შვეიცარია მშენებლობისთვის უძვირესი ქვეყანაა
ექსპერტთა გამოკვლევით დადგინდა, რომ საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების მშენებლობის თვალსაზრისით, შვეიცარია მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქვეყანაა. ამასთან, შვეიცარიის კონფედერაციის სამშენებლო ინდუსტრია გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს ღირსეულად გაუმკლავდა. მშენებლობის ღირებულება ამ პატარა ქვეყანაში არა თუ დაეცა, გაიზარდა კიდეც მუშახელისა და სამშენებლო მასალის გაძვირების ფონზე. შვეიცარიის ქალაქები ციურიხი და ჟენევა მსოფლიოში, მშენებლობის თვალსაზრისით, ყველაზე ძვირი ქალაქები აღმოჩნდა. დეველოპერებისთვის ყველაზე ძვირი ქვეყნების რეიტინგში შვეიცარიამ უკან ჩამოიტოვა დანია და ფინეთი, რომლებმაც შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს. ამ რეიტინგში მეოთხე ადგილი წილად ირლანდიას ხვდა, სადაც კრიზისის მიუხედავად, მშენებლობა კვლავ საკმაოდ ძვირი ჯდება. მეხუთე ადგილზე გასულ ავსტრალიას, შვეიცარიის მსგავსად, გლობალური ეკონომიკური კრიზისი არ შეხებია. მშენებლობისთვის უძვირესი ქვეყნების რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდა: ბაჰრეინი, შვედეთი, გერმანია, სინგაპური და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. რეიტინგი კონსალტინგურმა კომპანია „ეს ჰარისმა“ შეადგინა.