30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30–32(502)
– ბატონი პანტელეიმონი ხართ?
– გახლავართ. თქვენ ვინ ბრძანდებით?
– ჯიმი მელაძე ვარ, ბატონო პანტე. ის საცოდავი ბავშვი გარდაიცვალა, დონორის გული თავისუფალია. როდის შეძლებთ ოპერირებას?
– მაქსიმუმ ორი საათის შემდეგ.
– კარგი, ბატონო ჩემო. მაშინ მე და ჩემი ძმა, ჯონი, იმ საცოდავის ცხედარს გადმოვიტანთ თქვენს კლინიკაში და, შეგიძლიათ, ტრანსპლანტაცია დაიწყოთ.
სასწრაფოდ ჩავიცვი და, სანამ კლინიკაში წავიდოდი, უფროს ექთანს დავურეკე და გავაფრთხილე, რომ ბაჩო საოპერაციოდ მოემზადებინა.
დილის 4 საათი სრულდებოდა, როდესაც ჩემი კლინიკის საოპერაციოში მე, ჩემი უფროსი ექთანი და ძმები მელაძეები შევიკრიბეთ. მოგვიანებით სამი ასისტენტიც შემოგვიერთდა და ოპერაციაც დაიწყო. მე ჯერ გარდაცვლილი ბავშვი გავკვეთე, გული ამოვაცალე, სპეციალურ ვიტამინიზებულ ხსნარში მოვათავსე, რომ არ გაფუჭებულიყო და ბაჩოს მოვუბრუნდი. სწორედ ამ დროს შეიქნა ცუდად ჯონი მელაძე და ის ძმამ შინ წაიყვანა. მე ოპერაცია გავაგრძელე, რომელიც სრული 9 საათი გაგრძელდა – დილის 5 საათზე რომ დავიწყე, ყველაფერი დიდი წარმატებით დავასრულე დღის 2 საათზე. უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ბაჩო იცოცხლებდა და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი.
ძალიან დაღლილი ვიყავი და სახლში დავაპირე წასვლა, რომ გამომეძინა, მაგრამ, გამახსენდა, რომ ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული საბუთები უნდა გამომერთმია ჯიმი მელაძისთვის, თან, მისი ძმის ჯანმრთელობაც მაინტერესებდა. ამიტომ, ჯერ სამსახურში დავურეკე, შემდეგ – სახლში, მაგრამ, არავინ მიპასუხა.
გული შემიქანდა, ეჭვებმა შემიპყრო და ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა. ჩემს მანქანაში ჩავჯექი და ჯიმი მელაძის კლინიკაში მივედი, სადაც აკადემიკოსის ნორჩმა მდივანმა, რომელიც მის საყვარლობასაც ითავსებდა, მითხრა:
– ბატონი ჯიმი ძმასთან ერთად, გუშინ საღამოს მოსკოვში გაემგზავრა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმზე.
– რას ბრძანებთ, გოგონა? – ვუთხარი მდივანს, – გამთენიისას მე და ძმები მელაძეები ჩემი კლინიკის საოპერაციოში ერთად ვიყავით, თქვენ რაღაც გეშლებათ!
თავხედმა მდივანმა ალმაცერად გადმომხედა და უხეშად მომიგო:
– მე არაფერი მეშლება, თქვენ კი, ეტყობა, დრო აგერიათო!
იმ უზრდელთან საკამათოდ არც დრო მქონდა და არც სურვილი, რადგან, თუ საბუთებს არ წარვადგენდი ჯანდაცვის სამინისტროში, რომ გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები დონორობაზე თანახმა იყვნენ, მაშინ ჩემ მიერ ჩატარებული ოპერაცია უკანონო ქმედებად ჩაითვლებოდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაული იყო და კანონით უმკაცრესად ისჯებოდა. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მომეძებნა საბუთები და მდივანს ვუთხარი:
– ბატონ ჯიმის ჩემთვის საბუთები აქვს გამზადებული და, ხომ არ იცით, სადაა?
– რა საბუთები?
– ნებართვა გულის ტრანსპლანტაციაზე.
– რა გულის ტრანსპლანტაციაზე, ვერაფერი გავიგე!
– გოგონა, გენაცვალე, წუხელ თქვენთან 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა თავის ქალის მძიმე ტრავმით, რომელიც ავტოავარიაში მიიღო ამ ერთი თვის წინ. მამიდამისმა კი ბატონ ჯიმის მისი გულის გადანერგვის ნებართვა მისცა და სწორედ ეს ნებართვა და ბავშვის გარდაცვალების ცნობა მჭირდება.
– თქვენ ვინ ხართ? – სტილს არ უღალატა თავხედმა მდივანმა და წაიფამილიარა.
– კარდიოლოგიის დოქტორი, პანტელეიმონ ჯაში, – წარვუდგინე თავი მდივანს, – სწორედ მე გადავუნერგე ამ დილით თქვენთან წუხელ გარდაცვლილი ბავშვის გული სხვა ბავშვს და ოპერაცია არალეგალურად რომ არ ჩაითვალოს, ბატონი ჯიმის მიერ მომზადებული საბუთები მჭირდება.
