როგორ უნდა გამოაჯანსაღოთ და დაატენიანოთ გარუჯული კანი და გვიცავს თუ არა ზაფხულში ჩრდილში ყოფნა მზის მავნე გამოსხივებისგან
მართალია, გარუჯული კანი ლამაზად გამოიყურება და ის სასიამოვნოდ გატარებულ შვებულებასა თუ არდადეგებთან ასოცირდება, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ არასწორად მიღებული რუჯი ძალიან საშიშია და მას შემდგომში მთელი რიგი გართულებებიც მოჰყვება. თინეიჯერებში ხშირია ასაკობრივი გამონაყარი და, ჰგონიათ, რომ, თუ მზის მწველ სხივებს მიეფიცხებიან, ამ, ეგრეთ წოდებულ ასაკობრივ ნაკლს, რუჯი უშველის. ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ექიმ-დერმატოლოგს, სოსო კობახიძეს, რომლისგანაც საკმაოდ საყურადღებო და გასათვალისწინებელი რჩევა-დარიგებები მივიღეთ.
– ბევრი ახალგაზრდა ცდილობს, რუჯი დროის უმოკლეს ვადაში მიიღოს და არ ერიდება მზის მცხუნვარე სხივების ქვეშ ნებივრობას. რამდენად საშიშია მსგავსი მოქმედება და რა გართულებებს იწვევს გადამეტებული რუჯის მიღება ადამიანის კანზე და, ზოგადად, ჯანმრთელობაზე?
– მართალია, ზოგი ახალგაზრდა ცდილობს, დროის უმოკლეს მონაკვეთში ისეთი რუჯი მიიღოს, რომ გარშემო მყოფების გაოცება გამოიწვიოს და არ ფიქრობს იმაზე, თუ რა სავალალო შედეგები მოჰყვება მწველი მზის სხივების ქვეშ, არასასურველ დროს წოლას. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ეს ძალიან საშიში და სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამას მოჰყვება გაუთვალისწინებელი შედეგები, რაც შემდგომ სინანულს იწვევს. ამიტომ, სანამ ინანებთ, გირჩევთ, გონივრულად მოიქცეთ, გაითვალისწინოთ საკმაოდ მარტივად დასაცავი წესები, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და ასე დაიცვათ თავი ზაფხულის ამ პაპანაქება სიცხეში. სხვათა შორის, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა კანის კიბო და, მინდა გითხრათ, ამას არასწორი გარუჯვაც იწვევს. კერძოდ, ეს უკავშირდება ოზონის გათხელებას და ულტრაიისფერი სხივების მავნე გამოსხივებას. სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ამ მხრივ საქართველოში არ არსებობს, მაგრამ, კანის კიბოს საერთო ზრდის ტენდენცია რომ შეიმჩნევა, ეს ფაქტია. თუმცა, ეს გენეტიკურ ფაქტორზეცაა დამოკიდებული და მის განვითარებაში მხოლოდ მზის მავნე ზემოქმედებას ვერ გამოვყოფთ. ამიტომ, თუ რამე საეჭვოს შეამჩნევთ საკუთარ სხეულზე, აუცილებლად იმოქმედეთ სწრაფად, მიმართეთ ექიმს და გადაამოწმეთ, ხომ არ გაქვთ რაიმე პრობლემა. ასევე, ხშირად დააკვირდით მკერდის ქვეშ კანს ან ნაოჭებს. აქვე გეტყვით, რომ, ნამზეურის გადასვლის შემდეგ ზოგ ადამიანს კანზე აღენიშნება თეთრი ლაქები, რასაც სათანადო ყურადღებას არ აქცევს და ჰგონია, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. გეტყვით რომ, ეს კანის სოკოვანი ინფექციაა, რომელიც კანის რქოვანა შრეს აზიანებს. დაზიანებულ ადგილზე კი კანი ფერს იცვლის. საერთოდ, მზეს შეუძლია, ბევრი დაავადების პროვოცირება მოახდინოს, თუნდაც, ფოტოდერმატოზის. ეს უკანასკნელი, ასევე, შესაძლოა, გამოიწვიოს არა ნამზეურმა, არამედ ულტრაიისფერმა სხივებმა.
– ნამზეურის გადასვლის შემდეგ ხშირია ჩირქოვანი გამონაყარიც. ესეც არასწორად მიღებული და გადამეტებული რუჯის ბრალია?
– ამ შემთხვევაში კანი დაზიანებულია. როცა დიდი ხნის განმავლობაში არასწორად ირუჯება ადამიანი და ულტრაიისფერი სხივების ტრავმის აქტივიზაცია მიმდინარეობს, ასეთი რეაქციები ნამდვილად მოსალოდნელია. შესაძლოა, ნამზეურის გადასვლის შემდეგ, კანზე გაჩნდეს გამონაყარი ან მოხდეს ცხიმოვანი ჯირკვლების შესიება. ამ დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია, სწორი დიაგნოზი უნდა დაგისვათ კანის ექიმმა და დაგინიშნოთ სწორი მკურნალობის კურსი. აფთიაქში ნაყიდი ჰორმონული მალამოს ხმარება ნამზეურ კანზე, შეიძლება შემდგომში გართულების მიზეზი გახდეს და ამიტომ ეს სასტიკად დაუშვებელი და აკრძალულია.
– თუ დასასვენებლად წასული ადამიანი ჩრდილში ზის, ამ დროს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედება მაინც აღწევს კანში?
