დახურული საქმე
აგათა კრისტი
ლედი გრელისს, მას შემდეგ რაც, „ფეიუმის“ გემბანზე ავიდა, ყველაფერი აღიზიანებდა. გემზე მასთან ერთად იყვნენ: ქმარი – სერ ჯორჯი, ქმრის ნათესავი – პამელა, მომვლელი – მის მაკნოუტონი და ქმრის პირადი მდივანი, – ბეზილ უესტი. უესტი ერთადერთი იყო, ვისაც „ქარიშხალი“ გვერდს უვლიდა, ისეც მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე გაბრაზება შეუძლებელი იყო. მის ღიმილს წინ ვერავინ დაუდგებოდა. სხვა ყველა, ლედი გრელისს დაცოფილი ჰყავდა. მათ შორის, თარჯიმანი მუჰამედიც, რომელსაც ყველაზე მეტი ხვდებოდა. ამიტომ, საკმარისი აღმოჩნდა, გემზე უცნობი შეენიშნა, რომ ლედი გრელისი მაშინვე მუჰამედს ეცა.
– ოფისში მითხრეს, რომ ჩვენ აქ მარტონი ვიქნებოდით – სეზონი მთავრდება და მეტი არავინ მოემგზავრებაო.
მუჰამედი ეცადა აეხსნა, რომ დამნაშავე იმაში არავინ იყო – ადამიანმა ბოლო წუთს გადაწყვიტა გამომგზავრება და თანაც, უცნობი წესიერი ჯენტლმენი გახლდათ, ლედი გრელისი მაინც არ ცხრებოდა. ქმრისგან მოითხოვდა, უცნობი გემიდან გაეძევებინა. სერ ჯორჯს ცოლის დანაბარები მის მაკნოუტონმა გადასცა. კაცი ძალიან შეწუხდა. აბა, ადამიანს გემიდან როგორ გააგდებდა? ის იყო მის მაკნოუტონი უკან გაბრუნდა, რომ მალე თეთრებში გამოწყობილი პამელა გამოჩნდა. ბიძამ ძმისშვილს მძივები აჩვენა, რომელიც ცოლისთვის იყიდა.
– როგორ ფიქრობ, მოეწონება?
– მას არასდროს არაფერი მოეწონება. ვერ წარმომიდგენია, მასზე საერთოდ როგორ დაქორწინდი. მასთან ერთად ცხოვრება ხომ წამებაა. დარწმუნებული ვარ, მის მაკნოუტონიც ფიქრობს, რომ შენი ცოლი სიმულიანტია.
სერ ჯორჯი მოიღუშა. მის თვალწინ ჩაიქროლა წარსულის სურათებმა: მუდმივი წაგება დოღზე, აბეზარი კრედიტორები, მომხიბვლელი და მდიდარი, თუმცა ძალაუფლების მოყვარე ქალი...
– ვერც წარმომიდგენია, რას ვიზამდით, მის მაკნოუტონი რომ არ იყოს.
– კი, მან თავისი საქმე იცის, – დაეთანხმა პამელა, – თუმცა, მე მისით შენსავით აღფრთოვანებული არ ვარ... შენ იგი სრულყოფილებად მიგაჩნია. შეიძლება ასეცაა, მაგრამ მაინც ჩუმ-ჩუმელა მგონია. ვერასდროს მიხვდები, გულში რა უდევს.
სერ ჯორჯმა მაშინვე შეცვალა თემა:
– რა ვუყოთ ამ უცნობს? ბიცოლაშენს მისი დანახვაც არ უნდა.
– არა უშავს, გადაიტანს, – ცივად უპასუხა პამელამ, – ჩემი აზრით, ნორმალური ადამიანია. ვინმე პარკერ პაინი. მგონი, სადღაც გამიგია ეს სახელი. ბეზილ! – ქალი შემოსწრებული მდივნისკენ შებრუნდა, – სად შეიძლებოდა, შემხვედროდა სახელი პარკერ პაინი?