მდივანმა ტელეფონზე დარეკა და იკითხა:
– გუშინ ჩვენთან 12 წლის ბიჭი, გვარად შავიძე, ხომ არ გარდაცვლილა? – გოგონამ პაუზა გააკეთა და მოპასუხეს უსმენდა, თან მიყურებდა და თვალები სატანური ირონიით ჰქონდა ანთებული. ლაპარაკი რომ დაასრულა, ყურმილი დადო და მითხრა:
– გუშინ ჩვენთან არანაირი შავიძე არ გარდაცვლილა. უკვე სამი დღეა, რაც ჩვენთან არავინ მომკვდარა და არც ვინმე შავიძე წოლილა.
– აბა, მე ვისი გული გადავუნერგე ბაჩოს? – ჩავილაპარაკე გულდამძიმებულმა და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს დედამიწა დამაწვა მხრებზე და, სადაცაა, გამსრესდა.
– ეგ მე არ ვიცი, ეგ თქვენი პრობლემაა, – მხრები აიჩეჩა მდივანმა, პომადა და სარკე მოიმარჯვა და ტუჩების მოხატვას შეუდგა.
უკიდურესად დათრგუნული ვიყავი და ტვინი საშინლად არეული მქონდა, მაგრამ, თავის გადარჩენის ინსტინქტმა იმძლავრა ჩემში, ნებისყოფა მოვიკრიბე და სიმართლის გარკვევას შევუდექი. მთელი დღე არ გავჩერებულვარ, მაძებარი ძაღლივით დავრბოდი აქეთ-იქით და, რაც უფრო მეტს ვიგებდი, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ საშინლად გავები. უკიდურესად ვიყავი დაღლილი, როცა ჩემს ლოგინამდე მივბობღდი, ტანსაცმლიანად მივეგდე და მკვდარივით ჩამეძინა.
საშინელი სიზმარი ვნახე. დამესიზმრა, თითქოს მე და ძმები მელაძეები განათებულ მდელოზე მივდიოდით, სადაც უამრავი ბავშვი თამაშობდა, ჩვენ კი აქეთ-იქით ვაცეცებდით თვალებს და ვიღაცას ვეძებდით. უცებ ძმებმა ვიღაც ბავშვს დასტაცეს ხელი, რომელიც განწირული ყვიროდა: ხელი გამიშვი, ძია, არ მომკლა, სიცოცხლე მინდაო, მელაძეებმა კი პატარას ცხვირ-პირზე ბალიში დაადეს და გაგუდეს. შემდეგ ჩემთან მოიყვანეს, იქვე მდელოზე გაშლილ საოპერაციო მაგიდაზე დამიწვინეს და მაიძულეს, რომ მისთვის გული ამომეჭრა. მე მათ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, ბავშვს გული ამოვკვეთე და ძმებს გადავეცი. მელაძეებმა კი ამოკვეთილი გული ზემოთ ასწიეს და მითხრეს: ახლა ჩვენ ხელში ხარ, ვერსაც წაგვიხვალო და, მოულოდნელად, გაქრნენ. მდელოზე მოთამაშე ათასობით ბავშვი კი ჩემკენ მოტრიალდა და ყველა ერთად აღრიალდა: „მკვლელო! მკვლელო”! შემდეგ გულამოკვეთილი ბავშვი საოპერაციო მაგიდიდან წამოდგა, აღრიალებულ ბავშვებს შეუერთდა და მათთან ერთად აყვირდა: „მკვლელი! მკვლელი”! უცებ, მდელოზე გაშლილი ბავშვები შეერთდნენ და უზარმაზარი სიმეტრიული კოლონა შექმნეს, დაფდაფები მოიმარჯვეს და ჯერ ადგილზე დაიწყეს მარშირება და დაფდაფების რიტმული ბრახუნი, შემდეგ კი ჩემკენ დაიძრნენ, თან დაფდაფების რიტმს უწყობდნენ ხმას და იმეორებდნენ: „მკვლელო! მკვლელო!“ თითოეულ მათგანს გულის ადგილას უზარმაზარი ნახვრეტი და გულამოკვეთილი ბავშვის სახე ჰქონდა. „მკვლელო! მკვლელო!” – ჩემკენ მოიწევდნენ ბავშვები და დაფდაფებზე ჯოხებს აბრახუნებდნენ.
საშინელმა ბრახუნმა გამომაღვიძა, ოფლში გაწუწული წამოვხტი. თავდაპირველად, კვლავ სიზმარში მეგონა თავი, მაგრამ, რომ მივაყურადე, მივხვდი, კარზე მიბრახუნებდნენ, თან ყვიროდნენ – გააღეთ, მილიციააო.
კარი გავაღე და ოთახში მილიციისა და პროკურატურის ათამდე შეიარაღებული თანამშრომელი შემოცვივდა, რომლებიც გარს შემომერტყნენ, ერთ-ერთმა მათგანმა კი მკითხა:
– პროფესორი პანტელეიმონ ჯაში შენ ხარ?
– „შენ“ კი არა, „თქვენ“ და წესიერად მომართეთ, ახალგაზრდავ! – გავაპროტესტე უცნობი ძალოვნის თავხედობა, რომელიც, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ჩემი საქმის გამომძიებელი იყო.
– წესიერ მოპყრობას გიჩვენებ, შე ბავშვების მკვლელო! – კბილებში გამოცრა გამომძიებელმა, მერე კი მითხრა: – ბრალი გედება განზრახ მკვლელობასა და ადამიანის ორგანოს უკანონო ტრანსპლანტაციაში.
ძალოვანთა ნაწილი ჩემს ბინაში დარჩა ჩხრეკის ჩასატარებლად, მეორე ჯგუფმა კი, რომელსაც ჩემი საქმის გამომძიებელი ხელმძღვანელობდა, პროკურატურაში მიმიყვანა.
