ექიმის რჩევები
კითხვა: გთხოვთ გვირჩიოთ, როგორ შეიძლება დავიცვათ თავი დიაბეტის დროს ქრონიკული გართულებებისგან.
პასუხი: შაქრიანი დიაბეტის ქრონიკულ გართულებათა თავიდან აცილების ერთადერთი გზა არსებობს: სისხლში შაქრის დონე ნორმას უახლოვდებოდეს, რასაც ნახშირწყლოვანი ცვლის კომპენსაცია ეწოდება. ამის მიღწევა შესაძლოა შესაბამისი დიეტის, მკურნალობისა და ექიმის მითითებების ზუსტ დროში შესრულებით.
კითხვა: გთხოვთ მირჩიოთ, რომელი პროდუქტები შეიცავს კალიუმს საკმაო რაოდენობით. მითხრეს, რომ კალიუმის სიმცირე არტერიული წნევის მომატებას უწყობს ხელს.
პასუხი: კალიუმისა და კალციუმის შემცირება ნამდვილად უწყობს ხელს სისხლის წნევის მატებას. ასე რომ, მიირთვით ამ მიკროელემენტებით მდიდარი საკვები: კარტოფილი, ლობიო, ბარდა, ვირთევზა, ჭარხალი, ჭერამი, შავი ქლიავი, მოცხარი, ატამი, გარგარი. ზომიერი რაოდენობით ქათმის ხორცი, წიწიბურა, სტაფილო, ყაბაყი, გოგრა და ფორთოხალი.
კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, ვენური პათოლოგიის საწყის საფეხურზე, გარდა ფლებოპროტექტორების მიღებისა, რა პროცედურების ჩატარებაა აუცილებელი დაავადების პროგრესირების შესაფერხებლად.
პასუხი: ვენური პათოლოგიების საწყის საფეხურზე საჭიროა მედიკამენტური თერაპია (ფლებოპროტექტორები), სპეციალური ვარჯიშები და კომპრესული ტანსაცმლის ტარება. არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანების დროს ხდება ათეროსკლეროზის ზოგადი მკურნალობა, ლიპიდური ცვლის კორექცია დიეტით და მედიკამენტებით. ავადმყოფს ეკრძალება ნიკოტინის მოხმარება. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ავადმყოფის მდგომარეობას აუმჯობესებს და დაავადების პროგრესირებას აფერხებს.
კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, დიდი რაოდენობის მარილს შეიცავს თუ არა ბოსტნეული და რძის ნაწარმი?
პასუხი: მარილის მცირე რაოდენობას შეიცავს მცენარეული პროდუქტები (ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული), რძე, ხაჭო, ახალი თევზი. ძეხვში მარილი 10-ჯერ მეტია, ვიდრე ხორცში. სტანდარტული ცხობის პურში მარილი საკმაოდ ბევრია, დიეტურ პროდუქტებში – გაცილებით ნაკლები.
კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, შეიძლება თუ არა გაძლიერებული ოფლიანობა ჭარბი წონის ბრალი იყოს?
პასუხი: გაძლიერებული ოფლიანობა სიმსუქნის თანმდევი სიმპტომია. თუმცა ცხადია, ეს არ გამორიცხავს სხვა ორგანოებისა და სისტემების დარღვევებს, მით უმეტეს, ჭარბი წონა თავად იწვევს მრავალ დარღვევას საჭმლის მომნელებელი, სისხლძარღვთა, ნერვული და ენდოკრინული სისტემების მუშაობაში. ამიტომ წონის მომატება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რათა არ გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს და გამოიკვლიეთ ოფლიანობის მიზეზი.
კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, რა შედის აცრის შემდეგ დაშვებულ რეაქციებში და შეიძლება თუ არა ნანემსრის დამუშავება.
პასუხი: ნანემსრის დამუშავება არაფრით არ არის საჭირო, ადგილობრივი მოვლენები თავისთავად ალაგდება. დაშვებულ რეაქციებში შედის ადგილობრივი ტკივილი ნემსის შეყვანის ადგილზე, შეშუპებით და სიწითლით, რაც 2-3 დღის განმავლობაში მცირდება, ტემპერატურის მცირედი მომატება. ეს ყველაფერი მალე გაივლის. გართულების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ქირურგს.
კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, რომელი მედიკამენტები გამოიყენება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალოდ და შესაძლებელია თუ არა თვითმკურნალობა?
პასუხი: აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის დროულად დაწყების მიზნით, ვინაიდან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების უმრავლესობა ადვილად ემორჩილება დროულად დაწყებულ და სწორად წარმართულ მკურნალობას. კვალიფიციური ექიმი ჩაატარებს გამოკვლევებს კონკრეტული ინფექციის დადგენისა და შესატყვისი მკურნალობის დანიშვნის მიზნით. მნიშვნელოვანია არა მარტო სწორი მკურნალობის შერჩევა, არამედ მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა. თვითმკურნალობის ან არასპეციალისტთან მკურნალობის შედეგად, დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში და იწვევს ისეთ სავალალო შედეგებს, როგორიცაა: უშვილობა, თვითნებური აბორტები, სქესობრივი ფუნქციის მოშლა და სხვა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია