სად და რატომ უკრავდა გირშელ ჯავახიშვილი ნაგვის ურნაზე და რა არ მიაჩნია მას ცუდ ტონად
„ვანო ჯავახიშვილის შოუს“ მუსიკალურად ყოველთვის მისივე ბენდი აფორმებს. ამ ეტაპზე, რაც თამუნა ლეკვეიშვილი დეკრეტში გავიდა და სახლში პატარას უვლის, ბენდის ხელმძღვანელი გირშელ ჯავახიშვილია. გირშელს სახლში ვესტუმრეთ და გავესაუბრეთ. შინ ის შავ კატასთან, „მაილსთან“ ერთად დაგვხვდა. ჩვენი რესპონდენტი ევროპიდან ახლახან დაბრუნდა, სადაც, როგორც აღნიშნა, თავს ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობდა.
– ვანო ჯავახიშვილის ბენდში ხარ უკვე რამდენიმე წელია. როგორ აღმოჩნდი იქ?
– დათო ილურიძემ მიმიყვანა. მაშინ ჯერ კიდევ დათო გოგიჩაიშვილი იყო მათი ხელმძღვანელი. უკვე, დაახლოებით, 4-5 წელია, „ვანოს შოუს“ ბენდში ვარ.
– ჩაწერებზე ხშირად ხუმრობს ვანო ბენდის ბიჭებზე. შენ რა რეაქცია გაქვს ამაზე?
– გააჩნია, ხან ისეთ რამეს იტყვის, კარგადაც გამეცინება.
– ვანოს თუ იცნობდი მანამდე, ანუ ნათესავები ხომ არ ხართ ჯავახიშვილები?
– არა, ნათესავები არ ვართ. ვანო ჯავახიშვილი მცხეთიდან არის, მე – დუშეთიდან.
– ვანო ჯავახიშვილის ბენდის გარდა, სხვას რას საქმიანობ?
– მუსიკით ვცხოვრობ. ამწუთას არ ვარ დაკავებული, მაგრამ ვუკრავდი სხვადასხვა კლუბში და ზოგადად, ჩემი პროფესიით ვცხოვრობ.
– ახლახან ჩამოხვედი საქართველოში, სად იყავი?
– ჰოლანდიასა და გერმანიაში ვიყავი ჩვენი ბენდის წევრთან – კახა ჯაგაშვილთან ერთად.
– რისთვის იყავით წასული?
– დასაკრავად და ქვეყნის სანახავად, თან, ჯაზ-ფესტივალზეც ვიყავით.
– შთაბეჭდილება?
– აშკარად ყველაფერში ჯობია საქართველოს.
– წასვლას ხომ არ გეგმავ საცხოვრებლად?
– თუ წავალ, დროებით, სასწავლებლად.
– ჰოლანდიასა და გერმანიაში ყოფნის დროს სად დაუკარით?
– ერთ-ორ ბარში დავუკარით და პარკში.
– საქართველოს ჯობიაო, თქვი და ყველაზე მეტად რით მოიხიბლე?
– როგორც მუსიკოსს, ალბათ, ისე მეკითხები. ჰოლანდიასა და გერმანიაში მუსიკოსი თუ ქუჩაში უკრავს, ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ საცოდავი ან ღარიბია. ის იმიტომაც უკრავს, რომ ფული გააკეთოს.
– ანუ, იქ ქუჩის მუსიკოსობა ცუდი ტონი არ არის?
– ცუდი ტონი იქ არაფერი არ არის. არც ის, რომ შუა ქალაქში წელსზევით შიშველმა იარო. მაგალითად, ამსტერდამში უმეტესობა ასე დადიოდა. ცუდ ტონად იქ არც მენაგვეობა ითვლება. არც მათხოვარი არსებობს, უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებსაც მუშაობა ეზარებათ და ამიტომაც ქუჩაში სხედან.
– შენ თუ დაგიკრავს ქუჩაში?
– კი, როგორ არა. შენ წარმოიდგინე, ამსტერდამის პარკში, მე ნაგვის ურნაზე ვუკრავდი, კახა კი საქსოფონზე.
– ნაგვის ურნაზე გედო „კლავიში“?
– არა „კლავიში“ იმ მომენტში საერთოდ არ მქონდა. ნაგვის ურნა როგორც დასარტყამი ინსტრუმენტი ისე გამოვიყენე.
– ხალხის შეფასება როგორი იყო?
– ძალიან მოეწონათ. მოვიდნენ, დაისვენეს, მოგვისმინეს, ფული ჩაგვიყარეს.
– რამდენი იშოვეთ?
– ერთ დღეს ერთი ევრო და 46 ცენტი ვიშოვეთ, რადგან ნახევარ საათში ისე გაწვიმდა, ყველანი დავიშალეთ. მეორე დღეს კი 15 ევრომდე ავედით. პარკში რომ დაუკრა, ძირითადად, ლიცენზია გჭირდება. არის ადგილები, სადაც 10-15 ევრო უნდა გადაიხადო.
– ეს ოფიციალური გადასახადია თუ ქუჩის მაფია ჰყავთ?
– არავითარი მაფია არ ჰყავთ, ოფიციალური გადასახადია. თუ გადაიხდი, რამდენიც გინდა, დაუკარი, თუნდაც მთელი დღე. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ.
