როგორ მოყვა ავარიაში ანრი ჯოხაძე, რატომ გაეთიშა მას ტვინი და დანიშნეს თუ არა ის კულტურის მინისტრის მოადგილედ
ავტოავარიაში მოყოლილი ანრი ჯოხაძე ცივ საზამთროზე დავპატიჟე. ცხელ-ცხელი ამბების გასაზიარებლად მრგვალ მაგიდას შემოვუსხედით და დავიწყეთ ქართული ბომონდური საზაფხულო ჭორებით, მერე გადავედით ჰოლივუდზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ბოლივუდის ელიტა გამოგვიტოვებია. ნაკატასტროფალი ანრი საუბრით ცოტა გავართე და შემდეგ რამდენიმე კითხვა ინტერვიუს სახით დავუსვი. დიქტოფონის გამორთვის შემდეგ მივხვდი, რომ კითხვა-პასუხის პერიოდში ერთმანეთს აღარ ვიცნობდით – ისე ვუსვამდი კითხვებს და ისე მპასუხობდა, როგორც ნამდვილ ჟურნალისტს ნამდვილი ვარსკვლავი პირველად შეხვედრისას.
– ანრი, ახლა თავიდან მომიყევი, რა მოხდა, როგორ მოგივიდა ავარია?
– ავარიაში ადრეც ვარ მოყოლილი, მაგრამ, ამჯერად საჭესთან მე ვიჯექი. ლამაზ მძღოლ ქალბატონს ვუყურებდი, იმანაც შემომხედა, წინ ჩამიჭრა და დავრჩი გაღიმებული. უცებ საჭე ვეღარ დავიმორჩილე და გაჩერებულ მანქანას შევასკდი უკნიდან. ხომ იცი, კაცს ან ქალი დაღუპავს, ან მუცელიო. ჩემს შემთხვევაში ორივემ დამღუპა – საჭმელად მივდიოდი (იცინის).
– როგორ გადარჩი და გადაიტანე „ლურჯას“ დამტვრევა?
– ჩემი „ლურჯა“ – S-კლასის „მერსედესია“, კარგად არის დაცული და ამიტომ გადავრჩი. იმ ქალმა კივილით მომაწყევლა და გზა განაგრძო, ალბათ, შიშის ინსტინქტმა იფეთქა მასში და ამიტომაც დამწყევლა. ახლა ვზივარ ცხვირჩამოშვებული და მის გაკეთებას ველოდები. პირველი ორი დღე შოკში ვიყავი, რადგან, როგორც უკვე გითხარი, ადრეც ვარ მოყოლილი საშინელ ავარიაში, ოღონდ, მაშინ მძღოლის გვერდით ვიჯექი.
– როგორ უძლებ ზაფხულის აუტანელ სიცხეს?
– ვერ ვუძლებ. ტვინი აბსოლუტურად გამეთიშა და ვეღარ ვაზროვნებ. არადა, ბევრი საქმე მაქვს – ერთ კვირაში შავი ზღვის ტურნე მეწყება და თვის ბოლოს ისრაელში მივდივარ გასტროლებზე. სპეციალურად იმ კონტინგენტისთვის შევადგინე ახალი რეპერტუარი, რომელზეც დღემდე ვმუშაობ, რომ მოვასწრო.
– დასასვენებლად სად აპირებ წასვლას?
– როგორც ასეთი, დასვენებას არსად არ ვაპირებ. ვერ წარმომიდგენია, თუნდაც ათი დღე სადღაც წავიდე და ეს დრო უაზროდ მზეზე წოლაში დავკარგო, მაშინ, როცა შეიძლება, დრო უფრო სარფიანად გამოიყენო და საქმეს მოახმარო. მე მაშინ ვისვენებ, როცა ვმუშაობ. ამაზე მეტ სიამოვნებას არაფერი მანიჭებს.
– ესე იგი, ჩემოდნები არ ჩაგილაგებია?
