ღამის საჩუქარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26–32(502)
როცა მოულოდნელობას რეალობად და ყოველდღიურობად მიიჩნევ და სურვილი გაქვს, მუდამ ასე იყოს, როგორც ერთხელ წარმოდგენილი შემთხვევითობის გამო მოხდა, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. ოღონდ, არ იკითხოთ, რატომ. გონებას ძალა დაატანეთ და ისედაც მიხვდებით. ამოცანა საკმაოდ მარტივია. ერთუცნობიანობაზეც კი ძლივს ქაჩავს. ანუ, ნუ დაელოდებით ვიღაც სხვას, რომ თქვენ ნაცვლად გასცეს პასუხი კითხვებს, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში თუ ყოფიერებაში ჩნდება. ისინი ყოველთვის იარსებებენ, მთავარია, ჩვენ ვიყოთ მზად მათ დასახვედრად.
... ლაშა პირველი მივიდა ტელეფონის აპარატთან და ყურმილი აიღო... ვახო ურეკავდა, მისი ხმა იცნო, აპარატი მკერდზე მიიხუტა, ლოჯში გავიდა და იატაკზე დაგებულ ხალიჩაზე მოკალათდა.
– ალო, ჰო, გისმენ... მე ვარ... ლაშა... რა ხმა მაქვს?! უბრალოდ, ჩუმად ვლაპარაკობ... აბა, ამ დილაუთენია ქვეყანას ხომ არ შევყრი. ლიკას ისევ სძინავს. როგორ უნდა ვიყო... – ლაშამ ამოიოხრა, – ყველაფერი ძველებურად არის. არაფერი შეცვლილა, თორემ... წარმოდგენა არ მაქვს... შენ მოიფიქრე რამე? რა ბალიში, სულ აურიე? რა თქმა უნდა, ძალიან ჩვეულებრივი. ბალიში მაქვს. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ეგ არაფერ შუაშია. ეგ კი არა, საერთოდაც დივანზე მეძინა, ყოველგვარი ლეიბისა და ბალიშის გარეშე... აუ, ვახო, შენ რა, ჯერ კიდევ გძინავს? გამოფხიზლდი. საწოლი როგორ არ მექნება სახლში, მაგრამ ლიკასთან ვიყავი ნაჩხუბარი და გარეთ გამომაბრძანა... – ლაშა ერთბაშად გაჩუმდა და ჩაფიქრდა.
– ე, ლაშა, არ მისმენ, გელაპარაკები...
– მოიცა, რაღაც მოვიფიქრე, – ჩასჩურჩულა ყურმილს.
– რა მოიფიქრე. არ მითხრა, რომ უნდა შეულოცო...
– რა უნდა შევულოცო, ბიჭო, რომელი შამანი მე მნახე. უბრალოდ, ხომ არ ვცადო და დივანზე ხომ არ დავიძინო?!
– ეგ ვითომ უშველის საქმეს? – დაეჭვდა ვახო. ამოცანის ასეთი მარტივი ამოხსნა არარეალურად მოეჩვენა.
– რა ვიცი, რამდენჯერაც ეგ მოხდა, ვიხსენებ და ყველა შემთხვევაში დივანზე მეძინა.
– ბიჭო, ჩვენ, მგონი, ავურიეთ, ხომ იცი?!
– შეიძლება, მაგრამ უკეთესი მირჩიე, აბა, რამე? ყოველ შემთხვევაში, ვცდი.
– პრინციპში, ეგ შეიძლება, – გამოცდილი ფსიქოანალიტიკოსივით ჩაილაპარაკა ვახომ.
– რა შეიძლება?
– რა, და... რომ სცადო. მიდი და ვნახოთ, რა მოხდება.
ლაშას ეწყინა.
– რა უნდა ვნახოთ, ტო... ლაბორატორიის ვირთხა ხომ არ გგონივარ.
– ვირთხა არ ხარ, რა თქმა უნდა, მაგრამ იმასაც ხომ ვერ იტყვი, რომ, უნებლიეთ, ექსპერიმენტის ობიექტად არ იქეცი.
– ვახო, ახლა ნერვებს ნუ ამიშლი.
– ხომ გითხარი, უნებლიეთ-მეთქი. რას „ვარდები“, რაც ეგ შენი საიდუმლო გამანდე, მას მერე მეც ვეღარ ვისვენებ. სულ მაგაზე ვფიქრობ და ვფიქრობ. მგონი, ნელ-ნელა ვგიჟდები. რას მერჩოდი, რა გინდოდა ჩემგან?!
– ახლა საყვედურების დრო არ არის. უკვე „საქმეში“ გადიხარ. მოკლედ, ამ ვარიანტს მოვსინჯავ და გეტყვი, რაც გამოვა. ისე, შენ მაინც იფიქრე.
– რაზე ვიფიქრო, ტო... მე დიზაინერ-გრაფიკოსი ვარ, მკითხავი და ნათელმხილველი კი არა.
– ნუ წუწუნებ. სხვას ვეღარავის ვეტყვი.
– არ ვწუწუნებ. უბრალოდ, ვერ ვხვდები, ამ ყველაფერზე უნდა ვიცინო თუ დავჯდე და სერიოზულად დავფიქრდე, ვისი ხელი ურევია – ღმერთის თუ ეშმაკის.
ლაშამ გაიგონა, როგორ გაიცინა ვახომ.
– ფილოსოფიაში ნუ შევიჭრებით... არ ღირს. მეტისმეტად მატერიალური და არაზეციურია.
– შენ არაზეციური უძახე და...
ლაშამ უცებ ყურმილი ლოყაზე მიიდო და მიაყურადა. ვახოს ხმა ახლა შორიდან ისმოდა.
– ჰო, კარგი, წავედი. მგონი, ლიკამ გაიღვიძა. შემთხვევით ჩვენი საუბარი არ გაიგონოს.
– შენ ადგილას, მე არ დავუმალავდი. სულერთია, მაინც გაიგებს და თუ სხვისგან გაიგებს, გაცილებით უარესი იქნება.
– არა, არა... შენ ლიკას არ იცნობ, ძლივს ურთიერთობა დაგვილაგდა და... ახლა იმას ვფიქრობ, როგორ ვუთხრა, ისევ სასტუმრო ოთახში, დივანზე ვაპირებ დაძინებას-მეთქი...
– ისევ სასტუმრო ოთახში აპირებ დაძინებას? ჩემთან აღარ მოგწონს?
ლაშამ სწრაფად დადო ყურმილი და შებრუნდა. ზურგს უკან ცოლი ედგა და ისეთი თვალებით უყურებდა, კაცს შეაჟრჟოლა. ისეთი განცდა დაეუფლა, როგორც ხაფანგში გამომწყვდეულს და შეეცადა, როგორმე გაეფანტა აშკარად მის გასანადგურებლად შეკრებილი ღრუბელი
– უი, ლიკუშ, ადექი უკვე? ასე ადრე?
ცოლმა ხმა არ გასცა და ლაშა მიხვდა, ქალის ეს დუმილი კარგს არაფერს უქადდა. მაინც მოებღაუჭა ხავსს და ნაძალადევად გაუღიმა.
– რა იყო, საყვარელო, რამე მოხდა?
ლიკა გაფითრდა.
– მოკლედ, შენ სულ დაკარგე სინდისი. თვალებში მიყურებ და იმის კითხვას ბედავ, რა მოხდაო. ვის ელაპარაკებოდი?
– მე? მე ველაპარაკებოდი? – გაიოცა ლაშამ.
– ყურმილი შენ გეჭირა ხელში წუთის წინ და აბა, მე ველაპარაკებოდი?
– ჰო, თანამშრომელმა დამირეკა.
– დილის რვა საათზე?
ლაშამ იგრძნო, რომ სუნთქვა გაუჭირდა. ისევ ტაქტიკის შეცვლა და „იქით შეედავეს“ მეთოდი ამჯობინა.
– ლიკა, მე თანამშრომელს ველაპარაკებოდი. არ გატყუებ და არ ღირს ამაზე აურზაურის ატეხა.
– აჰა, ესე იგი, არ ღირს. ჩემი ქმარი, ვიღაცას ტელეფონით უთანხმდება, რომ ჩემთან აღარ დაწვება და ის არაფერი ყოფილა. შესანიშნავია. უკეთესს ვერაფერს ინატრებს კაცი. ახლავე მითხარი სიმართლე. ისევ შენთვის იქნება უკეთესი.
– საყვარელო, ეს ის არ არის, რაც შენ გგონია.
– ჰმ, იაფფასიანი, ბანალური ფრაზა დაბალხარისხიანი, მდარე მელოდრამიდან. რამე უკეთესი ვერ მოიფიქრე? იცი, ცოტა ადრე მოგივიდა მაგის თქმა. მაგას იცი, როდის ამბობენ ხოლმე? – ლოგინში რომ წაუსწრებენ საყვარელთან ერთად. ჩვენ ჯერ რაღაც ეტაპები გვაქვს გასავლელი.
– ლიკუშ, გეფიცები, მართლა თანამშრომელს ველაპარაკებოდი. როგორ დაგიმტკიცო, რომ არ გატყუებ?
ლიკამ ამოიოხრა და მოულოდნელად ხმამაღლა ატირდა.
– უსინდისო, როგორ არ გრცხვენია? თანამშრომელს უთანხმებდი ჩემთან დაწოლას? გავიგონე, რაც უთხარი. ყრუ კი არ ვარ. არც შტერი ვარ და საერთოდაც, გეყოფა... გეყოფა ჩემი გასულელება.
ლაშა შეეცადა განცვიფრებული სახე მიეღო. გულის სიღრმეში რცხვენოდა თავისი საქციელის, მაგრამ ვერც უკან დაიხევდა, რადგან „შეტოპა“, ბოლომდეც უნდა „გაეტოპა“. თუმცა, ფონის მოძებნა რომ ადვილი არ იქნებოდა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა.
– ლიკა, დამშვიდდი, რა, დამშვიდდი. რაღაც არასწორად გაიგე. თუ გინდა, ტელეფონის ნომერს გეტყვი, დაურეკე იმ ბიჭს და ჰკითხე, რაზე ველაპარაკებოდი.
ლიკამ ცრემლებით სველი სახე ასწია და ქმარს გამანადგურებელი მზერა მიაპყრო.
– ბიჭს ეუბნებოდი, ჩემს ცოლთან დაწოლას, ისევ დივანზე დაძინება მირჩევნიაო? გაგიჟდი?.. ლაშა, უკვე მაშინებ... სერიოზულად გეუბნები, თუ რამე პრობლემა გაქვს, მითხარი. ნუ მაბნევ და ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ. მეტი აღარ შემიძლია.
– რა ვქნა, როგორ დაგარწმუნო, რომ არაფერი ხდება ისეთი, შენ რომ ასე გადაირიო, – ხელები გაშალა ლაშამ, – გეუბნები, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა გაიგონე. სულ ეს იყო. რაღაცას მეკითხებოდა და ვუპასუხე.
– კარგი. ვხედავ, რომ ცდილობ, სულელი გამომიყვანო. გავჩუმდები და აღარ ჩაგაცივდები. ძალიან მარტივად გავარკვევ, მატყუებ თუ არა, – ლიკამ ცრემლით სავსე თვალები ხელისგულით მოიწმინდა, – ვნახავ, ამაღამ რას მოიმოქმედებ. თუ დივანზე მოინდომებ დაძინებას, სალაპარაკო აღარაფერი გვექნება. უფრო სწორად, მე აღარ მექნება არაფერი სათქმელი. შენ კი...