– 15 ევრო გადაიხადო და 15 ევრო იშოვო დაკვრით, რაღა გამოვიდა?
– ჩვენ იქ უბრალოდ ბევრჯერ არ დაგვიკრავს, თორემ არის ადგილები, სადაც ერთ საათში შეიძლება, 100 ევრო გააკეთო.
– ალბათ, ის ადგილი გაცილებით ძვირიც ღირს.
– არა, მაგას მხოლოდ ქართველი მოიფიქრებს, თორემ იქ ასე არ ფიქრობენ.
– ამსტერდამი კარგია, მაგრამ თბილისის ქუჩებში თუ დაგიკრავს?
– ერთი პერიოდი, კვირაობით რუსთაველს რომ კეტავდნენ, მქონდა ქუჩაში დაკვრის სურვილი, მაგრამ უარით გამომისტუმრეს. მერიას არ ეყო თანხები, ოთხი კაცისთვის თუნდაც 20 ლარი რომ გამოეყო. რას იზამ, უჭირს ხალხს.
– აგვისტოში სად გეგმავ წასვლას?
– სად უნდა წავიდე, ზღვაზე? თანხებთან არის დაკავშირებული. იმდენი ფული თუ მექნა, ქობულეთში ან ბათუმში დავისვენო, ბარემ თურქეთში წავალ, მირჩევნია. ალბათ, მაინც თბილისში ვიქნები, შეიძლება, ერთი-ორი დღე პარიზში წავიდე.
– სანამ ჩამოხვიდოდი, ინტერნეტით რომ შეგეხმიანე და გკითხე, როდის ჩამოხვალ-მეთქი, მიპასუხე, როცა ფული გამითავდებაო.
– ჰო, ასე იყო, რადგან ვიზა იანვრამდე კიდევ მოქმედებაშია.
– შენს შემოქმედებას იცნობენ, მაგრამ შენს შესახებ მაყურებელმა არაფერი იცის.
– რა უნდა იცოდეს.
– რამდენი წლის ხარ?
– 29-ის.
– დაოჯახებული არ ხარ?
– დაოჯახებული არ ვარ და ჯერ არც ვაპირებ. არ მაწუხებს ეგ საკითხი. ჯერჯერობით ოჯახი ჩემი მოწოდება არ არის.
– ცხოველები რომ გიყვარს ვხვდები, სახლში შავი კატა გყავს.
– ყველანაირი ცხოველი მიყვარს.
– შენს კატას რა ჰქვია?
– ჩემი კატა მართალია, გოგოა, მაგრამ „მაილსი“ ჰქვია, რომელიც მაილს დევისის პატივსაცემად დავარქვი.
– წასული რომ იყავი საქართველოდან, მაილსი ვისთან გყავდა დატოვებული?
– მეგობარი დავტოვე მასთან.
– საკმაოდ ორიგინალური და იშვიათი სახელი გქვია.
– კი, მამამ დამარქვა.
– ვის პატივსაცემად?
– არავის, უბრალოდ მოეწონა და დამარქვა. აბა, ვინმეს პატივსაცემად როგორ შეიძლება, შვილს სახელი დაარქვა? დამარქვა და ხომ არ გადავირქმევ?
– კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში,“ რომ გირშელია თუ ჰგავხარ?
– კონსტანტინე გამსახურდია გირშელს ნემსიყლაპიას ეძახდა, მე კი ნემსიყლაპია არ ვარ. ისე, რა ვიცი, ალბათ, ვამართლებ სახელსაც და გვარსაც. ჩემს თავს ხომ არ შევაქებ.
– მოდი, შენს დადებით-უარყოფით თვისებებზეც გვესაუბრე.
– უარყოფითი ის მაქვს, რომ ზარმაცი ვარ, დადებითი კი ის, რომ არ მინდა, ზარმაცი ვიყო.
– რაში ხარ ზარმაცი?
– საქმის კეთებაში, მეცადინეობაში, საკუთარ თავზე მუშაობაში.
– იუმორთან როგორ ხარ?
– არაჩვეულებრივად.
– ყოველთვის ესმით შენი იუმორი?
– მე ვაწვდი ისე, რომ გაიგონ.
– თავად თუ გესმის ყველას იუმორი.
– ყველას ინდივიდუალური იუმორი აქვს. ჩემთვის არსებობს გარკვეული სტილის იუმორი, რომელიც მე ძალიან მომწონს. არის ისეთი იუმორიც, რომელზეც ვიღაცას გაეცინება, მაგრამ მე – არა. პროვინციული იუმორი არ მიყვარს.
– კომფორტს რა გიქმნის?
– კომფორტს მე თვითონ ვუქმნი საკუთარ თავს. ასევე, კარგი საზოგადოება მიქმნის კომფორტს. ხისთავიანი ხალხი არ მიყვარს, დისკომფორტს მიქმნიან.
– ალბათ, ქუჩაში გცნობენ?
– ალბათ, არ ვიცი. რომ მივდივარ, უკან ხომ არ გამომეკიდებიან?! ძირითადად, ეგეთ რამეს თვალს ვარიდებ.
– ყველაზე მეტად რისი კომპლექსი გაქვს?
– ვერ გეტყვი, მით უმეტეს ახლა. რაც უცხოეთიდან დავბრუნდი, იქ დავტოვე კომპლექსები. ჩემი აზრით, ადამიანს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს კომპლექსი.