როგორც ჩემ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმიდან ჩანდა, მადანაშაულებდნენ იმაში, თითქოს უპატრონო ბავშვთა სახლიდან წინასწარ შერჩეული ორი ბავშვი მოტყუებით წამოვიყვანე, შემდეგ ერთ-ერთი მათგანი გაგუდვის გზით სიცოცხლეს გამოვასალმე და მისი ჯანმრთელი გული ასევე უპატრონო ბავშვთა სახლიდან გამოტყუებულ მეორე აღსაზრდელს გადავუნერგე. ამ აბსურდული ბრალდების მოტივად კი სამედიცინო ექსპერტი იყო დასახელებული. ანუ, მე, პროფესიული სრულყოფის მიზნით, საშინელ ექსპერიმენტებს ვატარებდი ბავშვებზე.
გამომძიებელმა მოთმინებით დამაცადა ამ ბრალდების წაკითხვა და ბოლოს ჩვეულ სტილში, ირონიულად მკითხა:
– ჰა, როგორია, წყალი არ გაუვა, ხომ?
– ამაზე მეტ სისულელესა და ცილისწამებას ეშმაკიც ვერ მოიფიქრებს! – მივახალე გამომძიებელს.
– რა არის სისულელე, ის, რომ გულამოკვეთილი ბავშვი გაგუდულია, ნაოპერაციებ ბავშვს კი გაგუდული ბავშვის გული აქვს გადანერგილი, თუ, ის, რომ ორივე ბავშვი გატაცებულია? – ისევ ირონიულად მკითხა გამომძიებელმა.
– ისაა სისულელე, ახალგაზრდავ, რომ თითქოს მე ჯოჯოხეთურ ექსპერიმენტებს ვატარებ ბავშვებზე და საამისოდ მათ ბავშვთა სახლიდან ვიტაცებ! ბაჩო, რომელსაც მე მძიმეტრავმიანი, გარდაცვლილი შავიძის გული გადავუნერგე, მამიდამისმა მარეხმა მომიყვანა და რეკომენდაცია მათ ძმებმა მელაძეებმა გაუწიეს. მელაძეებმავე მოიტანეს შავიძის ცხედარი ჩემს კლინიკაში გულის გადასანერგად, – ვუთხარი გამომძიებელს, მაგრამ თვითონაც არ მჯეროდა ჩემი სიტყვების, რადგან მივხვდი, რომ სატანურ მახეში ვიყავი გაბმული. მიუხედავად ამისა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მამოძრავებდა და მთელი არსებით ვცდილობდი თავის დაცვას.
– მართლა? – დამცინავად მითხრა გამომძიებელმა, – შენ ამტკიცებ, რომ ნაოპერაციები ბავშვის სახელი ბაჩოა, ხოლო მოკლულისა და გულამოჭრილის გვარი კი – შავიძე? რაც სიცრუეა. ორივე ბავშვი ამ ერთი თვის წინ უპატრონო ბავშვთა სახლიდან გაუჩინარდა და მათ მილიცია ეძებდა. თანაც, იმ ვითომ ბაჩოს სინამდვილეში ნოდარი ჰქვია, ხოლო იმ ვითომ შავიძის გვარი კი თეთრაძეა. რაც შეეხება ვიღაც მითიურ მამიდას, სახელად მარეხს, როგორც ეტყობა, ის შენ მიერაა მოგონილი ჩვენთვის თავგზის ასაბნევად. ძმები მელაძეები კი ვერანაირად ვერ მიიღებდნენ შენს დანაშაულში მონაწილეობას, რადგან, იმ მომენტისთვის, ორივე მოსკოვში იყო წასული, ანუ, ისინი ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ თბილისში.
ამ მონოლოგის შემდეგ გამომძიებელმა ცხვირწინ ამიფრიალა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ეწერა, რომ გულამოკვეთილი თეთრაძე ასფიქსიით იყო გარდაცვლილი. აგრეთვე, ბავშვთა სახლიდან გაუჩინარებული ბავშვების სურათები მანახვა, რომლებსაც მათზე ძებნის გამოცხადების ბრძანება ერთვოდა თან. სურათებზე გულამოკვეთილი და გულგადანერგილი ბავშვების სახეები იყო აღბეჭდილი. გამოდიოდა, რომ ფორმალურად გამომძიებელი მართალი იყო. ერთი სიტყვით, ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო „გაჩალიჩებული” და წყალი არ გაუვიდოდა, რომ ყველაფრის შემოქმედნი ძმები მელაძეები იყვნენ. მიუხედავად ამისა, თავის დახსნის საკმაოდ კარგი შანსი მქონდა, კონკრეტულად კი, ის, რომ ჩემს უფროს ექთანსა და იმ სამ ასისტენტს, რომლებიც ტრანსპლანტაციას ესწრებოდნენ, უნდა დაედასტურებინათ, რომ ოპერაციის დაწყების მომენტში მელაძეები ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ. ამით გამოძიების მიერ ჩემ მიმართ აგებული ბრალდება კარტის სახლივით დაიშლებოდა და გამამართლებდნენ. ამიტომ, მე ჩემი უფროსი ექთნისა და ასისტენტების მელაძეებთან დაპირისპირება მოვითხოვე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ისინი სიმართლეს იტყოდნენ, ყველაფერი გაირკვეოდა და უკანონო პატიმრობიდან გამათავისუფლებდნენ. თუმცა, სრულიად საპირისპირო რამ მოხდა – ჩემმა უფროსმა ექთანმაც და ასისტენტებმაც კატეგორიულად უარყვეს მელაძეების ყოფნა საოპერაციოში.
– რას ბრძანებთ, ქალბატონო თინა! – ვუთხარი ჩემს უფროს ექთანს, რომელსაც ბოლომდე ვენდობოდი, რადგან ჩემთან ერთად არაერთი წარმატება გაუზიარებია, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტი იყო და პატიოსანი ადამიანი მეგონა, – ყურადღებით დააკვირდით სახეებზე. ნუთუ მართლა არ გახსოვთ, რომ ეს ხალხი იმყოფებოდა ჩვენთან ერთად საოპერაციოში, ნუთუ მათ სახეებს ვერ ცნობთ?
თინამ ირონიულად აიჩეჩა მხრები და მომიგო:
– ამ პატივცემულების სახეებს მე კი არა, მთელი ქვეყანა ცნობს და სწორედ ამიტომ ვადასტურებ ასე დამაჯერებლად, რომ ბატონი ჯიმი და ბატონი ჯონი თქვენ მიერ ჩატარებულ უკანონო ოპერაციას, რომელშიც, სამწუხაროდ, მეც ვიღებდი მონაწილეობას, არ ესწრებოდნენ.
– არ გრცხვენიათ, ქალბატონო თინა? – ნამუსზე შევაგდე უფროსი ექთანი, მან კი ტირილი დაიწყო და აცრემლებულმა მომიგო:
– მრცხვენია, ნამდვილად მრცხვენია, ბატონო პანტე, რომ ასეთ საშინელებაში მივიღე მონაწილეობა! მე თქვენ პატიოსანი კაცი მეგონეთ, ბრმად გენდობოდით და, აბა, რას ვიფიქრებდი, თუ დანაშაულში ჩამითრევდით! დამნაშავე ვარ, დამნაშავე და, მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო ამის გამო!
– ქალბატონო თინა, მე თვითონ არ ვიცოდი, რომ უკანონობას ჩავდიოდი! – ვუთხარი უფროს ექთანს და ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდად მსხდომი ძმებისკენ მივუთითე – აი, ამ ვაჟბატონებმა მომიწყვეს ყველაფერი!
მელაძეებს ხმა არ ამოუღიათ, თინამ კი კოპები შეკრა და ზიზღით მომახალა:
– როგორ არ გრცხვენიათ, პროფესორო, რას კადრულობთ, ეს პატიოსანი ადამიანები რა შუაში არიან? მთელმა ქვეყანამ იცის, რომ თქვენ მათთან დაპირისპირებული ხართ და გინდათ, რომ თქვენთან ერთად ჩაძიროთ? მე მაინც არ ვიყო იმის მომსწრე, თუ რა პირით ლანძღავდით მელაძეებს და, თანაც არაერთხელ!
მელაძეები არასდროს გამილანძღავს. თინა აშკარად ტყუოდა და, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ჩემი უფროსი ექთანი მელაძეებმა მოისყიდეს.
– გონს მოეგეთ, ქალბატონო თინა, ეშმაკს ნუ მიჰყიდით სულს და სიმართლე თქვით! – მოვუწოდე თინას, – წინააღმდეგ შემთხვევაში, იმაზე უარეს დღეში ჩავარდებით, მე რომ ვარ ახლა!
– საცოდავი ბავშვი! – აქვითინდა უფროსი ექთანი, ჩემს სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და გამომძიებელს მიუბრუნდა: – მერწმუნეთ, ჩემო კარგო, ნამდვილად არ ვიცოდი, თუ ის საცოდავი ბავშვი პროფესორმა ჯაყელმა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის დაახრჩო, რომ მისი გული ტრანსპლანტაციისთვის გამოეყენებინა.
– გაგუდა, – შეუსწორა გამომძიებელმა უსირცხვილო ექთანს, რომელსაც ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ ჩემ წინაშე ის ადამიანი იდგა, რომელიც ათი წლის განმავლობაში სრულად იზიარებდა ყველა ჩემს წარმატებას და ის უმწიკვლო ადამიანი მეგონა.
– გაგუდა და გული ამოკვეთა! – გაიმეორა თინამ, ტირილს უმატა და ისე იღვრებოდა ცრემლად, რომ ცხვირსახოცი სულ დაუსველდა.
იგივე გაიმეორა იმ სამმა ასისტენტმაც და გამომძიებელმა ყველანი გაუშვა, შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა:
– ახლა რაღას იტყვი, კიდევ გააგრძელებ იმის მტკიცებას, ეს ყველაფერი მომიწყვესო?
– რა უნდა ვთქვა, ახალგაზრდავ, – ჩამეცინა, – ჩემი მთავარი დანაშაული ისაა, რომ ადამიანებს ვენდობი. ჩემმა მტრებმა კი ეს ბოროტად გამოიყენეს და ჩემ წინააღმდეგ მომართეს. გეტყვით იმასაც, რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებს და, თუ თქვენც ფული გაქვთ აღებული მელაძეებისგან, ისევე, როგორც თინას, გირჩევთ, დროზე მოეგოთ გონს. მერწმუნეთ, ღმერთი სამართლიანია და ყველას თავისას მიუზღავს.
– სულ ესაა შენი სათქმელი? – მკითხა გამომძიებელმა.
– დანარჩენი თქვენ თქვით.
– ვიტყვი კიდეც, – საზეიმოდ განაცხადა გამომძიებელმა, თაბახის ფურცელი აიღო და ჩემ მიმართ წაყენებული ბრალდება ოფიციალურად წამიკითხა. კითხვა რომ დაასრულა, საზეიმოდ გამომიცხადა: ეს დახვრეტაა და, მოხარული ვარ, რომ შენისთანა ნაძირალა გამოვააშკარავე. შენ, პროფესორობას ამოფარებულმა ბოროტმოქმედმა, საკუთარი თავის განდიდების მიზნით, უმანკო ბავშვის სიცოცხლეც კი არ დაინდე, მოკალი და გული ამოჰკვეთე. ჩემი ნება რომ იყოს და კანონი არ მაკავებდეს, ახლავე, აქვე გაგიხვრეტდი შუბლს!
გამომძიებლის საქციელიდან დავასკვენი, რომ მას ფული არ ჰქონდა აღებული და მელაძეების ხელში მხოლოდ ბრმა იარაღს წარმოადგენდა. თუმცა, ეს ჩემთვის დიდი ვერაფერი შეღავათი იყო და საიქიომდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯი მქონდა დარჩენილი, ანუ, სასამართლო, რომელიც უეჭველ სიკვდილს მომისჯიდა და, ბოლოს – დახვრეტას.
ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ვვარაუდობდი და ჩემი სასამართლო, მასმედიაში ჩემ საწინააღმდეგოდ ატეხილი კამპანიის ფონზე გაიმართა. სავარაუდოდ, ამ კამპანიის ნაწილს მელაძეები აფინანსებდნენ ფარულად, მეორე ნაწილს კი ჟურნალისტები აგორებდნენ. სასამართლოს სხდომის ბოლო დღეს კი, როდესაც ჩემთვის განაჩენი უნდა წაეკითხათ, უზენაესი სასამართლოს წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ, რომლებზეც ეწერა: „სიკვდილი ბავშვების მკვლელს!” მათ, ასევე, ჩემი გადახაზული პორტრეტები ეკავათ ხელში, რომლებზეც პირსისხლიანი ვამპირის სახით ვიყავი აღბეჭდილი. ხოლო, როდესაც მოსამართლემ წარმოთქვა ფრაზა – მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯაო, სასამართლო სხდომის დარბაზი მქუხარე ტაშისგან ლამის ჩამოინგრა, ქუჩაში შეკრებილი ხალხი კი სიხარულისგან ისე აგუგუნდა, რომ მათი ხმების რეზონანსმა სასამართლო დარბაზის ფანჯრები ააზანზარა.
სიმართლე გითხრათ, გამოტანილ განაჩენს გულგრილად შევხვდი. რადგან, უკვე წინასწარვე ვიყავი ყველაფერს შეგუებული, ყველაფერი ფილოსოფიურად მქონდა გააზრებული და, 30-40 წლით ადრე მოვკვდებოდი, თუ გვიან, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. იმ წუთებში, ჩემთვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ დარბაზში მყოფ ჩემს ცოლს არაფერი მოსვლოდა. ჩემი მრავალრიცხოვანი ნათესავებიდან, მეგობრებიდან თუ, უბრალოდ, ჩემ მიერ გადარჩენილი ადამიანებიდან, მხოლოდ ცოლმა გამიწია ბოლომდე ერთგულება, მხოლოდ მან ირწმუნა ჩემი და ყველაზე მძიმე განსაცდელში არ მიმატოვა. ყველა დანარჩენმა კი ხელი აიღო ჩემზე და მაშინვე უარმყვეს, როგორც კი ეს ბინძური კამპანია აგორდა. ბუნებრივია, არავის უნდოდა ბავშვის მკვლელად მონათლული ადამიანის დაცვა, მასთან არა მარტო ახლობლობის, არამედ, ნაცნობობის გამხელაც კი და, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ჩემს მზეს იფიცებდა, განზე გამიდგა.
მხოლოდ ჩემი ცოლი, ჩემი ერთგული თამარი გამომყვა ბოლომდე და წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი ჩემს პატიოსნებასა და უდანაშაულობაში. ხოლო, როდესაც განაჩენის გამოცხადებისთვის შემოსულ სასამართლოს დარბაზი ფეხზე წამოუდგა, პირველ რიგში, განცალკევებით მჯდარი ჩემი ცოლი ამაყად, მშვენიერი გედივით ყელმოღერებული იდგა და ისმენდა იმ საშინელ სიტყვებს, რომელიც ჩემთვის სასიკვდილო განაჩენის გამოცხადებით დასრულდა. თამარს წარბიც არ შეუხრია, სიკვდილი რომ მომისაჯეს, სევდიანად გამიღიმა და უსიტყვოდ მანიშნა, ნუ გეშინია, შენთან ვარო. შემდეგ კი ეს სიტყვებითაც დაადასტურა და იმ ერთწუთიან მონაკვეთში, რომელიც მოსამართლის წყალობით გამომიყვეს ცოლთან გამოსამშვიდობებლად, მითხრა:
– ნურაფერზე იდარდებ, საყვარელო. ვიცი, რომ სრულიად უდანაშაულო ხარ და ჩემი იმედი გქონდეს. მე შენ არასოდეს დაგივიწყებ, არ გიღალატებ და, რაც მთავარია, ღირსეულ შვილებს გაგიზრდიო.
– თამარ, მისმინე, – ვუთხარი ცოლს და, რადგან დავინახე ჩვენკენ დაძრული ბადრაგი, რომელიც სამუდამოდ დამაშორებდა თამართან, სწრაფად ავლაპარაკდი, – შემომფიცე, რომ ჩემი განაჩენის აღსრულებას არ დაელოდები, ყველაფერს გაყიდი, აქედან ძალიან შორს გაემგზავრები და ბავშვებს აქაურობას გაარიდებ.
– გეფიცები, – მითხრა თამარმა.
– ვის მეფიცები?
– ღმერთს, – თქვა თამარმა, რომელსაც აშკარად შევატყვე, რომ ღმერთი აღარ სწამდა და ვუთხარი:
– ჩემი თავი დაიფიცე!
თამარი ყოყმანობდა, ბადრაგი კი გვიახლოვდებოდა და გავუმეორე:
– დაიფიცე, თამარ, ჩემი თავი დაიფიცე, რომ ყველაფერს სასწრაფოდ გაყიდი და ბავშვებთან ერთად აქაურობას გაერიდები!
მე არ მინდოდა, რომ ჩემს შვილებს მამის სიკვდილით დასჯით გამოწვეული სასიხარულო აჟიოტაჟი ენახათ, რასაც მასმედია ყოველდღიურად უკეთებდა აფიშირებას. ინფორმაციებს ამის შესახებ რეგულარულად ვიღებდი ციხეში, რადგან, ციხეში არაფერი იმალება. მე, აგრეთვე, არ მინდოდა, რომ ჩემი შვილები გაბოროტებულიყვნენ, ბოღმა ჩაედოთ გულში და ჩემი დამღუპველებისთვის სამაგიეროს გადახდის სურვილით აღზრდილიყვნენ. სამაგიეროს გადახდა ღმერთს მივანდე, შვილები კი დავინდე და სწორედ ამიტომ ვთხოვდი თამარს ჩემი თავის დაფიცებას, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ფიცს არ გასტეხდა.
ბადრაგი უკვე ხუთიოდე ნაბიჯში იყო, როდესაც თამარს კიდევ ერთხელ ვუთხარი:
– ჩემი თავი დაიფიცე, თამარ!
– შენს თავს ვფიცავ, საყვარელო, – თქვა თამარმა და პაუზა გააკეთა. ბადრაგი კი ერთ ნაბიჯში იყო ჩემგან, სადაცაა ხელს ჩამავლებდა, პატიმრებისთვის განკუთვნილი გვირაბისკენ წამიყვანდა და სამუდამოდ დამაშორებდა თამართან, მაგრამ მას უცებ ფეხი გადაუბრუნდა და იატაკზე გაიშხლართა. ამიტომ, რამდენიმე წამი კიდევ მქონდა და თამარს ვუთხარი:
– ფიცავ, ხომ?
– ვფიცავ, საყვარელო, რომ ბავშვებთან ერთად სამუდამოდ მოვშორდები ამ დაწყევლილ ადგილს და არასოდეს დაგივიწყებ, – მითხრა თამარმა და კისერზე მომხვია ხელები, გისოსებისკენ მიმიზიდა და უნდოდა, უკანასკნელად ეკოცნა ტუჩებში, რომ გაბრაზებულმა ბადრაგმა არ გვაცალა, ხელი ჩამავლო და გვირაბისკენ წამიყვანა, თან ირონიულად მომიგდო: – „რა დროს ზასაობაა, სულ მალე სიკვდილის ბუზი დაგაჯდება”!
ორი კვირის შემდეგ, უცნაური სიზმრები დამჩემდა. დავხუჭავდი თუ არა თვალს, მესიზმრებოდა, რომ ჩემი ერთადგილიანი საკნის კარს აღებდნენ, ვიღაცას ხელბორკილდადებული გრძელი დერეფნით მივყავდი და, პატარა, უფანჯრებო ოთახში რომ შევდიოდი, ცივი ხმა მესმოდა: „შეწყალებული ხართ, სიცოცხლის უფლება მოგეცათ, მაგრამ, იდუმალ დღემდე უნდა იტანჯოთ და მხოლოდ ამ იდუმალი დღის დადგომისას გათავისუფლებთ საბოლოო სასჯელისგან!”
სიზმარს რომ ვაანალიზებდი, ვასკვნიდი, რომ ნაწილობრივ ჩემი დახვრეტის პროცესი მესიზმრებოდა, შეწყალება კი ჩემი ქვეცნობიერის მიერ სასურველის რეალობად გასაღებას ნიშნავდა. იდუმალ დღემდე ტანჯვასა და თავად იმ იდუმალ დღეზე არ ვფიქრობდი და არანაირ მნიშვნელობას კი არ ვანიჭებდი.
ერთ დღეს, როდესაც თვალი დავხუჭე და უკვე შეჩვეული სიზმრის კადრები „ჩაირთო“, ჩემი საკნის კარი მართლაც გაიღო და ხელბორკილები დამადეს.
„როგორც ეტყობა, დასახვრეტად მივყავარ, ამიხდა სიზმარი”, – გავიფიქრე გუნებაში და ყოველგვარი ზედმეტი აღელვებისა და სინანულის გარეშე გავყევი ბადრაგს.
ცხადშიც ზუსტად ის გრძელი დერეფანი გავიარე, რომელსაც სიზმარში ვხედავდი ხოლმე და ნაცნობ, პატარა და უფანჯრო ოთახში შევედი, სადაც, ჩემი აზრით, ჩემი სიცოცხლე უნდა დასრულებულიყო და, კეფაში გამოშვებული ტყვიის მოლოდინში, „მამაო ჩვენოს” კითხვას შევუდექი. მაგრამ, ტყვიის ნაცვლად, უცნობი მამაკაცის ხმა მომესმა:
– გამარჯობა, პროფესორო!
