„ფორბსმა“ 90 წელს გადაცილებულ მილიარდერთა სია გამოაქვეყნა
გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ 90 წელს გადაცილებული მოქმედი ბიზნესმენების სია გამოაქვეყნა, რომელთა ქონებაც მილიარდ დოლარს აღემატება. ჟურნალმა ამ სიაში არ შეიყვანა ის ბიზნესმენები, რომლებმაც ასაკის გამო ბიზნესში მოღვაწეობაზე უარი თქვეს. ამგვარი რეიტინგის გამოქვეყნებისკენ „ფორბსს“ 92 წლის სიდლი ჰარმანმა უბიძგა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოულოდნელად ცნობილი ჟურნალის, „ნიუსუიკის“ შეძენის თაობაზე განაცხადა. კითხვაზე, თუ რად უნდოდა ეს ჟურნალი ამ ასაკში და ხომ არ გადაყარა ამით მან დიდი ფული, ასაკოვანმა მილიარდერმა მიუგო, – ამ ნაბიჯით ახალგაზრდობა დავიბრუნეო. 90 წელს გადაცილებულ აქტიურ მილიარდერთა სიაში 17 ასაკოვანი ბიზნესმენი მოხვდა. პირველი ხუთეული კი ასეთია: გერმანელი კარლ ალბრეხტი 90 წლისაა და მისი ქონება 23,5 მილიარდი დოლარია; ამერიკელი ენ კოკს ჩამბერსიც 90 წლისაა და 10 მილიარდით საპატიო სიაში მეორე ადგილზეა; იმავე ასაკის საუდელი სულეიმან არ რაჯი მესამეა 6,5 მილიარდი დოლარით; მეოთხე ადგილი ასევე 90 წლის ამერიკელს, ფრედერიკ მაიერს ხვდა, რომლის ქონებაც 5 მილიარდია; ხუთეულს 91 წლის ამერიკელი ჯორჯ მიტჩელი ასრულებს 2,2 მილიარდი დოლარით. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ „ფორბსმა“ მილიარდერთა გამდიდრების საიდუმლოს ახადა ფარდა. ეს ცხოვრების თანამგზავრთა სწორად შერჩევაზე ყოფილა დამოკიდებული.