„ოპელი“ სამუდამო გარანტიით გაიყიდება
საავტომობილო კონცერნ „ოპელის“ ხელმძღვანელმა ნიკ რეიტლიმ განაცხადა, რომ ამ ფირმის ავტომობილების მყიდველები ქარხნისგან სამუდამო გარანტიას მიიღებენ. ახალი ინიციატივის მიზანია „ოპელის“ გაყიდვებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი. ეს პროექტი თავდაპირველად, ევროპაში, კერძოდ კი, გერმანიასა და ბრიტანეთში განხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ ევროზონაში „ოპელის“ სამუდამო გარანტიის ინიციატივას დადებითი შედეგი მოჰყვა, განიხილება მისი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გავრცელების პერსპექტივაც. გერმანელი ექსპერტები ამ ინიციატივას უჩვეულოს, მაგრამ დროულს უწოდებენ იმ ფონზე, როცა „ჯენერალ მოტორსის“ შვილობილი კომპანია „ოპელის“ გაყიდვები გერმანიაში 40 პროცენტით დაეცა. ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ სამუდამო გარანტიის აქცია კონცერნს ძალიან ძვირი დაუჯდება, თუმცა, მას სხვა გზა აღარც აქვს. გარანტიით გაიყიდება მანქანის ძრავა, სავალი ნაწილები, მართვის სისტემა და ელექტროაღჭურვილობა. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები მაინც იქნება – როცა „ოპელი“ 160 ათას კილომეტრზე მეტს გაივლის, ან მას პირველი მყიდველი გაყიდის, სამუდამო გარანტია მასზე აღარ გავრცელდება. მართალია, ახალ მფლობელსაც შეუძლია, გადაიფორმოს სამუდამო გარანტია, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდება. გარანტიის მოქმედების განმავლობაში აუცილებელი სამუშაოების ხარჯებს „ოპელი“ დაფარავს.