როგორ მოაწყო ნინო მაჩაიძემ მილანში საკუთარი სახლი და ვისთან აქვს მას ურთიერთობა „ბრილიანტის ბეჭდის სტადიაზე“
ნინო მაჩაიძე ერთ-ერთი საუკეთესო მეცო-სოპრანოა. მისი გამოსვლის შემდეგ ყოველთვის ხაზს უსვამენ ნინოს ძლიერ ხმას, საოცარ არტისტიზმს და სცენურობას. გარდა ამისა, ნინო მაჩაიძე გარეგნობით და ხასიათითაც ძალიან გამორჩეულია და ის თავის დადებით, ხალისიან განწყობას პირადად მე, ყოველთვის გადმომდებს ხოლმე.
ნინო მაჩაიძე: უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ამ წელს, ბევრ ქვეყანაში ვიყავი. დეკემბერში ვიყავი ვალენსიაში, სადაც მქონდა დებიუტი. შემდეგ წავედი ბარსელონაში, „გრან თეატრ ლიცეუში“ ვიმღერე ოპერა „პოლკის ქალიშვილში“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. ბარსელონის თეატრი და უძველესი ტრადიციებისაა, ვალენსიისა კი – ახალი აშენებულია, თანამედროვე. ბარსელონაში ძალიან კარგად ჩაიარა სპექტაკლმა და რაც მთავარია, შემომთავაზეს უმნიშვნელოვანესი რამ, 2013 წელს ბარსელონაში „ლიცეუს“ თეატრში ვიმღერებ როსინის ოპერას „თურქი იტალიაში“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ბარსელონაში ეს სპექტაკლი არასდროს დაუდგამთ.
– ამ ოპერის დადგმა შენმა ფაქტორმა განაპირობა?
– შეიძლება, რადგან მე ამ სპექტაკლში უკვე ვიმღერე ვენაში, სადაც დიდი წარმატება მხვდა. ამის შემდეგ ბევრმა თეატრმა დადგა ეს ოპერა და მე დამიძახეს. თებერვალში უნდა დავბრუნდე ლოს-ანჯელესში, სადაც, ამ თეატრის ისტორიაში პირველად, დაიდგმება ეს ოპერა და იქაც მე შევასრულებ მთავარ როლს. ბარსელონის შემდეგ მიუნხენში მქონდა დებიუტი „სიყვარულის ნექტარში“, ამავე სპექტაკლის დებიუტი მქონდა ბერლინში, „შტაც ოპერაში“. ეს წელი „სიყვარულის ნექტრის“ წელია, ყველა თეატრმა დადგა. ძალიან მიყვარს ეს სპექტაკლი, სასაცილოცაა და სერიოზულიც, ყველაფერს მოიცავს. კარგად ვერთობით. ჩვენს განწყობას მაყურებელიც იზიარებს და ერთობა. ყოველთვის ძალიან წარმატებული საღამოები გამოდის. ასევე მქონდა სოლო კონცერტები ორკესტრთან ერთად გერმანიაში, დანიაში, პრაღაში, შემდეგ რიო-დე-ჟანეიროში, სადაც თეატრის 101 წლის იუბილეზე ვიმღერე „ტრავიატა“. სოლო კონცერტები ძალიან განსხვავდება ოპერისგან, სულ სხვაა, სხვანაირი ენერგია, ემოციები სჭირდება, სცენაზე დგახარ, უკან ორკესტრია. ძალიან ახლოს ხარ მაყურებელთან და როგორც მსახიობები ვამბობთ ხოლმე, იმ დროს ხარ შიშველი, რასაც გააკეთებ, ყველაფერს ხედავენ, ესმით. არ შეგიძლია, შეტრიალდე და ხმა გაისწორო, ფაქტობრივად, ეს არის მხოლოდ შენი საღამო და არავინ გეცილება წარმატებაში. ასევე მქონდა კონცერტი აბუ დაბიში დიდ ვარსკვლავთან, ტენორ რამონ ვარგასთან ერთად.
– თუ აპირებ თბილისში სოლო კონცერტის გამართვას?
– თბილისიდან უკვე მივიღე მოწვევა, რომ ბათუმში ახალი წლის კონცერტში მივიღო მონაწილეობა, ძალიან მიხარია. 2011 წელს უნდა ვიყო ნიუ-იორკში, „მეტროპოლიტენ ოპერაში“ მაქვს „რიგოლეტოს“ დებიუტი და შევეცდები, საქართველოშიც ჩამოვიდე და ვიმღერო. გააჩნია, რეპეტიციების როგორი განრიგი მექნება ნიუ-იორკში. ახლა ისევ მიუნხენში დავბრუნდი. დეკემბერში დადგმული სპექტაკლი გაიმეორეს და ისევ მე დამიძახეს. ვემზადები ზალცბურგისთვის. აგვისტოში იქ მაქვს სპექტაკლები. „რომეო და ჯულიეტა“ უნდა ვიმღერო. შემოდგომაზე „სიყვარულის ნექტრით“ „ლა სკალაში“ ვბრუნდები, შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი დებიუტები მელის. ნოემბერში „ქოვენგარდენში“, „როიალ ოპერა ჰაუზში“ მაქვს „რომეო და ჯულიეტას“ დებიუტი. შემდეგ მივდივარ „რიგოლეტოთი“ ნიუ-იორკში, შემდეგ – ლოს-ანჯელესში და ასე შემდეგ. 2013 წლამდე მთლიანად გაწერილი მაქვს გეგმები, 2014 წელსაც ბევრი კონტაქტი მაქვს, მაგრამ ერთი-ორი ადგილი თავისუფალია, რომელიც, იმედია, მალე შეივსება.
– როდესმე თუ ახერხებ დასვენებას?
– ვერ ვიტყვი, რომ დაგეგმილი მაქვს პერიოდი, როდესაც უნდა დავისვენო. რეპეტიციების განმავლობაში შეუძლებელია დასვენება, მაგრამ, როცა სპექტაკლები იწყება, შუალედში შემიძლია, დავისვენო. ის ორი დღე უნდა ვიყო აბსოლუტურად წყნარად, მშვიდად. ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ეს „შოპინგზე“ სიარულია, რომელიც ყველაზე კარგი თერაპიაა. როდესაც გასტროლებზე ვარ, ყოველთვის ვახერხებ ქალაქების დათვალიერებას. ძალიან მიყვარს სეირნობა, ბევრს დავდივარ. კიდევ, იცი, რა მიყვარს? – მზარეულობა. ახლახან, ავსტრიამ გამოსცა კულინარიული წიგნი, რომელშიც შევიდა მსოფლიოს 65 ყველაზე ცნობილი ოპერის მომღერლის კულინარიული რეცეპტები. მეც შემიყვანეს ჩემი ლობიანის რეცეპტით. წიგნში არის ფოტოები – როგორ ვამზადებ ლობიანს და რაც მთავარია, რეცეპტი დავწერე ქართულად. ქვევით კი წერია თარგმანი. ყველამ დააგემოვნა ლობიანი და ძალიან მოეწონათ. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ორგანიზატორებს, ფოტოგრაფს და ვიზაჟისტს, ყველას დავაჭყლეტინე ლობიო, მე კი ცომი მოვზილე.
– ესე იგი, სახლშიც სულ კულინარობ, რა თქმა უნდა, როცა გცალია?
– კი, ოღონდ მარტო – არასდროს. მეუღლე თუ არის, ერთად გვიყვარს კერძების მომზადება. ისიც ძალიან კარგი კულინარია. თუ ისიც სახლშია, მაშინ ოჯახისთვის, მისი მშობლებისთვის, მეგობრებისთვის ვამზადებ კერძებს.
– როგორ გაიცანი შენი მომავალი მეუღლე?
– „ლა სკალას“ აკადემიაში გავიცანით ერთმანეთი. პირველ წელს ვიყავით მეგობრები, კარგი ჯგუფი გვქონდა და ყველანი დავმეგობრდით. ერთად დავდიოდით ყველგან. შემდეგ ორივეს „ლა სკალამ“ შემოგვთავაზა „რიგოლეტოში“ მონაწილეობა, მე ვმღეროდი ჯილდას კოპერტურას, გვიდო კი – ერთ როლს. სულ ერთად ვიყავით რეპეტიციებზე. ძალიან მოგვწონდა ერთმანეთთან საუბარი, ყველაფერზე ვლაპარაკობდით. მოკლედ, შეეწყო ჩვენი ხასიათები ერთმანეთს – მხიარულები, გაწონასწორებული ვართ. ბოლოს მეგობრობა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა.
– უკვე დაქორწინდით ოფიციალურად თუ რა სტადიაშია თქვენი ურთიერთობა?
– „ბრილიანტის ბეჭდის სტადიაზე“ ვართ, ანუ დანიშნულები. მალე ვგეგმავთ ქორწილს. ორივეს თავისუფალი დრო უნდა გვქონდეს, რომ დიდი, ლამაზი ქორწილი გადავიხადოთ. მამაჩემისთვის ჩემი ხელი არ უთხოვია, მაგრამ ყველაფერი ძალიან რომანტიკულად მოხდა. ჩემი ოჯახის წევრებს კარგად იცნობს, ოჯახებით ვმეგობრობთ. საქართველოშიც რამდენჯერმეა ნამყოფი – ახალი წლის კონცერტზე და მანამდეც – ზაფხულში ვიყავით ერთი კვირა. ძალიან მოეწონა საქართველო, ხალხი, სტუმართმოყვარეობა, საჭმელი, მოკლედ, გაგიჟდა. აჭარულ ხაჭაპურს ორს ჭამდა ერთ ჯერზე. სხვათა შორის, აჭარულ ხაჭაპურსაც ვაცხობ, აქ ვიპოვე ინგრედიენტები, რომელიც ოდნავ უახლოვდება სულგუნს. მოცარელა და ფეტაგრეკო – ბერძნული ყველი ერთმანეთში შერეული გამოდის ძალიან კარგი. ჩემმა მეუღლემ ქართული სიტყვებიც იცის, მაგალითად, „გამარჯობა, ბატონო თამაზ“ – მამაჩემს ასე ესალმება. „შენ ხარ ლამაზი გოგო“, „მე შენ მიყვარხარ, ჩემი ნახევარი“ – ასეთი საყვარელი გამოთქმები აქვს.
– ბინის ყიდვას აპირებდით იტალიაში, უკვე იყიდეთ?
– მილანში ვიყიდეთ ბინა და ჩემი გემოვნებით მოვაწყვე. მთელი სახლი არის შავ-თეთრი. კედლები თეთრია, ხოლო ავეჯი – შავი. თანამედროვე, ძალიან ლამაზი ბინაა.
– ის, რომ შენი მეუღლე შენი პროფესიისაა, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია.
– ჩვენ ხშირად სხვადასხვა მიმართულებით გვიწევს წასვლა სამღერად, ამიტომ წვეულებაზე ერთად სიარული ხშირად არ გამოგვდის. ჩემი მეუღლე ახლა ინგლისშია. ხშირად შორს ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ, როგორც კი თავისუფალ დროს ვპოულობთ, ვცდილობთ, ერთად გავატაროთ. რადგან ერთი პროფესიის ვართ, უფრო მეტად გვესმის ერთმანეთის. შეიძლება, სპექტაკლის შემდეგ დაღლილი იყო, დასვენება გინდოდეს. მას ეს ესმის, რადგან ისიც ზუსტად იგივეს გრძნობს. სპექტაკლის წინ გინდა, სახლში იყო, დაისვენო – არასდროს გთხოვს – წამო, გავისეირნოთო. რაც მთავარია, მის შეფასებას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ვესწრები მის სპექტაკლს, ისიც მეკითხება აზრს და ყოველთვის ღელავს იმაზე, თუ რას ვეტყვი. როცა შევაქებ, ყოჩაღ, მაგრად იმღერე-მეთქი, იცის, რომ მართლა კარგად იმღერა. თუმცა, რაც არ მომწონს, იმასაც ვეუბნები. მოკლედ, ერთმანეთს ყოველთვის იმას ვეუბნებით, რასაც ვფიქრობთ, არასდროს ვკამათობთ. ჩვენ შორის განსაკუთრებული ჰარმონია სუფევს.