მზეჩასვენებული
„ბურთმა იგორა, იგორა…“
იმას, რომ ბ-ნ ახალკაცს კარგი დღე არ ელოდა, სატელევიზიო სივრცეში მომრავლებული სიუჟეტებიც მოწმობდა, რომელთა ძირითადი ლაიტმოტივი ქართველი ფეხბურთელების უნიათო თამაში გახლდათ. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელები არც ბ-ნი ახალკაცის პრეზიდენტობის აისზე გამოირჩეოდნენ ბურთის გორების ჟინით და დღემდე ისევ ბუნდოვანია, რატომ გაამდიდრეს ტოპმიოლერი, აშკარაა, რომ, უბრალოდ, ბ-ნი ახალკაცის მზე ჩაესვენა. მეორე მხრივ, ქუჩაში გასვლამდე ბ-ნი გილაური კულტურის მინისტრს დაემუქრა (თუ ფეხბურთელები ფეხბურთის თამაშს არ ისწავლიან, სკამს დაგამშვიდობებო) და, როგორც ჩანს, ბ-ნმა რურუამ საკუთარის დაკარგვას, ბ-ნი ახალკაცისთვის სკამის გამოცლა ამჯობინა (თუმცაღა, ოფიციალური ვერსიით, ეს უკანასკნელი საკუთარი ნებით გადადგა). ერთი სიტყვით, ფეხბურთის ფედერაციაში საკადრო წმენდის ჩატარების მოტივად წაგებებთან შეუგუებლობა დასახელდა და ამ შეფასებაში ქართული როგორც სახელისუფლო, ისე საპარლამენტო ოპოზიციური უმცირესობა ერთსულოვანი აღმოჩნდა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნმა ახალკაცმა თავისი გადადგომა სწორედ პერმანენტული დამარცხებებით ახსნა და იმასაც დავამატებთ, რომ ბ-ნი გოგავა (აგვისტოს ომის დროს გენშტაბის უფროსი) კვლავაც თავმომწონედ განაგრძობს მესაზღვრეთა სარდლობას (გადადგომა არც მას მოსვლია აზრად და არც მის დამნიშნავებს), გამოდის, რომ ჩვენი პოლიტსპექტრისთვის შეურაცხმყოფელი, გნებავთ, მტკივნეული, მხოლოდ ფეხბურთის მატჩის წაგებაა.