როგორ ცხოვრობს თედო ბექაური ორბეთში და რაში დახარჯა მან „გაღმა ნაპირში” აღებული ფული
მას თავის გმირთან საერთო ბევრი არაფერი აქვს და არც ცხოვრების ისტორია აქვს ისეთი სევდიანი, როგორც მამის საძებნელად წასულ პატარა ბიჭს „გაღმა ნაპირიდან”, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა. თედო ბექაური ჯერ ნამდვილი მსახიობი არ არის, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, მაგრამ გამორჩეული მსახიობური ნიჭით, ამის სათქმელად „გაღმა ნაპირის” ფინალური სცენაც კი კმარა. თედო თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ორბეთში ცხოვრობს, მარჯვეა და მხიარული, მეგობრებთან ერთად გართობა ყველაფერს ურჩევნია, თუმცა, კინოსთან დაკავშირებული დიდი გეგმები აქვს, რომელსაც ამ ინტერვიუში ჩვენც გვანდობს.
თედო ბექაური: ჩემი ცხოვრება ისევ ისეთი გახდა, როგორიც ფილმამდე იყო. ძალიან მინდა, რომ კიდევ გადამიღონ კინოში, მაგრამ ჯერჯერობით შემოთავაზება არ მაქვს. ვფიქრობ, კიდევ გადამიღებენ. ვცხოვრობ ისევ სოფელ ორბეთში, ისევ კარგად ვერთობი, ვთამაშობ ფეხბურთს მეგობრებთან ერთად. ჩემგან დიდი ფეხბურთელი არ გამოვა, მაგრამ გოლები გამაქვს. მეგობრებთან ერთად გვერდზე სოფელში დავდივარ მდინარეზე, ცურვა კარგად არ ვიცი, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობ. სახლში მე, დედა, მამა და ჩემი ორი ძმა ვართ. მე ძმებში ყველაზე პატარა ვარ, მაგრამ ამის გამო სულაც არ მანებივრებენ, მეც ვეხმარები მშობლებს სოფლის საქმეებში. ქათმები გვყავს, ძროხებიც, ჩემი ძმა ნახირშიც კი დადის, მე ჯერ პატარა ვარ და ნახირში არ მიშვებენ. მე უფრო ზვინისთვის ვაგროვებ ხოლმე თივას. ახლა ვიცი, რომ იღბლიანი ბიჭი ვარ – კინოში გადამიღეს, თეატრში მოვხვდი... მაგრამ, იმ დღეს გიორგი ოვაშვილს კლინიკაში რომ არ ვენახე, ჩემს ცხოვრებაში არაფერიც არ შეიცვლებოდა.
– ახლა სოფელშიც უფრო პოპულარული ბიჭი გახდებოდი.
– პოპულარული ადრე მარტო ბავშვებში ვიყავი, ეხლა დიდებშიც პოპულარული გავხდი, მასწავლებლებიც კი მპატიობენ რაღაცეებს. ცუდად არ ვსწავლობ, მაგრამ, არც ისეთი მოსწავლე ვარ, როგორიც უნდა ვიყო. სოფელში უკვე ყველა „პატარა მსახიობს“ მეძახის. ფილმის გამოსვლის შემდეგ ყველა ინტერესდებოდა და მეკითხებოდა, როგორ ხდება ფილმის გადაღება, მეც ვიდექი და ვუყვებოდი, რა ხდება, როცა იძახიან – „მატოორ”! ვყვებოდი თბილისის ამბებს, ჩემს სოფელში ძალიან კეთილი და კარგი ხალხი ცხოვრობს, როცა ფილმში მიღებდნენ, ყველა მგულშემატკივრობდა, ყველას უხაროდა, მაგრამ, არ სჯეროდათ, რომ ამდენ რამეს შევძლებდი. ჩემს სოფელში ბუნებაც კი ისეთი ლამაზია, სხვაგან არსად რომ არ იქნება. ერთი, მდინარე არა გვაქვს მარტო.
– თბილისში გადმოსვლა არ გინდა?
– თან მინდა, თან – არა. გიორგი ოვაშვილი მეუბნება, თბილისში უნდა ისწავლო სკოლაშიო, მერე, ალბათ, დედაც უნდა გამომყვეს, მამაჩემს და ჩემს ძმას ხომ მიხედვა დასჭირდებათ? დედაჩემი კოჯრის ბატალიონის ინფრასტრუქტურაში მუშაობს, მამაჩემიც იქ მუშაობდა, მაგრამ სამსახურიდან გამოუშვეს. ჩემი უფროსი ძმა ჯარშია, სახლში მარტო მე და შუათანა ძმა ვართ. არ ვიცი, ის როგორ უნდა დავტოვო და როგორი იქნება ჩემი ცხოვრება თბილისში, თან ეხლა უფრო ხშირად მიწევს მანდ წამოსვლა. სამი თვეა, რაც „კარის თეატრში“ შევედი, ამ ფილმში რომ არ გადაეღოთ ჩემი თავი, ამ თეატრშიც, ალბათ, ვერ მოვხვდებოდი. უკვე გასტროლზეც ვიყავი ქობულეთში, ჯერ მარტო ერთ სპექტაკლში ვარ დაკავებული, პატარა როლი მომცეს – ლოთი ვიყავი, საერთოდ არ გამიჭირდა ამ როლის შესრულება.
– მსახიობობა იოლია?
– გააჩნია, როგორ როლს მოგცემენ. მსახიობმა ყველაფერი უნდა შეძლოს, მე, მაგალითად, ცეკვაზე საერთოდ არ მივლია, მაგრამ, ფილმში, როგორც ამბობენ, კარგად ვიცეკვე. ცეკვა სოფელშიც ხშირად მიწევს – ხან დაბადების დღეა, ხან სხვა დროსტარება. ფილმში ყველაზე მეტად ტირილი გამიჭირდა, რომელიც ფინალურ სცენაში უნდა გადაგვეღო. ეტყობა, მე არა ვარ მტირალა და ამიტომ ვერ შევძელი. მაგ დროს გიორგისაც კი ვაბრაზებდი, როცა რამეს ისე ვერ ვაკეთებდი გადაღების დროს, როგორც საჭირო იყო და როცა კადრს ვაფუჭებდი. თავიდან ბევრი რამის მეშინოდა. იმდენი მსახიობი და ტექნიკა რომ დავინახე ერთად, სახლში წასვლა მომინდა, მეგონა, მათთან ერთად არაფერი გამომივიდოდა, მერე გიორგი დამეხმარა და ეს შიში გადავლახე. ფილმის გადაღების დროსაც შევშინდი, პატარა კი არ ვარ და ვიცოდი, რომ ფილმში ადამიანს ნამდვილად არ კლავენ, მაგრამ, როცა ხიდზე მოკვლის სცენას იღებდნენ და სისხლი დავინახე, მეგონა, მართლა მოკლეს და შემეშინდა (იცინის).
– უკვე გადაწყვიტე, რომ მსახიობი გამოხვალ?
– დიახ, აუცილებლად. კინოში ვიმუშავებ, შეიძლება, რეჟისორიც გამოვიდე, ისე მომწონს ეს პროფესია და გიორგი ოვაშვილი, რომელიც ძალიან კარგი კაცია. ადრე პატარა ვიყავი და მინდოდა, რომ პოლიციელი გამოვსულიყავი, ეხლა საერთოდ გადავიფიქრე. კინოში ბევრი საინტერესო რამე ხდება, იმდენ ადამიანს გაიცნობ, რომლებიც სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობენ. ბევრ პრიზებს აიღებ. პოპულარობა კარგია, თავიდან, როცა ერთად ბევრი ჟურნალისტი ვნახე და ყველა რაღაცას მეკითხებოდა, შევშინდი, მაგრამ გიორგის გაფრთხილებული ვყავდი, რომ ეს ესე იქნებოდა.
– შენი პრიზები ორბეთში გაქვს?
– არა, ჩემი პრიზები რეჟისორთან არის შენახული. ჩემი ძმა მეუბნება, ეგ არის შენი სიმდიდრე და განძიო. არ იცის, რომ მე კიდევ ბევრ ეგეთ პრიზს ავიღებ. ფილმის მერე ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიყავი, უკრაინაშიც, გერმანიაშიც, სერბეთშიც. ეს ქვეყნები ძალიან ლამაზია, უცხოეთში კიდევ მინდა წასვლა. ოდესმე, ალბათ, მოვხვდები იქ. კინოს გადაღების დროსაც ბევრი ისეთი რამე ვნახე, რაც ადრე არ მქონდა ნანახი – ზღვა ვნახე პირველად. თბილისის იქით არ ვიყავი ნამყოფი და ხან სამეგრელოში წამიყვანეს, ხან – კახეთში. მე არც ის ვიცოდი კარგად, რა ხდებოდა აფხაზეთში, ეხლა ესეც გავიგე, რა უჭირთ აფხაზებს და რატომ მოხდა ის ომი.
– რა ჩამოიტანე ორბეთში ევროპიდან?
– კარგი ტანსაცმელი ვიყიდე. 1 300 ლარი მომცეს ჰონორარი. ცოტა მე დავხარჯე, დანარჩენი დედას ვაჩუქე – სახლის რაღაცა საქმეებისთვის სჭირდებოდა. ოჯახის ბიუჯეტში შევიტანე წვლილი. შენი შრომით რომ იშოვი ფულს, მაგარია. მართალია, შვიდ თვეში ვიშოვე ეს ფული, მაგრამ, მაინც ხომ ვიშოვე! ფილმის გადაღების დროს ვისწავლე რა არის მუშაობა (იცინის).
– ჰგავხარ შენს გმირს „გაღმა ნაპირიდან”?
– ვგავარ, მაგრამ, ის უფრო თამამი და გაბედული იყო, ვიდრე მე ვარ. მე ამდენ რამეს ვერ გავბედავდი, ესე ვერ მოვიქცეოდი. დედასთან დაკავშირებითაც სწორად მოიქცა, მაგრამ მე მაგას ვერ გავაკეთებდი. მე სინამდვილეში უფრო მხიარული და ცელქი ვარ, ხანდახან ბევრ რამეს ვაფუჭებ კიდეც, ბიჭებთანაც ვჩხუბობ (იცინის).
– შეყვარებული გყავს ორბეთში?
– არა, შეყვარებული არ მყავს. ვიღაც გოგონებს მოვწონვარ, მაგრამ მე არავინ მიყვარს. ორბეთელ გოგონებს კი არაფერს ვუწუნებ, მაგრამ, ჯერ პატარა ვარ და მერე შემიყვარდება. ვნახოთ, იქნებ ალგეთზე სიარულში ვიპოვო ვინმე.
– როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება მომავალში?
– ჯერ კარგად უნდა ვისწავლო, მერე კინოში ვიმუშავებ. ჩემი ოცნებაა, ჰოლივუდში მოვხვდე და ტრაგიკული როლები შევასრულო. ესეთი როლები უფრო მომწონს. ეხლა ინგლისურიც უნდა ვისწავლო – მერე ძალიან დამჭირდება. აი, ჰოლივუდს თუ დავიპყრობ, მერე ვიტყვი, რომ გაღმა ნაპირზე გავედი (იცინის).