კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყო თუ არა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია თაღლითობაში ჩართული და როდის უნდა ველოდოთ გრიპის ახალ ტალღას


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გრიპის ვირუსის ახალ შემოტევას ელის. შარშანდელმა პანდემიამ ბევრი ჩააგდო პანიკასა და საგონებელში. ზოგიერთი იმასაც ეჭვობდა, რომ ეს გრანდიოზული თაღლითობა იყო და სხვა არაფერი, რომელიც ფარმაცევტულმა კომპანიებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მედიკამენტების გასაღების მიზნით ერთად დაგეგმეს. ზოგი კი ამას ღორის ხორცის ბიზნესს უკავშირებს. სრული და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტურ დაწესებულებას – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მივაკითხეთ და მის ხელმძღვანელს, პაატა იმნაძეს გავესაუბრეთ.


– ბატონო პაატა, ელექტრონული მედიის ცნობით, „ღორის გრიპის“ ახალ ტალღას სექტემბრიდან უნდა ველოდოთ.

– ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვირუსის ახალ შემოტევას დაახლოებით ნოემბრიდან ველოდებით, ანუ, იმ პერიოდიდან, როცა უკვე ცივი სეზონი იწყება. ოღონდ, სავარაუდოდ, გავრცელების ინტენსივობა იკლებს. პიკი შარშან დეკემბრის ბოლოს იყო. ახლა უკვე იმხელა ტალღას აღარ ველით.

– როდის არის დაავადების კერების წარმოქმნის უფრო აქტიური პერიოდები?

– ჩვეულებრივ, ბოლო წლებში ავადობის პიკია თებერვალსა და მარტში. ახლა პიკი იყო დეკემბერში, უფრო სუსტი მატება ავადობისა თებერვალში აღინიშნა.

– სხვა ვირუსების?

– მოდი, ასე ვთქვათ: ეს ვირუსი წელს ისევ უფრო მეტს დაემართება, ვიდრე სხვა ვირუსები. H1N5, ანუ, როგორც მას მედიაში უწოდებენ – „ღორის გრიპი“, დროთა განმავლობაში შეიცვლება და ჩვეულებრივ ვირუსად ფორმირდება, ისე, როგორც ბევრი სხვა. თუკი ამ სეზონზე ვინმეს გრიპის სიმპტომატიკა დაუდგინდება, იცოდეთ, რომ ეს სწორედ „ღორის გრიპია“.

– ლეტალობის რისკი ჩვეულებრივ გრიპთან შედარებით რამდენად მაღალია?

– ამ ვირუსის ლეტალობის რისკი დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი გრიპის ლეტალობის რისკისგან, გარდა ერთი შემთხვევისა, რასაც დამატებითი ლეტალობა ჰქვია: ჩვეულებრივი ვირუსი ჯანმრთელ ადამიანს იშვიათად კლავს – თუ ძალიან აიღო თავზე ხელი, არ ჩაწვა, არ გაუფრთხილდა თავს და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ, ეს ვირუსი, ძირითადად, მოხუცებში და პატარა ბავშვებშია ლეტალობის გამომწვევი. აი, „ღორის გრიპს“ რაც შეეხება, უცნაურია, მაგრამ, მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები უფრო მედეგები არიან მის მიმართ. სამაგიეროდ, ლეტალობა ხშირია ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებში, ორსულ ქალებში. გარდაცვლილთა უმეტესობა 20-დან 40 წლამდეა. განსაკუთრებით მძიმედ ეს დაავადება მესამე ტრიმესტრის ორსულებში განვითარდა. ამიტომაც, მოახლოებულ შემოდგომას მომზადებულები ვხვდებით. ზუსტად იმისთვისაა ვაქცინაცია საჭირო, რომ შესაძლო გართულებები თავიდან ავიცილოთ. ვირუსთან გათამამება და ზერელე დამოკიდებულება არ შეიძლება. ბევრი გარდაცვლილია ისეთი, რომელსაც, წესითა და რიგით, ჩვეულებრივ, გართულების გარეშე უნდა გადაეტანა ეს ავადმყოფობა, მაგრამ, ასეთი სავალალო შედეგით დამთავრდა მათი დასნებოვნება, იმიტომ, რომ თავის დროზე ყურადღება არ მიაქციეს და არ იმკურნალეს ანტივირუსული პრეპარატებით.

– რომელი დაავადებები შეიძლება იყოს დამატებითი რისკი?

– ძირითადი რისკია ორსულობა, ღვიძლის დაავადება, ასევე სხვა შინაგან ორგანოთა დაავადებები – ასთმა, დიაბეტი, ჭარბი წონა არის კიდევ ძალიან სერიოზული რისკი. აგრეთვე არითმია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ზოგადად, სუსტი ფილტვები და დაქვეითებული იმუნიტეტი.

– ლეტალობის მაჩვენებელი როგორი იყო გასულ სეზონზე ჩვენს ქვეყანაში?

– თუ ლაბორატორიულად დადასტურებულ, გამოკვლეულ შემთხვევებს მივიღებთ მხედველობაში, მათი რიცხვი ჯამში 33-ს შეადგენს, ზოგადად კი სიკვდილიანობის ნიშნულმა 1 300-ს მიაღწია. რეგისტრირებული კი 150 000-მდე შემთხვევა იყო.

– „ღორის გრიპის“ თუ, საერთოდ, ვირუსების?

– იცით, რაშია საქმე? ჩვენ ვიკვლევდით ყველა შემთხვევას, რომ მიგვეღო პრევენციული ზომები და თავიდან აგვეცილებინა პანდემიის საშიშროება. მერე გადავედით მხოლოდ მძიმე შემთხვევების კვლევაზე. ჩვენს სფეროში არის ასეთი ტერმინი „საგუშაგო ზედამხედველობა“, რაც ნიშნავს, რომ ძირითადად ყველა დიდ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში მოქმედებს პოლიკლინიკები, სადაც ყველა საეჭვო სიმპტომის მქონე პაციენტს უტარებენ გამოკვლევას. მერე ლაბორატორიულად დგინდება, რა ტიპისაა ესა თუ ის ვირუსი. პრინციპში, ავადმყოფისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა სახეობის გრიპითაა დაავადებული, ეს უფრო ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ პროცენტული მოცემულობა, რამდენია მათ შორის ავად ამ ახალი ვირუსით. ამ 1 300-დან ყველა შემთხვევა „ღორის გრიპი“ იყო – ეს კლინიკურად დადასტურებულია. ფაქტობრივად, ამ ვირუსმა სხვა ვირუსები საერთოდ განდევნა. თუ იმასაც ვივარაუდებთ, რომ საქართველოში ბევრი მაინც არ მიდის ექიმთან დადასტურებული გრიპოზული ინფექციის შემთხვევაშიც კი, მაშინ 150 000 კი არა, მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდება.

– გართულების შემთხვევაში რამდენად არის პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანის შესაძლებლობა?

– რა თქმა უნდა, არის. ჩვენ სახეზე გვქონდა რამდენიმე ძალიან მძიმე შემთხვევა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ერთი ქალბატონი ორი თვის განმავლობაში იწვა საავადმყოფოში. ყურადღება მინდა, გავამახვილო და მოსახლეობას ვუთხრა, რომ ნუ შეეშინდებათ ანტივირუსული პრეპარატების. მედიით წარმოებული კამპანიით ხალხი ძალიან დაშინდა. იქ ითქვა, რომ ტამიფლუ და რელენზა სერიოზულ გვერდით მოვლენებს აღმოაცენებს, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება. შარშან ვირუსული პანდემიის პერიოდში, მოგეხსენებათ, ეს პრეპარატები უფასო იყო. ასე იქნება წელსაც. შარშან შემოვიტანეთ 150 000 კაცის სამკურნალო დოზა და გამოყენებულია სულ 15 000 ცალი. მარაგი საკმაოდ დიდია და პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

– ვაქცინაზე რას გვეტყვით, ნამდვილად უსაფრთხოა?

– როგორ გითხრათ. ახლა ვაქცინა ბევრია, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატი შედის. ჩვენ დიდხანს ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ უფრო მეტად აპრობირებული ვაქცინა შეგვეძინა. ის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია შემოტანილი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. ჩემი თანამშრომლების უმრავლესობა უკვე აცრილია. ვაქცინა მთელ საქართველოშია უკვე დარიგებული. ამ ვაქცინების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია ორსულთათვის, მაგრამ, ურიგო არ იქნება, აცრა გაეკეთებინათ ჭარბწონიანებსა და გულ-სისხლძარღვთა ავადობით დაავადებულებსაც.

რაც შეეხება რეაქციას, ეს, შესაძლოა, იყოს მცირე გართულება, უფრო გარეგანი – გაწითლება, გალურჯება, შეშუპება, ტემპერატურა, მცირე ალერგიული რეაქცია, რაც ჩვეულებრივი აცრების შემთხვევაშიც ხდება. სერიოზული გართულება ჩვენს პრაქტიკაში ჯერჯერობით არ ყოფილა.

