ვის უტოვებს საკუთარ სხეულს სიკვდილის შემდეგ ოსკაროსანი რასელ ქროუ და სპორტის რომელმა სახეობამ იმოქმედა უარყოფითად მის რეპუტაციაზე
კინოკრიტიკოსების უარყოფითი რეცენზიების მიუხედავად, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ყველაზე კარგი, რიდლი სკოტის ახალ ფილმში „რობინ ჰუდი“, იყო რასელ ქროუს ვირტუოზული თამაში. ლეგენდარული რეჟისორის, რიდლი სკოტის ბოლო პერიოდის „ამოჩემებული“ ვარსკვლავი, რასელ ქროუ, მის თითქმის ყველა ფილმში იმდენად დამაჯერებლად ანსახიერებს თავის პერსონაჟებს (სკინჰედი, რომაელი გლადიატორი, ტვინშეზღუდული გენიოსი თუ „ცეერუს“ აგენტი), რომ მაყურებლის განცვიფრებასა და აღფრთოვანებას იმსახურებს. როგორ ახერხებს იგი ამას? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ქროუმ მედიკოსებს სიკვდილის შემდეგ თავისი ტვინის შესწავლა დაუბარა. ჩვენ კი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გავიხსენებთ მისი ბრწყინვალე კარიერიდან:
* როდესაც რასელ ქროუ 10 წლის იყო, რაგბის თამაშის დროს მას ზედა წინა კბილი ჩაუმტვრიეს. მოტეხილობა საკმაოდ სერიოზული იყო, მაგრამ 1990 წლამდე, სანამ ფილმ „გზაჯვარედინის“ რეჟისორმა თვითონ არ მიიყვანა ქროუ დანტისტთან, მან ერთხელაც არ მიუმართავს სტომატოლოგისთვის. რეჟისორმა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა ფული და წინა კბილი ჩაუსვა მსახიობს, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა მის ფილმში.
* რასელ ქროუ რაგბის დიდი ქომაგია და „საუთ სიდნეი რებიტოს“ სარაგბო კლუბს გულშემატკივრობს. გარდა ქომაგობისა, იგი ფინანსურ დახმარებასაც უწევს კლუბს. სხვათა შორის, მისი აქტიურობით, ამავე ფანკლუბში ტომ კრუზი და ბერტ რეინოლდსიც არიან გაწევრიანებულნი. თუმცა რაგბი არ არის სპორტის ერთადერთი სახეობა, რომელსაც ქროუ ქომაგობს. იგი ბავშვობიდანაა დაინტერესებული კრიკეტით, ფეხბურთით, ფილმ „ნოკდაუნის“ გადაღებების შემდეგ კი, კრივითაც დაინტერესდა.
* კრივით გატაცებას უკავშირდება რამდენიმე ფაქტი, რომელმაც ქროუს რეპუტაციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. 2005 წელს მან ექვსციფრიანი თანხა გადაუხადა სასტუმროს კონსიერჟს იმის გამო, რომ აფექტურ მდგომარეობაში ყოფნისას თავზე გადაამტვრია ტელეფონი; „ბაფტას“ ჯილდოების გადაცემის ცერემონიალის შემდეგ ქროუ თავს დაესხა შოუს პროდიუსერს, მალკოლმ ჯერის, მიაყენა კედელთან, ხელი გაარტყა და შეაგინა მხოლოდ იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ქროუს გამოსვლა შეამოკლა სატელევიზიო ტრანსლაციის დროს.
* რასელ ქროუს პირადი ცხოვრება ერთ-ერთ ყველაზე უინტერესო თემად ითვლება ჰოლივუდში. 2003 წელს იგი დაქორწინდა მომღერალ და მსახიობ დანიელე სპენსერზე, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს, უკვე ნახსენებ ფილმ „გზაჯვარედინის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო. მცირეხნიანი რომანი მეგ რაიანთან კი, უკვე დიდი ხანია, დავიწყებას მიეცა.
* ვიდრე პროფესიონალურ სამსახიობო კარიერას აირჩევდა, რასელ ქროუ სერიოზულად ფიქრობდა კარიერის გაკეთებას პოპ-მუსიკაში. მის პირველ ოფიციალურ სინგლს „აი უონთ თუ ბი ლაიქ მარლონ ბრანდო“ ეწოდება. ის 500-ცალიანი ტირაჟით გამოვიდა გასაყიდად და ორჯერ დატრიალდა კიდეც ერთ-ერთ ავსტრალიურ რადიოში. ერთ-ერთ ინტერვიუში ქროუმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მას მარლონ ბრანდოს არც ერთი ფილმი არ ჰქონდა ნანახი სიმღერის დაწერის მომენტში.
* როდესაც რასელ ქროუ ახალ ზელანდიაში ცხოვრობდა, მას გახსნილი ჰქონდა საკუთარი ღამის კლუბი „ზი ვენიუ“, რომელმაც სულ რაღაც ცხრა თვე იმუშავა. მაგრამ, ღამის კლუბის დაკეტვამ ქროუს გული არ ატკინა, რადგან მას ასეთი დაწესებულების გახსნისა და ფუნქციონირების შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდა.
* კალიფორნიის გუბერნატორის საარჩევნო კამპანიის პერიოდში რასელ ქროუ ღიად უჭერდა მხარს არნოლდ შვარცენეგერის კანდიდატურას, არა იმიტომ, რომ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერია, არამედ პირადი სიმპათიების გამო.
* რასელ ქროუ ცნობილია თავისი ქველმოქმედებით. ყოველწლიურად იგი ათასობით დოლარს რიცხავს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სკოლებში. 2004 წელს, ტერაქტისგან დაზიანებული, მონრეალის ებრაელების სკოლა კი, ქროუმ საკუთარი ხარჯებით გაარემონტა და საჭირო ტექნიკითა და ავეჯით უზრუნველყო.
* როდესაც რასელ ქროუ არ არის დაკავებული ჰოლივუდში, იგი ავსტრალიაში ცხოვრობს. მას აქვს საკუთარი სახლები სიდნეისა და თაუნსვილში და აგრეთვე, 320 ჰექტარ მიწაზე გაშენებული რანჩო ახალ დასავლეთ უელსში.
* რასელ ქროუს ძალიან უყვარს ალკოჰოლური სასმელები. როდესაც იგი ემზადებოდა პოლიციელის როლის შესასრულებლად ფილმში „ლოს ანჯელესის საიდუმლოებანი“, რეჟისორმა და წიგნის ავტორმა, რომლის მიხედვითაც დაიწერა სცენარი, კატეგორიულად მოსთხოვეს ქროუს, ექვსი თვის განმავლობაში, რამდენი ხანიც მიმდინარეობდა გადაღება, ერთი წვეთი ალკოჰოლი არ მიეღო. ერთ-ერთ ინტერვიუში ქროუ იხსენებდა, რომ ეს იყო უმძიმესი 6 თვე მის ცხოვრებაში.
* ეს არის იმ ფილმების მცირე ჩამონათვალი, სადაც რეჟისორების პირველადი თხოვნით უნდა ეთამაშა რასელ ქროუს: არაგორნი – „ბეჭდების მბრძანებელში“, ლოგანი – „ადამიანი იქსში“ და ალექსანდრე – ოლივერ სტოუნის „ალექსანდრეში“.
* პირველ ჰოლივუდურ ბლოკბასტერში სათამაშოდ რასელ ქროუ შერონ სთოუნმა მიიწვია. ვესტერნში – „სწრაფი და მკვდარი“ – მან ყოფილი ბანდიტის როლი შეასრულა და ამ ფილმის შემდეგ დაიწყო ქროუს ამერიკული კარიერა.
* ოსკაროსან ფილმ „გლადიატორის“ გადაღებებისგან თავისუფალ დროს, მთავარი როლის შემსრულებლები: რასელ ქროუ, ხოაკინ ფენიქსი და ოლივერ რიდი ერთად ატარებდნენ. ისინი იკეტებოდნენ რასელის ტრაილერში, სადაც საკმარისად იყო სპირტიანი სასმელები და ორი-სამი დღე გადაბმულად სვამდნენ.