კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ფულს ხარჯავენ იტალიური კლუბები ხელფასებში



როგორც წესი, წამყვან საფეხბურთო ლიგებში ყველაზე მაღალი ხელფასი ჯერ ფეხბურთელებს აქვთ, მერე კი მწვრთნელებს. ასეა გერმანიაში, ასეა ესპანეთში და მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ასე იყო იტალიაშიც, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ინტერიდან“ „ბარსელონაში“ გადავიდა, ხოლო რიკარდო კაკამ „მილანიდან“ „რეალს“ მიაშურა, იტალიურ ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებად კაცად ჟოზე მაურინიო იქცა. „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი წლიურად 11 მილიონ ევროს იღებს, რაც სამჯერ მეტია იტალიაში მომუშავე ყველა სხვა სპეციალისტის წლიურ ჯამაგირთან შედარებით.

ფეხბურთელთა შორის პირველ ადგილზეც „ინტერის“ ფეხბურთელია. მილანური კლუბის ახალწვეული სამუელ ეტოო წლიურად მაურინიოზე ნახევარი მილიონით ნაკლებს იღებს, მაგრამ მაინც გულდაწყვეტილია – იგი გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად მიიყვანეს, ზლატანის ჯამაგირი კი წელიწადში 12 მილიონი გახლდათ.

ეტოოს შემდეგ ყველაზე მეტს „მილანის“ ბრაზილიელ ვარსკვლავს, რონალდინიოს უხდიან. იგი წლიურად 7,5 მილიონ ევროს სჯერდება, მაგრამ იმით შეუძლია, იამაყოს, რომ მთელ იტალიაში ყველაზე მეტი სარეკლამო კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ამ გზით დამატებით ათ მილიონს შოულობს. ამ მხრივ იგივე ეტოოს მაჩვენებელი 5 მილიონს არ აჭარბებს.

რონალდინიოზე ორი მილიონით ნაკლები აქვს „რომას“ კაპიტანსა და სიმბოლოს, ფრანჩესკო ტოტის. რეალურად, ტოტი ასაკშია და ასეთ ჯამაგირს არ იმსახურებს, მაგრამ მას ძველი დამსახურების გამო უხდიან. ტოტის მადა რომ არ დააკმაყოფილონ და იგი გუნდიდან წავიდეს, „რომას“ ხელმძღვანელობაზე გულშემატკივრები შურს იძიებენ.

ანალოგიური ხელფასი აქვს „ინტერის“ ფრანგ ლეგიონერს, პატრიკ ვიეირას. მილანური ჯგუფი მის გაყიდვას ამ ზაფხულს ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ვიეირას ახალი კლუბები მხოლოდ 2 მილიონს სთავაზობდნენ, ანუ იმაზე თითქმის სამჯერ ნაკლებს, ვიდრე ახლა აქვს და ფრანგმაც დარჩენა და სათადარიგოთა სკამზე ყოფნა ამჯობინა.

ხუთმილიონიანი კონტრაქტი ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელს აქვს და მათ შორის ანდრეა პირლო გამოირჩევა. საქმე ისაა, რომ პირლო ამ თანხის გარდა პრემიების სოლიდურ დანამატებს იღებს, თანაც, მნიშვნელობა არ აქვს, „მილანი“ როგორ ითამაშებს. პირლომ ეს უპირატესობა მას შემდეგ მიიღო, რაც ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლასა და ზღაპრულ პირობებზე უარი თქვა.

იტალიელი ფეხბურთელების ხელფასების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და, ალბათ, აჯობებს, კლუბების სახელფასო ბიუჯეტები გაგაცნოთ – ამით მიახლოებითი წარმოდგენა შეგექმნებათ იმ თანხებზე, თუ რამდენს უხდის საშუალოდ თითოეული კლუბი ფეხბურთელს. საჩემპიონატო განაცხადში კლუბებს 25-დან 30-მდე ფეხბურთელი ჰყავთ შეყვანილი და თანხაც სწორედ მათზე ნაწილდება.

„ინტერი“ სახელფასო ბიუჯეტითაც პირველ ადგილზეა. მასიმო მორატი ფეხბურთელებს წლიურად საერთო ჯამში 150 მილიონ ევროს უხდის.

125 მილიონი გაედინება სილვიო ბერლუსკონის ჯიბიდან და ამბობენ, იტალიის პრემიერი „მილანის“ გაყიდვას აპირებს, რადგან მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო კლუბის შენახვა აღარ შეუძლიაო. სავარაუდოდ, „როსონერის“ არაბი შეიხი – მუჰამედ ალმაკტუმი იყიდის და 800 მილიონ ევროსაც გადაიხდის.

115 მილიონს უხდის ფეხბურთელებს ტურინის „იუვენტუსი“. „ბებერი სენიორას“ ძირითადი დანახარჯები ალესანდრო დელ პიეროზე, დიეგოზე, დავიდ ტრეზეგესა და ვინჩენცო იაკინტაზე მოდის.

ამ სუპერსამეულის შემდეგ, კლუბების წლიური ბიუჯეტი საგრძნობ ვარდნას განიცდის. მაგალითად, მეოთხე ადგილზე მყოფი „რომას“ შეფები ფეხბურთელების ხელფასში 70 მილიონს ხარჯავენ, „ფიორენტინას“ მესვეურების გასავალი 40 მილიონია და, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ 40 მილიონიდან 15 – ოთხ ფეხბურთელზე მოდის, დარჩენილ 25 მილიონს კი დანარჩენები ინაწილებენ.

38 მილიონია გამოყოფილი „ჯენოას“ მოთამაშეებზე. გენუური კლუბი ფონს გუნდური თამაშით გადის და გამოკვეთილი ვარსკვლავი არ ჰყავს. ამიტომაც არის, რომ ჯამაგირის გაზრდასა და სიტუაციის არევას არავინ ცდილობს და ფეხბურთელები საშუალოდ მილიონიან შემოსავალს სჯერდებიან.

37 მილიონს ხარჯავს ერთ დროს მრისხანე „ნაპოლი“. არადა, მაშინ, როცა ამ კლუბის ღირსებას დიეგო მარადონა იცავდა, ნეაპოლური გუნდი იტალიაში ერთ-ერთ უმდიდრესად ითვლებოდა, მაგრამ, დრონი მეფობენო, ხომ გაგიგიათ...

ყველაზე ცოტას ვერონას „კიევოსა“ და ბერგამოს „ატლანტის“ მოთამაშეები იღებენ. ამ კლუბების წლიური სახელფასო ბიუჯეტი 13 მილიონი ევროა, ანუ თითოეულ მოთამაშეს ნახევარი მილიონიც კი არ ხვდება, მაგრამ ეს ბიუჯეტიც კი, ყველაზე მდიდარი ქართული კლუბის ბიუჯეტს შვიდჯერ აღემატება.

სხვათა შორის, კლუბების ბიუჯეტის მხრივ, პირველ ადგილზე ინგლისელები არიან, მერე – ესპანელები, იტალიელები და... რუსები. დიახ, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ისეთ ქვეყნებს გაუსწრეს, როგორებიც გერმანია, საფრანგეთი და ჰოლანდია გახლავთ.


скачать dle 11.3