როდის გარდაიქმნება სხეულზე გაჩენილი უცნაური წარმონაქმნები ავთვისებიან სიმსივნედ
სხეულზე გაჩენილი უცნაური წარმონაქმნები, რომლებსაც ზოგი მეჭეჭებს, ზოგი პაპილომებს, ზოგი კი კონდილომებს უწოდებს, ერთი და იგივე დაავადებაა, რომელსაც ადამიანის პაპილომას გამომწვევი ვირუსი იწვევს.
პაპილომა ვირუსი კანის ზედაპირულ ფენაში შეიჭრება და უჯრედების გენურ ტრანსფორმაციას, ანუ გენების შეცვლას იწვევს. ამის შედეგად კი კანზე წარმოიქმნება მცირე ზომის უცხო ქსოვილი.
პაპილომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ის, შესაძლოა, წარმოიქმნას პირის ღრუში, ცხვირში, ხახაში, საყლაპავში, ტრაქეასა და ბრონქებში, ასევე, თირკმლის ფიალებში, შარდსაწვეთებსა და საშარდე ბუშტში, საშოსა და საშვილოსნოში.
პაპილომა ერთი ან ორი სანტიმეტრის მკვრივი ან რბილი ხაოიანი წარმონაქმნია. ის ხშირად მრავლად ვითარდება და ზოგ შემთხვევაში მტკივნეულია. კანზე განვითარებული წარმონაქმნები სხვადასხვა ფერისაა – თეთრი ან ყავისფერი. ლორწოვანზე წარმოქმნილი პაპილომა კი უფერულია.
პაპილომა ვირუსი უშუალო კონტაქტითა და საერთო მოხმარების საგნებით გადაედება. თუ დედა ორსულობისას პაპილომა ვირუსის მატარებელია, არ არის გამორიცხული, მშობიარობისას შვილსაც გადასცეს.
დაავადების საინკუბაციო პერიოდი, ანუ, დრო ინფექციის შეჭრიდან დაავადების გამოვლინებამდე, რამდენიმე დღიდან რამდენიმე წლამდე გრძელდება. ამიტომ, ზუსტად იმის თქმა და განსაზღვრა, თუ როდის ან ვისგან დასნებოვნდა ადამიანი, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ნებისმიერ ადგილას განვითარებული წარმონაქმნი აუცილებლად უნდა განიკურნოს, რადგან, შეიძლება ის ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას დროთა განმავლობაში.
პაპილომას მოშორება კარგია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რადგან ამ დროს ჭრილობა დაცულია მზის სხივებისგან. ცხელ სეზონზე კი ოფლი ჭარბად გამოიყოფა, რაც ხელს უწყობს კანზე მიკრობების გამრავლებასა და ჭრილობის დაჩირქებას.
პაპილომას მოშორების სხვადასხვა ხერხი არსებობს: კრიოდესტრუქცია ანუ მოყინვა, პლაზმური კოაგულაცია, მჟავით მოწვა, ელექტროკოაგულაცია ანუ დენით მოშორება, ლაზეროთერაპია და ქირურგიული მეთოდი.