ლაშას გული შეუქანდა. მაგრამ ახლა რამის თქმა თვითმკვლელობას უდრიდა.
– საყვარელო... რა მგრძნობიარე გახდი. ძალიან შეიცვალე...
ლიკამ ჩაიცინა.
– შენს ხელში კიდევ კარგად ვარ. სიურპრიზებს არ მაკლებ და მოდუნების საშუალებას არ მაძლევ. რომ მგონია, მორჩა, ყველაფერი მოგვარდა-მეთქი, ისეთ რაღაცას გააკეთებ, გულს მიხეთქავ. ჯერ შაბათს შენი დადგმული სპექტაკლიც არ მომინელებია.
– მაგაზე ხომ უკვე გავარკვიეთ ყველაფერი.
– ჰო. ეგ შენ გგონია, რომ გავარკვიეთ. აი, მივალ და წარმომიდგენია, ჩემზე როგორ იცინებს ყველა.
– არავინაც არ გაიცინებს. ქმარი ვარ, მეზობელი ხომ არა? – ყასიდად გაბრაზდა ლაშა.
– რა ვიცი, ზოგჯერ მეზობელი მგონიხარ, – გესლიანად ჩაილაპარაკა ქალმა. ქმარს ზურგი შეაქცია და ოთახიდან ქუსლების ბაკუნით გავიდა. ლაშამ დაიგმინა. მუხლებზე დაეშვა და შუბლი ტელეფონის აპარატს დაადო.
***
„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. თუმცა, გააჩნია, ვის ტყუილს და ფეხებს... ძნელი სათქმელია... ზოგჯერ ორივე მაგრად „ჭედავს“. ორივე ხდება ტყუილის მსხვერპლი და მოტყუებულის, გაბრიყვებულის როლში ყოფნა არც ერთს არ მოსწონს... „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს,“ – უფრო გაფრთხილებას ჰგავს, ვიდრე სიბრძნეს. აბა, რა უნდა ისწავლო მადედან?! – ის, რომ ტყუილის თქმა არ შეიძლება?! რა, ისე არ იცოდით? აუცილებლად ვიღაცამ უნდა შეგაშინოთ? სად არის თქვენი კეთილგონიერება და სინდისის ხმა... როგორც ყოველთვის, დუმს... ანუ ჯერ ვერ მივაღწიეთ, არათუ სრულყოფილებას, არამედ იმ ელემენტარულ მდგომარეობას, რომ სინდისის კარნახით ვიმოქმედოთ და არ შევეცადოთ მის ჩახშობას ყველა საშუალებით.“
***
ვახომ წაუსტვინა.
– უჰ, ეგ ცუდი რამე მოგსვლია...
ლაშა მოწყვეტით დაენარცხა სკამზე და ხელი ჩაიქნია.
– ახლა სად არის?
– ვინ?
– შენი ცოლი.
– სად უნდა იყოს. სამსახურში წავიდა. შენ ის მითხარი, ახლა რა უნდა ვქნა.
– რა ვიცი, ორივე ყურით ჰყავხარ დაჭერილი. რამდენიმე დღე მაინც დასჭირდება, რომ დამშვიდდეს, თუ საერთოდ დაავიწყდა ეგ ამბავი.
– ძალიან ვეჭვობ, რომ დაავიწყდეს. მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვარ, იმაზე ცუდში, ვიდრე აქამდე ვიყავი.
– ზოგჯერ მაგრად „მისწორდება“ ცოლი რომ არ მყავს, გეფიცები. არც კი ვიცი, რა გითხრა.
– რა უნდა მითხრა: „კაროჩე“, მაგრად მაქვს „დარხეული“. ერთი მივლინება მჭირდება, სასწრაფოდ.
– აბა, დივანიო?! მივლინება შენ კი არა, შენს ცოლს სჭირდება.
ლაშამ თავი გააქნია.
– არ გამოვა. ბანკში მივლინებები არ არის. ყოველ შემთხვევაში, იმ თანამდებობაზე მყოფებისთვის, რაზეც ლიკა მუშაობს. ანუ, ეგ ვარიანტი ჩაიშალა.
ვახომ ხელები გაშალა.
– მაშინ, მართლა არ ვიცი, რა გითხრა!
– ჰო... წარმოგიდგენია, ასეთი შანსი მომეცა და ვერ ვიყენებ, – გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა ლაშამ.
ვახომ უცნაურად შეხედა.
– შენ მართლა გჯერა, რომ ეს შენი შანსი იყო? გჯერა, რომ ისევ გაგიმართლებდა?
– ყოველ შემთხვევაში, ხომ უნდა მეცადა მაინც.
– მაშინ, რაღაც მოიფიქრე და ცადე ბედი.
– რა მოვიფიქრო?
– აი, ეგ უკვე აღარ ვიცი. არ მაქვს მაგდენი გამოცდილება. ცოლი რომ მყავდეს, იქნებ რაღაც მერჩია, კიდეც. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უძლური ვარ.
***
სოფოს მამაკაცების ფსიქოლოგია უკეთ ესმოდა, ვიდრე ქალების. ისიც იმიტომ, რომ მათთან ურთიერთობის უფრო დიდი გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ლიკა რომ გუნებაზე ვერ იყო, შეხედვისთანავე შეატყო. მხოლოდ შესაფერის მომენტს დაელოდა, რომ მასთან მისულიყო და საუბარი გაება. ლიკასაც აშკარად სჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც გულს გადაუხსნიდა, მაგრამ შესაფერისი კანდიდატურა თუ იყო სოფო ამ როლისთვის, ამაზე აღარ უფიქრია. საკმარისი აღმოჩნდა, სოფოს კაფეში ყავის დასალევად წასვლა შეეთავაზებინა, რომ მაშინვე დათანხმდა.
