კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იშოვა ნუგზარ კვაშალმა პირველი დალევის ხარჯზე ფული და სად ხოცავდა ის თევზებს თოფით


მომღერალი ნუგზარ კვაშალი ძალიან თბილი, სასიამოვნო და გულახდილი ადამიანია. თავს გადახდენილი ისტორიები, კი დღესაც ანეკდოტებად დადის. ის ამაყობს, რომ უამრავი მეგობარ-ნაცნობი ჰყავს და ყოველთვის ღიმილით და სიამოვნებით იხსენებს საინტერესო და კურიოზულ ამბებს.

ნუგზარ კვაშალი: ახლა, ასაკში რაც შევედი, კურიოზულ თუ სასაცილო სიტუაციებში ნაკლებად ვხვდები. ადრე კი ასეთ ამბებში ხშირად ვეხვეოდი. ანსამბლი „ივერია” ხშირად მოგზაურობდა უცხოეთში, ბევრს ვხალისობდით და, შესაბამისად, იქ ჩასულებს ბევრი საინტერესო და სასაცილო ამბავიც გვაქვს გასახსენებელი. უნდა გენახათ, ამ ქართველ მამაკაცებს როგორ თვალებდაჭყეტილი გვიყურებდნენ ქალები. ხანდახან ვხუმრობდით, კაცო, დაცვა მაინც დაგვიყენეთ, შემოტევებს რომ გავუძლოთო (იცინის).

– კი მაგრამ, სხვისი დასაცავი რა გჭირდათ, თავად ვერ დაიცავდით თავს?

– (იცინის) ჰოდა, მეტი რა გზა იყო, ვიცავდით თავს. ქალები მარადიული თემაა ჩემთვის და მათზე საუბარი არასდროს მწყინდება. ჩემი აზრით, ლამაზი ქალი ნამდვილი ქმნილებაა, სასწაული, რომელსაც ყველა კაცი უნდა ეთაყვანებოდეს. ერთი პერიოდი გრძელი თმა იყო მოდაში. ბიჭები „ვჰიპობდით” გრძელი თმით, დაყენებული ტანითა და დახვეწილი მანერებით. გასტროლებზე მოგვიწია სოხუმში წასვლა. ერთ დღესაც, ოთხი ჩხიკვივით გამხდარი ბიჭი, ზღვის სანაპიროზე გავედით საბანაოდ. გვაცვია „ნიფხავ-პლავკები“ და ვირუჯებით. გავიხედეთ, მაგარი „გაზმანული” ტიპი მოვიდა. იქვე ახლოს დაჯდა, გაიხადა ჯინსის შარვალი და საცურაო „პლავკებში“ გაამარიაჟა ტანი. მართლა ისეთი მაგარი გარეგნობის ბიჭი იყო, ქალების კი არა, ჩვენი ყურადღებაც კი მიიპყრო. წამოდგა, გაინავარდა ზღვისკენ, ჩვენც თვალი გავაყოლეთ და, რომ გაათამაშა კუნთები და იშხუვლა წყალში, გავიფიქრეთ, ახლა ეს გაცურავს თუ გაცურავსო. არ გავიდა ზუსტად ორი წუთი და ისმის ზღვიდან განწირული ყვირილი: „მიშველეთ, მიშველეთ, დამეხმარეთ, გადამარჩინეთ, ვიხრჩობი!.. წამოვხტით ჩვენ-ჩვენი ნიფხვებით ოთხივე, მაგრამ, როგორი გამოსაყვანია ასეთი დაკუნთული, ლომივით ტიპი, ჩვენისთანა ჩხიკვივით გამხდარი ბიჭებისთვის?! თუმცა, ამას დავეძებდით? უცებ მოვედი გონს, ვიფიქრე, ამას ნამდვილად ძარღვი გაენასკვებოდა ფეხზე-მეთქი. მეგობარ ბიჭს, ზურას, რომელიც იქ იყო, სულ თან დაჰქონდა ნემსი. ვეცი, გამოვგლიჯე და გავვარდი წყლისკენ. ბიჭებიც მომყვნენ. „ვეკაჩავებით“ ხან იქიდან, ხან – აქედან, აპა, ძვრა ვერ ვუყავით. სხვა გამოსავალი აღარ მქონდა, ავდექი, ის ნემსი გავაქანე და ვგლიჯე პირდაპირ ფეხში. ისეთი იყვირა და შეხტა, აქეთ ვიყავით ოთხივე ძმაკაცი საშველი (იცინის). კი გამწარდა, მაგრამ, დახრჩობას ნემსის ჩხვლეტა არ ერჩივნა იმ დალოცვილს? ისე გაიპარა პლაჟიდან, მის მერე თვალიც აღარ მოგვიკრავს.

– ბატონო ნუგზარ, კარგი თამადა ხართ და რომ იტყვიან, თქვენთან ქეიფი ერთ რამედ ღირს. ისე, პირველი დალევა თუ გახსოვთ და, როგორი იყო პირველი ბახუსი?

– ჩემი პირველი დალევა კარგად მახსოვს, იმ შეგრძნებას რა დამავიწყებს (იცინის). ბაბუაჩემი კარგი მოქეიფე, წარმოსადეგი კაცი იყო. ერთხელაც, გურიაში წამიყვანა – ერთმა მისმა ახლობელმა ოჯახმა მიგვიპატიჟა. დიასახლისმა სუფრის გაშლა რომ დაიწყო, ოჯახის უფროსმა ბაბუას შესთავაზა, სანამ ქეიფს შევუდგებით, აქვე ეზოში, ხის ჩრდილში დავსხდეთ და ნარდი გავაგოროთო. ნარდიც გაახურეს და თან პატარა სუფრაც გაშალეს იქვე, სახელდახელოდ, თავისი თაფლის არყითა და თხილით. პირველი ჭიქა რომ დალიეს მასპინძელმა და ბაბუაჩემმა და მშვიდობა დალოცეს, მერე აავსეს ჭიქა და მე მომაწოდეს – აჰა, ბაბუ და, შენც დაილოცეო. არ დამავიწყდება, გამოვართვი ჭიქა, გადავხუხე და, ზუსტად ათ წუთში, დაიწყო დედამიწამ ტრიალი, მარა, რა დაიწყო. ისე ტრიალებს და ბრუნავს, ვერ ვეწევი. ვიფიქრე, ეს რა ამბავია, დედამიწა ხომ არ გამიწყრა-მეთქი (იცინის). სიმხურვალე რომ წამოვიდა ფეხებიდან, ამოვიდა კუჭამდე, მერე ფილტვამდე, კისრამდე და ტვინს რომ მიუახლოვდა, აი მერე კი დამერხა. შევძვერი იმ ნარდის მაგიდის ქვეშ და ისე დამეძინა, არც კამათლის რახარუხი მესმოდა და არც არაფერი ირგვლივ.

– მერე, როგორ გამოფხიზლდით?

– გამოვიძინე მაგიდის ქვეშ და, თვალები რომ დავჭყიტე და, სამმანეთიანი დავინახე მიწაზე ჩემს ახლოს დაგდებული, მაშინ მთლად გამოვფხიზლდი (იცინის). ვიღას ახსოვდა თაფლის არაყი და ნაბახუსევი.

– სამ მანეთს მაგიდის ქვეშ რა უნდოდა?

– მასპინძელი და ბაბუაჩემი ფულზე თამაშობდნენ ნარდს და, ეტყობა, ძირს დაუვარდათ. მეც, მეტი რა მინდოდა? დავავლე ფულს ხელი, გავაქანე ჯიბისკენ და გავისუსე. აი, ასე შემერგო პირველი დალევა, დათრობა და ის სამი მანეთიც. ახლა ვხუმრობ ხოლმე, ბედი მქონია, კაცმა პირველად დავლიე ნატურალური ალკოჰოლიანი სასმელი, თან, სუფთა ჰაერზე, თან კარგად გამოვიძინე ხის ჩრდილში და ფულიც გავაკეთე-მეთქი (იცინის). მას მერე სულ ვსვამ, მაგრამ, რა ვიცი, კაპიკი აღარ მიპოვია. აქეთ არ დავაგდო რამე, თორემ, იქით ვინ რას გაპოვნინებს!

– ბავშვობაში ყველა ცუღლუტობს და, თქვენ თუ მოგიპარავთ რამე ასე ცუღლუტობით?

– (იცინის) რამდენი ფული მე მომიპარავს ბაბუაჩემისთვის, იმდენი სიხარული და ბედნიერება მე და თქვენ. მე კარგი მომპარავი ვიყავი, მაგრამ, არც ბაბუა ჩიოდა ხოლმე თანხის დაკარგვას და ვიყავით ასე იდილიაში ბაბუა-შვილიშვილი. ეჰ, კარგია ბავშვობა, როცა პატარა სისულელეს ჩაიდენ და ამას დიდობაში ღიმილით გაიხსენებ. აბა, ახლა ხომ არ მოვიპარავ რამეს, ღმერთმა დამიფაროს. მაშინ კი ვიპარავდი, მერგებოდა და არც იმაზე ვფიქრობდი, არ გამიგონ და არ დამსაჯონ-მეთქი. სადაც მე ვცხოვრობდი ბავშვობაში, ქიაჩელის ქუჩაზე, ბატონ რობერტ სტურუას ჰქონდა სახელოსნო. მამაჩემი და მისი მეგობრები იქ იკრიბებოდნენ და ხატავდნენ. „ნატურშჩიცა” ქალებიც მოჰყავდათ ხოლმე და ჩვენ, ბავშვებს, მეტი რა გვინდოდა? რამდენიმე ძმაკაცმა მოვიფიქრეთ, გამოვხვრიტეთ კედელი და ჭუჭრუტანიდან ვუყურებდით შიშველ ქალებს. ერთ დღესაც, მივადექით იმ ჭუჭრუტანას ქალების სათვალთვალოდ და, რიგი არ დგას?! თურმე უბანში გაბაზრებულა და მთელი უბნის ბიჭები რიგში იდგნენ იმ ჭუჭრუტანასთან. სასწრაფოდ ამოვქოლეთ კედელი, სანამ გაგვიგებდნენ. აბა, სამასი კაცი რომ ჩადგებოდა რიგში ხომ წარმოგიდგენიათ, იქ რა მოხდებოდა! ახლა ვშაყირობ, ჩვენი იდეა იყო და, თითო გაჭვრეტა ხუთ კაპიკად რომ შეგვეფასებინა, ხომ ვიქნებოდი ახლა მილიარდერი-მეთქი (იცინის).

– თქვენს მეგობრებს თუ დავუჯერებთ, კარგი მონადირე და მეთევზე ხართ. ასეა?

– ნადირობა მართლა მიყვარს, თევზაობისა კი რა მოგახსენოთ. ის თუ გითხრეს ჩემმა მეგობრებმა, კარგი მეთევზეაო, რატომ არ დააყოლეს, თოფით რომ ვთევზაობ და ამაში ბადალი არ მყავს? (იცინის).

– თოფით თევზაობა პირველად გავიგე.

– ჰოდა, მე ვარ ის ადამიანი, ვისაც თოფით მითევზავია. დავთქვამდით მეგობრები დღეს, გადავიკიდებდით თოფებს მხარზე და მივდიოდით სათევზაოდ. ჩავსხდებოდით კულტურულად და კომფორტულად ნავში, მოვიმარჯვებდით თოფებს და, თევზი რომ ამოხტებოდა წყლიდან, დავუშენდით. ისე, მაგარი მიზანი მაქვს, ამას ვერ უარყოფს კაცი. ერთხელ, ავიკაზმეთ ბიჭები და წავედით სათევზაოდ კახეთში. მაშინ, კომუნისტების დროს, უცხოეთიდან ჩამოტანილ ნივთს, იცი, როგორ უფრთხილდებოდნენ? თუ ასეთი რამე გედო ჯიბეში ან გეკეთა, ხომ კაცი იყავი და, თან – მაგარი. მოკლედ, წავედით სათევზაოდ და გზაში ისე დავიღალეთ, ვის ჰქონდა ანკესის წყალში გადაგდებისა და ლოდინის თავი, როდის მოისურვებდა თევზი მასზე წამოგებას. ვიფიქრეთ, ამას ჯობია, დინამიტი ავაფეთქოთ და იმდენი თევზი ამოიყრება ერთ წუთში, მთელი დღე რომ ვერ დავიჭერთო. გავიხედეთ, ჩვენმა ერთმა მეგობარმა ჯიბიდან დააძრო ბიძამისის ჩამოტანილი ძვირად ღირებული ოქროს სანთებელა, გადმოგვხედა, ამაყად მოიმარჯვა, მოუკიდა ცეცხლი დინამიტს და, ისე დაიბნა, დინამიტის მაგივრად სანთებელა არ გადაუშვა წყალში?! აბა, იქ ატყდა ამბავი, თუ ატყდა. ვიღა ჩიოდა თევზს, გადავხტით ტბაში. თავით ქვევით და ფეხებამოშვერილები დავეძედით იმ ოქროს სანთებელას. სამწუხაროდ, ბევრი ვეძებეთ, მაგრამ, ვერ ვიპოვეთ. ჩვენ კი დავიხოცეთ წყალში თავდაყირა სანთებელას ძებნით, მაგრამ, ალბათ, თევზები „ბაღდადურს“ ცეკვავდნენ სიხარულით.

– ამბობენ, ნუგზარი „გაიშნიკებს” ფულს აქეთ „ახევდაო”. ეს რას ნიშნავს?

– რას ნიშნავს და, ადრე, ხომ გაგიგონიათ, „გაიშნიკები” ფულს როგორ აკეთებდნენ მძღოლებისგან? ჰოდა, ხუმრობით ვამბობდი, მათ კი არ აქვთ ჩემი ვალი, აქეთ მაქვს მაგათი ვალი-მეთქი (იცინის). ბიჭები ვმღეროდით: „გინდა იყოს ჩეკა, გინდა მილიცია, რაც რომ მიგვიცია, უკან აგვიღია”, ანუ, ფულს ხომ ვაძლევდით „გაიშნიკებს”, ხუთი მანეთი იქნებოდა თუ სამი, თან, ხელში კი არა, გადაშლილ „პრავაში” ჩავდებდით და ისე ვაწვდიდით, აბა, ისე ვაკადრებდით? (იცინის). მერე, „ივერიის” კონცერტები რომ იმართებოდა, მივდიოდი მათთან, მიმქონდა ოცი ბილეთი, მივყიდდი და ვალს ასე ვიბრუნებდი.


скачать dle 11.3