რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში მონტერო სპორტი”, 3.0-იანი სპორტული ძრავით, 2001 წლის, ჩემს მეგობარს კი ჰყავს „ბეემვე X5”, 3.0-იანი ძრავით 2002 წლის. მაინტერესებს, გაასწრებს თუ არა ჩემი „ჯიპი“ ტრასაზე 800-მეტრიან დისტანციაზე „X5-ს”? თუ ვერ გაასწრებს, რატომ?
პასუხი: რა თქმა უნდა, თქვენს ავტომობილს „X5” გაასწრებს. მიზეზი მარტივია, „ბეემვე” თავიდანვე, წარმოებიდანვე, ატარებს სპორტულ ხასიათს, რომელსაც „ჯიპის“ ფუნქციებიც აქვს შეთავსებული, და საჭიროების დროს იყენებს. „მონტერო სპორტი” კი „ჯიპია“, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვეულებრივი (და არა სპორტული), ავტომობილის ფუნქციებსაც ითავსებს. „სპორტი” – ეს მხოლოდ სახელწოდებაა და არ ამართლებს ავტომობილის ხასიათს. ეს არა მხოლოდ აჩქარებაში, არამედ მანევრირებაშიც გამოიხატება. ისე, ცნობისთვის, 800-მეტრიან დისტანციაზე გასწრების რაღაც შანსი მაინც არსებობს, თუ „X5-ს” ძალიან ცუდი მძღოლი მართავს. ხოლო თუ 800 მეტრს გავცდით, როგორი ცუდი მძღოლიც არ უნდა იჯდეს „X5-ის“ საჭესთან, მისი გასწრება „მონტერო სპორტისთვის” წარმოუდგენელია.
კითხვა: ვარ მანდილოსანი. გთხოვთ, მირჩიოთ „მერსედესის” რომელი მოდელი ვიყიდო 30 000 დოლარის ფარგლებში – მართვის ავტომატური თუ მექანიკური კოლოფით? ვარ 25 წლის და მირჩევნია, ავტომობილი იყოს კომფორტული, გამძლე და სწრაფი.
პასუხი: ამ ფასში ბევრი საინტერესო ავტომობილის შეძენა შეიძლება, თუკი „მერსედესზე” უარს იტყვით. მაგრამ, რადგან პრიორიტეტს „მერსედესს” ანიჭებთ, გირჩევთ, აირჩიოთ არა „ჯიპი“, როგორიც, ვთქვათ, ახალი „ემელია“, არამედ, მსუბუქი, სპორტული სტილის „ცეელესი” ან „ესელი”, რომელიც ძალიან კომფორტული, სწრაფი და, ამავდროულად, ფეშენებელურია.
კითხვა: ათი დღით მივლინებით მივდივარ ბელგიაში. მინდა, ახალი ავტომობილი შევიძინო და იქიდან მანქანით წამოვიდე. რეალურია თუ არა ეს, და სად შეიძლება, ბელგიაში ავტომობილის შეძენა და მისი გაფორმება, რომ გზაში პრობლემები არ შემექმნას?
პასუხი: ბელგიაში ავტომობილის ყიდვა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ გაფორმება ცოტა რთული. სატრანზიტო ნომრის აღებას მხოლოდ ბრიუსელში მოახერხებთ. ავტომობილების მოძიება შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით ან სხვადასხვა ქალაქის, ქუჩისა და უბნის ავტოჰაუსებში, რომლებიც ქაოტურადაა გადანაწილებული. გირჩევთ, ინტერნეტით შერჩეული ავტომობილი პატრონს ჩამოაყვანინოთ ბრიუსელში, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, ბელგიელი ხსნის ნომერს, გაძლევთ მანქანის პასპორტს და მიდის – მას გადაფორმება არც ეხება და არც აინტერესებს. შემდეგ კი ამ ავტომობილის ბრიუსელამდე ჩაყვანა თქვენი პრობლემა გახდება. თვითონ ბელგიიდან საქართველომდე კი, ტრანზიტული ნომრებით, შეზღუდვის გარეშე ჩამოხვალთ.