კრაუჩმა ფული იმაში გადაიხადა, რაც...
ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდი, პიტერ კრაუჩი, თავის საცოლესთან, აბიგაილ კლენსისთან ერთად, დასასვენებლად სარდინიაზე იმყოფებოდა და, როგორც ამბობენ, ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროს აპარტამენტებში ცხოვრობდა და ნებივრობდა. იქიდან დაბრუნებულმა კრაუჩმა კი „ტოტენჰემს“ მიაშურა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ლონდონურმა კლუბმა საწვრთნელად მადრიდი აირჩია და სწორედ იქ მოხდა ის, რაც, აგერ უკვე მეორე კვირაა, ბრიტანული პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდის.
მოკლედ, პიტერი ღამის კლუბში შეეხეტა და იქ ვინმე მონიკა მინტი გაიცნო. ეს გოგონა ერთ-ერთი რიგითი მეძავი გახლავთ და, რა თქმა უნდა, უარი არც კრაუჩისთვის უთქვამს, თუმცა, მერე ყველაფერი გაზეთებს უამბო.
„როცა კრაუჩი ჩემთან მოვიდა, ძალიან მთვრალი იყო და მითხრა, სასტუმროში წამყევიო. ჩემი ფასი ღამეში ათასი ევროა და ფეხბურთელს ეს ვუთხარი კიდეც. იგი მაშინვე დამეთანხმა და მითხრა, რომ თანხის პრობლემა არ ჰქონდა. პიტერი ტაქსიშივე მეძგერა და ამისთვის ტაქსის მძღოლს დამატებით ასი ევრო მისცა, მეორე დღეს კი სასტუმრო დილით დავტოვე და შესასვლელთან უკვე ჟურნალისტები მელოდნენ. წარმოდგენა არ მქონდა, ვისთან გავატარე ღამე და ამიტომ ყველაფერი მშვიდად მოვყევი. მერე გავიგე, ვინ იყო ჩემი კლიენტი და მისი საცოლის ფოტო რომ ვნახე, გავოცდი. როცა სახლში ასეთი ქალი გელის, ფულს რატომ იხდი?“ – განაცხადა მონიკამ.
იმედია, აბიგაილი სკანდალს არ მოაწყობს, რადგან, ერთი წლის წინ ის კრაუჩს გაექცა, აქაოდა, შენთან მომბეზრდაო და ღამის ბარის ოფიციანტთან გააბა ორდღიანი რომანი, რის შემდეგაც კვლავ კრაუჩს დაუბრუნდა და მანაც დიდსულოვნად აპატია. ახლა აბიგაილის დიდსულოვნების ჯერია.