ნესტან კირთაძის რისხვა, ჯანსუღის ლექსი და რევაზ ჩელებაძის გამჭრიახობა
ყველამ კარგად უწყის, რომ ქართული პოლიტიკა ინტრიგებთან ასოცირდება, ალბათ, ამიტომაცაა, რომ ამ პროფესიის ადამიანი ბევრ რამეშია დაოსტატებული და იმუნური სისტემაც კარგად აქვს განვითარებული. ამას გარდა, პოლიტიკოსებს აქვთ გამონათებები. ყველაფრის მიუხედავად, კარგი აურის პოლიტიკოსები ჩვენშიც მრავლად არიან. მათ შორის საპატიო და ღირსეულ ადგილს ინარჩუნებს ექს, მაგრამ სტაჟიანი პარლამენტარი და „ხალხის პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ალეკო შალამბერიძე, რომელიც ჩვენი რუბრიკის სტუმარია.
წრუწუნასავით გაბერილმუცლიანი თამადა და „მათე ბიჭის“ სიყოჩაღის ამბავი
ქართული სუფრისა და ჩვენი ტრადიციების შესახებ კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ ზედმეტი განმარტება აღარ იქნება საჭირო. ერთ მშვენიერ დღეს დაბადების დღე აქვს „დიდ კაცს“ – კობა დავითაშვილს. ყველანი ვემზადებით ღონისძიების ჩასატარებლად და გვინდა, კარგად აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. წავედით ერთ-ერთ რესტორანში. ჩატარდა კონკურსი თამადის დანიშვნაზე და კახა კუკავამ გაიმარჯვა. გაუბრწყინდა კახას სახე და ემზადება, კარგი სიტყვაკაზმულობით რომ გაგვაოცოს. მას სიტყვა-პასუხი კი აქვს, როგორიც საჭიროა, მაგრამ „გაბარიტებით“ ვერაა ისეთი, რომ სვავებივით კაცები დაათროს. ვამჩნევთ, კახა, შეძლებისდაგვარად, ისხამს ღვინოს მუცელში, რომ თანამესუფრეების დაცინვის ობიექტი არ გახდეს. თანდათან ვხედავთ, რომ კახას მუცელი ებერება და ისეა უკვე, სადაცაა გასკდება, ეს შენიშნა იუბილარმაც და ხმამაღლა შესძახა – ე, მანდ, მაგ ოქროსავით კაცს რამე არ მოუვიდეს, მიმიხედეთო. ამასობაში აიღო ყანწი ჩვენი პარტიის წევრმა ქალბატონმა, რომელსაც „მათე ბიჭს“ ვეძახით, მე და კუკავას დაგვიწყო შეგულიანება – ესაა თქვენი დალევა, მიდით, შეუბერეთ, ბიჭებოო... კახა დგას წრუწუნასავით გაბერილი მუცლით და წონასწორობას კარგავს. მე კი ვზივარ, მაგრამ ვაი, იმ ყოფას. მაინც არ ვჩერდებოდი და კუკავას დავცინოდი, ნეტავი, რამდენი ლიტრი ჩაისხი მაგ საოხრე მუცელში-მეთქი. ამასობაში, მე მოვიყუდე ფიალით ღვინო და მომენტალურად გავითიშე. ცხვირი ჩავყავი შიგ და ფშვინვაც ამომხდა. როგორც იქნა, თანაპარტიელებმა და მათ შორის „მათე ბიჭმა“ მომიკიდეს მხარზე და სახლამდე მიმათრიეს, ხოლო წრუწუნასავით მუცელგაბერილი კუკავა მარტო „მათე ბიჭის“ გაცილებას დასჯერდა და თავის ფეხით გაეცალა იქაურობას. რომ არა ყოჩაღი „მათე ბიჭი“, ჩვენი მომხედავი კაციშვილი არ იყო – ქართული სუფრისა და კარგი ღვინის გადამკიდე, ისე ვიყავით ყველანი უკლებლივ გათიშულები.
