როცა კანი გიწითლდებათ
ხშირად ხდება, რომ ოდნავი განერვიულების დროს, ყავის დალევის ან რაიმე მწარე-ცხარე საკვების მიღებისას, ჩვენი სახის კანი არაჯანმრთელ მოწითალო შეფერილობას იღებს. უნდა გამოვტყდეთ, რომ ნამდვილი მიზეზის დადგენაზე თავი დიდად არ შეგვიწუხებია და, უმრავლეს შემთხვევაში, ეს ალერგიისთვის დაგვიბრალებია. სინამდვილეში კი, შესაძლოა, ეს გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემა იყოს (თუმცა, არც ალერგიაა უყურადღებოდ მისატოვებელი პრობლემა).
ასეთ შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმ-დერმატოლოგს, რადგან ასეთი გამოვლინება, შესაძლოა, გადაიზარდოს როზაცეაში (კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება), რაც სწორედ კანის სიწითლით იწყება, მერე კი ჩნდება კვანძები, წითელი ფერისმჭამელები, ჩირქოვანი გამონაყარი და სისხლძარღვების გაგანიერება. რისკის ჯგუფში არიან ღია ფერის კანის მქონე, ცისფერთვალება ქალბატონები, რომლებმაც 30 წელს გადააბიჯეს.
დაცვის ხაზი
უპირველესად, შეეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ემოციები. სწორედ სტრესებს შეუძლია, „ჩართოს“ ამ დაავადების მექანიზმი. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას მიირთმევთ დღის განმავლობაში. კატეგორიულად უნდა გამორიცხოთ თქვენი მენიუდან შებოლილი, მწარე, ცხარე, ცხელი და შემწვარი საკვები; ასევე – ყავა, შოკოლადი, ზედმეტად ცხიმიანი კერძები, ღორისა და ცხვრის ხორცი. ჩაანაცვლეთ ეს ყველაფერი ხილისა და ბოსტნეულის წვენებით, სალათებით, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული თევზის, ქათმისა და საქონლის ხორცით. ცხადია, ალკოჰოლი სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ. ანუ, უნდა შეზღუდოთ ან მთლიანად აკრძალოთ ყველა ის პროდუქტი, რაც ხელს უწყობს სახის კანის სისხლძარღვების გაფართოებას. ყველაფერ ამის გარდა, მით უმეტეს ზაფხულის სეზონზე, მაქსიმალურად მოერიდეთ მზეს.
ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახის კანის მოვლას. მოვლის ყველა საშუალება შეარჩიეთ თქვენი კოსმეტოლოგის ან დერმატოლოგის რჩევით და ხაზგასმული სიფრთხილით. სასურველია, თუ სახის დასაბანად ან გასაწმენდად შეიძენთ მაღალი ხარისხის ქაფს, უსპირტო ტონიკსა და მსუბუქ გელ-ფლუიდს. უარი თქვით „მძიმე“ მკვებავ კრემებზე, განსაკუთრებით – ზაფხულში. დაივიწყეთ სკრაბი და პილინგი. კარგი იქნება, თუ მუდმივად თან იქონიებთ თერმული წყლის სპრეის, რათა კანის გადახურების შემთხვევაში სახეზე მიისხუროთ.
გახსოვდეთ, რომ როზაცეა ქრონიკული დაავადებაა, რომლის მკურნალობაც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება და ეს პროცესი აუცილებლად დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. არ არის გამორიცხული, რომ სპეციალური პრეპარატებიც დაგჭირდებათ, მაგრამ, გაითვალისწინეთ და მკაცრად დაიცავით ერთი პირობა: არავითარი თვითშემოქმედება.