– ჩემი ჩემოდანი სულ ჩალაგებულია და სულ მზად ვარ მოგზაურობისთვის, ოღონდ, მოგზაურობა საქმიანი და სარფიანი უნდა იყოს. განტვირთვისთვის ისედაც ხშირად ვესტუმრები ხოლმე შავი ზღვის სანაპიროს. ვცდილობ, თვეში ერთხელ, შაბათ-კვირას, ქალაქიდან გავიდე. ვიღებ ნომერს ზღვის ხედით, კარგად გამოვიძინებ და უკან ვბრუნდები. ბათუმის „შერატონში“ ჯერ არ ვყოფილვარ. ამბობენ, ულამაზესი ხედი აქვსო. ახლა რომ ჩავალ, აუცილებლად ავიღებ ნომერს ბოლო სართულზე და დავტკბები შავი ზღვის სანაპიროს ულამაზესი ხედით.
– საზაფხულო, ცხელი და მხურვალე რომანების საქმე როგორ გაქვს?
– წელს მოვიკოჭლებ – ვცდილობ, ერთგული შეყვარებული ვიყო. სიმართლე გითხრა, უაზრო რომანების გაბმის სურვილიც არ მიჩნდება, იმდენად კარგად ვგრძნობ თავს მასთან. დღეში რამდენჯერმე გვაქვს სატელეფონო საუბარი, ყოველ საღამოს სკაიპით ვლაპარაკობთ და დღის ამბებს ვუყვებით ერთმანეთს.
– ხომ არ აპირებთ რამდენიმე დღით ერთმანეთს რომელიმე ქვეყანაში შეხვდეთ და ერთად დაისვენოთ?
– შარშან ჩვენი მეგობრები კუნძულ ბალიზე ისვენებდნენ და მათი რეკომენდაციით ჩვენც გადავწყვიტეთ, ერთი კვირა კუნძულზე განვმარტოებულიყავით, მაგრამ, ვერ მოვახერხეთ. შვებულება ხუთ თვეში ერთხელ უწევს და ოქტომბერში ჩამოვა, ერთი კვირა აქ გაჩერდება და, ერთი კვირით, ალბათ, დუბაიში წავალთ ერთად.
– ვერ ვხვდები, რატომ გვიმალავ და ასაიდუმლოებ მის პიროვნებას?
– ვასაიდუმლოებ, რა, უბრალოდ, არ არის საჭირო. მარტივ მაგალითს გეტყვი: როცა ჩემს ძმას ჰქონდა რომანი ერთ-ერთ ცნობილ მსახიობთან, ჟურნალისტებმა იტალიაში მიაგენით და არ ასვენებდით. ამის გამო დისკომფორტს განიცდიდა ჩემი ძმა და, ამიტომაც, არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემი შეყვარებულიც იმავე დღეში აღმოჩნდეს. მეუღლე რომ გახდება, თავისთავად გაიცნობს საზოგადოება.
– ორი დღის წინ რამდენიმე ადამიანმა დამირეკა და მკითხა, მართალია, რომ ანრი ჯოხაძე კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშნესო? მეც მაშინვე შენთან დავრეკე. სინამდვილეში რა მოხდა, რატომ გავრცელდა ასეთი ჭორი, მართლა ხომ არ არის საუბარი ამაზე?
– ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ჭორის შემქმნელები, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, საერთოდ არ მიცნობენ, თორემ, ნამდვილად ეცოდინებოდათ, რომ მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც კაბინეტში ჩაიკეტება და საქმეს გაუძღვება. მე შემოქმედი ადამიანი ვარ და ჩემი საქმე მაქვს. 48 საათი სტუდიაში უნდა ვიჯდე და შემოქმედებაზე ვიფიქრო. პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და არა პურის მჭამელმა. იმ სიამოვნებას, რასაც მუსიკის კეთება ჰქვია, კაბინეტზე არ გავცვლი და ჩემს კარიერას თანამდებობას არ შევწირავ.