– „თაიმსის“ პირველ გვერდზე, საყვარელო, განცხადებების სვეტში, – არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, – „ბედნიერი ხართ? – თუ არა, მიმართეთ მისტერ პარკერ პაინს“.
სალონში მისტერ პარკერ პაინი შემოვიდა. უკვე საყელოს იხსნიდა, როდესაც სარკესთან წერილი შენიშნა. გახსნა და წაიკითხა: „ღრმად პატივცემულო სერ. ძალიან დამავალებთ, თუ აბიდოსის ტაძრის მონახულებისგან თავს შეიკავებთ და გემზე დარჩებით. თქვენი კონსულტაცია მჭირდება. მზად ვარ ასი ფუნტი გადაგიხადოთ. თქვენი არიადნა გრელისი“
თავიდან ლედი გრელისი რაღაც გაურკვევლად ლაპარაკობდა. ვერაფრით ბედავდა საქმეზე გადასვლას. ბოლოს პარკერ პაინს სთხოვა, რასაც აქ ვიტყვი, ყველაფერი ჩვენს შორის უნდა დარჩესო და დაიწყო:
– მე მინდა, ვიცოდე, ქმარი ჩემს მოწამვლას ცდილობს, თუ არა.... რაღაც-რაღაცეები ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. როგორც კი ჯორჯი მიემგზავრება, მე უკეთ ვხდები. თავს აშკარად უკეთ ვგრძნობ. ამას რაღაც ახსნა უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ზუსტად უნდა ვიცოდე.
– მაპატიეთ, ლედი გრელის, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ყველაფერს არ ამბობთ, – უთხრა პარკერ პაინმა, ჩემთვის საინტერესოა, თქვენ რას მთხოვთ. გინდათ, რომ მე თქვენი ეჭვები დავადასტურო, თუ პირიქით, უარვყო?
ლედი გრელისი ასეთი პირდაპირობისგან დამუნჯდა. ოთახი გაცეცხლებულმა დატოვა. წუთიც არ იყო გასული, რომ პაინთან მის მაკნოუტონი შემოვიდა. როდესაც დარწმუნდა, რომ ლედი გრელისი იქ არ იყო პარკერ პაინს უთხრა:
– რჩევა მჭირდება, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. საერთოდ, ჩემი პაციენტების განსჯა არ მჩვევია, მაგრამ ახლა ეს აუცილებელია. ლედი გრელისს მოსწონს, იფიქროს, რომ ავად არის, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ის ტანჯვა, რომელსაც ლედი გრელისი ახლა განიცდის, აბსოლუტურად რეალურია. მეჩვენება, რომ მის მოწამვლას ცდილობენ.
– რა ზომებს მიმართეთ?
– ახლა ყველაფერს ვამოწმებ, რასაც კი ჭამს, ან სვამს.
მის მაკნოუტონი წავიდა და მისტერ პარკერ პაინი ფიქრებში ჩაიძირა. ლედი გრელისი მან მხოლოდ საღამოს ნახა, როდესაც სალონში შევიდა. ქალი ეწეოდა და უყურებდა, როგორ იწვოდა საფერფლეში რაღაც ქაღალდი, რომელიც წერილს ჰგავდა. მან პარკერ პაინს ყურადღება საერთოდ არ მიაქცია.
ღამით მისტერ პარკერ პაინი გააღვიძეს. ეს მუჰამედი იყო.
– ლედი ავადაა. მომვლელი ძალიან შეშინებულია, ექიმს ვერ ვპოულობ.
მისტერ პარკერ პაინმა სასწრაფოდ ჩაიცვა. ლედი გრელისის კაიუტასთან ბეზილ უესტთან ერთად მივიდა. სერ ჯორჯი და პამელა უკვე შიგნით იყვნენ და დამწუხრებულნი შესცქეროდნენ, როგორ ცდილობდა მის მაკნოუტონი თავისი პაციენტის გადარჩენას. როდესაც მისტერ პარკერ პაინი კაიუტაში შევიდა, ყველაფერი დამთავრებული იყო. უბედური ქალის სხეული დაიკრუნჩხა, წამით გაშეშდა და უკან გადავარდა. კაიუტიდან სერ ჯორჯი გამოვიდა. იფიქრებდით, ახლა წაიქცევაო.
მისტერ პარკერ პაინი კაიუტაში შევიდა.
– სტრიქნინია? – იკითხა მან.
– დიახ. ეს კრუნჩხვები... შეცდომა შეუძლებელია. ღმერთო, არ მჯერა!
მოულოდნელად მისტერ პარკერ პაინი გაშეშდა. რაღაც გაახსენდა. სასწრაფოდ გამოვარდა კაიუტიდან და სალონში შევიდა. ეგრევე საფერფლეს ეცა. ხელი ჩაყო და მხოლოდ ქაღალდის მცირე ნაგლეჯი იპოვა, რაზეც რამდენიმე სიტყვას თუ გაარჩევდით: „ოცნებათა მხარ.... რომ წაიკითხავ დაწვი!“
***
მისტერ პარკერ პაინი ქაიროში თავისი ნაცნობი ჩინოვნიკის კაბინეტში იჯდა.
– ყველაფერი ემთხვევა, – დაფიქრებით ჩაილაპარკა ჩინოვნიკმა, – ლედი გრელისი ჭიქა „ბავრილს“ ითხოვს. მომვლელი მას ამზადებს. ლედი გრელისი ხერესის ჩამატებასაც ითხოვს. სერ ჯორჯი ხერესს აწვდის და ორ საათში ქალი კვდება. სტრიქნინის ერთ პაკეტს სერ ჯორჯის კაიუტაში ვპოულობთ, მეორეს – მისი პიჯაკის ჯიბეში. სტრიქნინის მარაგი მომვლელ ქალს ჰქონდა, რომელიც აცხადებს, რომ რამდენიმე პაკეტი მართლაც დაიკარგა.... ჩემი აზრით, ისინი ერთად მოქმედებდნენ. ერთმანეთის მიმართაც გულგრილნი არ არიან.
– შეიძლება, მაგრამ იმ ქალს, რომ ამაში მონაწილეობა მიეღო, უფრო პროფესიონალურად იმოქმედებდნენ, ბოლოს და ბოლოს, ის ხომ მედიკოსია, – უთხრა მისტერ პარკერ პაინმა.
– ვნახოთ, აქ რისი გაკეთება შეიძლება.
მან ჯერ პამელა მოძებნა.
– ბიძაჩემი ამას არასდროს გააკეთებდა, – აღშფოთდა გოგო, – ვფიქრობ, ლედი გრელისმა ეს თავად გააკეთა. ბოლო დროს საოცრად უცნაურად იქცეოდა... ათას სისულელეს ამბობდა... მიგვანიშნებდა, რომ მასსა და ბეზილს შორის რაღაც ხდებოდა. არადა, მე და ბეზილი ერთად ვართ. მე მგონია, რომ იგი საკუთარ ქმარზე იყო გაბრაზებული და ეს ისტორია იმიტომ მოიგონა. შემდეგ ბიძაჩემს ჯიბეში სტრიქნინი ჩაუდო და თავი მოიწამლა. ხომ მომხდარა ასეთი რამეები?
– მომხდარა, მაგრამ ეს მის სტილში არ არის. წავალ, მისტერ უესტს დაველაპარაკები, – თქვა მისტერ პაინმა.
ახალგაზრდა კაცი სიამოვნებით ალაპარაკდა:
– კარგად მესმის, რა უცნაურადაც ჟღერს, მაგრამ იმ ქალს უბრალოდ შევუყვარდი. ამიტომაც, ჩემსა და პამელას შესახებ ვერაფერი ვუთხარი. სერ ჯორჯს ჩემს თავს მაშინვე გააგდებინებდა.