მე მიბრუნება დავაპირე, მაგრამ იმავე ხმამ შემაჩერა:
– არ მობრუნდეთ, ადგილზე დარჩით და ყურადღებით, უხმოდ მომისმინეთ. პასუხი კი მაშინ გამეცით, როცა შეგეკითხებით.
უცნობმა მამაკაცმა პაუზა გააკეთა და, რადგან მისგან ლაპარაკი მქონდა აკრძალული, ხმა არ ამომიღია, დაველოდე. მან კი ჩაახველა და მითხრა:
– ჩვენ ახლა დასახვრეტ ოთახში ვიმყოფებით. თქვენი დახვრეტა 24 საათის შემდეგ, ხვალ გამთენიისას არის დანიშნული. თუმცა, მე შევძელი და ეს პროცესი შევაჩერე: ხვალ თქვენ მოსკოვში გადაგაფრენენ, სერბსკის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში გამოკვლევას ჩაგიტარებენ და შეურაცხადად გცნობენ, რომ სასიკვდილო განაჩენი ფსიქიატრიული კლინიკით შეგიცვალონ. ხოლო, ეს რომ მოხდეს, მე უნდა მოვინდომო, მე კი რომ მოვინდომო, თქვენით უნდა ვიყო კმაყოფილი. რას იტყვით, როგორი წინადადებაა?
კითხვა დასმული იყო, შემეძლო ხმის ამოღება და უცნობს ვკითხე:
– ასე რომ მოხდეს, რა უნდა გავაკეთო?
– შვილი უნდა გადამირჩინოთ სიკვდილს, – დამიკონკრეტა უცნობმა. არ გამჭირვებია იმის მიხვედრა, რომ უცნობის შვილს გულის პრობლემები ჰქონდა და ვკითხე:
– რა სჭირს თქვენს შვილს?
– გული აქვს საოპერაციო, – მომიგო უცნობმა, – უფრო სწორად კი, ტრანსპლანტაცია სჭირდება.
– ტრანსპლანტაცია? – გავიმეორე მე.
– დარდი ნუ გაქვთ, პროფესორო, – მითხრა უცნობმა, – დონორი გული უკვე გვაქვს და ახალ საგულეს ელოდება. თანაც, სრულიად კანონიერი გზითაა მოპოვებული და საამისოდ არავინ მოუკლავთ. თუ შეძლებთ და ჩემს შვილს გადაარჩენთ, მინიმუმ, საგიჟეთი გაქვთ გარანტირებული, სიკვდილს ასცდებით და მერე ღმერთმა უწყის, რა მოხდება, შეიძლება, თავისუფლებაც კი მიიღოთ.
– თუ ვერ მოვახერხე თქვენი შვილის გადარჩენა, მაშინ?
– მაშინ სასამართლოს განაჩენი აღსრულდება და აქ, აი, ამ ოთახში დაგხვრეტენ! – კბილებში ბოროტად გამოსცრა უცნობმა, კეფაზე პისტოლეტი მომადო, ჩახმახი გადასწია, სასხლეტს თითი გამოჰკრა და ნემსმა რომ სიცარიელეში დაიტკაცუნა, მითხრა: – ახლა აქ ტყვია არ დევს, მაგრამ, გპირდებით, რომ თუკი ჩემი შვილი მოკვდა, ყველაზე მსხვილ ტყვიას ჩავდებ მჭიდში და მის კვალს გაგიყენებთ.
მე არ ვიცი, ვინ იყო ის კაცი და ამის შესახებ დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ, უდავო იყო, რომ მას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, ძალიან უნდოდა, რომ მის შვილს ეცოცხლა და აუცილებლად ამისრულებდა დანაპირებს. ანუ, თუ შვილს ვერ გადავურჩენდი, მომკლავდა, თუ გადავურჩენდი – მაცოცხლებდა.
სიმართლე გითხრათ, სიკვდილის არც მანამდე შემშინებია და არც მაშინ. იმ მომენტში კი, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, პროფესიულმა ჟინმა შემიპყრო და, რადგან 100 წარმატებული ტრანსპლანტაცია მქონდა გაკეთებული, უცებ მომინდა, ეს რიცხვი ერთით კიდევ გამეზარდა. უცნობს ვკითხე:
– რა ასაკის და სქესისაა თქვენი შვილი და ზუსტი დიაგნოზი მაინტერესებს.
– თორმეტი წლის ბიჭია, – მითხრა უცნობმა და, დიაგნოზიც რომ შემატყობინა, თავი გავიქნიე:
– გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს.
– საერთოდ არ არსებობს? – ხმის კანკალით მკითხა უცნობმა, რომლის ომახიანობა და თავდაჯერებულობა უცებ სადღაც გაქრა.
– 5 პროცენტი 95-ის წინააღმდეგ, – მშვიდად ვუთხარი უცნობს, – ეს ისეთი ურთულესი დაავადებაა, რომ პაციენტი ტრანსპლანტაციის დროს იღუპება. მსოფლიოში ჯერ არ დაფიქსირებულა ამ ტიპის ოპერაციის დადებითი შედეგი. სულ თორმეტი ასეთი ოპერაცია ჩატარდა, რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა წარუმატებელი იყო და ავადმყოფები პირველი ნახევარი საათის განმავლობაში დაიღუპნენ. თუმცა, სანამ 0,1 პროცენტიც კი არსებობს, რომ ოპერაციული ჩარევა წარმატებას მოიტანს, ოპერაცია უნდა გაკეთდეს, წარმატების 0,1 პროცენტი კი ყოველთვის არსებობს და, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ტიპის რიგით მეცამეტე ოპერაცია წარმატებით ჩაივლის.
– ჩემი პირობა ძალაშია. წავედი და ორივეს ღმერთმა ხელი მოგვიმართოს, – მითხრა უცნობმა და წავიდა.
მე საკანში დამაბრუნეს. მეორე დღეს კი უთენია გამომიყვანეს საკნიდან, ჯერ სამოსი გამომიცვალეს, შემდეგ შავი ფერის, დამუქებულშუშებიან მანქანაში ჩამსვეს და ორთაჭალის ციხიდან აეროპორტისკენ წამიყვანეს. აეროპორტის ტრასაზე რომ გავედით, უცებ შავტუხა, დაბალ და ბანჯგვლიან მარეხს მოვკარი თვალი, რომელიც გზის განაპირას იდგა მოკლე კაბაში გამოწყობილი. იმ ჯოჯოს დანახვაზე ავწრიალდი და თვალი გავაყოლე. ჩემმა თანმხლებმა პირმა შენიშნა ეს და მკითხა:
– ვინმე ნაცნობი დაინახეთ?
– გზის პირას რომ მოკლეკაბიანი გოგონა იდგა, ერთ ნაცნობში შემეშალა, – ვიცრუე.
– იქნებ, არც შეგეშალათ და მართლა იცნობთ, – მითხრა თანმხლებმა, – აქ ხომ სამმანეთიანი ბოზების ბირჟაა და, თუკი ოდესმე დაინტერესებულხართ იაფფასიანი წაკლებით, აქ აუცილებლად იქნებით ნამყოფი. ერთი მეზობელი მყავს, რომელიც აქ ყოველდღე დადის და სულ რაღაც 3 მანეთად იღებს სიამოვნებას.
– არა, გეთაყვა, აქ არასდროს ვყოფილვარ, – ვუთხარი თანმხლებს, გუნებაში გავიფიქრე: „ასეც ვიცოდი, რომ ეს ბანჯგვლიანი მარეხი სამმანეთიანი ბოზი იქნებოდა”.
იმავე დღეს მოსკოვში გადამაფრინეს და შუა დღეს ოდნავ იყო გადაცილებული, როდესაც ჩემს თანმხლებ პირთან ერთად შერემეტიევოს აეროპორტიდან ასევე შავმინებიანი მანქანით გამოვემგზავრეთ ქალაქისკენ. ერთი საათის შემდეგ ტყეში ჩადგმულ ფეშენებელურ აგარაკზე მივედით.
– პროფესორო, – მითხრა ჩემმა თანმხლებმა მწვანედ შეღებილ, სამსართულიან ხის სახლში შესვლის წინ, – საოპერაციო ბავშვი მესამე სართულზეა, სადაც ყველაფერი მზადაა ოპერაციისთვის. იქვე არიან თქვენი ასისტენტებიც, რომლებიც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ. ისინი გაგცემენ ამომწურავ პასუხებს და თქვენს ყველა დავალებას შეასრულებენ. თქვენგან კი მხოლოდ და მხოლოდ მთელი თქვენი ცოდნის მაქსიმალური გამოყენებაა საჭირო. შეგახსენებთ: თუ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, მაშინ იცოცხლებთ.
მესამე სართულზე ავედი და, სანამ პაციენტს ვნახავდი, შხაპი მივიღე. შემდეგ სამოსი გამოვიცვალე, საოპერაციო ტანსაცმელში გამოვეწყვე და ბავშვის გასასინჯად შევედი,
12 წლის ხუჭუჭთმიანი ბიჭი ფართო ლოგინზე იწვა, იღიმებოდა და, როგორც ყველა მის დღეში მყოფ ავადმყოფს, სახეზე ეწერა, უმძიმესი სენი რომ სჭირდა. მე მას მივეფერე, გავსინჯე და რუსულენოვან ასისტენტებს სასწრაფოდ საოპერაციოდ მომზადება ვუბრძანე. შემდეგ ვიტამინიზებულ ხსნარში მოთავსებული გული შევამოწმე, რომელიც მშვენიერ მდგომარეობაში აღმოჩნდა და, მას მერე, რაც ხელები სათანადოდ დავიმუშავე. უკვე მძინარე ბავშვთან შევედი.
ოპერაცია 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო, ყველაფერმა ბრწყინვალედ ჩაიარა და ბავშვი გადარჩა. მთელი კვირა მის ლოგინს არ მოვშორებივარ. გვერდით მყავდნენ ასისტენტებიც, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ მაღალი კვალიფიკაცია ჰქონდათ და ლომის წილი მიუძღოდათ ბავშვის გადარჩენაში.
ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ, ჩემს თანმხლებ პირს, რომელიც წამითაც არ მომშორებია გვერდიდან, ვუთხარი – ყველაფერი რიგზეა. ბავშვი გადარჩა და გარანტიას ვიძლევი, რომ დიდხანს იცოცხლებს. მე კი აქ საჭირო აღარ ვარ, ახლა ჩვეულებრივი კარდიოლოგიც კი შეძლებს მის მოვლას-მეთქი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში