რატომ კბენს ძაღლი ადამიანს და რა ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ გართულებების თავიდან ასაცილებლად
დასავლეთ ევროპაში ყოველი სამი ოჯახიდან ორს შინაური ცხოველი ჰყავს. მაგალითად, საფრანგეთში, შინაური ცხოველების მიახლოებითი რაოდენობა 35 მილიონია, მათგან 18 მილიონი კი ძაღლია. მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტია, რომ შინაურ ძაღლს ბავშვისთვის მორალური, შემეცნებითი და ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის განმამტკიცებელი ეფექტი გააჩნია. ძაღლის ნაკბენი ან ნაკაწრი ამ ურთიერთობის მუდმივი ატრიბუტია, ამ ფაქტს კი შესაძლებელია, გარკვეული გართულებები მოჰყვეს. ამიტომ ურიგო არ იქნება თუ დავეუფლებით გარკვეულ ინფორმაციას ამ მიმართულებით.
ევროპულ ქვეყნებში ძაღლის დაკბენილ ბავშვთა ყოველწლიური რაოდენობა, რომელთაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, მერყეობს 50 000-დან 100 000-მდე. დაზარალებულთა უმრავლესობის ასაკი 1-დან 15 წლამდე მერყეობს. ამერიკელი ბავშვების 40 პროცენტისთვის კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უკბენია ძაღლს. ამ მხრივ, საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ზუსტი ცნობები არ მოიპოვება, თუმცა ზედაპირული დაკვირვებით ჩვეულებრივი მოქალაქეც კი ამჩნევს პრობლემის სიხშირეს. საინტერესო ფაქტია, რომ კბენის ადგილი კანონზომიერ კორელაციაშია დაზარალებულის ასაკთან. ბავშვებს ყველაზე ხშირად უზიანდებათ სახე და კისერი, ზრდასრულებს კი კიდურები. ხშირად აღინიშნება კომბინირებული ნაკბენი, რისი მიზეზიც ხანგრძლივი თავდასხმა ან ორი აგრესიული ძაღლია. ნაკბენთა უმრავლესობა კეთილსაიმედოა, მაგრამ კანისა და კუნთის ფართო დანაკარგის გამო, ყველა შემთხვევაში არაესთეტიკური ნაწიბური რჩება შეხორცების შემდეგ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კბენის ფაქტთა უმრავლესობა სახლის პირობებში ხდება, უფრო ხშირად მეგობართან. დასაბუთებული ფაქტია, რომ თავდასხმათა უმრავლესობა თავად დაზარალებულების მიერაა პროვოცირებული. გამოყოფენ ძაღლის თავდასხმის ოთხ მიზეზს. პირველის მიზეზი შიშის გამო განვითარებული აგრესიაა. ინციდენტს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ძაღლისთვის უცხო პიროვნება ცდილობს მოეფეროს ან ეთამაშოს მას, მოქაჩოს ბალანი, ჩაეხუტოს ან ხელში აიყვანოს. ძაღლის შიში იზრდება თუ ის დაბმულია. მეორე მიზეზი უყურადღებობაა. ძაღლი ყოველთვის ცდილობს მოერიდოს ადამიანთან კონტაქტს, მით უმეტეს, რომ უცხოელების აზრით, საქართველოში ყველაზე მშიშარა ქუჩის ძაღლები გვყავს. უყურადღებო ადამიანი შეიძლება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღიზიანებდეს ცხოველს, ან სულაც ფეხი დააბიჯოს მას. მესამე მიზეზის მიხედვით, არ უნდა ვინერვიულოთ. თუ ადამიანს პანიკურად ეშინია ძაღლის, ძაღლს ჰგონია, რაღაც კარგი არ ხდება, ჰგონია, რომ ქურდს ან ბოროტი განზრახვის მქონე პიროვნებას აკვირდება. ეს პასუხად იწვევს ყეფას და შესაძლებელია, საქმე კონტაქტამდეც მივიდეს. ბოლო მიზეზი გაბრაზებაა. ჯოხის ან ქვის ხელში აღება ყოველთვის იწვევს საპასუხო აგრესიას. ამ დროს სიმშვიდეა აუცილებელი, დაე, ძაღლს ეგონოს რომ თქვენი სიმშვიდე სიძლიერის ნიშანია. იმოძრავეთ ნელა, არავითარ შემთხვევაში არ გაიქცეთ. ასევე, არ შეიძლება ცხოველისთვის თვალებში შეხედვა, ეს პირდაპირი გამოწვევა იქნება თქვენი მხრიდან.
