კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით დაკარგეს ერთმანეთი დედმამიშვილებმა და ვინ ეძებს დას გერმანიაში


38 წლის ელმირა მაქსიმის ასული ხატოევი (ხატოიანი) ეძებს 37 წლის მილენა მაქსიმის ასულ ხატოიანს.

ისტორია: ვეძებ ჩემს დას, 37 წლის მილენა მაქსიმის ასულ ხატოიანს. იგი ბოლოს, დაახლოებით, 1992-1993 წლებში ვნახე, როდესაც თავის პატარასთან ერთად სომხეთიდან ჩამოვიდა და რაღაც დროის განმავლობაში, ჩემთან ცხოვრობდა. ვიცი, რომ წასვლას არსად აპირებდა, რადგან იმ პერიოდში თავის მეუღლესთან დაშორებული იყო. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ მე და ჩემს და-ძმას მის პოვნაში. ჩვიდმეტი წელია, უკვე, რაც მილენაზე აღარაფერი გაგვიგია და მისი ადგილსამყოფელი ჩვენთვის დღემდე უცნობია.

– მოგვიყევით თქვენი ისტორია, ვიცი, რომ დას უკვე წლებია, უშედეგოდ ეძებთ, როგორ დაკარგეთ ერთმანეთი დედმამიშვილებმა?

– სულ ოთხი დედმამიშვილი ვართ. მილენა ჩვენში შუათანაა. ყველანი დავიბადეთ და გავიზარდეთ საქართველოში. მყავს ორი და და ერთი ძმა. მილენა გათხოვდა და ცოლად გაჰყვა ეროვნებით სომეხს. თავიდან მილენა თავის მეუღლესთან ერთად თბილისში, მიცკევიჩზე ცხოვრობდა. შემდეგ კი, დაახლოებით, 1988 წელს, ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა, ქალაქ ლენინაკანში. ჩვენი ოჯახი თავიდან ამის წინააღმდეგი იყო. თბილისში რომ არ იქნებოდა ვიცოდით, ხშირად ვეღარ ვნახავდით, მაგრამ, ბუნებრივია, წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მილენა ლენინაკანში ცხოვრობდა, ის საზარელი მიწისძვრა მოხდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე რომ შეიწირა. ბუნებრივია, ჩვენმა ოჯახმაც და ნათესაობამაც დიდი შიში გადაიტანა. ის მიწისძვრა დღემდე ბევრს ახსოვს. ლენინაკანში ჩემი დის საცხოვრებელი სახლიც დაინგრა. თვითონ მილენა კი სასწაულებრივად გადარჩა. ამის შემდეგ საცხოვრებლად ის, მეუღლესთან და შვილთან ერთად, მატარებლის ვაგონში გადავიდა. იმ წლებში ჩემი ძმა ჩადიოდა და ნახულობდა მილენას. პირადად მე, ვერ ჩავდიოდი სომხეთში, რადგან თბილისში ოჯახი მყავდა. სწორედ, ძმისგან ვიგებდი მილენას ამბავს. მისი შორს ყოფნა ნაკლებად მაწუხებდა, რადგან მთავარი იყო, მცოდნოდა, რომ კარგად არის. დაახლოებით, 1992-1993 წლებში მილენა ისევ თბილისში ჩამოვიდა თავის ბიჭთან ერთად. პატარა იმ დროს სამი წლის იყო. საქმე ისაა, რომ როგორც მაშინ მითხრა, მეუღლესთან ნაჩხუბარი იყო და ამიტომ საცხოვრებლად ჩემთან დარჩა. მილენას მეუღლესთან დაშორების მიზეზი არ ვიცი. მახსოვს, მილენა ამბობდა, რომ მეუღლე სახლში არ დაბრუნდა და ამის შესახებ არ გააფრთხილა. რაღაც პერიოდის შემდეგ, მისმა მეუღლემ ჩვენს მეზობელთან დარეკა და მილენა იკითხა, არ ვიცი, რაზე ისაუბრეს, მაგრამ მილენამ მითხრა, რომ მასთან დაბრუნებას არ აპირებდა. შემდეგ მეორედაც დარეკა და უთხრა, რომ გერმანიაშია და საბუთებიც კი მზად აქვს მილენასა და მისი შვილისთვის და სთხოვა, ჩასულიყვნენ. ამ ზარების შემდეგ მილენამ დეიდასთან წასვლა გადაწყვიტა თემქაზე, სადაც მივიდა კიდეც. მაგრამ, იქიდან ჩემთან აღარ დაბრუნებულა. არავინ იცის, სად წავიდა ან როგორ. ერთი სიტყვით, დაიკარგა. სხვა სახელს ვერ დავარქმევ.

– შეიძლება, თქვენმა დამ არ გაგაგებინათ და მალულად გადაწყვიტა გერმანიაში წასვლა. ჰქონდა თუ არა მას ამის მატერიალური საშუალება?!

– ვიცი, რომ მეუღლეს ესაუბრა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს. ვერც იმას ვიტყვი, შეიძლებოდა თუ არა, იმდენი ფული ჰქონოდა, გერმანიამდე ჩასულიყო. მე მაინც ვერ ვიგებ და არ მესმის, რატომ, რა მიზეზით უნდა დაემალა ეს ყველაფერი ჩემთვის? მართლა ძალიან განვიცდით, რომ ამდენი წლის განმავლობაში მის შესახებ არაფერი ვიცით. მამა უკვე ცოცხალი აღარაა, დედა კი დღემდე განიცდის მილენას ამბავს. თქვენი იმედიღა დაგვრჩა.

– თუ აღმოჩნდა, რომ თქვენი და გერმანიაშია და ის თქვენ არც კი გეძებდათ, აპატიებთ ამას თუ ვერა?

– მას შემდეგ, რაც ბოლოს ვნახე ჩემი და, ანუ ჩვიდმეტი წლის წინ, საცხოვრებელი მისამართი შევიცვალე. მაგრამ, ძველ მისამართზე ჩემი დედამთილი დღემდე ცხოვრობს. ასე რომ, მას რომ მოენდომებინა, იმ მისამართზე დამიკავშირდებოდა და ამას აუცილებლად გავიგებდით. ოღონდაც ვიპოვო და ნაწყენი მასზე არ ვიქნები, მერწმუნეთ, რაც არ უნდა იყოს, ჩემი დაა, უზომოდ მიყვარს და მენატრება. მთელ სანათესაოს გვინდა მისი პოვნა.

– თქვენ გარდა მილენას კიდევ ვინ ეძებს? თქვენი დანარჩენი დედმამიშვილები თუ ეძებენ და როგორ?

– რა თქმა უნდა, ყველანი ვეძებთ. ყველას ძალიან გვინდა, მასზე რაიმე ინფორმაცია მოვიპოვოთ. ჩვიდმეტი წელია გასული მისი „გაქრობდან“. მას შემდეგ მის შესახებ არაფერი ვიცით. იმედი მაქვს, თქვენ მაინც გაგვარკვევთ, თუ სად შეიძლება იყოს, თუკი, რა თქმა უნდა, იპოვით მას.

– თუკი ის მართლაც გერმანიაში წავიდა იმ დროს, ამჟამად ის შეიძლება შენგენის ნებისმიერ ქვეყანაში აღმოჩნდეს.

– ამაზე ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, ვიცი, რომ მას გერმანიაში ნათესავები არ ჰყოლია. ერთადერთი ვარიანტია, რომ ნამდვილად მეუღლესთან წავიდა, ოღონდ, როგორ? – არ ვიცი.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3