათ, ამიტომ, არჩილ სოლოღაშვილი ყოველთვის მშვიდ, წყნარ გარემოში არჩევს დასვენებას, ზღვის სანაპიროზე იმ დროს გადის, როდესაც ყველაზე ცოტა ხალხია, თავისთვის მშვიდად ცურავს და მთელ დღეს უსაქმოდ ატარებს. ამის შემდეგ კი გაორმაგებული ძალებით უბრუნდება თეატრს, ტელევიზიას და საოცარ სპექტაკლებს გვაჩვენებს. „სირანო დე ბერჟერაკს” კი მუსიკისა და დრამის თეატრი უკვე ახალ სეზონზე შემოგვთავაზებს.
არჩილ სოლოღაშვილი: ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როდესაც არც შაბათ-კვირა არსებობს ჩვენთვის, არც ახალი წელი, რადგან ამ საყოველთაო დასვენებების დროს ჩვენ ვმუშაობთ, მთელი წელი ველოდები ზაფხულის იმ ათ დღეს, როდესაც ჩვენი რეჟისორი გაიღებს მოწყალებას და დასასვენებლად გაგვიშვებს. ველოდები იმას, რომ ჩავიდე გონიოში, სადაც ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. მყავს არაჩვეულებრივი დიასახლისი ნანა, რომელიც ისე მივლის, როგორც საკუთარ შვილს და ყოველთვის მისი სტუმარი ვარ მეგობრებთან ერთად. ერთადერთი ადგილია, სადაც წონაში ვიმატებ, მთელი დანარჩენი წლის განმავლობაში კი წონას ვიკლებ. ამდენს და ასეთ საჭმელს არსად არ ვჭამ. ფანტასტიკური დამხმარეები ჰყავს – მარტა და ხათუნა, რომლებიც, ერთი კერძი არ გაქვს დამთავრებული, მეორეს გაწვდიან. ისეთ დღეში ვვარდები, ზღვაზე ყოფნის ნაცვლად, სახლში ვზივარ და ლუარსაბივით იმაზე ვმსჯელობ, ჩიხირთმა ჯობია თუ ბოზბაში (იცინის).
– საერთოდ, აქტიური დასვენება გიყვარს?
– არა. თუ გახსოვს ფილმში „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”, პლაჟზე, რომ ჩადიან და მოწნულ სავარძლებში მოხუცი კაცები სხედან, თან, გაზეთი აქვთ გაშლილი. ზუსტად ასე მაქვს დადგმული „კაჩალკა” და ზუსტად ასე ვქანჩალაობ ამ სკამზე პენსიონერივით. გათენდება და, შვიდის ნახევარზე უკვე პლაჟზე ვარ, დაცხება ძალიან – იქიდან გამოვრბივარ და ვიძინებ...
– ანუ, ამ დროს მარტო ხარ.
– ჰო, სანაპიროზე არავინაა, უბრალოდ, ჩემთან ერთად ჩემი მეგობრები არიან, რომლებსაც ზუსტად იგივე დასვენების წესი აქვთ და ამიტომ მათ საერთოდ არ ველაპარაკები – კონტაქტი არ გვაქვს. ჩუმად ჩავდივარ და ათი დღის შემდეგ უკან ჩამოვდივარ. შუადღისას მაგრად ვსკდები, საღამოს ისევ პლაჟზე ვარ და ასე. ხანდახან მომენატრება ხოლმე, ბათუმში ხომ არ წავიდე, „ლიტერატურულში“ დავჯდე, მეგობრები ვნახო...
– ცოტა წავიცეკვო...
– არა, აი, ეგ არასდროს მენატრება. იმდენად ვიხარჯები ყოველდღე, რომ კიდევ წავიცეკვო, კიდევ კლუბში წავიდე – ეს გამორიცხულია. სიამოვნებას მხოლოდ სიჩუმისგან ვიღებ. ისეთ ადგილას ვარ, პრაქტიკულად, ნაცნობებიც არ მხვდებიან, მხოლოდ მე და მეგობრები ვართ. დილის შვიდის ნახევარზე, თუ ჩემნაირი გიჟი არაა, რა უნდა სანაპიროზე და, თუ ჩემნაირი გიჟია, ისიც ჩუმადაა. ხალხი რომ მომრავლდება, წყლიდან აღარ ამოვდივარ ხოლმე (იცინის).
– მოკლედ, დიდი სტრატეგია გაქვს დასვენებასთან დაკავშირებით.
– გამოვიმუშავე, გენაცვალე, ცხოვრებამ მოიტანა. დისერტაციაც მაქვს დაცული: „როგორ უნდა დაისვენოს ოცდაათი წლის აქტიური ცხოვრებით დაკავებულმა მსახიობმა”. შემიძლია, წიგნად გამოვცე კიდეც.
– არ გინდა, რომ ეს მცირე დრო მოგზაურობაში გამოიყენო, სადმე წახვიდე. თუ, გასტროლებითაც დაღლილი ხარ?
– მოგზაურობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, რომ არა ეს სიმშვიდე ზღვის პირას ცოტა ხნით მაინც, მოვკვდები. თან, სამოგზაუროდ მარტო ვერ წახვალ. ვისთან ერთადაც მსიამოვნებს დასვენება, იმდენი საშუალება არ მაქვს, რომ დავპატიჟო, ან, ჩვენი ფინანსები არ ემთხვევა ერთმანეთს. კი ვამბობთ მთელი წელი, რომ მომდევნო ზაფხულს მივდივარ იტალიაში, ესპანეთში, რომელიმე ოქროსფერქვიშიან სანაპიროზე, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ჩემ ნანიკოსთან ჩავდივართ გონიოში. თუმცა, რომ გითხრა მოგზაურობით განებივრებული არ ვარ-მეთქი, მოგატყუებ. თეატრიდან გასტროლები სულ არის.
– მოგწონს გასტროლების დროს თამაში?
– არის სპექტაკლები, რომლებსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თამაშობ, მაგრამ, გასტროლზე სულ პრემიერაა. რადიკალურად განსხვავებული მაყურებელი მოდის, განსხვავებული შეფასებები აქვთ. რაზეც აქ ეცინებათ, იქ – საერთოდ არა, რაზეც აქ ტირიან, იქ ეცინებათ. საბოლოო ჯამში, მათი შეფასება უფრო გულწრფელია, რადგან ტექსტი არ ესმით, მხოლოდ ემოციით მოგყვებიან და ამითვე გიკრავენ ტაშს. რაც შეეხება ტექნიკურ დაღლას, საბედნიეროდ, ჩვენი გასტროლები სულ ისეა აწყობილი და დაგეგმილი, რომ საერთოდ არ ვიღლებით. სულ წუთებით და საათებით არის ყველაფერი გაწერილი, ისე, რომ დისკომფორტი არ შეგვექმნას. კოსტიუმების თრევა, ცუდ ავტობუსზე წუწუნი ჩვენ არ გვახსოვს.
– ყველაზე მაგარი სად იყო?
– ხორვატიაში. ყველაზე დიდი შთაბეჭდილების ქვეშ კი მაშინ ვიყავი, როდესაც ისრაელიდან ჩამოვედი. ჯერ ჩავედით თელ-ავივში, ზღვაზე ვიყავით, შემდეგ გადავედით იერუსალიმში, სადაც წმიდა ადგილები მოვილოცეთ. ამის შემდეგ სპექტაკლის თამაში ძალიან გამიჭირდა. ერთ რამეს მივხვდი: ცხოვრებაში პრობლემები არ არსებობს. წადი, ილოცე, გწამდეს და იყავი ბედნიერი! დავდიოდი ამ მიწაზე და შინაგანად სულ მქონდა იმის განცდა, ამის ღირსი არ ვარ, ჯობია, შორიდან შევხედო-მეთქი. მრცხვენოდა, გულწრფელად ვამბობ. სულ მქონდა სინანულის განცდა. იმ წუთში ვერაფრით კონკრეტდები, რას ნანობ, უბრალოდ, სულ იმეორებ შენთვის: უფალო, მომიტევე, მაპატიე!.. რომელიმე ტაძარში რომ შევიდოდით, მეტყოდნენ, ჩაიფიქრე სურვილი, სთხოვე უფალსო და ვერაფერს ვფიქრობდი, „ღმერთო, მაპატიეს“ ვამბობდი. თუ ჩემი პროფესია ცოდვაა, დაე, ვიყო ცოდვილი. ამით ვჭამ, ამით ვსუნთქავ, ამით ვცოცხლობ და, თუ ჩემი ცხოვრება ჩემი ცოდვაა, ვიყო ცოდვილი.
– ხორვატია რატომ გამოარჩიე?
– უმაგრესია. ჯერ ერთი, ზღვისპირეთია. დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ იტალიის შემადგენლობაში და იქაური კულტურაა შემორჩენილი. არაჩვეულებრივად სიმპათიური და მაღალი ხალხია. ლილიპუტები ვიყავით გულივერებში. დადიან მაღლები, თხელები, ხორბლისფერები, რაღაცნაირი დაბიდუბები. ზღაპარში გგონია თავი – პატარა ქუჩები, პატარა სახლები, პატარა ეზოები, იქვე ზღვა, მთა... ყველაფერი ერთ მუჭშია მოქცეული. გადავირიე. საახალწლო შუშის ბურთები რომ არის, ხომ გახსოვს – გაანჯღრევ და თოვლი მოდის, შიგნით კი პატარა სახლებია. ეგეთი სახლებით არის აგებული მთელი ქვეყანა. ანდერსენის ზღაპარში ამოვყავი თავი. ულამაზესია.
– მაყურებელი უფრო მოწყალე სად არის?
– სიმართლე გითხრა, სადაც ჩავედით, ყველგან გაგვაფრთხილეს, აქ ხალხი ნაკლებად ემოციურია, ცივია, ტაში თუ არ დაგიკრეს, არ გაგიკვირდეთო, მაგრამ, სადაც ვიყავით, ტაში მინიმუმ ოცი წუთის განმავლობაში მაინც გრძელდებოდა. უკვე ვეღარ გავიგე, სად უყვართ ან არ უყვართ ტაში. არ მინდა, ტრაბახში ჩამეთვალოს, მაგრამ, ასეა. ამის ვიდეომასალაც არსებობს. ჩვენ კიდევ, ტაშისთვის ვცოცხლობთ.
– ეგზოტიკურ ადგილზე თუ წახვიდოდი?
– აი, დუბაიში წავიდოდი, რადგან იქ, შემიძლია, ვნახო ყველაზე გაჭირვებულები, დაბალი ფენა და, უცებ, შეიძლება, ისეთ პიკში მოვხვდე, შვიდვარსკვლავიან სასტუმროში, რესტორანი წყალქვეშ რომ აქვს. ასეთი კონტრასტები მომწონს. ასევე ძალიან მინდა მონაკოში მოხვედრა – ეს ჩემი ჩუმი ოცნებაა, სადღაც თავისთვის რომ არის და არავის აწუხებს. მონაკოსა და ნიცაში სიამოვნებით დავისვენებდი გონიოს შემდეგ. ნანასგან ნიცაში – გადასარევი იქნებოდა. მინდა, დაივინგი ვცადო. წყალქვეშ ჩავიდოდი და ვნახავდი მთელ იმ სილამაზეს. არადა, დაივინგი არ გამომიცდია.
– ცურვა კარგად იცი?
– ითვლება, რომ კარგად ვიცი. რომ შემხედავ, ამას ვერ იტყვი, მაგრამ, წყლიდან ვერ ამომიყვან.
– რატომ ვერ იტყვი?
– ამოყირავებული პირამიდასავით ტანი არ მაქვს, რომ შემხედავ, წყალბურთელიაო – ვერ იტყვი, მაგრამ კაი ლიფსიტასავით კი ვარ (იცინის). კარგი ნაჭამი ლიფსიტასავით. წყლიდან ამოსულს ვერ მნახავ. მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთსა და იმავე ადგილას ჩავდივართ, ყველა ზაფხული ჩემთვის განსხვავებულია, რადგან რამდენიმე ადამიანი მაინც მეცვლება. ჩემი ყველა დასვენება უკვე თავგადასავალია. თუ ერთი გოგო მაინც მახლავს ისეთი, რომელმაც ცურვა არ იცის, ეს ხომ ცალკე თავგადასავალია: თუ არ ჩავახრჩვე, დილის შვიდ საათზე არ ვაკივლე და გონიო არ გავაღვიძე, რაა მამული?!
– რომანტიკული ზაფხული გაიხსენე.
– როგორი არარომანტიკულიც უნდა იყოს ადამიანი, ზაფხულსა და ზღვას ერთი სასიყვარულო თავგადასავალი მაინც უკავშირდება. მეც მქონია ასეთი შემთხვევა, როგორ არ მქონია. სიამოვნებით გამითენებია და დამთენებია პლაჟზე ისე, რომ საერთოდ არ გამიგია არაფერი. გარდა იმისა, რომ იოდი მისუნთქავს და, იოდთან ერთად – ჩემი შეყვარებული. ყოფილა ასეთი შემთხვევები და ფანტასტიკურად მახსენდება, მაგრამ, მოდი, ამაზე მაინც ვრცლად ნუ მომაყოლებ. სულ რომ არ იყო შეყვარებული და ზღვაში მზე ჩადის, ისეთ განწყობაზე დგები, შეიძლება, ნებისმიერი გამვლელი შეგიყვარდეს.
ერთი სიტყვით, ზაფხული ჩემი დროა. ახლაც, ორმოცდაათ გრადუს სიცხეში, რეპეტიციები რომ მაქვს და ძლივს ვსუნთქავ, მაშინაც ვამბობ, ზაფხული მირჩევნია-მეთქი და თან გული მიმდის. ზაფხულის შვილი ვარ. ცოტა რომ გაცვია და ახვანჩალებ ყველაფერს, ვგიჟდები (იცინის).