კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის მიხედვით ირჩევენ უცხოპლანეტელები საქართველოში კონტაქტორებს და რატომ გადარიეს ისინი მეგრელებმა


სამყარო, რომლის შესახებაც დედამიწაზე ძალიან მწირ ინფორმაციას ვფლობთ და ხშირად მიწიერ მოკვდავებს ამ ინფორმაციის დაჯერებაც გვიჭირს, მაინც ჩვენი ინტერესების საგნად რჩება, მით უფრო, როგორც მეცნიერები „გვაიმედებენ“, 2012 წელს, ამ კეთილი, მაგრამ ამოუცნობი უცნობი არსებების დახმარება დედამიწელებს ძალიან დაგვჭირდება. როგორც უფოლოგები ამბობენ, უწყინარი უცხოპლანეტელები დედამიწას უფრო ხშირად განსაცდელის დროს ეწვევიან ხოლმე. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, წლების წინ მათ მეგრელებისა და გურულების მასპინძლობის გემოც კი გაიგეს. შეწყდა თუ არა ბოლო პერიოდში კავშირი უცხოპლანეტელებთან და რის მიხედვით არჩევენ ისინი ადამიანებს, რომლებთანაც კონტაქტის დამყარებას ცდილობენ, ამის შესახებ ცნობილი ქართველი უფოლოგის – თალეს შონიას შვილს, ერეკლე შონიას გავესაუბრეთ.


– ერეკლე, რატომ შეწყდა ბოლო პერიოდში კავშირი უცხოპლანეტელებთან, რატომ აღარ გამოდიან ისინი კონტაქტზე მიწიერ სამყაროსთან?

– ვერ ვიტყვი, რომ ეს კავშირები შეწყდა, უფრო, შემცირდა ინფორმაციის გავრცელება ამ კავშირების შესახებ. ბოლო პერიოდში მოდურია 2012 წელზე საუბარი. ამ საუბრებმა და მოლოდინმა თითქოს გადაფარა ის ინტერესი, რომელიც ადამიანებს მუდმივად ჰქონდათ უცხოპლანეტელების მიმართ, თუმცა, იმის ძიებაში, თუ რამ შეიძლება, გვიშველოს 2012 წლის შემდეგ, უცხოპლანეტელების თემა აქტუალობას არ კარგავს. უფრო მეტიც, მომავალ წელს ამერიკელები აპირებენ უფოლოგიასთან დაკავშირებული დახურული არქივების გახსნას, თუმცა, მათი გარკვეული ნაწილი მაინც საიდუმლოდ დარჩება. კაცობრიობა მალავს იმ ცოდნას, რაც მას აქვს არამიწიერ ცოცხალ არსებებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ, ტექნიკური ცივილიზაციის თვალსაზრისით, ისინი ჩვენზე წინ არიან. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვენ მათთან ვერ მივდივართ, ისინი კი ძალიან ხშირად „გვსტუმრობენ”. ისინი ჩვენზე მეტად განვითარებულები და კეთილებიც არიან. ზოგიერთის სიმაღლე 40 სანტიმეტრიდან იწყება, მაგრამ, გვხვდებიან 4-5-მეტრიანი გიგანტი უცხოპლანეტელებიც. მათ ადამიანებისგან განსხვავებული თვალებისა და თითების რაოდენობა, კანის ფერი აქვთ. ჩვენი ინფორმაციით, არსებობენ 21 განსხვავებული კატეგორიის უცხო სხეულები. მათ ვიზიტებთან დაკავშირებით, არ გვაქვს მონაცემები სეზონურ მატებებზე – ზამთარსა და ზაფხულში ერთი და იგივე რაოდენობის კონტაქტი შეიძლება დაფიქსირდეს. მაგრამ, როგორც ადამიანების მონაყოლიდან ჩანს, ამ კონტაქტებისთვის უცხოპლანეტელები უმეტეს შემთხვევაში, ღამეს ირჩევენ, რადგან დღისით ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი არსებობს. ეს კონაქტები მუდმივად ფიქსირდება, უბრალოდ სხვადასხვა მიზეზების და გარემოებების გამო, ადამიანები ხშირად ერიდებიან ამაზე ხმამაღლა საუბარს. თუმცა, მთელ მსოფლიოში ცხოვრობს ათიათასობით ადამიანი, რომლებსაც პირადად ჰქონდათ კავშირი არამიწიერ ცოცხალ არსებებთან. კონტაქტის ყველაზე გავრცელებული ფორმა, როგორც ადრე, ისე ახლაც, არის საყოფაცხოვრებო ტიპის კონტაქტები, წარწერები, ქვების ცვენა. საყოფაცხოვრებო კონტაქტების დროს, ადამიანები ხშირად იგებდნენ საკუთარ მომავალსა და ბედს უცხოპლანეტელების მეშვეობით, რაზეც მათგან საკმაოდ უცნაური პასუხები მოდიოდა. როდესაც ჩვენ ვთხოვეთ ამ ადამიანებს, მეტი შეკითხვა დაესვათ ამოუცნობი არსებისთვის, თუ ვინ იყო ის, საიდან მოვიდა და რა მისია აქვს დედამიწაზე, ასეთ შემთხვევებში უფრო სერიოზულ და დალაგებულ პასუხებს იღებდნენ. საყოფაცხოვრებო და პირად კითხვებზე გაცემულ პასუხებში იყო მეტი იუმორი – როგორც ჩანს, ჩვენი უცხოპლანეტელი სტუმრები იუმორთან მწყრალად არ არიან (იცინის). კონტაქტის ასევე ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ჩაჯდა ადამიანების სტერეოტიპში, არის ეგრეთ წოდებული მფრინავი თეფშის, – მანათობელი ხომალდის დანახვა. ამის მერე იწყება ახლო კონტაქტი, როცა ადამიანი ძალიან ახლოს ხედავს და გრძნობს ამ კავშირს. ყველა კონტაქტს თავისი სტადიები აქვს: ადამიანმა, შეიძლება, ჯერ შორიდან დაინახოს რაღაც, მისთვის გაურკვეველი ძალა, არამიწიერი ცოცხალი არსება, რომელიც ძალიან მალე მის ცხოვრებაში შემოიჭრება უფრო ახლო ფორმით, ანუ, ყველა კონტაქტს აქვს წინაპირობა, რომელსაც ადამიანი თავიდან ვერ გრძნობს.

– როგორც ჩანს, უცხოპლანეტელები კონტაქტის დამყარებამდე „მოთელვას“ გადიან. რის მიხედვით არჩევენ ისინი ადამიანებს, ვისთანაც კონტაქტის დამყარება სურთ?

– იშვიათად ხდება, რომ არამიწიერმა ცოცხალმა არსებებმა პირდაპირ დაამყარონ კონტაქტი ადამიანებთან – ისინი, როგორც წესი, ჯერ „მოთელვას” გადიან: ახდენენ სიტუაციის შესწავლას და შერჩეულ პირებს ამზადებენ ამ კონტაქტებისთვის. მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც იმ ადამიანებს, ვინც, უცხოპლანეტელების ხილვის მოწმენი გახდნენ, უცხოპლანეტელებმა არამიწიერი, სხვა ტექნოლოგიებით გაუკეთეს ოპერაციები, გაუხსნეს მათ ის ცენტრები, რომლებიც ხელს უწყობს გარკვეული შეგრძნებების წარმოქმნას. ეს ცენტრი ძირითადად არის ტვინი, რომლის მანიპულაციაც მათ მიერ უფრო იოლად ხდება. არის იშვიათი შემთხვევები, როცა ადამიანი ხვდება და გრძნობს, როგორ უკეთებენ მას ოპერაციას. უფრო ხშირად კი ისინი აღწერენ, რომ მათ მძინარე მდგომარეობაში, უფრო სწორად, მდგომარეობაში ძილსა და სიფხიზლეს შორის, ჰქონდათ ურთიერთობა მნათ არსებებთან. ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანი ხშირად საკუთარ სხეულზე ხედავს ამ ურთიერთობის კვალს. საწყის ეტაპზე ის სუსტად გრძნობს თავს, მაგრამ, ორი-სამი დღის შემდეგ ამ ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ მას ენერგია ემატება. გარკვეული პერიოდის მერე იცვლება ასეთი ადამიანების ენერგეტიკა, იმუნიტეტი და მენტალიტეტიც კი. შესაძლოა, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს მისი მსოფლმხედველობა, მოემატოს ნიჭი. როგორც წესი, ასეთი ოპერაციების მიზანი კეთილშობილურია – თითქმის არ არსებობს პრაქტიკაში შემთხვევა, რომ ასეთი კონტაქტები ბოროტი შედეგით დასრულებულიყოს, ეს მხოლოდ ჰოლივუდური ფილმების სცენარებში ხდება ასე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ოპერაციებით უცხოპლანეტელები ამზადებენ ადამიანის ორგანიზმს კონტაქტებისთვის და მათ უხსნიან ფარულ რეზერვებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტის დანახვა, ვიდრე – ჩვეულებრივ შემთხვევაში. ასეთ ადამიანებს უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დროს შეუძლიათ, გაუძლონ იმ გამოსხივებასა და ზემოქმედებას, რაც ამ არამიწიერი ცოცხალი არსებებისგან მოდის. იმ ოპერაციებმა, რომლებიც საქართველოში ჩაატარეს უცხოპლანეტელებმა, მოგვცა საშუალება, დაგვესკვნა, რომ ოპერაციების უმეტესობა იყო საინფორმაციო, საკვლევი და სამკურნალო დანიშნულების. მათ შორის იყო ორმაგი დანიშნულების ოპერაციებიც – მათგან მოდიოდა როგორც ინფორმაცია ნაწერებისა და ნახატების სახით, ასევე, ვიღებდით კოსმოლოგიურ ნიშნებს და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ადამიანებს, თუ რის მიხედვით არჩევენ უცხოპლანეტელები კონტაქტორს, არსებობს ასეთი მოსაზრება: ადრე ფიქრობდნენ, რომ უცხოპლანეტელები უფრო იოლად შედიან კონტაქტში ბავშვებთან, რადგან მათ განსხვავებული აღქმა და სუფთა სამყარო აქვთ. ახლა უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ კონტაქტს დაამყარებენ ბავშვთან, მოხუცთან, ნებისმიერი პროფესიისა და სოციალური ცენზის მქონე პირთან. არ არსებობს მათ მიერ ამოჩემებული კასტა, მაგრამ, საქართველოში არსებული დაკვირვებების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ უცხოპლანეტელები ძირითადად კონტაქტს ამყარებენ იმ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ დაძაბულ გეოლოგიურ არეალში, სტრესულ გარემოში და მათ შველა სჭირდებათ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, უცხოპლანეტელებთან კონტაქტები უფრო ხშირია იქ, სადაც არსებობს მძიმე სოციალური ფონი და დაძაბული, სტრესული ოჯახური მდგომარეობა. როგორც ჩანს, უცხოპლანეტელები ხედავენ, როდის უჭირს ადამიანს და ამ შემთხვევაში ამყარებენ მასთან კონტაქტს. უცხოპლანეტელების კონტაქტები აქტიურდება მაშინაც, როცა ძლიერი სოციალური და პოლიტიკური კატაკლიზმების გამო საზოგადოება აღგზნებულია – ასეთ დროს კონტაქტები უფრო მასობრივია.

– ამ ლოგიკით, ძალიან დავვიწყებივართ ჩვენს უცხოპლანეტელებს ქართველები, ან, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. მათი ბოლო ვიზიტი ჩვენთან როდის დაფიქსირდა?

– ფაქტი ისაა, რომ ეს კონტაქტები კაცობრიობის დასაბამიდან არსებობს. რაც შეეხება საქართველოში დაფიქსირებულ კონტაქტებს, ბოლო ერთი წელია, რაც სიმშვიდეა. 90-იან წლებში საქართველო ამ მხრივ ძალიან აქტიური ქვეყანა იყო, ბოლო კონტაქტი დაფიქსირდა გასულ წელს, სამეგრელოში. მასობრივი კონტაქტები დაიწყო ხობის რაიონის სოფლებში და მერე ზუგდიდის გარეუბნებშიც გაგრძელდა. თავიდან იყო შორიდან მცდელობები – ადამიანები ხედავდნენ ხომალდებს, მნათობებს; შემდეგ უფრო ახლო კონტაქტები დამყარდა – ადამიანები ყანაში ხედავდნენ არსებებს, რომლებიც მათ ესროდნენ კენჭებს; შემდეგ უკვე სახლებში დაიწყო საგნებმა ადგილის ცვლა. ეს გრძელდებოდა რამდენიმე თვე და ძალიან ცუდად დასრულდა – შეშინებულმა ადამიანებმა ქვების სროლა თავად დაუწყეს უხილავ არსებებს, აგინებდნენ მათ. ერთმა ქალმა ისიც კი თქვა, ქვის სროლამ ისე შემაშინა, რომ, გამოვედი გარეთ და იმდენი ვწყევლე ის უცხოპლანეტელი, ცოცხალი და მკვდარი ამოვუტრიალეო (იცინის). ამ აგრესიის გამო კონტაქტი აღარ განვითარდა, შეწყდა. როგორც ჩანს, ასეთი დახვედრით გადარეულმა უცხოპლანეტელებმა სასწრაფოდ დატოვეს სამეგრელო (იცინის). 90-იან წლებში, ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი კონტაქტი დაფიქსირდა გურიაშიც – ეს იყო კარგად შესწავლილი კონტაქტი, რომელიც საკმაოდ კარგად განვითარდა.

– გურულები, მეგრელებისგან განსხვავებით, აჰყვნენ უცხო სტუმრებს?

– როგორც ჩანს, აჰყვნენ. კენჭების სროლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო: ქვა ვარდნის დროს არღვევდა ფიზიკის ყველა, მათ შორის – ინერციის კანონს. გარდა ამისა ქვა, იყო ძალიან თბილი. იყო შემთხვევები, როცა ქვამ სტრუქტურა შეიცვალა და ფქვილივით დაიშალა. ისეთი შემთხვევაც დაფიქსირდა, როცა ჩამოვარდნილი ქვიდან ერთი თვე სითხე გამოდიოდა. ეს იყო ძალიან დიდი საკვლევი მასალა უფოლოგებისთვის. ამას ისიც დაემატა, რომ საგნებს ადგილები ეცვლებოდა ოჯახებში – ერთი ოჯახის ნივთი მეორე ოჯახში ხვდებოდა. ურთიერთობის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ საურთიერთობო ენას ავირჩევთ უცხო არსებებთან კონტაქტის დროს.

– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მის გვერდით უხილავი არსება იმყოფება?

– ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ ვიღაც უყურებს, გარკვეულ ხმებს გრძნობს ყურში. შესაძლოა, მომეტებული სიგრილე ან სითბო იგრძნოს – მოულოდნელი ტემპერატურის ცვლილებაც ამის ნიშანია. არ გქონიათ შემთხვევა, როცა ნივთს ტოვებთ ერთ ადგილზე და მერე ის სხვა ადგილზე გხვდებათ? იყო შემთხვევები საქართველოშიც, როცა ადამიანებმა აღმოაჩინეს საეჭვო მცენარე, რომელსაც ერთდროულად ჰქონდა რამდენიმე ბუნებრივი ციკლი. ისიც ითქვა, რომ ის მცენარე სხვა პლანეტიდან იყო მოტანილი. აღმოჩენილი იყო ორცხობილაც, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში მიწიერი ნივთიერებიდან გააკეთა უცხო არსებამ. ჩვენ გვინახავს წარწერები, გაკეთებული პომადით, თვალის ტუშით. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ძალიან ბევრმა ადამიანმა შეძლო უცხოპლანეტელებთან დალაგებული და კარგი კონტაქტის დამყარება. იყო რამდენიმე ისეთი შემთხვევაც, როცა უცხოპლანეტელებმა ხომალდში შეიყვანეს ადამიანი და თან წაიყვანეს კიდეც – ეს მოხდა საქართველოში, 1991-1992 წლებში. რამდენიმე ოპერაცია ჩვენი შეკვეთითაც ჩატარდა, რასაც ამ ადამიანების გამოჯანსაღება მოჰყვა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც კუჭის წყლულით იყო დაავადებული, დღესაც ცოცხალია. კონტაქტების დიდი ნაწილი მყარდებოდა ქართულ და რუსულ ენებზე, ვინაიდან ახლა ჩვენთან უცხო ენების შესწავლის ტენდენციაა, გამორიცხული არ არის, მორიგი კონტაქტი ინგლისურ ენაზეც შედგეს.

– შეიძლება, უცხოპლანეტელთან კონტაქტის უნარი კონტაქტორის შთამომავლობას გენეტიკურად გადაეცეს? ამის მაგალითად თქვენი და მამათქვენის – თალეს შონიას ამბავიც ხომ არ კმარა?

– ეს ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა, ამას ვერ ვიტყვი ჩემს შემთხვევაში. ეს იყო ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი საკვლევი თემა, რითაც მეც დავინტერესდი, თორემ, მე პირადად ახლო კონტაქტი უცხოპლანეტელებთან ნამდვილად არ მქონია. კონტაქტორები ხშირად ამბობენ, რომ, ის, ვინც მათთან კონტაქტობს, მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ტოვებს მათ და მათთან ერთადაა ბავშვობიდან სიბერემდე. როგორც აღწერენ, იმავეს ხედავენ მათი შვილები და შვილიშვილებიც, ანუ, ის ურთიერთობა და მფარველობა, რაც იმ სამყაროდან მოდის, დიდხანს გრძელდება. ეს კონტაქტი რამდენიმე თაობამ შეიძლება იგრძნოს, არის შემთხვევებიც, როცა ერთ კონტაქტორთან ურთიერთობას ამყარებს ერთი არსება, რომელსაც მერე სხვა არსება ცვლის.


скачать dle 11.3