– ვფიქრობ, აღიარება თქვენთვისვე იქნება უკეთესი, – უთხრა მისტერ პარკერ პაინმა.
ბეზილ უესტმა თვალები დაჭყიტა.
– მე? რას ბოდავთ! ამით რისი თქმა გსურთ?
– ძვირფასო ახალგაზრდავ, – ჩაილაპარაკა მისტერ პაინმა, თითქმის მამაშვილური ტონით, – მე ხომ ისედაც ყველაფერი ვიცი. ვიცი, როგორ აუბნიეთ თავგზა მდიდარ ლედის, როგორ იტანჯებოდა ის სინდისის ქენჯნით და როგორ შეგიყვარდათ მისი ლამაზი, მაგრამ ღარიბი ნათესავი. შემდეგ გადაწყვიტეთ ლედი გრელისის თავიდან მოშორება და ჭიქაში სტრიქნინი ჩაუყარეთ. მის სიკვდილს გასტროენტეროლოგს, ან სერ ჯორჯს დააბრალებდნენ. იმაზეც იზრუნეთ, რომ ქალის შეტევები ქმრის გვერდით ყოფნას დამთხვეოდა. მოულოდნელად აღმოაჩინეთ, რომ ლედიმ რაღაც იეჭვა და ეს ეჭვები მეც გამიზიარა. გეგმა მაშინვე შეცვალეთ. მის მაკნოუტონის აფთიაქიდან სტრიქნინი მოიპარეთ. შემდეგ ერთი სერ ჯორჯის ჯიბეში ჩადეთ, მეორე მის კაიუტაში დააგდეთ, დანარჩენი კი განწირულ ქალს გაუგზავნეთ, თან დაარწმუნეთ, რომ ეს ფხვნილი მას „ოცნებათა მხარეში“ ამოგზაურებდა. ძალიან ცინიკურია, მაგრამ ლედი გრელისს ეს რომანტიკულად მოეჩვენა. მომვლელის წასვლის შემდეგ ხსნარი დალია. ასე რომ, ვერავინ ვერაფერს მიხვდა, მაგრამ, ეს თქვენი აზრით. საშინელი შეცდომა დაუშვით, როცა დაიჯერეთ, რომ ლედი გრელისი თქვენს სასიყვარულო წერილს დაწვავდა. იგი ამას არაფრის დიდებით არ გააკეთებდა! შედეგად კი მე თქვენი წერილების მთელი შეკვრა მერგო, მათ შორის ბოლოც, სადაც თქვენ მას „ოცნებათა მხარეში“ გასეირნებას სთავაზობდით.
ბეზილ უესტს სახე გაუმწვანდა. მთელი მისი მომხიბვლელობა სადღაც გაქრა.
– ჯანდაბა! – იყვირა მან, – ყველაფერი იცი, დამპალო მეძებარო!
მან წინ წამოიწია და მისი თავდასხმისგან მისტერ პარკერ პაინი კარს უკან წინასწარ დამალული მოწმეების გამოჩენამ იხსნა, რომლებმაც ყველაფერი გაიგონეს.
მოგვიანებით, უკვე დახურულ საქმეს მისტერ პარკერ პაინი თავის ნაცნობ ქაიროელ ჩინოვნიკთან ერთად განიხილავდა:
– ფაქტობრივად, მთელი ეს ისტორია გამოვიგონე და პირდაპირ მოვუყევი ბეზილს. არადა, იმუშავა! წერილებმა მას ბოლო მოუღო. ამ დროს კი ლედი გრელისმა ყველაფერი დაწვა, მაგრამ მან ხომ ეს არ იცოდა.
– ძმისშვილი მეცოდება, – შენიშნა ჩინოვნიკმა.
– გადაიტანს, – მკაცრად თქვა მისტერ პარკერ პაინმა, – ახალგაზრდაა. მე უფრო სერ ჯორჯზე ვდარდობ, ცოლი მაინც უყვარდა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მის მაკნოუტონი მასზე იზრუნებს.