როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ცომაია
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ცომა.
ამავე ფუძისაა გვარები – ცომაძე და ცომაშვილი.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ცომაიებს რაოდენობის მიხედვით 363-ე ადგილი უჭირავთ.
საქართველოში 2 228 ცომაია ცხოვრობს: აბაშაში – 796, თბილისში – 681, ფოთში – 160, არიან სხვაგანაც.
ფუტკარაძე
უძველესი გვარია. ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით, ამ გვარს სათავე დაუდო ვინმე ფუტკარამ. ჩვენი აზრით, ეს არასწორი მოსაზრებაა, რადგან გვარის წინარე ფორმაა მეფუტკრისძე, რაც მიგვანიშნებს, რომ ხელობა-საქმიანობიდან გამომდინარე გვარ-სახელია და ამ გვარის წარმომადგენლები ფუტკრის მოვლა-მოშენებას მისდევდნენ.
გვარი ფუტკარაძე მოიხსენიება მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების გვარების ნუსხაში.
ფუტკარაძეების ძირითადი საცხოვრისია აჭარა, თუმცა, ამ გვარის წარმომადგენლები ასევე ცხოვრობენ იმერეთში, სამეგრელოსა და თბილისში.
სამეგრელოში ფუტკარაძეები აჭარიდან გადავიდნენ. ბევრმა გვარი შეინარჩუნა, ნაწილი კი ფუტკარაიად ჩაეწერა.
იმერეთში ფუტკარაძეები ცხოვრობენ: საქარაში, ინაშაურში, სიმონეთში, ტყემლოვანში, ჩუნეთში, ჩხარში, ცხრაწყაროსა და ჯიხაიშში.
საქართველოში 7 003 ფუტკარაძე ცხოვრობს: შუახევში – 1 824, ხელვაჩაურში – 1 108, ბათუმში – 664. არიან სხვაგანაც.
სინატაშვილი
გვარი სინატაშვილი იმერეთში, კერძოდ, სოფელ რიონში წარმოშობილი გვარ-სახელია. სინა ქართულ ისტორიაში მრავალი მნიშვნელობით გვხვდება. პავლე ინგოროყვას ის მამაკაცის სახელად აქვს მოხსენიებული. ფუძით ნაწარმოებია შემდეგი გვარები: სვინატაშვილი, სინატაძე.
გვარი ადრეულ საბუთებში სვინატაშვილად გვხვდება. სვინა, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „შვილის მომნათვლელს” ნიშნავს. ამ გვარის წარმომადგენლები ხშირად მოიხსენიებიან მეფის მეჯვარეებად და შვილის მომნათვლელებად.
გვარი სვინატაშვილი – სინატაშვილი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, ხშირად გვხვდება მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების იმერეთის ეპარქიის საეკლესიო-მეტრიკულ დავთრებშიც.
საქართველოში 456 სინატაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 266, წყალტუბოში – 154, თბილისში – 36.
ყაველაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყაველა.
1871 წელს, საღირაშენში დროებით მცხოვრებად მოიხსენიება პეტრე ყაველაშვილი, რომელსაც ცოლად შეურთავს ამავე სოფელში მცხოვრები სოსია გოგინაშვილის ასული სოფიო.
საქართველოში 2 160 ყაველაშვილი ცხოვრობს: ჭიათურაში – 665, თბილისში – 354, ლაგოდეხში – 317. არიან სხვაგანაც.
ქობულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქობული.
ქობულაშვილი უძველესი გვარია. მისი ძველი ფორმა იყო ქობულისძე.
მთავართა გვარებში ვახუშტი წერს: „ხოლო გვარიანი მთავართა მათ ძველთანი ესენი არიან: ქობულისძე, დონაური, ასელმანეილი, ბაღუაში, რომელიც იყო ლიპარტის ძე”.
„თავადი ქობულაშვილის წინაპარნი იყვნენ ქობულად წოდებულნი უკვე 882 წლიდან. როცა სამბათ მეფე აფხაზეთიდან წავიდა, თან გაჰყვნენ ქობულისძენიც. ქობულთა შვილთაგან დაშთნენ გურიას ადგილსა ქობულეთსა შინა და იყვნენ მუნ. შემდგომად, მეფემან დავით კახთმან შერთო ცოლად გურიელის ასული თინათინი, მას მოჰყვა მზითევში ქობულოვი და დედოფლის შუამდგომლობით მიიღო მეფემან თავადობის ხარისხში და დაასახლა რუისის პირსა ადგილსა”.
„ხოლო, წელსა 1752, შეიკრიბნენ მხედრობანი ლეკთანი და მოადგა ყვარელსა. მაშინ ციხესა ყვარლისასა შეაშველა მეფემან და უთავა მათ თავადი ბებურიშვილი პაპა, მდივანი სოლომონ ქობულოვი, თაყაიშვილი ფირუზა, რატიშვილი ბეჟან, ნამორაძე ერასტი და სხვანი, მრავალნი კეთილშობილნი და გლეხნი. განამაგრეს ციხე იგი და ლეკთა, ვინაითგან ვერა რამე ჰყვეს, უკუიქცნენ სირცხვილეულნი”.
ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ თამაზ ქობულიშვილი იყო კანცელარიის მოხელე. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მას გადაუწერია „დასტურმარი” დავით რექტორის ხელნაწერიდან. ის ერთგვარად ედავება ამ უკანასკნელს, რომ სოფლები კახეთს ეკუთვნის და არა ქართლსო.
საქართველოში 657 ქობულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 269, მცხეთაში – 258, გარდაბანში – 36. არიან სხვაგანაც.
1 691 – ქობულაძე;
349 – ქობულია.
ვარდიძე-ჩილინგარაშვილი
ვარდიძე მესხური გვარია. ფუძედ გამოყენებულია საკუთარ სახელად ქცეული სიტყვა ვარდი. ამავე ძირისაა გვარები: ვარდაია, ვარდანია, ვარდანაშვილი, ვარდასანიძე, ვარდუაშვილი, ვარდოსანიძე, ვარდოსანი, ვარდიძე და ვარდისძე.
„ვარდისძე გოგიმ, ქურციკ ფიცხელაძესთან ერთად აჭდილას წმიდა გიორგის რუს გამოსაღებად შესწირა 50 თეთრი და გააჩინა აღაპი” (მეთხუთმეტე საუკუნე).
ვარდიძეთა ერთმა ნაწილმა კათოლიკობა მიიღო და გვარი თურქული ფუძით – ჩილინგარ, რაც ზეინკალს ნიშნავს – ჩილინგარაშვილად შეიცვალა.
საქართველოში 267 ვარდიძე ცხოვრობს: თბილისში – 79, ადიგენში – 52, ახალციხეში – 36. არიან სხვაგანაც.
621 – ჩილინგარაშვილი: ადიგენში – 501, თბილისში – 44, ქუთაისში – 16. არიან სხვაგანაც.
ზუბიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზუბია.
ზუბია ბესალაშვილი 1609 წელს მოიხსენიება შანშე ჯავახიშვილის მიერ გიორგი ცალქალამანიძის სახელზე გაცემული ყმის ნასყიდობის წიგნში.
ამავე ძირისაა გვარები: ზუბაშვილი, ზუბალაშვილი.
თუმცა, ზუბიაშვილი თუმანიშვილის შტო-გვარიცაა.
საქართველოში 733 ზუბიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 282, გორში – 226, კასპში – 104. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით