„ბიპის“ ავარიის ლიკვიდაცია უკვე 6,1 მილიარდი დაუჯდა
ბრიტანული ნავთობკორპორაცია „ბიპის“ ხარჯებმა მექსიკის ყურეში მომხდარი ავარიის სალიკვიდაციოდ 6,1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ ხარჯებში შედის ის 319 მილიონი დოლარიც, რომელიც კომპანიას სასამართლო გარჩევებში დაეხარჯა ნავთობის დაღვრისგან დაზარალებულთა მიერ აღძრული სარჩელების საპასუხოდ. ბოლო მონაცემებით, მექსიკის ყურეში დიდი ოდენობით დაღვრილი ნავთობის გამო კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში 147 ათასამდე სარჩელი შევიდა. 104 ათას მოსარჩელეს კომპანიამ უკვე გადაუხადა თანხა. ადრე „ბრიტიშ პეტროლიუმი“ იუწყებოდა, რომ ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად 4 მილიარდ დოლარამდე უკვე დახარჯა. „ბიპის“ პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც 2010 წლის 20 აპრილს მექსიკის ყურეში, ნიუ-ორლეანიდან 210 კილომეტრში, „ბიპის“ მცურავ საბურღ პლატფორმაზე აფეთქება მოხდა და ავარიის შედეგად დიდი ოდენობით ნავთობი ჩაიღვარა ოკეანეში. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა „ბიპიმ“ საკუთარ თავზე აიღო. მექსიკის ყურეში 4,9 მილიონ ბარელამდე ნავთობი დაიღვარა. ავარიამ რეგიონში უპრეცედენტო ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. ავარიის შედეგად კომპანიის დანაკარგები 17,6 მილიარდ დოლარს მიაღწევს.