კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რეკორდი დაამყარა თაკო ოქროპირიძემ და რატომ დადის ის ყოველდღიურად გორის ვაკეში


მომღერალი თაკო ოქროპირიძე მუსიკის ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარა. საკმაოდ პატარა ასაკიდან დაიწყო სიმღერა და მას შემდეგ არც გაჩერებულა. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მღერის სახელმწიფო კაპელაში, ასევე, არის „ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტის“ პირველი ხმა. თაკომ სიმღერის გარდა, სხვა სფეროშიც სცადა ბედი – ის უკვე ორ წელზე მეტია, „ავტორადიოს“ მუსიკალური წამყვანია.

მართალია, გასულ წლებში თაკო ვერ იღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ, წელს მის მაგივრად მეგობრებმა იაქტიურეს და, მათი ინიციატივით, „ჯეოსტარი 2010-ის“ შესარჩევი პირველი ტურიც გაიარა. რა იქნება შემდეგ, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.


– თაკო, როგორც ვიცი, ბავშვობიდან მღერი.

– როგორც ყველა მომღერალს სჩვევია, მეც ბანალურად დავიწყებ და ვიტყვი, რომ 2 წლიდან ვმღერი. ძალიან ბევრ კონკურსსა და ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა. შენ წარმოიდგინე, 2 წლის ასაკში ჩემი საკუთარი სიმღერაც კი მქონდა. დიდი ვერაფერი, მაგრამ, იმ დროისთვის მუსიკის სფეროში რაღაც მიგნება მაინც იყო. მერე სწორედ იმ სიმღერით მაძინებდა ხოლმე მამაჩემი – „იავნანის“ მაგივრად მიმღეროდა. ასე დაიწყო ჩემი მუსიკასთან შეხება. მერე მუსიკალური განათლებაც მივიღე – საფორტეპიანო მაქვს დამთავრებული. კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელება კი რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვახერხე. თუმცა, გეგმაში მაინც მაქვს, რომ მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარო. მთავარია, მქონდეს ამის დრო და, რაც კიდევ უფრო მთავარია – ნებისყოფა.

– ხარ „ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტის“ წევრი. მანამდე რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში?

– ვმოღვაწეობდი, როგორც სოლო მომღერალი, მონაწილეობა მაქვს მიღებული „ნუცას სკოლის“ კონკურსში, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. „ნუცას სკოლას“ თვალს ადევნებდა ბუთხუზ ბასილაია და ძალიან დიდი ყურადღებით არჩევდა ბავშვებს, რომლებიც მისთვის მისაღები და მოსაწონი იქნებოდნენ. ჩვენი კვინტეტის ხუთივე წევრი სწორედ „ნუცას სკოლიდან“ ვართ. პირველი „ნუცას სკოლიდან“ ნოდიკო ტატიშვილი და ზვიად აბაშიძე იყვნენ; მეორედან – სალომე ბაკურაძე და გიორგი კობაიძე, ხოლო მესამედან – მე. კვინტეტის ძალიან ბევრი სიმღერა აქტიურად ჟღერს ტელე-რადიოსივრცეში, ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპიც გვაქვს გადაღებული – „სანთელი,“ სადაც თემურ წიკლაურთან ერთად ვმღერით. ბატონ ბუთხუზ ბასილაიას კიდევ ძალიან ბევრი გეგმა ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა.

– მისი გარდაცვალებით ძალიან დიდი სტრესი მიიღეთ, ალბათ.

– სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ ბატონი ბუთხუზი განუმეორებელი პიროვნება, ღვთის გამოგზავნილი ადამიანი იყო. დამწყები მომღერლები გზაზე დაგვაყენა და მოგვცა საშუალება, ძალიან ბევრი მუსიკოსისთვის ჩვენი სახელი და გვარი გაეცნო. ძალიან ბევრი სიმღერა ჩაგვაწერინა. ხელფასს გვიხდიდა და საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც გვქონდა. დავდიოდით გასტროლებზე, საიდანაც ყოველთვის კმაყოფილები ვბრუნდებოდით. ვიცოდით, რომ, სანამ ალექსანდრე ბასილაია ცოცხალი იყო, ჩვენ სცენასა და შოუ-ბიზნესში ცუდი არაფერი შეგვეხებოდა, კარგი ხომ ყოველთვის გარანტირებული გვქონდა. ალექსანრე ბასილაიას სახელი მარტო საქართველოში კი არა, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილია, უყვართ, აფასებენ და დღემდე მის სიმღერებს მღერიან. მისი განუმეორებელი სიმღერა – „არგო“ საუკუნის სიმღერად აღიარეს.

– თაკო, „ჩხიკვთა ქორწილში“ ვის ასახიერებ?

– „ჩხიკვთა ქორწილის“ ფილმის ვარიანტში მივიღე მონაწილეობა, სადაც მე და ნინო საკანდელიძე კაჭკაჭები ვიყავით.

– კიდევ სად მოღვაწეობ მუსიკის განხრით?

– უკვე 13 წელია, ქალთა კამერულ გუნდში, სახელმწიფო კაპელაში ვმღერი, რომელსაც საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი, დირიჟორი შალვა მოსიძე ხელმძღვანელობს. კაპელასთან ერთად ვიყავი ინგლისში, კერძოდ, ლონდონსა და ოქსფორდში, ასევე, რუსეთში, უკრაინაში, სექტემბერში მივემგზავრებით ჰოლანდიაში, სადაც საგუნდო სიმღერის კონკურსი გაიმართება. მთელი თავგანწირვით ვემზადებით, მით უმეტეს, რომ ჰოლანდია ჩვენი პირველი ლედის სამშობლოა და ყველანაირად ვეცდებით, იქ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ.

– პირველი ლედიც იქნება თქვენთან ერთად?

– როგორც ვიცი, მგონი, ქალბატონი სანდრაც იქ იქნება და, შევეცდებით, აუცილებლად იამაყოს ჩვენით. ჩვენ ყოველთვის განებივრებულები ვართ გამარჯვებით, კარგი მსმენელით, კარგი ტაშით და ასე შემდეგ.

– რადიოში კვირაში ოთხი დღე მუშაობ, პარალელურად, მღერი – ამდენ რამეს როგორ ასწრებ?

– რაღაცნაირად ვუთავსებ და ვახერხებ, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ ერთმა მეორეს ხელი არ შეუშალოს. კვირაში ოთხჯერ რადიოში ვარ, სამჯერ – კაპელაში.

– მგონი, კვირაში შვიდი დღე არ არის შენთვის საკმარისი.

– მინდა გითხრა, კვირაში რვა დღე ვმუშაობ. მით უმეტეს, რომ კაპელა გორში ფუნქციონირებს. გორი-თბილისის გზაზე იმდენი კილომეტრი მაქვს გავლილი, შემირცხვენია ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სფეროში გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

– შეიძლება, ბევრისთვის წარმოუდგენელიც იყოს და არც დაიჯეროს, რომ შენ კვირაში ოთხჯერ გორიდან დადიხარ რადიოში. ეს ყველაზე რთული, ალბათ, მაშინ არის, როცა დილის 8 საათზე ეთერში უნდა იყო.

– ამ შემთხვევაში, დილით, 6-ს რომ 15 წუთი აკლია, ჩემი მაღვიძარა მაღვიძებს, 7 საათზე მიკროავტობუსში ვზივარ და თბილისში მოვდივარ. 8 საათზე კი უკვე ვდგავარ სიამოვნებით გასავლელ გზაზე – „ავტორადიოს“ მეშვეობით ჩვენს ერთგულ მსმენელს ვემსახურები დღის პირველ საათამდე. ეთერის შემდეგ, თუკი რამე საქმე მაქვს თბილისში დაგეგმილი, ვაგვარებ და გორში მივდივარ.

– არ იღლები?

– ძალიან ბევრს დაუსვამს ეს კითხვა. იმდენად სასიამოვნო საქმეს ვემსახურები ყველგან, რომ არ ვიღლები. შეიძლება, ფიზიკურად და გონებრივად დავიღალო, მაგრამ, ვიცი, რომ ამას ყოველთვის კარგი შედეგი ექნება და ამიტომ ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

– თაკო, გორში ცხოვრობ თუ რომელიმე ახლომახლო სოფელში?

– ყველა მაგას მეკითხება – შიგ გორში ცხოვრობ თუ გორის რაიონშიო. ასე ვთქვათ, გორის ვაკეში ვცხოვრობ (იცინის).

– როგორც გავიგე, გასულ წელს დიდხანს ფიქრობდი, მიგეღო თუ არა მონაწილეობა ისეთ მუსიკალურ კონკურსში, როგორიც არის „ჯეოსტარი.“ საბოლოოდ, რატომღაც, არ გარისკე თუ არ მოინდომე. წელს კი, თურმე, შენმა მეგობრებმა, შენს უკითხავად იაქტიურეს.

– ჩემი მეგობრები ჩემთვის ან სიკეთის მომტანები არიან, ან – პირიქით, ცუდის. ჯერჯერობით არ ვიცი, რა იქნება და როგორ. მათ სულ იმას ვეუბნები, ორივე შემთხვევაში თქვენ დაგაბრალებთ ყველაფერს-მეთქი.

– რატომ ვერ წყვეტდი ბოლომდე მონაწილეობის მიღებას?

– გასულ წლებში ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი მონაწილეობდა „ჯეოსტარში“ და, ვიფიქრე, მეც რომ იქ მივიდე, გულშემატკივრობა რამდენზე უნდა გავყო-მეთქი. ამიტომ, ვამჯობინე, მათთვის მეგულშემატკივრა. როგორც ჩანს, წელს საკუთარი თავისთვის მოვიცალე და ახლა მე მიგულშემატკივრონ. ვნახოთ, რა გამოვა.

– ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, როცა ამა თუ იმ კონკურსში იღებ მონაწილეობას?

– თუ კონკურსის შესახებ ოჯახია ინფორმირებული, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრები. მაგალითად, ამ ბოლო, კონკრეტულ შემთხვევაში ისინი არ არიან ინფორმირებული და დარწმუნებულები არიან, რომ მონაწილეობას არ მივიღებდი.

– რატომ?

– უბრალოდ, კონკურსის თემა ტაბუდადებული იყო ჩვენს ოჯახში – გული რომ გეტკინოს და ინერვიულო, შენს მოსულიერებას რამდენიმე თვე დასჭირდებაო. გირჩევნია, წყნარად იყო შენს ქერქში, იჯდე ტელეეკრანთან და შენს მეგობარს უგულშემატკივროო, მეუბნებიან.

– ანუ, გინდა თქვა, გორში ისე გაიარე „ჯეოსტარის“ შესარჩევი ტური, სახლში არაფერი იცოდნენ?

– არა და, ნეტა იცოდე, როგორი ტყუილები ავაგე ლამაზი მძივივით და მასში ყველა ჩემი ოჯახის წევრი გავაბი. მაგრამ, იმედი მაქვს, ეს ელდა სასიამოვნო და უფრო მარტივად გადასატანი იქნება, თუ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ჩემმა მეგობრებმა ჩაიფიქრეს.

– ყველანაირი შედეგისთვის მზად ხარ?

– მე აბსოლუტურად ყველანაირი შედეგისთვის ვარ მზად. წინასწარ არ უნდა გახალისდე და ილუზიები არ უნდა შეიქმნა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ოცნებებში დახატე. თუმცა, მაინც მაქვს იმის იმედი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.


скачать dle 11.3