კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპარა კანონიერმა ქურდმა „ფორტოჩკამ“ მექსიკელი მილიარდერის კოლექცია


„გასტროლიორი“

ოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცი რიგის მილიციის ოპერჯგუფმა სასტუმრო „ინტურისტის“ ფოიეში დააკავა. თეთრპიჯაკიან, სათვალიან მოქალაქეზე გამოცდილმა შვეიცარმა აიღო ეჭვი და ჯერ კიდევ მაშინ დარეკა მილიციაში, როდესაც ის სასტუმროს ერთ-ერთ მობინადრესთან ერთად ლიფტში ჯდებოდა.

შვეიცარმა არტურ რუბენსმა მილიციის გამომძიებელს განუცხადა:

– ამხანაგო კაპიტანო, ეს კაცი და გაქურდული მობინადრე ჯერ რესტორანში ისხდნენ, ხოლო, როცა გამოვიდნენ, ჩვენი კლიენტი ისეთი მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა. უცნობი მას ახლდა და, რადგანაც ყველაფერი საეჭვოდ მომეჩვენა, თქვენ დაგირეკეთ.

დაკავებული თეთრპიჯაკიანი ქურდი-რეციდივისტი, მეტსახელად „გასტროლიორი“, ოთხჯერ ნასამართლევი იაროსლავ კოჟევნიკოვი აღმოჩნდა. დაკავებისას მას ტყავის ჩემოდანი – „დიპლომატი“ ჰქონდა, რომელშიც მამაკაცის საცვლები, საპარსი მოწყობილობა და 160 მანეთი აღმოჩნდა. კოჟევნიკოვმა აღიარა, რომ მან გაქურდვის მიზნით გაიცნო უცნობი მოქალაქე, რომელიც მას მსუყე ლუკმად მოეჩვენა. მას რესტორანში დააპატიჟებინა თავი, დაათრო და, როდესაც ნომერში აჰყვა, გაქურდა, შემდეგ კი მილიციას ჩაუვარდა ხელში.

– „პიდრილებს“ მილიონ ადამიანში უშეცდომოდ ვარჩევ, – უხსნიდა მილიციის გამომძიებელს კოჟევნიკოვი, – ეს ჩემი სპეციალიზაციაა და არც ამ საქმეში დავიწვებოდი, რომ არა ის ნაძირალა შვეიცარი.

რეციდივისტი კოჟევნიკოვი ჰომოსექსუალებზე ნადირობდა და მათთან სქესობრივი კავშირის პირობით, ჯერ ათრობდა, შემდეგ კი ძარცვავდა. ამჯერადაც ასე მოხდა. 37 წლის ოლეგ სარკოფაგოვი ჰომოსექსუალი აღმოჩნდა და ისიც კოჟევნიკოვის მახეში გაება. მაგრამ, ამ საქმეში ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ „დიპლომატს“ ორმაგი ფსკერი აღმოაჩნდა, რომელიც მილიციის ოპერებმა საგულდაგულოდ შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ იქ ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატის – „მადონა ლიტას“ ორიგინალი იყო დამალული. ეს სურათი, წესით, ლენინგრადის ერმიტაჟში იყო გამოფენილი, მაგრამ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ერმიტაჟში ამ შედევრის კარგად შესრულებული ასლი ეკიდა, ხოლო ორიგინალი კი რიგის სასტუმრო „ინტურისტში“, ოლეგ სარკოფაგოვის საიდუმლო „დიპლომატში“ ინახებოდა. ინჟინერი სარკოფაგოვი ლენინგრადში ცხოვრობდა. მან თქვა, რომ „დიპლომატში“ არსებული სამალავის შესახებ არაფერი იცოდა, თავად „დიპლომატი“ კი მას თავისმა ცოლის ძმამ, ვინმე კირილ პეტრაკოვმა ათხოვა.

სნაიპერული გასროლა

თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს საქმე „კაგებეს“ დაექვემდებარა და ამიტომ რიგის მილიციის სამმართველომ მოკვლევის საბუთები მოსკოვს გადაუგზავნა. „კაგებეს“ კოლეგიამ იმსჯელა და გამოძიება პოდპოლკოვნიკ ომარ წიკლაურს დაავალა. მას სასწრაფო მივლინება გაუფორმეს და იმავე საღამოს მიავლინეს რიგაში ჯერ წინასწარი გამოძიების საწარმოებლად, შემდეგ კი ბადრაგით სარკოფაგოვის მოსკოვში გადასაგზავნად. წიკლაურმა პირდაპირ რიგის ციხეში მოინახულა სარკოფაგოვი და დაკითხვისთვის სპეციალურ ოთახში ამოაყვანინა ბადრაგს. ქართველი პოდპოლკოვნიკი უაღრესად გამოცდილი გამომძიებელი იყო. მის აქტივში ათეულობით ჩახლართული საქმის წარმატებული გახსნა ირიცხებოდა. მას არა მარტო კოლეგები, არამედ თანამდებობის პირები და საბჭოთა ხელოვნებისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეებიც იცნობდნენ. სწორედ მან აღმოაჩინა სტრადივარიუსის 1 მილიონ 800 ათას გირვანქა სტერლინგად შეფასებული ვიოლინო, რომელიც 1967 წელს მოიპარეს ქურდებმა მოსკოვის კონსერვატორიის უზარმაზარი სეიფიდან. წიკლაური ძირითადად ხელოვნების ნიმუშების აღმოჩენის სპეციალისტი იყო და ამ საქმეზეც სწორედ ამის გამო გაგზავნეს. რიგის ციხის დაკითხვის ოთახის ფანჯარა მრავალსართულიანი შენობის პირდაპირ მდებარეობდა. პოდპოლკოვნიკი სწორედ ფანჯრიდან იყურებოდა, როდესაც ბადრაგმა პატიმარი შემოიყვანა. წიკლაურმა ბადრაგი გაისტუმრა, შემდეგ სარკოფაგოვის წინ დაჯდა და მოწევა შესთავაზა. პატიმარმა სიგარეტი ამოიღო და მოსაკიდებლად ასანთს დასწვდა, მაგრამ უეცრად კედელს მიენარცხა და რკინის სკამზე ჩაცურდა. წიკლაური სკამიდან წამოხტა და ფანჯარასთან მივიდა, რომელიც გახვრეტილი იყო. მან ერთხანს მოპირდაპირე შენობას უყურა, შემდეგ იატაკზე გაშოტილ პატიმარს დახედა. სარკოფაგოვს მარცხენა თვალი გახვრეტილი ჰქონდა, ნაცრისფერ კედელზე კი მისი ტვინი იყო მისხმული. აშკარა იყო, რომ მოპირდაპირე შენობიდან პროფესიონალი სნაიპერის მიერ გასროლილმა ტყვიამ არასასურველი მოწმე სიცოცხლეს გამოასალმა. პოდპოლკოვნიკმა წიკლაურმა ლატვიის „კაგებეს“ ცენტრალურ აპარატში დარეკა და ექსპერტი-კრიმინალისტები გამოიძახა. შემდეგ მოსკოვში, ლუბიანკაზე შეატყობინა სარკოფაგოვის მკვლელობის ამბავი. წიკლაურმა მთელი ღამე მუშაობაში გაატარა, დილას კი მოსკოვში დაბრუნდა.

სებედისწერო რევიზია

სარკოფაგოვის მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ ლენინგრადში სტეპან მიტროფანოვი და სტანისლავ ვესნუშკინი დახოცეს. ორივე თავიანთ ბინებში აღმოაჩინეს. მათ ორ-ორი ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი მარცხენა თვალსა და გულში. მიტროფანოვი ერმიტაჟის ერთ-ერთი თანამდებობის პირი იყო და მას უშუალოდ ევალებოდა ხელოვნების ნიმუშების ზედამხედველობა, ანუ მის ხელში იყო ექსპერტიზა, რომელიც ყოველ ექვს თვეში ერთხელ ადგენდა მუზეუმში დაცული ხელოვნების ნიმუშების ორიგინალობას. მეორე მოკლული, ვესნუშკინი კი, უმაღლესი კვალიფიკაციის მხატვარი იყო და ხელოვნების ნიმუშების უნიკალური ასლების შესრულებით გაითქვა სახელი. წიკლაურმა სამივე მკვლელობის მოკვლევის მასალები შეაჯერა და გენერალ ნიკოლაი პავლოვს მოახსენა:

– ამხანაგო გენერალო, დარწმუნებული ვარ, რომ სამივე მკვლელობა ერთი ადამიანის მიერაა შესრულებული. მის უკან კი გავლენიანი პირები დგანან. როგორც ეტყობა, სარკოფაგოვ-მიტროფანოვ-ვესნუშკინის სამკუთხედის უკან ბოროტმოქმედთა კარგად ორგანიზებული ჯგუფი დგას. მე არც ის გამიკვირდება, რომ ამ საქმეში ძალიან ცნობილი პიროვნებები ამოტივტივდნენ. ამიტომ, საჭიროდ მიმაჩნია, რომ ერმიტაჟში, ჩემი ზედამხედველობის ქვეშ, კომპეტენტურ ექსპერტთა კომისიამ იმუშაოს და გულმოდგინედ გადაამოწმოს ქვეყნის საგანძური. წიკლაურის მოთხოვნას პოლიტბიუროში დაადეს ვიზა და ერმიტაჟში კომპეტენტური სახელმწიფო კომისია შევიდა. პირველი ათი დღის შემოწმებამ კოლოსალური დარღვევები აღმოაჩინა და ექსპერტებმა მსოფლიო დონის 19 შედევრის დუბლიკატით შეცვლის ფაქტი დაადასტურეს. თუმცა, არსებობდა მოკლული მიტროფანოვის ხელმოწერილი ოქმები, რომლის მიხედვითაც, ცხრამეტივე შედევრი ვითომდა ორიგინალი იყო. „კაგებემ“ დაადგინა, რომ მიტროფანოვი ექსპერტიზის დასკვნას აყალბებდა, ვესნუშკინი კი შედევრების ასლებს ხატავდა, რომლებითაც შემდეგ ორიგინალებს ცვლიდნენ, ხოლო სარკოფაგოვი, სავარაუდოდ, ამ შედევრების უცხოეთში გატანით იყო დაკავებული.

– როგორც ეტყობა, სარკოფაგოვმა ძალიან ბევრი იცოდა და ამიტომ მოიშორეს ასეთი სარისკო მეთოდით თავიდან, – უთხრა წიკლაურმა საგონებელში ჩავარდნილ გენერალ ნიკოლაი პავლოვს, რომელსაც ბინაში ვიღაც ანონიმმა დაურეკა და დაემუქრა. უცნობმა მას უთხრა: „სურათების ქექვას მოეშვი, გენერალო და ეს ამბავი დაივიწყე, თორემ, შენც მოუსვლელ გზაზე გაგისტუმრებთ...“

იატაკქვეშა კოლექცია

ერმიტაჟის საქმემ იმდენად მნიშვნელოვანი სახე მიიღო, რომ „კაგებემ“ მთელი თავისი პოტენციალი ჩართო და უცხოეთში არსებული დაზვერვაც კი აამოქმედა. მარტო იმ 19 შედევრის ღირებულებამ 450 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ამიტომ, როცა ეს მონაცემები პოლიტბიუროზე გაახმოვანეს, „ცეკას“ წევრებმა წიკლაურს უთხრეს:

– თქვენ საუკეთესო ხართ ამ სფეროში და, როგორ მოხდა, რომ ორი თვეა, წინსვლა არ გაქვთ ამ საქმეში?

– ვიღაცის უხილავი ხელი ბლოკავს ჩვენს წინსვლას. მე და გენერალ პავლოვს არაერთხელ დაგვემუქრნენ ვიღაც ანონიმები და ამ საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. მე უკვე ორჯერ დამესხნენ თავს, – თქვა წიკლაურმა.

წიკლაურს „კაგებეს“ სპეცჯგუფი გამოუყვეს და, მისი მოთხოვნის შესაბამისად, უცხოეთში გამგზავრების ნებართვა მისცეს. პოდპოლკოვნიკი საიდუმლოდ გაემგზავრა საბჭოთა კავშირიდან. სამკვირიანი გულმოდგინე მუშაობის შედეგად მან დაადგინა, რომ ერმიტაჟიდან გატანილ ცხრამეტივე ნიმუშს 61 წლის ოსვალდ მარტინესი თავის იატაკქვეშა კოლექციაში მალავდა. ის მექსიკაში ცხოვრობდა. მეხიკოში ფეშენებელური ვილა ჰქონდა და ერმიტაჟიდან გატაცებულ სურათებს იქ ინახავდა. მარტინესი მილიარდერი იყო. ოფიციალურად ის რესტორნების ქსელს ფლობდა, მაგრამ, მისი შემოსავლების 80 პროცენტი ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგი იყო, ანუ, ის შავ ბიზნესში იყო ჩართული და კრიმინალთა უზარმაზარი არმია ჰყავდა, რომლებიც იმ პერიოდის უახლესი იარაღებით იყვნენ აღჭურვილები. მარტინესის ვილა საიმედოდ იყო დაცული და იქიდან ერმიტაჟის შედევრების წამოღება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

„კაგებემ“ დაადგინა, რომ ერმიტაჟის შედევრებში მარტინესმა სულ რაღაც 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, ანუ, რეალურ ღირებულებაზე სამჯერ ნაკლებ ფასად შეიძინა ისინი. ამ საქმეში მოსკოველი მირონ იაკოვლევი იყო გარეული. ეს 39 წლის სიმპათიური მამაკაცი ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილის – გალინას საყვარელი იყო, მისი მფარველობით სარგებლობდა და სწორედ ამიტომ იბლოკებოდა წიკლაურის საგამოძიებო მოქმედებები. იაკოვლევის მიერ შექმნილ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში „კაგებეს“ ოფიცრებიც იყვნენ. სწორედ ისინი აწვდიდნენ იაკოვლევს ინფორმაციებს და მოწმეებსაც ერთ-ერთი მათგანი, კაპიტანი ვორობიოვი იშორებდა თავიდან. მან დახოცა სნაიპერული შაშხანიდან ჯერ სარკოფაგოვი, შემდეგ კი – მიტროფანოვი და ვესნუშკინი. ვორობიოვი, იაკოვლევი და „კაგებეს“ სამი ოფიცერი მალულად დააპატიმრეს და „ლუბიანკის“ სარდაფში გამოამწყვდიეს, ოფიციალურად კი განაცხადეს, რომ თითქოს ისინი შავ ზღვაში კატერით სეირნობის დროს დაიხრჩვნენ. ასე კი იმიტომ გააკეთა „კაგებემ“, რომ საქმეში გალინა ბრეჟნევა არ ჩარეულიყო და სურათების დაბრუნების გეგმა არ ჩაეშალა. ამის პარალელურად „კაგებემ“ ოპერაცია „ფორტოჩკა“ დაგეგმა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თავად ლეონიდ ბრეჟნევი იყო.

ოპერაცია „ფორტოჩკა“

ერმიტაჟის ამბები 1968 წლის 19 მაისს დაიწყო, 19 აგვისტოსთვის კი უკვე ყველფერი გარკვეული იყო და „კაგებეს“ ოპერაცია „ფორტოჩკა“ მზად ჰქონდა. უბრალოდ, საბჭოთა უშიშროება ქვეყნის პირველი პირის, კომპარტიის გენერალური მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის მექსიკაში ვიზიტს ელოდებოდა. 30 აგვისტოს ბრეჟნევი სამდღიანი ვიზიტით მეხიკოს და რამდენიმე ისტორიულ ქალაქს უნდა სწვეოდა. ამიტომ გენმდივნის პროტოკოლის უფროსმა, ანტონ სიდორენკომ, რომელიც, ცხადია „კაგებეს“ თანამშრომელიც იყო, იმდენი მოახერხა, რომ ბრეჟნევის ვიზიტში ოსვალდ მარტინესის კერძო კოლექციის მონახულებაც შეიტანა. მარტინესს, იატაკქვეშა კოლექციის გარდა, ხელოვნების ნიმუშთა კოლექციაც ჰქონდა, რომელიც ლეგალური გზით შეიძინა და ამაყობდა ამ განძით. ამიტომ ის დიდი სიხარულით შეხვდა ბრეჟნევის სტუმრობის იდეას. სტუმრების ღირსეულად დასახვედრად მზადება ერთი თვით ადრე დაიწყო. მან გულთბილად მიიღო საბჭოთა გენმდივნის დაცვის თანაშმრომლები და თავისი კარმიდამო დაათვალიერებინა. ბრეჟნევის დაცვას სინამდვილეში სარდაფი აინტერესებდა და მათ უამრავი სურათი გადაიღეს ფარულად.

1968 წლის 30 აგვისტოს ლეონიდ ბრეჟნევი დიდი ამალით მექსიკისკენ დაიძრა. იქ კი, ოფიციალური პირების გარდა, პოდპოლკოვნიკი ომარ წიკლაური და ვინმე ეგორ ბოროვოი იყვნენ. ბოროვოი, რომელსაც მეტსახელად „ფორტოჩკას“ ეძახდნენ, საბჭოეთის ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ ქურდად ითვლებოდა და „კაგებემ“ ის სპეციალურად გაათავისუფლა ციხიდან, რათა მარტინესის კოლექცია მოეპარა.

ბრეჟნევი მარტინესის ვილას 2 სექტემბერს „ლიმუზინითა“ და უზარმაზარი „ჩაიკით“ მიადგა. ბრეჟნევის „ლიმუზინს“ „კაგებეს“ თანამშრომლებმა საბარგული გაუფართოვეს და უკანა სავარძლების ქვეშ სამალავი გაუკეთეს. ზუსტად დღის 2 საათზე ბრეჟნევი, მექსიკის პრეზიდენტი და მარტინესი უზარმაზარ დარბაზში შევიდნენ კოლექციის დასათვალიერებლად. ამის პარალელურად, ფორტოჩკამ ქურდული ატმიჩკებით, რომლებიც „კაგებეს“ საამქროში დაამზადეს, იატაკქვეშა კოლექციის სარდაფში ჩააღწია და სულ რაღაც რვა წუთში ერმიტაჟიდან გატაცებული სურათები ბრეჟნევის „ლიმუზინში“ დამალა, მათ ადგილას კი ასლები ჩამოკიდა.

ბრეჟნევმა, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა კოლექციის დათვალიერება და ამ „გაუგებრობაში“ „კაგებეს“ სპეცოპერაციის გამო მოხვდა, ნახევარ საათში შემოიარა გალერეა და ფორტოჩკას მიერ მოპარულ სურათებთან ერთად დატოვა მილიარდერის ვილა.

გენმდივანმა მექსიკური ვოიაჟი მეორე დღეს დაასრულა, ხოლო ერმიტაჟის კოლექციამ იმავე საღამოს ფორტოჩკასთან და წიკლაურთან ერთად დატოვა მეხიკო.

ფორტოჩკას დანაშაული აპატიეს და ციხიდან გაათავისუფლეს. წიკლაური პოლკოვნიკი გახდა, ხოლო მარტინესმა მხოლოდ 20 წლის მერე შეიტყო, რომ მისი იატაკქვეშა კოლექცია ასლებისგან შედგებოდა. ერთ-ერთი ფარული გარიგებისას მილიარდერმა ექსპერტი მოიწვია და მარტინესს სწორედ მან ამცნო, რომ სურათები ყალბი იყო. ამის შემდეგ მოხუც კოლექციონერს ინფარქტმა დაარტყა.


скачать dle 11.3