– მხოლოდ ცოტა ხნით, კარგი? – თავი მაინც „დაიზღვია“ ლიკამ.
– ცოტა ხნით. აბა, რა... შესვენება გამოვიყენოთ. ვკვდები, ისე მაინტერესებს იმდღევანდელი ამბავი.
– რომელი? – უყურადღებოდ ჰკითხა ლიკამ.
– ვარდების და ბუშტების... როგორ გადარია ლაშა?
– ლიკამ წარბი შეიკრა.
– შენც ფიქრობ, რომ ეგ სიურპრიზი ჩემთვის იყო განკუთვნილი?
სოფომ მხრები აიჩეჩა.
– რა ვიცი. ზუსტად შენ კი დაგეცა თავზე და...
– ჰოდა, იმიტომაც მგონია, რომ მე არაფერ შუაში ვარ. უბრალოდ, დაემთხვა.
სოფო აღარ შეეკამათა.
– ჰო. ალბათ, შეიძლება. მაგრამ ლაშამ დაიჯერა ეგ?
– მგონი, რომ არა, – ლიკამ ჭიქაში კოვზი ჩადო და მექანიკურად დაიწყო მორევა.
– მოიცა, იჩხუბეთ? წარმომიდგენია... – ყალბი თანაგრძნობით ჩაილაპარაკა სოფომ.
– არა. ვერ წარმოგიდგენია. ლაშა ეჭვიანი არასოდეს ყოფილა. არა, საბაბიც არასდროს მიმიცია, მაგრამ ისეთებიც ხომ არიან, უმიზეზოდ და ყოველგვარი საბაბის გარეშე რომ ეჭვიანობენ.
– ეგ ავადმყოფობაა, ჩემო კარგო.
– ჰო. მესმის. მე იმის თქმა მინდოდა, რომ, წესით, არ უნდა მიკვირდეს ლაშას ბუნებრივი რეაქცია მომხდარზე, მაგრამ...
– მაგრამ, რა... მოდი, მომიყევი. ხომ იცი, იმ საკითხში, რაც ქალისა და კაცის ურთიერთობას ეხება, პროფესორი თუ არა, მეცნიერ-მუშაკი მაინც ვარ.
– შეიძლება, სოფო, მაგრამ ეს ცოლ-ქმრის ურთიერთობაა.
– აუ! – გაიცინა სოფომ და ხელი აუქნია, – აბა, რას ამბობ. ყველაზე დიდ შეცდომას ცოლები მაშინ უშვებენ, როცა ქალისა და კაცის ურთიერთობა გათხოვების მერე სხვა „განზომილებაში“ გადაჰყავთ და ცდილობენ, რაღაც ჩარჩოში მოაქციონ. ამაზე დიდ სისულელეს ვერაფრით მოიფიქრებ. რა, რომ თხოვდები, ქალი აღარ ხარ, თუ რაშია საქმე?!
ლიკამ ყავა მოსვა.
– მგონი, მართალი ხარ... ისე ხომ ამბობენ, კაცები მაშინ იცვლებიან, როცა საყვარლებს იჩენენო.
– ლაშა შეიცვალა? არა, მინდოდა მეკითხა, შენ ფიქრობ, საყვარელი ჰყავს? – სოფომ გადაიკისკისა.
– რა გაცინებს, – გული მოუვიდა ლიკას, – რამ გაგამხიარულა, იმან, რომ შესაძლოა, ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდეს?
– ვის, ლაშას? კარგი, რა. საქმე გამოგელია? სხვა საზრუნავი არაფერი გაქვს?
– ჩემთან დაწოლა აღარ უნდა.
– სოფომ ფინჯანი გვერდზე გასწია და ლიკას გაოცებული მზერა მიაპყრო.
– მოიცა, ეგ თვითონ გითხრა?
– არა, რა თქმა უნდა... – ლიკა მიხვდა, რომ შეცდომას უშვებდა, როცა სოფოს თავის ყველაზე ინტიმურ საიდუმლოს უმხელდა, მაგრამ გაჩუმებაც აღარ შეეძლო.
– აბა, რა იცი, საიდან მოიტანე?
– ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს, საიდან გავიგე. მთავარი ეს არ არის. მე მაინტერესებს მიზეზი. აქ ორი ვარიანტია: ან გაბრაზებულია და ცდილობს, სამაგიერო გადამიხადოს, ამას კიდევ არა უშავს; ან მართლა ვიღაც გაიჩინა და ის თხოვს, ჩემთან აღარ დაწვეს.
სოფომ ცხვირი შეჭმუხნა და აქსუტუნდა.
– რას აკეთებ? – წარბი შეიკრა ლიკამ.
– რას უნდა ვაკეთებდე? დაცემინება მინდა.
– მე მეგონა, ჩემს ნათქვამზე ფიქრობდი.
– შენს ნათქვამზეც ვფიქრობ და გულახდილად რომ გითხრა, არც ერთი ვარიანტი არ მომწონს. ორივე დიდი სისულელეა.
– რატომ არის სისულელე.
– იმიტომ, რომ ჩვეულებრივ, მამაკაცები გაცილებით მარტივად ფიქრობენ და იქიდან. ეგ ორივე ვარიანტი კი რთულია და რაღაც შენ ქმარს არ ჰგავს?
– რომ გავიგონე?
– რა გაიგონე?
– ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკებოდა. უთხრა, აჯობებს, ისევ დივანზე, სასტუმრო ოთახში დავიძინოო. გაბრაზებული რომ ვიყავი მასზე, საძინებლიდან მყავდა გაგდებული და სასტუმრო ოთახში ეძინა.
– აჰა, აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე, – სოფომ გრძელი, საგულდაგულოდ მოვლილი თითები ფინჯნის ზედაპირს ნაზად მოუსვა და გაიღიმა. ლიკამ ვეღარ მოითმინა.
– ახლაც მეტყვი, ეგ ყველაფერი დიდი სისულელეაო? როგორ მოვიქცე?
– როგორ? მოიცა, მოვიფიქრო... მოდი, მეორე ვარიანტი გადავამოწმოთ. პირველი მართლა არ ღირს ყურადღების ღირსად. შურისძიებაზე ძირითადად ქალები ფიქრობენ ხოლმე. რა თქმა უნდა, გამონაკლისი მამაკაცებშიც გვხვდება, მაგრამ ვეჭვობ, ლაშა იმ მამაკაცების კატეგორიაში შედიოდეს. ანუ, მეორე ვარიანტზე ვმუშაობთ. ესეც იმიტომ, რომ შენ დამშვიდდე, თორემ... თუმცა, ვინ იცის, გამორიცხული არაფერია... – სოფომ ისევ გაიღიმა.
– რაზე ამბობ?
– ლაშას სავარაუდო რომანზე, – გამორიცხული არაფერია-მეთქი. იცი, მგონი, მივხვდი, რაც უნდა გავაკეთოთ. მიეცი საშუალება, ის გააკეთოს, რაც უნდა.
– რა?
– დაიძინოს დივანზე, სასტუმრო ოთახში.
– და, მე ამას მშვიდად ვუყურო? – ლიკამ თავი გააქნია, – არა. არ შემიძლია. ძალიანაც რომ მოვინდომო, თავს ვერ შევიკავებ და ვეჩხუბები.
– ამიტომ, შენ ამას არ უნდა უყურო, – თვალები აუციმციმდა სოფოს, სულაც ნუ გაათევ ღამეს სახლში. დილით ადრე კი, ისე, რომ არ გელოდებოდეს, დაბრუნდები. არ გაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება?
ლიკა შეყოყმანდა.
– რაღაც არ მომწონს ეგ იდეა.
– ძალიან კარგი იდეაა, რას უწუნებ?
– რომ დავბრუნდე და ლოგინში ქალთან ერთად ვნახო, არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ, თანაც სად უნდა წავიდე.
– ლიკა, ვერ გავიგე, რა გინდა. გატყობ, რისკისთვის მზად არ ხარ. მაშინ, დაივიწყე ეს ამბავი და იცხოვრე ისე, როგორც ცხოვრობდი. ბედს მიენდე.
ლიკა დაფიქრდა.
– როგორც ვცხოვრობდი, ისე ვეღარ ვიცხოვრებ, – ჩაილაპარაკა ხანმოკლე პაუზის შემდეგ მოწყენილმა, – კარგი, დაგიჯერებ.
– ჰო. თუ გინდა, ჩემთან დარჩი.
– არა. ჩვენებთან ავალ კოჯორში, ან რამეს მოვიფიქრებ.
– სანამ შენ დილაუთენია კოჯრიდან ჩამოხვალ... ჩემთან დარჩენა გირჩევნია. მთელი კვირა სულ მარტო ვიქნები. „სპონსორი“ ბიზნესმივლინებაში გავუშვი.
სოფომ თვალი ჩაუკრა.
– ჯერ კარგად უნდა მოვიფიქრო. ვნახოთ, თუმცა, მაინც ბავშვთან მირჩევნია. ერთი-ორი დღე დავიცდი და ასე მოვიქცევი.
– ერთი-ორი დღე რაღას უნდა ელოდო?
– დღესვე ხომ არ წავალ, დაეჭვდება. ასე ვეტყვი, რომ შეიძლება, ბავშვთან წავიდე და დავრჩე-მეთქი.
– არა. არაფერსაც არ ეტყვი... საღამოს დაურეკავ და ეტყვი, რომ არ მიხვალ... რა საჭიროა, წინასწარ გააფრთხილო. უმჯობესია, საერთოდ მესიჯი მისწერო... – სოფო გაჩუმდა და გადაიკისკისა.
– რა გაცინებს?
– ისე, რა მაგარი იქნება, მართლა დივანზე რომ დაგხვდეს გაშოტილი, მარტო.
– მერე ეგ რას ნიშნავს?! – ვერ მიხვდა ლიკა.
– ეგ იმას ნიშნავს, საყვარელო, რომ პრობლემა შენში კი არა, თქვენს საწოლშია. თუ შენ გვერდით არ ეყოლები და საძინებლის ნაცვლად მაინც დივანზე დაიძინებს, ესე იგი, დივანზე ძილი უფრო მოსწონს და მოგიწევს შენც სასტუმრო ოთახში გადაბარგება. თუკი, რა თქმა უნდა, ქმრის გვერდით ძილი მოგწონს და მისი ხვრინვის გარეშე გაძლება არ შეგიძლია.
***
ვახომ ზღურბლზე აღმართულ მასპინძელს ოდნავ დამფრთხალი მზერა შეავლო და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით იკითხა:
– მშვიდობაა?! აქ რისთვის დამიბარე?
– შემოდი, შემოდი. რას ჩურჩულებ. ლიკა სახლში არ არის.
– ჰო?! ეგ უკვე სხვა საქმეა. ასე გეთქვა თავიდან, – აშკარად შვებით ამოისუნთქა ვახომ და წელში გამართული შევიდა ბინაში.
ლაშა სასტუმრო ოთახში შეუძღვა სტუმარს.
– აჰა, ეს არის ის სახელგანთქმული დივანი? – ვახო დივანთან მივიდა და ხელით მოსინჯა, – დაჯდომა შეიძლება?
– მორჩი მაიმუნობას. დაჯექი, სადაც გინდა. დივანი რა შუაშია. დალევ რამეს?
– დავლევ. გააჩნია, რა გაქვს დასალევი.
– ცივი სასმელებიდან მინერალური და ლუდი. შემიძლია, ყავა მოვადუღო.
– არა. ლუდი მირჩევნია. მოიცა, შენი ცოლი სად არის?
– წავიდა.
– წავიდა? მოიცა, სად წავიდა, გაუშვი? რატომ?!
– მოიცა, ტო, რა გავუშვი, რას სულელობ... ბავშვთან წავიდა. მაგარი რაღაც მოხდა. არ ვიცი, რა დაემართა, მაგრამ არაფრის გაკეთება აღარ დამჭირდა. აზრზე ხარ? უცებ მოვიდა და მითხრა, ამაღამ ბავშვთან ვაპირებ კოჯორში ასვლას და ალბათ, იქ დავრჩებიო.
– შენც წამოდიო, არ უთქვამს?
– არა. არ უთქვამს. რა, მერე...
– რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა ვახომ, – მე ვიფიქრე, შენ არ წაჰყევი.
– წამოდიო, არ შემოუთავაზებია, თორემ, ალბათ, ვერ ვეტყოდი, არა, მე აქ დავრჩები-მეთქი. გუშინდელის მერე, მაგას ვერ გავბედავდი. მანქანა კი წაიყვანა.
– ესე იგი, ძალიან დროულად მონატრებია შვილი. მდა, მოკლედ, გაგიმართლა. ამაღამ ჩაატარებ ექსპერიმენტს. მოსალოცად გაქვს საქმე.
– ეგ, ჯერ არ ვიცი, – ლაშა შეყოყმანდა. რაღაცის თქმა უნდოდა და თითქოს ვერ ბედავდა. ვახო მიხვდა.
– კიდევ მოხდა რამე?
– ჰო. ამაღამ დარჩი რა ჩემთან.
– მე? მე მეუბნები?
– ჰო. რა იყო? ბავშვის ოთახში დაგაძინებ, გვერდით კი არ მოგიწვენ.
– რას ამბობ. მაგას მივხვდი... მარტოს გეშინია?
– არა, კი არ მეშინია... უბრალოდ... მოკლედ, მადლობელი დაგრჩებოდი, თუ მარტოს არ დამტოვებდი...
– რა გაეწყობა, – ხელები გაშალა ვახომ, – დავრჩები... დავრჩები... ისე, მეც მაგრად მაინტერესებს, დედას გეფიცები... თუ მართლა გაჭრა, დივანს ხომ მათხოვებ?!
ლაშამ ჯერ გაოცებით შეხედა მეგობარს, მერე ხარხარი აუტყდა.
***
ლიკა იძულებული იყო, უდარდელი ქალის როლი ეთამაშა და ნაძალადევად ემხიარულა, დედისთვის თავისი ჭეშმარიტი განწყობა რომ გამოეპარებინა. გმირულად გაუძლო მის „ჯვარედინ“ დაკითხვასაც. გული რომ გადაეყოლებინა და დროც გაეყვანა, ბავშვთან ერთად ტყეში გასეირნება გადაწყვიტა. იფიქრა, ერთად უკეთ გავერთობითო. მაგრამ ვატო სულ მამას ახსენებდა. თითქოს ჯიბრით, გაუჩერებლად იმეორებდა – „მამა რომ აქ იყო“, „მამა როცა დარჩა“, „მამამ რომ მიყიდა“, „მამამ რომ წამიყვანა“... ლიკას ლამის ნერვებმა უმტყუნა და ვატოს უყვირა, იქნებ, გაჩუმდე და დებილ მამაშენზე არაფერი თქვაო. სოფოს დარიგება ახსოვდა. მოულოდნელობის ეფექტით უნდა ესარგებლა. დილაუთენია უნდა დასდგომოდა ლაშას და სავარაუდოდ, მის საყვარელს თავზე, თუკი მის ქმარს სითავხედე ეყოფოდა და იმ „კახპას“... – ლიკამ სხვა ეპითეტი ვერ მოუძებნა იმ არსებას, რომელიც მასსა და მის ქმარს შორის ჩადგა. გულის სიღრმეში დიდად არ სჯეროდა ლაშას ღალატის. ინტუიცია კარნახობდა, რომ ქმარს უყვარდა. არც ბუნებით იყო ლაშა მექალთანე. ქორწინებისა და ურთიერთობის პირველ ორ წელს ლიკა ერთი წამითაც არ ტოვებდა მეუღლეს უყურადღებოდ – უმოწმებდა მესიჯებს, პერანგებსაც კი ყნოსავდა. პომადის ნაკვალევიც უძებნია. მერე, როცა ამ ყველაფერს იხსენებდა, ეცინებოდა საკუთარ თავზე. სამაგიეროდ, დამშვიდდა. ეჭვი საერთოდ დაივიწყა და ახლა უკვე იმ ქალების მოუსვენარი ფორიაქი ართობდა, რომლებიც საკუთარ ქმრებს კუდში დასდევდნენ... ეს იქამდე იყო, სანამ ლაშა ყოვლად გაუგებარ ვალს არ წამოიკიდებდა... ლიკამ ამოიოხრა. ასეთ სულელურ მდგომარეობაში თავი არასოდეს უგრძვნია. ლამის ხელი საერთოდ ჩაიქნია და სოფოს დარიგებაც ფეხებზე დაიკიდა. მაგრამ, რაღაც ექაჩებოდა და ამ ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევდა. კიდევ ერთი უსიამოვნო საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. ლიანას უნდა გაპარვოდა თვალსა და ხელს შუა.
– ლაშა რატომ არ წამოვიდა?
დედის ხმის გაგონებამ ლიკა შეაკრთო. გირჩები, ვატო რომ აჩეჩებდა, დაებნა და მათ ასაკრეფად დაიხარა. ლიანა მოთმინებით დაელოდა, სანამ ყველა გირჩი მოაგროვა და წამოდგა.
– მგონი, რაღაც მკითხე...
– ჰოდა მგონი, გაიგონე კიდეც. არა უშავს, გავიმეორებ, არ არის პრობლემა. ლაშა რატომ არ წამოვიდა-მეთქი.
– საქმეები ჰქონდა.
– კიდევ ხომ არ იჩხუბეთ? – ლიანამ გამომცდელად შეხედა შვილს.
– კარგი, რა, დედა, რანაირად იტყვი ხოლმე, რატომ უნდა გვეჩხუბა, ორი დღის წინ არ ვიყავით ერთად ამოსული?!
– ჰოდა, სწორედ მაგიტომ დავინტერესდი, ლაშა რატომ არ წამოვიდა, კიდევ რამე ხომ არ ხდება-მეთქი.
– დამშვიდდი. არაფერი ხდება. ბავშვი მომენატრა და ამოვედი.
– ასე, ორ დღეში?
– ჰო, ორ დღეში. ვერ ვხვდები, რატომ გიკვირს.
ლიანამ ეჭვიანად აიჩეჩა მხრები.
– არა, არ მიკვირს.
ლიკა გაღიზიანდა.
– შენ რომ მოგისმინოს ადამიანმა, ისე გამოგყავს, თითქოს ბავშვი არ მიყვარდეს, სულ შენთან მყავდეს მოგდებული და თვეში ერთხელ მახსენდებოდეს.
– რატომ ნერვიულობ?! მე მსგავსი არაფერი მითქვამს.
– არ გითქვამს, მაგრამ ხომ იგულისხმე... ჰო, მართლა. ხვალ დილით ძალიან ადრე გავდივარ და მამას უთხარი, ჩემი მანქანა ფარეხში არ შეაყენოს.
ლიანამ ამოიოხრა.
– რა იყო, დედა? რას ხედავ იმაში საგანგაშოს, რომ დილით ადრე ვარ გასასვლელი. სახლში უნდა გავიარო და ტანსაცმელი გამოვიცვალო. ასე ხომ არ წავალ სამსახურში?! დაგვიანებაზე კი, შენც იცი, რა ამბავსაც ტეხენ.
– წადი, შვილო... წადი. უბრალოდ, მეჩვენება, რომ მეტისმეტად ხართ ორივე დამუხტული, თითქოს ასაფეთქებლად გამზადებული... თუ არ გინდა, ნურაფერს მეტყვი. შენს საქმეში არ ჩავერევი. ეტყობა, ვიღაც სხვა გყავს მრჩევლად. ჩემზე გაცილებით ჭკვიანი და გამოცდილი.
– კარგი, რა დედა... ერთადერთი, რის გამოც მე და ლაშა ვნერვიულობთ და განვიცდით, ის ვალია, მოულოდნელად რომ დაგვატყდა თავს. ვერ ვიგებ, რატომ უნდა მოვიკლო ყველაფერი და სხვისი იდიოტურობის გამო, ჩემს შვილს რამე მოვაკლო. იცი, რამდენ რამეს ვიყიდდი მაგ ფულით და რა კარგად ვიცხოვრებდით?! რემონტის გაკეთებაც მინდოდა. ზოგჯერ ისე მიშლის ლაშას ბებიის ძველმანები ნერვებს, ლამის პირდაპირ ქუჩაში გადავყარო. განსაკუთრებით, დივანი მძულს...
– ეგ „ძველმანები“ ანტიკვარებია და კარგი ფასი ღირს. თუ ასე არ მოგწონს, ადექი და გაყიდე.
– გავყიდი კიდეც. ჰო, აუცილებლად გავყიდი! – ჯიბრით ჩაილაპარაკა ლიკამ. ეგ კარგი მითხარი. ლაშა თუ არ დამანებებს და მეტყვის, რომ ეს ნივთები სასიამოვნო მოგონებებს აღუძრავს, ისეთ ამბავს ავუტეხ... ისეთ ამბავს... – ლიკამ ხელი მომუშტა.
– შენ ლაშას იმ ფულის გამო ერჩი. მართალი ხარ. სისულელე ჩაიდინა და ერთი კარგი შეჯანჯღარება არ აწყენდა, მაგრამ მოსახდენი ხომ მოხდა. თუ აპატიე, აღარ უნდა შეახსენო, ყელში ნუ ამოუყვან. არ არის ლაშა ცუდი ქმარი და რაც მთავარია, ორივე ძალიან უყვარხართ. დამიჯერე, ყველფერი მოგვარდება. ფული დღეს თუ არ გაქვთ, ხვალ აუცილებლად გექნებათ, მაგრამ ერთმანეთი არ დაკარგოთ. მთავარი ეს არის.
ლიკას ცუდად ენიშნა დედის სიტყვები, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
***
ლაშას თავქვეშ ამოედო ხელები და ჭერზე მიშტერებულს საკუთარი გულისცემის ხმა დოლის ბრახუნად ჩაესმოდა. გვერდის შეცვლასაც ვერ ახერხებდა. ერთ პოზაში მწოლიარეს, სხეული გაუშეშდა და სტეხდა. ბავშვის ოთახიდან საწოლის მონოტონური ჭრიჭინი ისმოდა ყრუდ...
– ლაშა! არ გძინავს?
– არა, ტო... არ მძინავს. რა ჯანდაბა დამეტაკა, ვერ ვხვდები...
ბავშვის ოთახში წამით სიჩუმემ დაისადგურა, მერე საწოლმა მკვეთრად დაიჭრიალა, რასაც ფეხის ტყაპუნი მოჰყვა. ლაშა წამოჯდა, ზურგით დივნის საზურგეს მიეყრდნო და ვახოს ხელი დაუქნია.
– მოდი, მოდი, მაინც არ მძინავს.
– ბიჭო, ეგ არ გვაწყობს, ხომ იცი, შენ... – ვახო იქვე, სავარძელზე ჩამოჯდა. როგორც იყო, ტრუსის ამარა.
– ვიცი, მაგრამ რა ვქნა. ვერ ვიძინებ. ლამის არის გავგიჟდე! შენ რაღა დაგემართა?
ვახომ უდარდელად აიჩეჩა მხრები.
– ნეტავი შენ, მე არ ვარ პრობლემა. მთავარია, შენ დაგეძინოს. ისე, საერთოდ ასე ვარ ხოლმე, სხვის სახლში და სხვის საწოლში მიჭირს დაძინება. რას ვფიქრობ, იცი?! – იქნებ, არც უნდა დავრჩენილიყავი „ვაფშე“, ჰა?
– რა ვიცი, აბა?! გავგიჟდები მალე, ასე მგონია?
– ნერვიულობ და იმიტომაც არ გეძინება. რამე რომ დალიო?
– რა? ძილის წამალი?
– არა, ტო. ალკოჰოლს ვგულისხმობდი. ცოტას მოგთენთავდა, მოეშვებოდი და დაგეძინებოდა.
– მოთენთისთვის ლუდი დავლიე. გამოთრობა კი არ მაწყობს. რაღა აზრი ექნება.
– მართალი ხარ... აბა, რა ვქნათ, ტო?! – ვახომ ნიკაპზე მოიკიდა ხელი და ჩაფიქრდა. მერე ერთბაშად გაცხარდა, – რაც გინდა, ის ქენი და დაიძინე! როგორც გინდა, ისე შეძელი, რადგან ჩამრიე ამაში, მეც უნდა დამიჯერო. გავალ ახლა, დავწვები და იცოდე, ათ წუთში გეძინოს! შენი ცოლი ხვალაც კი არ მოინდომებს ბავშვთან წასვლას და იქ დარჩენას. ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. ექსპერიმენტი უნდა გამოვიდეს...
– რომ არ გამოვიდეს?! – ეჭვით იკითხა ლაშამ.
– გამოვა. გული მიგრძნობს. მგონი, გადამედო შენგან. მგრძნობელობა გამიმძაფრდა. ერთი სიტყვით, წავედი და შენ იცი. დაწექი და რამე სასიამოვნოზე იფიქრე... ან ცხვრები დათვალე, ამბობენ, შველისო, – ვახო შებრუნდა და შიშველი ფეხების ტყაპა-ტყუპით გავიდა. ლაშამ ამოიოხრა. ბალიშში ახლა პირქვე ჩაემხო და თვალები დახუჭა.
***
სოფომ უხალისოდ მოკიდა ხელი „ამღერებულ“ მობილურს, თავისთვის რაღაც ჩაიბურტყუნა და მწვანე ღილაკს თითი დააჭირა.
– ჰო, მე ვარ... მეგონა, აღარ დამირეკავდი... მე უნდა დამერეკა? ელოდი, ჩემს ზარს? რატომ?.. არა, შენს მოთმინებას არ ვცდი... გეფიცები... რა სისულელეა... ისეთი არაფერი მომხდარა, შენ რომ დაინტერესდებოდი. თუმცა, ველოდები, რომ რაღაც მოხდება... არ გატყუებ. რა თქმა უნდა, მაშინვე დავრეკავ და ყველაფერს მოგიყვები... ჰო, რაღაც არის, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ გარკვეულა... ვმოქმედებ, ისე არ ვზივარ, მაგრამ ხომ გესმის, რომ ვერაფერს დავაძალებ. ისეთი ჯიუტი და პრინციპულია, ახლოს აღარ გამიკარებს და მერე საერთოდ ვეღარ დაგეხმარები... ყველაფერი მესმის... შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს...
სოფომ მობილური გათიშა და საწოლზე ისროლა. სიგარეტს მოუკიდა და ირონიულად ჩაეცინა. „ჰმ, ამ კაცებისას ხომ ვერაფერს გაიგებ. იმდენი ფული აქვს, რომ მოინდომოს, სამ ლამაზმანს ერთად ჩაიწვენს ლოგინში. ეს კიდევ ამ კომპლექსებიან გოგოზე „ჩაიციკლა“. რომ ჰკითხო, მაგარი ტიპია... იდიოტი... რა მენაღვლება, თუკი ასე უნდა, „ეჩალიჩოს“, ჩემთვის უკვე სულერთია. ანდროსთანა მამაკაცი დიდხანს არავისი იქნება... სიბერეში მოსავლელი კი საკუთარი თავიც მეყოფა“.
***
ლაშამ ზანტად გაახილა თვალები... ჯერ ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ იყო და ნელ-ნელა, მძიმედ უბრუნდებოდა რეალობას... ის უკვე ზუსტად იცოდა, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა და სიხარულთან ერთად, შიშიც დაეუფლა.
იატაკზე დატოვებული საფერფლე და სიგარეტის კოლოფი მოიძია ხელის ფათურით. ვერ იპოვა და იძულებული გახდა, ამდგარიყო. ვახოც მაშინვე გამოვიდა ოთახიდან. თითქოს ელოდა, როდის გაიფაჩუნებდა ლაშა, რომ მასთან მიერბინა. ათრთოლებული თითებით გამოაძვრინა სიგარეტი კოლოფიდან და ლაშას მიაშტერდა. ისიც მიუხვდა, უსიტყვო კითხვის შინაარსს და ერთი სიტყვით დაუკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა.
– გამოვიდა!
ვახო შეხტა და მთელი ხმით იყვირა, – გამოვიდა! გამოვიდა... მერე ლაშას მივარდა და გადაეხვია... არც ერთს და არც მეორეს არ შეუნიშნავთ ოთახში უხმაუროდ შემოსული ლიკა, რომელიც გაოგნებული მიაჩერდა ამ უცნაურ სცენას.
გაგრძელება შემდეგ ნომერში