კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახსნა პატიმარმა ციხიდან დანაშაული


თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ პატიმართა სტატისტიკა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ნარკოტიკების შემდეგ, თითქმის ყველა მეორე თაღლითობაშია მსჯავრდებული. სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მოგითხრობთ, სწორედ პატიმრის ოჯახებთან მიმართებაში მომხდარ თაღლითობას ეხება. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ აღნიშნული დანაშაული თავად ციხეში მყოფმა პატიმარმა დევი კ-მ გახსნა.

საქმე ეხება ორ თაღლითს – 52 წლის იურისტ ლავრენტი ხაჩიძეს და მისსავე თანატოლსა და კოლეგას, გიორგი ჯავახაძეს. ხაჩიძე-ჯავახაძე თავის დროზე ადვოკატები კი იყვნენ, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის, საადვოკატო საქმიანობა ერთი თვით ადრე ჰქონდათ შეჩერებული – მათ საადვოკატო გამოცდები ვერ ჩააბარეს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ამის მიუხედავად, მათ ადვოკატის შემოსავლიანი პროფესია არ დათმეს, პატიმრების – დევი კ-სა და ვანო რ-ს ოჯახებს ერთმანეთის პარალელურად 15 800 დოლარი გამოსძალეს. აქვე უნდა ითქვას, რომ პატიმარი დევი კ. ხაჩიძემ ჯერ კიდევ ადვოკატობისას, ციხეში გაიცნო. საქმე ისაა, რომ დევი კ-სთან ერთად სასჯელს ხაჩიძის დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი პატიმარი იხდიდა, რომელიც ადვოკატის წყალობით, ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

რისკიანი თაღლითები

გამოძიების მასალებით, პოლიციამ ვინმე დევი კ. „უკანონო სამეწარმეო საქმიანობის“ მუხლით დააკავა. დაკავებულის ოჯახი, განსაკუთრებით პატიმრის და დალი კ. ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ძმა ციხიდან ეხსნა, მაგრამ ვერაფერს გახდა. გამოსავალი მან, ძმის დაპატიმრებიდან, დაახლოებით, 6 თვის შემდეგ იპოვა – ზემოხსენებულ იურისტ ხაჩიძეს გადაეყარა. მოკლედ, ხაჩიძემ დალი კ. დაარწმუნა, რომ მას და მის კოლეგა ჯავახაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ძალოვნებთან, მოსამართლეებთან და პირობა მისცა, მის ძმას ციხიდან საპროცესო შეთანხმებით გამოიყვანდნენ, რადგან ეს არაერთხელ გაუკეთებიათ. დასარწმუნებლად, კი დალი კ-ს ძმის თანასაკნელი მოუყვანა, რომელმაც დაადასტურა, რომ ამის თაობაზე თავად შენმა ძმამაც იცისო. ცხადია, ამ ამბის გამო, პატიმრის და შეთავაზებას უყოყმანოდ დასთანხმდა.

რაღაც ორი-სამი დღის შემდეგ, „ადვოკატებმა“ ჯავახაძის სახელზე ბანკში ახალი ანგარიში გახსნეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების საბაბით, პატიმრის დას ჯავახაძის ანგარიშზე 8 000 დოლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს. მოტივი – ჩვენი ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმება შესაძლოა, ნებისმიერ წუთს გაფორმდეს და თანხის ანგარიშზე არსებობა საქმეს გააადვილებსო. ჯავახაძემაც პატიმრის დას ბანკის ანგარიშის ნომერი გადასცა და დალი კ-მ ჯერ 3 000, რამდენიმე დღის შემდეგ კი დარჩენილი 5 000 დოლარიც ჩაურიცხა.

კეთილსინდისიერი ადვოკატის იმიჯის შექმნის მიზნით, „ადვოკატი“ ჯავახაძე გამოძიებით დაუდგენელ საადვოკატო ფირმაში მივიდა და იმის მიუხედავად, რომ მასსა და ამ ოფისს შორის არანაირი შრომითი ხელშეკრულება არ არსებობდა, გამოძიებით დაუდგენელი პიროვნების დახმარებით, ამ ოფისის მიერ გაცემული ორდერი აიღო, პატიმრის დას აჩვენა და საბოლოოდ, დაარწმუნა, რომ ის ნამდვილად მისი ძმის ადვოკატი იყო.

სასამართლო პროცესი დაიწყო, მაგრამ „ადვოკატები“ პატიმართან არ გამოჩნდნენ. ამიტომ, პატიმრის და ნათესავთან ერთად ხაჩიძე-ჯავახაძეს მიადგა. პასუხად კი მიიღეს, რომ სპეციფიკიდან გამომდინარე, საქმე რთულია, მაგრამ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, საქმეს გენპროკურატურის მაღალჩინოსნებთან ვაგვარებთ, რომლებიც საპროცესოს გაფორმებაზე თანახმანი არიანო. თანაც, თქვენი გადახდილი თანხა ადრესატამდე უკვე მისულია და საკითხი აუცილებლად დადებითად გადაწყდებაო. ამასობაში კი დევი კ-ს ბედი უარყოფითად გადაწყდა, სასამართლომ მას 9 წელი მიუსაჯა, მაგრამ ხაჩიძე-ჯავახაძის „დუეტმა“ ბანკიდან 8 000 დოლარის გამოტანა და მისაკუთრება მოასწრო...

