მკურნალი ვირისტერფა
ვირისტერფას ფოთლები ხალხურ მედიცინაში გამოიყენება პირის ღრუს, ყელის, ხახის ანთების დროს. გარდა ამისა, ეს მცენარე შეიცავს სპონინებსა და ორგანულ მჟავებს, რომლებიც გამოყოფილ სეკრეტს არბილებს და აადვილებს ამოხველებას.
ვირისტერფას ნაყენს აქვს, ასევე, ანტიანთებითი, სუსტი სპაზმოლიტური და მადეზინფიცირებელი მოქმედება. მისგან დამზადებული პრეპარატები ყველაზე მეტად შედეგიანია ლარინგიტის, ანუ ხახის ანთების, ტრაქეის ანთების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოპნევმონიის, ბრონქული ასთმის დროს, ამოსახველებელი მოქმედების მქონე მცენარეულ პრეპარატთან ერთად, თუმცა მისი ცალკე მიღებაც ეფექტს იძლევა.
ვირისტერფას ფოთლებისგან მომზადებულ ნაყენს იყენებენ კომპრესის, სველი ნახვევის ან აბაზანის სახით, ფურუნკულოზის, წვრილი წყლულოვანი დაზიანების, ინფიცირებული ჭრილობისა და კანის სხვა პათოლოგიური დაავადებების დროს.
მისი ნაყენი ასე მზადდება: 1 სადილის კოვზი ფოთოლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი, ანუ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და მდუღარე წყლის აბაზანაზე გააჩერეთ, დაახლოებით, 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთ თბილი ნაყენი, 1 ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.