– მიგაჩნია, რომ თანამდებობამ, შეიძლება, შემოქმედის კარიერა შეიწიროს, მაშინ, როცა დღეს არაერთი მომღერალია თანამდებობის პირი?
– ისინი ჩემნაირი მომღერლები არ არიან. მე ჩემი თანამდებობა მაქვს შოუ-ბიზნესში. ჩემს შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, მაგრამ, სხვა, შეიძლება, უთავსებდეს ერთმანეთს და საქმის კარგი მმართველიც იყოს. სავარძლის გარეშეც ვემსახურები ჩემს ქვეყანას და აბსოლუტურად არ ჩამოვრჩები ნებისმიერ პოლიტიკოსს ჩემი ნებისმიერი ნაბიჯით. ანრი ჯოხაძე და პოლიტიკა ხომ განუყოფელი გახდა ამ ბოლო დროს (იცინის).
– სერიოზულად ლაპარაკობენ, რომ მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გაქვს და მხარს უჭერ კონკრეტულ პოლიტიკოსებს.
– შენი აზრით, „ბედნიერი ერი“ რომელიმე პოლიტიკოსის მხარდაჭერა იყო?
– იგივე „ბედნიერ ერთან“ დაკავშირებით ამბობდნენ, რომ დაფინანსებული იყო; ამას მოჰყვა „თბილისის ქუჩები“, რაზეც კიდევ უფრო მეტად ალაპარაკდა ხალხი და, ბოლოს – „არ გვინდა ვანია“.
– ხალხო, ერთი რამ იცოდეთ და, ახლა მე თქვენ აგიხსნით, რომ ეს აზრები გავაქარწყლო: თუ ვინმემ დაგაფინანსა – სახელმწიფო სტრუქტურამ ან, თუნდაც, რომელიმე ბიზნესმენმა – არ ნიშნავს, რომ რაღაც ცოდვა გაქვს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში აბსოლუტურად პირიქით არის და, აი, რატომ: ეს რომ ყოფილიყო დაფინანსებული კლიპი და სიმღერები, ჩვენთან, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, სხვადასხვა ორდენით აჯილდოებენ – ალბათ, ამაში დამეთანხმები? პლუს ამას, ასეთი კლიპები ტრიალებს „იმედის“ და „რუსთავი 2-ის“ ეთერში. ჩემი არც ერთი კლიპი, გარდა პრემიერებისა, არასდროს ეგრეთ წოდებულ „რასკრუტკაში“ არ ზის. უბრალოდ, მე ვაკეთებ იმას, რასაც რეალურად ვფიქრობ. რუსის ვანია ნამდვილად არ სჭირდება საქართველოს და ჩემი ეს დამოკიდებულება ნათლად გამოვხატე კლიპისა და ანი სირაძის ნიჭიერებით, მაგრამ, გვჭირდება ნორმალური ურთიერთობა რუსთან; თუნდაც „თბილისის ქუჩებში“ რა იყო გადაჭარბებული? ის, რომ ქუჩებისა და უბნების მშენებლობა მიდის, თუ ის, რომ სასწრაფო, პატრული და სახანძრო დროულად მიდის გამოძახების ადგილზე? გადავიღე ისეთი თბილისი, თუნდაც, როგორიც მე მინდა, რომ იყოს, სადაც ერთი ავტობუსი გიჟები, დარბიან უბნებში.
– ზედიზედ სამი კლიპი და – სამივე პოლიტიკური სარჩულით... შენი შემოქმედებით საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავ ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენაზე და ეს ქვეცნობიერად იმას ხომ არ მიანიშნებს, რომ, ერთ მშვენიერ დღესაც დიდ პოლიტიკაში გიხილოთ?
– საერთოდ არ მიფიქრია ასეთ რაღაცაზე. არა მგონია, ასე მოხდეს, თუმცა მე ყოველთვის ისეთ მომღერლებს ვცემდი პატივს, რომელთა შემოქმედებასაც პოლიტიკური ტონი დაჰკრავდა. იგივე მაიკლ ჯეკსონი, ბონო, ჯორჯ მაიკლსაც სოციალურ-პოლიტიკური კლიპები აქვს ყოველთვის. ეს მომენტი ხაზს უსვამს შენს პერსონიფიცირებას, რომ შენ ხარ პიროვნება და გაქვს შენი დამოკიდებულება საზოგადოებაში არსებული საკითხებისადმი, და არა უბრალოდ მომღერალი, რომელსაც ვირივით ხმა ამოგდის, იწივლებ, იკივლებ, იბღავლებ და ამისთვის ტაშს დაგიკრავენ. მე ამისთვის არ მიშრომია და არ მისწავლია.
– შენ მიუზიკლის გადაღებაც გინდოდა. ისევ აპირებ თუ ჩაგეშალა გეგმა?
– მე რასაც მიზნად დავისახავ, ადრე თუ გვიან, იმ მიზანს ვაღწევ და ამ ოცნებასაც, როცა იქნება, ავიხდენ. სპონსორს თუ ვერ ვიშოვი, გავმდიდრდები და ჩემს მიუზიკლს მე თვითონ დავაფინანსებ. „ვერის უბნის მელოდიების“ შემდეგ, რეალურად, მიუზიკლი აღარ გადაღებულა. ანუ, მხატვრულ-მუსიკალურ ფილმს ვგულისხმობ, სადაც უამრავი შლაგერი გაჟღერდებოდა, რომელსაც შეასრულებდნენ ნამდვილი ვარსკვლავები და არა ისე, როგორც დღეს არის მოდაში – მხოლოდ მომღერლები. მომღერალი შეიძლება კარგია, მაგრამ ის ვერასდროს ითამაშებს ისე, როგორც მსახიობი და მომღერალი შეასრულებს. ასეთები კი თითზე ჩამოსათვლელია. თუნდაც ეკა კახიანი ან ლელა წურწუმია, რომლებიც უდავოდ ნიჭიერები არიან ამ საქმეში. ისეთი კინო მინდა შევქმნა, რომელზეც მაყურებელი, მინიმუმ, სამჯერ მოვა, ოღონდ, ამ შემთხვევაში, როგორც პროდუისერმა და არა რეჟისორმა. შეიძლება, რეჟისორის ასისტენტის ფუნქცია შევითავსო, მაგრამ, კინო მაინც პროფესიონალმა რეჟისორმა უნდა გააკეთოს.
– სულ დამავიწყდა, შენი ზღაპრის შესახებ მეკითხა... წავიკითხე და, მინდა გითხრა, ფრიად მოხიბლული ვარ შენი „ფანქრებით“. როდის დაწერე და რა ბედი ელის შავთ სამეფოში დამწყვდეულ ფერად ფანქრებს?
– 13 წლის ვიყავი, როცა ეს ზღაპარი დავწერე. ეს ის პერიოდია, საქართველოში უშუქობა, უწყლობა და უგაზობა რომ სუფევდა. უჰ, ახლა რომ გამახსენდა ის დრო, ჟრუანტელმა დამიარა და, შენ კიდევ მეუბნები, „თბილისის ქუჩები“ შეკვეთილი იყოო. ჰოდა, მაშინ დავწერე ეს ზღაპარი, სადაც შავი ფანქარია გამეფებული, რომელსაც ცოლად ჰყავს ნაცრისფერი დედოფალი ფანქარი და ყველა სხვა ფერის ფანქარს აპატიმრებენ. მერე მიდის კეთილისა და ბოროტის თემა და საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. მინდა, დიდი ტირაჟით გამოვცე, რადგან, დარწმუნებული ვარ, ეს გახდება წლის ბესტსელერი, რომელსაც დიდიც და პატარაც სიამოვნებით წაიკითხავს, მაგრამ, ამის ფინანსები ამ ეტაპზე არ მაქვს.