ჯანსუღის ხუმრობა და ნესტანის რისხვის ობიექტი
მოგეხსენებათ, კარგა ხანს მომიწია პარლამენტში ყოფნამ და სწორედ იმ პერიოდში პარლამენტის წევრები იყვნენ – გივი შუღაროვი, ჯანსუღ ჩარკვიანი და ნესტან კირთაძე. იცით, ალბათ, რომ ბატონი ჯანსუღი საოცარი იუმორის პატრონია და ამ მხრივ, კოლეგებს სხვადასხვა სიურპრიზებით გვანებივრებდა. იმ პერიოდში ნესტან კირთაძეზე მთელი პარლამენტი იყო „აკრეფილი“, რადგან ძაან გამომწვევად იქცეოდა. ეს ჯანსუღს არ გამოპარვია და დაწერა ასეთი ლექსი: „ნესტან, ნესტან, ბარაქ მზეს, შენ ძუძუდან მოვწოვ რძეს“. ქვემოთ კი მოაწერა ხელი – გივი შუღაროვი და გაუგზავნა ნესტანს. მაშინ დეპუტატებს მაგიდაზე გვქონდა კანონების მთელი წყება და ისე იყო ახუნძლული ერთმანეთზე, ჩვენ ძლივს ვჩანდით. ნესტანი გაეცნო რამდენიმე კანონს, ბოლოს კი ეს ლექსი რომ წაიკითხა, გაავებული გაქანდა დიდი დავთრით ხელში და მთელი კანონთა შეკვრა თავში „დღლიზა“ საწყალ გივი შუღაროვს. გივი გაოგნებული და შეშინებული კითხულობს, რა გინდა ჩემგან, რას მერჩიო. როცა ნესტანმა ლექსი გაუწოდა, ეს რა დაგიწერია, შე გათახსირებულოო, გაგიჟდა კაცი, – ნესტან-ჯან, ამას მე როგორ დავწერდიო, – თან მოჯღანული სახით თავზე ისვამდა ხელებს, ისე ტკივილს ვერ იყუჩებდა. მერე კი გაირკვა ყველაფერი და იუმორმა თავისი ქნა, ვიცინეთ გულიანად და ნესტანიც შემოვირიგეთ.
ჩელებაძის „დინამოში“ გადაყვანა და ფეხბურთის გულშემატკივრების გინების ნაირსახეობა
საქვეყნოდ არის ცნობილი, თუ რა არის სპორტი ქართველი კაცისთვის, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის იყო და დარჩება უამრავი სიხარულისა და ამავდროულად, ბევრი კურიოზის მომტანად. კარგად გვახსოვს, თბილისის „დინამოში“ მოხვედრა ბევრისთვის ოცნება იყო. არის კომუნისტების დრო და ცეკაში გადაწყდა, რომ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე თბილისში ჩამოეყვანათ. ბათუმი ვერ ელეოდა იქაურ ამომავალ ვარსკვლავს და თბილისს ეუბნებოდა, ჩელებაძე ჩვენ გვჭირდება და ნუ წაგვართმევთო. ნოდარ ახალკაცმა პრინციპულად მოითხოვა ჩელებაძის „დინამოში“ გადმოყვანა. მან საოლქო კომიტეტს წერილიც კი მისწერა, ჩელებაძის „დინამოში“ თამაში მარტო თქვენი გადასაწყვეტი არაა, ფეხბურთელსაც ჰკითხეთ, რას იტყვისო. დაიბარეს ქალაქკომში ჩელებაძე და ეკითხებიან, სად უფრო გირჩევნია თამაში – თბილისში თუ ბათუმშიო. ბათუმის „დინამოშიც“კარგია, მაგრამ თბილისში უფრო თავისუფლად ვითამაშებდიო, – იყო ფეხბურთელის პასუხი. რატომო, – დაინტერესდა ბათუმის ქალაქკომის მდივანი ანდერკინ კოპლატაძე. იმიტომ, რომ ბათუმში ფეხბურთის გულშემატკივრები დედას მე მაგინებენ, თბილისში კი ჩემს ჩამომყვანსო, – თქვა ჩელებაძემ.
პრეზიდენტი არასდროს ცდება
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ნიკო მუსხელიშვილმა საერთო კრების ჩატარების შემდეგ, კაბინეტში დიდი გალაკტიონი მოიწვია და სთხოვა, მეცნიერებთან ერთად სურათი გადაეღო. რამდენიმე წუთში სიხარულით შემობრძანდნენ სახელოვანი ქართველი მამულიშვილები: ივანე ბერიტაშვილი, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, პეტრე ქომეთიანი, ნიკო კეცხოველი, ავლიპ ზურაბაშვილი და სხვები. როცა ფოტოგრაფი თავის საქმეს მორჩა, ბატონმა ნიკომ ყველას გასაგონად განაცხადა, მეგობრებო, ჩვენ ახლა გალაკტიონთან სურათის გადაღებით უკვდავებას ვეზიარეთო. გალაკტიონმა ჩაიქირქილა: ძამიკოებო, ხომ დამერწმუნებით, რომ პრეზიდენტი არასდროს ცდება!