გასაოცარია, მაგრამ იმ დროს, როდესაც ხაჩიძე და ჯავახაძე დევი კ-ს საქმეს აგვარებდნენ, პარალელურად სხვა პატიმრის ოჯახზეც „ნადირობდნენ“. თუმცა, მეორე დანაშაული რომ არა, შესაძლოა, მათი დაკავება ვეღარც მომხდარიყო. საქმე ისაა, რომ იმ პერიოდში, როდესაც „ადვოკატები“ დევი კ-ს საქმეს აგვარებდნენ, სხეულის მძიმე დაზიანებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარელი ვანო რ. დააკავა. ეს ამბავი ხაჩიძემ სრულიად მოულოდნელად, თანაკლასელისგან შეიტყო, რადგან დაკავებული მისი რაიონელი იყო. ხაჩიძემ თანაკლასელიც დაამშვიდა – პირადად საქმის პროკურორს ვიცნობ, გავესაუბრები და შევძლებ შენი რაიონელი საპროცესოთი ვიხსნაო. მოკლედ, ისევე როგორც დევი კ-ს შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში მეორე პატიმრის დახმარებისთვის 7 500 დოლარის შეტანა მოითხოვეს. მეტი დამაჯერებლობისთვის ხაჩიძემ დევი კ-ს საქმე გააცნო. მოატყუა, თითქოს დევი კ. დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღებისთვის იყო დაკავებული, მაგრამ იმდენად კარგად ვიმუშავეთ მე და ჯავახაძემ, გამოძიებას საქმე მოხმარების მუხლზე გადავაკვალიფიცირებინეთ და მხოლოდ 2 წელი მიუსაჯესო.

ამ ფაქტიდან გამომდინარე, თანაკლასელმა ხაჩიძე-ჯავახაძის დახმარებისა ირწმუნა და პატიმრის ოჯახს შეახვედრა. ცხადია, ოჯახი მათ წინადადებას დათანხმდა და ყოვლისშემძლე ხაჩიძეს მის მიერ წინასწარ დაქირავებულ ოფისში შეხვდნენ. როგორც წესი, „ადვოკატმა“ ხაჩიძემ ადგილზე ჯავახაძე დაახვედრა და თანაკლასელის შემდეგ, თავად პატიმრის ოჯახი დაარწმუნა, რომ გავლენიან ძალოვნებთან პირადი ურთიერთობა აკავშირებდა. მათაც დაჰპირდა, რომ ვანო რ-ს ციხიდან გამოყვანას შეძლებდნენ, მაგრამ 7 500 დოლარი სასწრაფოდ უნდა ჩაერიცხათ. თითქოს იმ მიზეზით, რომ ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი თავად შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა წარედგინათ. მეტი ნდობისთვის, მათ პატიმრის ახლობლები დააიმედეს – თუ არაფერი გამოვა, თანხა უკლებლივ უკან დაგიბრუნდებათო. მოკლედ, მოლაპარაკება შედგა და ოჯახმა იურისტ ჯავახაძეს, როგორც ვანო რ-ს ინტერესების დამცველ ადვოკატს, ჯერ „ორდერის“ თანხა, 300 დოლარი გადასცეს, შემდეგ კი 7 500 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხეს.

ხაჩიძე-ჯავახაძის დაპირებით, ვანო რ. პატიმრობიდან სასამართლოს მეორე სხდომაზე გათავისუფლდებოდა, მაგრამ მანამდე, პატიმრის ახლობლებს სთხოვეს, მათ შორის მოლაპარაკება არ გაეხმაურებინათ, რათა ხელი არ შეშლოდა საპროცესო შეთანხმების დადებას. საიდუმლოს გახმაურება, რა თქმა უნდა, არც ოჯახის ინტერესებში შედიოდა. თუმცა, ამ ამბიდან 4-5 დღეში სრულიად შემთხვევით, ხაჩიძის შუამავალი თანაკლასელი ჩხუბს შეესწრო – პატიმარ დევი კ-ს ახლობლები უკმაყოფილონი იყვნენ ადვოკატების მუშაობით და ხაჩიძისგან 8 000 დოლარის უკან დაბრუნებას ითხოვდნენ. ხაჩიძის თანაკლასელი შეშფოთდა, რადგან ხაჩიძემ დევი კ-ზე სრულიად სხვა, ნარკოტიკების ისტორია უამბო ამიტომ, ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა, ვანო რ-ს საქმეზეც ასე მომხდარიყო და ამის გამო ოჯახთან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, მაგრამ „ადვოკატმა“ ურჩია – ჯობია, არ იცოდე, ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საქმე კეთდება და საპროცესოს ხელი არ შეუშალოო. ამასობაში კი, სასამართლომ ვანო რ-საც გამოუტანა განაჩენი და საპროცესოს ნაცვლად, 8 წელი მიუსაჯეს.

უკმაყოფილო პატიმრის ახლობლებმა, იმავე დღეს ჯავახაძეს თანხის დაბრუნება მოსთხოვეს. მაგრამ, დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მხოლოდ ნაწილი, 2 000 დოლარი დაიბრუნეს...

თაღლითობისთვის დაკავებულმა ხაჩიძემ თავი დამნაშავედ საერთოდ არ ცნო. ხელები მთლიანად ჯავახაძეს შეაწმინდა – ამ ოჯახებს მხოლოდ ჯავახაძესთან დაკავშირებაში დავეხმარეო. ამასთან, ირწმუნებოდა, რომ დევი კ-ს ჩემზე შურისძიება უნდოდაო: „დევისთან ერთად ციხეში პატიმარი იჯდა. იმ პერიოდში ნამდვილად ადვოკატი ვიყავი და მისი გამოყვანა შევძელი. როგორც ვიცი, დევი კ-საც უნდოდა დავხმარებოდი, მაგრამ ვინაიდან მას ვერ დავეხმარე, ჩემზე შურისძიება უნდა, ამიტომ მაბრალებს დანაშაულს“, – განაცხადა პატიმარმა, რის გამოც ჯავახაძე აღშფოთდა. მან პირველად პროცესზე გაიგო, რომ ხაჩიძე დევი კ-ს იცნობდა.

ამიტომ, ჯავახაძემ თავი დამნაშავედ ცნო და ხაჩიძისთვის ბრალის დასამძიმებლად დანაშაული აღიარა, ჩადენის მოტივად კი კურიოზული არგუმენტი დაასახელა: „ორივე პატიმარს ნამდვილად ვიცავდი, მაგრამ კანონის სრული დაცვით. მე ნამდვილად ადვოკატი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიონალიზმის გამო, ჩემი ჯავრი სჭირდათ – გამოცდაზე ჩამჭრეს. ამიტომ, თავს უფლება მივეცი პატიმრები დამეცვა, რასაც გულწრფელად შევეცადე, მაგრამ ვერ შევძელი. ორივე კლიენტთან კი ხაჩიძემ დამაკავშირა“.

რაც შეეხება 15 800 დოლარს, რომელიც მის პირად ანგარიშზე ჩაირიცხა, მისი ჩვენებით, ეს იყო საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი ჰონორარი სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმეების მოსაგვარებლად... არადა, ცხადია, თუ პატიმრებს ციხე სასამართლოს პირველ-მეორე სხდომაზე უნდა დაეტოვებინათ, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოები აღარ დასჭირდებოდათ...

ცხადია, სასამართლომ მათი თავის მართლება არ გაიზიარა. პატიმარი დევი კ. მათზე გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა. როგორც მისი ჩვენებით გაირკვა, თავის დროზე ის ხაჩიძის დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად სასჯელს ნამდვილად იხდიდა. სწორედ მისგან იცოდა, რომ ხაჩიძე კარგი იურისტი იყო, მაგრამ პატიმრის თქმით, რატომღაც მაინც არ ენდობოდა, მუდამ ჰქონდა ეჭვი, რომ ადმინისტრაციასთან „თანამშრომლობდა“ და სწორედ ამ „თანამშრომლობის“ შედეგი იყო, მისი თანასაკნელის ციხიდან ვადამდე ადრე გათავისუფლება. თუმცა, მისივე თქმით, სწორედ ამიტომ ირწმუნა, რომ ხაჩიძე მისი საქმის მოგვარებასაც შეძლებდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ოჯახის წევრებს ურჩია, ხაჩიძესთან საუბრები ფარულად ჩაეწერათ და არცთუ უსაფუძვლოდ.

როგორც საქმიდან ირკვევა, მას შემდეგ, რაც ხაჩიძემ დევი კ-ს ოჯახი მოატყუა, მისმა ახლობლებმა განცხადებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს და ჩანაწერიც გადასცეს. სამწუხაროდ, საუბარი ცუდად ისმოდა და ამიტომ, გამოძიებამ მათ სთხოვა, ფარული ჩაწერა გაეგრძელებინათ და საქმეში თავადაც ჩაერთო. შედეგად კი არა მხოლოდ დევი კ-ს, პატიმარ ვანო რ-ს საქმეც გახსნეს.

საბოლოოდ, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, ხაჩიძეს 10, ხოლო ჯავახაძეს 8 წელი მიესაჯა. გარდა ამისა, პატიმრების ოჯახის სასარგებლოდ დარჩენილი სოლიდური თანხის – 11 800 დოლარის ანაზღაურება დაეკისრათ შესაბამისად ლარებში.


скачать dle 11.3