პირველადი დახმარება
ძაღლის თავდასხმის შემდეგ
ძაღლის ნაკბენის შემდეგ ვითარდება ნაჩხვლეტი ან ნაგლეჯი ჭრილობა. ინფიცირების საფრთხე ძალზე დიდია, რადგან ძაღლის ბასრ კბილებს მიკრობი ღრმად ჩააქვს ჭრილობაში, საიდანაც ის სისხლში გადადის. თუ ძაღლი არ უყურებს ადამიანს თვალებში, ან ადრე უკვე დასხმია მას თავს, აუცილებლად ექნება აგრესიას ადგილი. არასოდეს მიუახლოვდეთ მოჩხუბარ ან ჭამის პროცესში მყოფ ძაღლს. ასევე ყურადღება მიაქციეთ, არ შეგეხოთ ცხოველი ღია ჭრილობაზე. განასხვავებენ ზედაპირულ და ღრმა ნაკბენს. ზედაპირული ნაკბენის შემთხვევაში, ჭრილობა დაზარალებულს უნდა დავბანოთ საპნიანი წყლით 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ შევაშროთ და სუფთად შევუხვიოთ. გადავიყვანოთ დაზარალებული საავადმყოფოში. ხშირად ადამიანისთვის ძაღლს თითიც მოუგლიჯავს. ამ შემთხვევაში თითი უნდა მოვათავსოთ ყინულიან ჭურჭელში, აღვნიშნოთ დაზიანების დრო და მივიტანოთ დაზარალებულთან ერთად. თუ კბენიდან 10 დღის განმავლობაში ძაღლი კვლავ ცოცხალია, ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა უნდა შეწყდეს. თავის დაზღვევის მიზნით, კარგი იქნება თუ ცხოველს ვეტერინარიც შეამოწმებს. თუ ძაღლი დაიკარგა ან დაიღუპა, ანტირაბიული ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებაა საჭირო. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეკომენდებულია ცოფის საწინააღმდეგო 6 ინიექციის გაკეთება 90 დღის განმავლობაში. მსგავსი პროცედურა უნდა გაიაროს ყველამ, მიუხედავად დაზიანების სიმწვავისა და თავდამსხმელი ცხოველის ჰიგიენურობისა. თუ დაზარალებულს არ გააჩნია ალერგია ვაქცინაზე, მაშინ ინიექცია ტარდება ამბულატორიულად. შესაძლო გართულებების წინასწარ განჭვრეტის შემდეგ, ანაფილაქსიური შოკისათვის მზადყოფნის მიზნით, ინიექცია ხორციელდება სტაციონარში. ალკოჰოლის მიღება მკურნალობის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკრძალულია.
ცოფის ვირუსი
ცოფი არის ინფექცია, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას. ავადმყოფობის სიმპტომები დასნებოვნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ვლინდება. დაავადების პირველ სტადიაზე ავადმყოფი უჩივის ტკივილს და უსიამოვნო შეგრძნებას ნაკბენის ადგილზე, უძილობას, ცუდ განწყობასა და აფორიაქებულობას. მეორე სტადიის განმავლობაში ადგილი აქვს ჰიდროფობიასა და აეროფობიას, რაც გამოიხატება შესაბამისი ტრაქტების სპაზმით წყლის ან ნიავის შეგრძნების შემდეგ. ასევე, ვითარდება ჰალუცინაცია და ნერვული აგზნებადობის შეტევა. მესამე, ბოლო სტადიის დროს ყალიბდება კიდურების, ენისა და სახის კუნთების პარალიზება. ცოფის ვირუსი დღესდღეობითაც მნიშვნელოვანი სამედიცინო და ეკონომიკური პრობლემაა. სტატისტიკის მიხედვით, ყოველდღიურად დაახლოებით, 50 000 ადამიანი იღუპება მსოფლიოში ცოფის გამო. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ანტირაბიული ვაქცინაციის ყოველწლიური ღირებულება 6 მილიონი დოლარია.
ცოფის გამომწვევი ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ხვდება ნერწყვთან ერთად. ორგანიზმში შეჭრის შემდეგ, ვირუსი ფიქსირდება ნერვულ დაბოლოებაზე და პერინერვული სისხლის ნაკადის საშუალებით მიაღწევს თავის ტვინს. შესაბამისი ნერვული ბირთვების დაზიანება განაპირობებს საყლაპავისა და სასუნთქი გზების კრუნჩხვებს. ამ დროს ასევე აღინიშნება ჭარბი ოფლიანობა და ნერწყვის სეკრეციის გაძლიერება. ძაღლებში ეს დაავადება გრძელდება საშუალოდ 14-30 დღე, უფრო იშვიათად კი 60 დღე. პრაქტიკულად სასარგებლო იქნება, თუ შევძლებთ ასეთი ცხოველის ამოცნობას. არჩევენ დაავადების ორ ფორმას, აგზნებითს და მშვიდს, ანუ პარალიზურს. პირველი დღეების განმავლობაში, ძაღლი წყვეტს კვებას და იმალება. შემდგომ დღეებში, ანუ აგზნების ფაზაში, ცხოველი თავს ესხმის გარშემო მყოფთ, ღრღნის და ყლაპავს საკვებად გამოუსადეგარ ნივთებს, მაგალითად, ქვებს და ჩვრებს. ამას დიდი სადიაგნოზო მნიშვნელობა ენიჭება. ასევე, დამახასიათებელია ყეფის ტემბრის შეცვლა, რომელიც ყმუილს უფრო ემსგავსება. ამ პერიოდს ახასიათებს ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა და წყლის შიში, რომელიც დროდადრო იმ დონემდე სუსტდება, რომ ძაღლი წყალს სვამს. როდესაც დაავადება პიკს მიაღწევს, ვითარდება საყლაპავი და საღეჭი მუსკულატურის დამბლა, რაც სიკვდილით მთავრდება.
ზოგადად, ცოფით დაინფიცირებული ადამიანის გამოჯანმრთელების შემთხვევა არ არის აღწერილი. ამ დაავადების მკურნალობა შეუძლებელია და შემოიფარგლება მხოლოდ იმ ღონისძიებებით, რომელიც მაქსიმალურად