რას სთავაზობს შოთა კალანდაძე გაშიშვლებაში მსახიობებს ჰონორარის ნაცვლად და რატომ მალავს ის მედუზა-გოგონების ვინაობას
რეჟისორი შოთა კალანდაძე როგორც ყოველთვის, თავისი შემოქმედებით ყურადღების ცენტრშია. მართალია, თავად უარყოფს, მაგრამ ფაქტია, ის ხალხის თვალში კვლავ სკანდალურ რეჟისორად რჩება. მას შემდეგ, რაც გაყიდვაში გავიდა მისი ფილმების დივიდი-კრებული, ახალ ფილმზე მუშაობს და დიდი იმედი აქვს, რომ მაყურებელს ახალი ნამუშევარი მოეწონება. ახალი ფილმის გადაღებები, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დასრულდება, ხოლო როდის მიიღებს საბოლოო სახეს, ჯერ თავადაც არ იცის, ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული.
– როგორც ყოველთვის, საკუთარი შემოქმედებით ხალხს აოცებ.
– ოცდებიან? რაღა გვაოცებს ჩვენ ქართველებს?
– ამჯერად რა ფილმზე მუშაობ?
– დოკუმენტური ფილმებია დასამონტაჟებელი დიდ ხელოვან ხალხზე და კიდევ ვიღებ კინოლექსებს, რომელიც ახალი კინოენაა.
– კინოლექსებშიც იქნება სიშიშვლის კადრები?
– აუცილებლად. ფილმში იქნება ძალიან ბევრი შიშველი სხეული, მაგრამ ეს არ არის ეროტიკული ფილმი. ასეა, მაგრამ მაინც არ დამიჯერებთ და რა ვქნა.
– ვინ არის ფილმში დაკავებული?
– ნუცა შანშიაშვილი, მაშიკო არის ერთი არაჩვეულებრივი ტიპაჟი, რომელიც რამდენიმე ქართულ ფილმში თამაშობს. ფილმში ასევე დაკავებული არიან ლამაზი გოგო-ბიჭები.
– ყოველთვის მაინტერესებს, სად პოულობ ადამიანებს, რომელთანაც არ გიჭირს საერთო ენის გამონახვა. ბოლომდე მოგყვებიან, შიშვლდებიან, არც ჰონორარს იღებენ და მადლობით ისტუმრებ.
– ჩემგან ჰონორარს არ იღებენ, მაგრამ იღებენ ისტორიაში შესვლის შანსს.
– სად ხდება თქვენი შეხვედრა?
– რა ვიცი, ხან ქუჩაში, ხან ამხანაგებს მოჰყავთ. მაგალითად, მაშა ამხანაგმა მომიყვანა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.
– როდის გეგმავ ფილმის დასრულებას?
– არ ვიცი, რადგან ჯერ ძალიან ბევრი რამ არის გადასაღები. კუს ნაბიჯებით მივდივართ წინ, ნელ-ნელა.
– მკაცრი რეჟისორი ხარ?
– ხან – კი, ხან – არა. სანამ მსახიობს იმას არ გავაკეთებინებ, რაც მინდა, არ მოვეშვები. ზოგი არ მენდობა, ზოგი მენდობა და უფრო ადვილად ხდება გახსნის მომენტი.
– ზაფხულს თბილისში გაატარებ და გადაღებებს გააგრძელებ?
– კი, აუცილებლად. დედაჩემი და ჩემი ძმა სურამში წავიდნენ არაჩვეულებრივ აგარაკზე. ისე მიხარია, ჩემები აქ რომ არ არიან და მარტო ვარ, მეცხრე ცაზე ვგრძნობ თავს. ეს არის ჩემი დასვენება.
– ასე რატომ გიხარია ეს ამბავი?
– რას ლაპარაკობ, ამას რა ჯობია. აბა, აგარაკზე ჩავიდე და იქ კიდევ დედაჩემს და ჩემს ძმას ვუყურო? მთელი წელი რომ ვუძლებთ ერთმანეთს, ისიც გვყოფნის. ცოლიც იმიტომ არ მომყავს, რომ 24 საათი ერთად უნდა ვიყოთ. საერთოდ, სახლში მარტო ყოფნა ძალიან მიყვარს. ვმუშაობ, ხელს არავინ მიშლის; ვინც მინდა, ის მესტუმრება და ასე შემდეგ. მოკლედ, სახლში თავს მარტო ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ.
– ოჯახის წევრებს თუ მოსწონთ შენი ნამუშევრები?
– დედაჩემს და ჩემს ძმას აღარ ვაჩვენებ ჩემს ნამუშევრებს, რადგან ერთი-ორჯერ საკმაოდ მკვახე შეფასება მივიღე მათგან. ახლა კი აქვს დედაჩემს ინტერესი, მაგრამ არ ვაჩვენებ, ნაწყენი ვარ.
– ისევ შენს შემოქმედებას დავუბრუნდები. რომელი მსახიობის თამაშის სურვილი გაქვს შენს ფილმში?
– ადრე სხვადასხვა მსახიობებზე ვაკეთებდი აქცენტს, ახლა კი ძირითადად, კარგი ტიპაჟი მინდა და ერთი-ორი ძალიან კარგი მსახიობი.
– მაგალითად?
– მინდა, ჩემს ფილმში ვათამაშო მსახიობები: რეზო ესაძე, მზია მაღლაკელიძე, კახი კავსაძე, მარინა კახიანი. ახალ რაღაცეებზე ვმუშაობ, რისი თქმაც ხმამაღლა არ მინდა. ძველ ბერძნულ ციკლს ვაკეთებ და მედუზა-გოგონები მინდა გადავიღო.
– ვინ წარმოგიდგენია მედუზა-გოგონების როლში?
– ჯერ არ მინდა, ვთქვა, თუმცა უკვე ვიცი, ვინც იქნებიან.
– კრიტიკას როგორ იღებ, რომელიც არც თუ ისე იშვიათად ისმის შენი მისამართით?
– მე ვერ ვიგებ, როცა ვინმე მაკრიტიკებს. ყოველთვის მერე მეუბნებიან. მაინც რაზე მაკრიტიკებენ?
– ძირითადი თემა მაინც სიშიშვლის კადრების სიმრავლეა.
– ხალხს რატომ ვაშიშვლებ? როგორ არ უნდა გავაშიშვლო თუ ეს მშვენიერი, ესთეტური იქნება და არა პორნოგრაფიული? ტკბილი მშვენიერი კი არა, რომლის გადაღებაც ყველას შეუძლია, არამედ მარილიანი, მძაფრი, ღრმა, სევდიანი, ადამიანური, ჩემებური და ასე შემდეგ. ღმერთმა ყველა ადამიანი ინდივიდუალური გააჩინა. მით უფრო დიდი ხელოვანი ხარ, რაც უფრო მეტად ავლენ ამას. თუ ვერ ავლენ, მაშინ დიდი ხელოვანი სულაც არ ხარ. შენ შენი თავი უნდა გამოხატო.
– საკუთარი თავის ინდივიდუალურობას ყველაზე მეტად რაში ხედავ?
– ესე ვერ ვიტყვი, პროფესორი ხომ არ ვარ, რომ ჩამოვაყალიბო. ალბათ, ჩემს ფილმებში, რაღაც დოზით, იგრძნობა ჩემი ინდივიდუალურობა. ვერ ვიტყვი, რომ სულ არავის ვგავარ, მაგრამ არც ყველას მსგავსი ვარ.
– რომელმა ფილმმა მოგიტანა ყველაზე მეტი წარმატება?
– ყველაზე მეტს ლიკა ქავჟარაძისა და ჩემს ეროტიკულ სცენებზე ლაპარაკობდნენ. ეს ჩემი პირველი ფილმი იყო. ნანკაზე და რამაზ ნოზაძეზე საერთოდ გადაირივნენ. არის კიდევ ერთი ორი კადრი, რომელიც ხალხისთვის მართლა შოკი იყო. 68 წლის ქალს, მზია მაღლაკელიძეს ტუჩებში ვკოცნი. ეს დივიდიზე მესამე ფილმია, რომელსაც „ფილმის სინჯები“ ჰქვია.
– „ფილმის სინჯები“ რატომ?
– ფილმის ახალი ფორმა მინდა შევთავაზო ხალხს, რომელშიც კადრების ექსპოზიცია იქნება. იცით, რაშია საქმე? ჩემს ფილმებზე თურმე ბევრს საუბრობენ, მაგრამ მე ამას ვერ ვგრძნობ.
– ინტერვიუს დროს აღნიშნე, რომ ოჯახის წევრებს კრიტიკის გამო გაუნაწყენდი. ეს მხოლოდ მათზე ვრცელდება თუ სხვისგანაც უარყოფითად იღებ კრიტიკას?
– კრიტიკას როგორ არ ვიღებ, მაგრამ როცა ჟურნალისტებიც და ხალხიც მლანძღავენ და ამ დროს ჩემი ფილმი საერთოდ არ აქვთ ნანახი, ეს სწორი არ არის. ფილმი უნდა ნახო და ისე გამოთქვა საკუთარი აზრი. მე კი არა, გენიოსებს ლანძღავენ.
– გადაღების დროს არც ერთი მსახიობისგან არ აწყდები წინააღმდეგობას?
– მსახიობმა წინასწარ იცის ყველაფერი. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხანდახან კორექტირება.
– რომ დაგირეკოს რეჟისორმა და ფილმში გადაღება შემოგთავაზოს, ისეთივე თამამი კადრებით, როგორსაც შენ იღებ, დათანხმდები?
– ახლა ისეთი გასუქებული ვარ, ვერ ვითამაშებ. ფორმაში რომ ვიყო, დიდი სიამოვნებით გავიხდიდი სხვა რეჟისორის ფილმში. თუ ნიჭიერი რეჟისორი იქნება, მით უმეტეს.
– რამდენს მოითხოვდი ანაზღაურებას?
– თუ რეჟისორი ნიჭიერი იქნებოდა, მის ფილმში ჩემი გაშიშვლებისთვის არაფერს მოვითხოვდი და უფასოდ გავიხდიდი. ეს ხომ ჩემს ინტერესებშიც შედის?