– მცირე ხნის წინ ტელევიზიით მოვისმინე, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ფარმაცევტული კომპანიები და კიდევ სხვანი, გრანდიოზულ თაღლითობაში შესაძლოა, ყოფილიყვნენ მხილებულნი და პრეპარატების გასასაღებლად კარგად ორგანიზებული მთელი ქსელი მოქმედებდა. რას ფიქრობთ ამაზე?

– მტკნარი სიცრუეა და სისულელე. არავითარი თაღლითობა. ეს იმ 33 გარდაცვლილის შვილებს, მშობლებსა და ახლობლებს ჰკითხეთ, რა თაღლითობა იყო. ჩვეულებრივი ვირუსებითაც იხოცება ხალხი, მაგრამ ეს დადგენილია, ჯერ ერთი, ლაბორატორიულად და მეორე, ვირუსმა შეიწირა სრულიად ჯანმრთელი ადამიანები, ასეთი თავისებურება კი სწორედ გრიპის ამ ტიპს ახასიათებს. დეკემბერში, გახსოვთ, რამდენი ადამიანი იყო ავად თქვენ გარშემო? რა, ყველამ ერთად მოიფიქრა და პირი შეკრა?

მე გეტყვით, სინამდვილეში როგორ იყო საქმის ვითარება: ევროსაბჭო განიხილავდა ამ საკითხს. სხვათა შორის, ძალიან ბევრმა აღმოსავლეთევროპულმა ქვეყანამ შეუკვეთა ვაქცინა გაორმაგებული დოზით, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ერთი აცრაც სავსებით საკმარისია. საერთოდ, როცა რაიმე ახალი ვირუსი ჩნდება, მედიკოსები თავის დაზღვევის მიზნით ორ ვაქცინაციას აკეთებენ. ამის გამო პოლიტიკოსებმა ერთი ალიაქოთი შექმნეს, მაგრამ, წარმოიდგინეთ, იგივე პოლიტიკოსები რა ამბავს ატეხდნენ, მომზადებულები რომ არ დავხვედროდით პანდემიას. ძალიან ძნელია, როცა მოსალოდნელი პანდემიისთვის ემზადები – ყველაფერი სწორად და ზუსტად გათვალო, თუმცა, ამ საკითხზე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დამოუკიდებელი კომიტეტი ნამდვილად მუშაობდა. მე არ ვარ ამ კომიტეტის წევრი, მაგრამ მიწვეული ვიყავი დამსწრის სტატუსით. პანდემია რომ იყო, ამას წყალი არ გაუვა, მთავარია, ჩვენ საშიშროებას მომზადებულები შევხვდით.

– ვარაუდობენ, რომ ეს ვირუსები, შესაძლოა ხელოვნური გზით იყოს შექმნილი. აქვს ამ ჰიპოთეზას არსებობის უფლება?

– არის ერთი ამერიკელი მეცნიერი, რომელიც ასეთ აზრს ავითარებს. რა თქმა უნდა, ყველანაირ აზრს აქვს არსებობის უფლება. დღევანდელი მოლეკულური ბიოლოგია იმ დონეზეა განვითარებული, რომ ლაბორატორიულად ვირუსის შექმნა სრულიად შესაძლებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, განვითარების ეს დონე იმის განსაზღვრის საშუალებას იძლევა, დადგინდეს, ვირუსი ბუნებრივი გზითაა წარმოქმნილი თუ ხელოვნური, ანუ, ინჟინერიით შექმნილი.

პანდემია ჩნდებოდა ხოლმე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საერთოდ არ იცოდნენ, რა იყო ვირუსები, მაგალითად, შუა საუკუნეებში. გრიპის პანდემია მეცხრამეტე საუკუნეშიც არის აღწერილი და მეთვრამეტეშიც, მაგრამ მაშინ ვირუსი ქვეყნიდან ქვეყანაში ნელა ვრცელდებოდა, არ იყო გადაადგილების ამდენი საშუალება. დღეს კი მიგრირებულ ასიათასობით ადამიანს რამდენიმე საათში, ჩააქვს სხვა ქვეყანაში ვირუსი და უფრო მალე ვრცელდება. თქვენ ოდესმე გინახავთ ზამთარი ვირუსების გარეშე? როდესაც ახალია ვირუსი, როგორც წესი, მისით უფრო მეტი ადამიანი ავადდება, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსით. დროთა განმავლობაში, ეს ვირუსიც ჩვეულებრივ ვირუსად გადაიქცევა.


скачать dle 11.3