– რასაკვირველია. ულტრაიისფერი გამოსხივება მაინც მოქმედებს კანზე. ამ დროს მზის დარტყმას არ მიიღებთ, თორემ, კანს საფრთხეს ვერ აარიდებთ. ნამზეურზე კი აუცილებლად უნდა წაისვათ დამატენიანებელი კრემები, რომ კანი არ გამოშრეს და აღიდგინოს სასიცოცხლო ძალები. სანამ კანის სერიოზულ დაზიანებას მიიღებთ, გირჩევთ, გაითვალისწინოთ ზემოთ ნათქვამი რჩევები, რომ მერე ჩემთან არ მოგიხდეთ მოსვლა და ბევრი კითხვის დასმა არასწორი ქცევის შედეგების გამო (იცინის). ასე რომ, გარუჯვის შემდეგ აუცილებლად იხმარეთ დამატენიანებელი კრემები, რომ კანის დაბერების პროცესი არ დაიწყოს. ისინი არც ძვირი ღირს და დაბანის შემდეგ მათ წასმას დადებითი ეფექტიც აქვს.
– როცა მზის აქტივობა პიკს აღწევს, სახესა და მკერდის არეში ხშირია პიგმენტური ლაქების გაჩენა. მსგავს პრობლემას როგორ ავარიდოთ თავი?
– პიგმენტური ლაქის წარმოქმნა დამოკიდებულია მელანინის ჭარბ სეკრეციაზე და ის ყველაზე ხშირად ლოკალიზდება სახეზე, ხელებსა და გულ-მკერდის არეში. პიგმენტის ჭარბი სეკრეცია ვითარდება კანის ზედაპირულ შრეებში და მისი განვითარება დამოკიდებულია, ასევე, ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებაზე. რასაკვირველია, აღსანიშნავია მზის სხივების ზემოქმედებაც, რაც საკმაოდ ააქტიურებს პიგმენტურ ლაქებს. ამიტომ, ზაფხულის პერიოდში აუცილებლად უნდა იხმაროთ დამცავი საშუალებები, კერძოდ, კრემები, მით უმეტეს, თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს პიგმენტური ლაქებისკენ. თუ კანზე გაჩნდა ყავისფერი შეფერილობის პიგმენტური ლაქები, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს და მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოთ. ასევე, არსებობს და უკვე ხელმისაწვდომია ანტიპიგმენტური საშუალებები: კრემები, ლოსიონები, შრატი, ნიღაბი, კორექტორი და ასე შემდეგ, ეს საშუალებები აუფერულებს ლაქას და მოქმედებენ ლოკალურად. აგრეთვე, ამცირებს ასაკისთვის დამახასიათებელი ყავისფერი და მოყვითალო ლაქების განვითარებასა და პიგმენტაციას, რაც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად ჩნდება კანზე. ზემოთ აღნიშნული პროდუქცია საგრძნობლად და აქტიურად ამცირებს მელანინის სინთეზს და, თავისთავად, მცირდება ლაქის წარმოქმნის საფრთხეც. თუმცა, ყველა ეს საშუალება, დერმატოლოგის რეკომენდაციით, ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოთ. თუ პიგმენტაციისკენ ხართ მიდრეკილი, განსაკუთრებით უნდა დაიცვათ კოსმეტიკის შერჩევის წესები ზაფხულის პერიოდში, ასევე, ყურადღებით უნდა შეარჩიოთ მზისგან დამცავი კრემებიც. საერთოდ, ზაფხულის სიცხეში და, მით უმეტეს, ასეთ გაუსაძლის პაპანაქებაში, ადამიანმა უნდა სვას ბევრი სითხე, რომ კანი არ გამოშრეს. ზაფხულში ორგანიზმიდან ხდება სითხის აორთქლება და კანი ამ დროს იწყებს გამოშრობას, კარგავს ელასტიკურობას, იწყება აქერცვლა, ქავილი, გაღიზიანება და მთელი რიგი დერმატოლოგიური პრობლემები. ამიტომ, სვით ბევრი სითხე, მით უმეტეს, თუ რუჯის მიღებას გეგმავთ ან უკვე გაირუჯეთ. ყოველთვის ვაფრთხილებ ყველას და კიდევ გავიმეორებ: არ გაირუჯოთ სველი ტანით. ზღვიდან ამოსვლის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ კანი, წაისვით კრემი და ისე მიეფიცხეთ მზეს. ჯობია, ეს დილის 11 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ გააკეთოთ, მანამდე კი სახლში დარჩეთ ან ჩრდილში იმუშაოთ. თუ მზეზე კანი დაგეწვათ, არავითარ შემთხვევაში არ მიიკაროთ სპირტი, გადაისვით აფთიაქში ნაყიდი გამაგრილებელი ხსნარი, კრემი ან ემულსია.
– ამბობენ, თინეიჯერულ პრობლემას ანუ ასაკობრივ გამონაყარს მზის სხივები ძალიან უხდებაო. ამაზე რას გვეტყვით?
– თინეიჯერები მწვავედ განიცდიან იმ ცვლილებებს, რომლებიც ერთი შეხედვითაა თვალშისაცემი. ბევრ მათგანს სახესა და ტანზე გაჩენილი გამონაყარი დეპრესიაშიც კი აგდებს, არადა, ეს ბუნებრივი მოვლენაა 14-15 წლის ასაკში, რადგან ეს არის კლასიკური ვულგარული აკნე. ის დამოკიდებულია ჰორმონის, ტესტოსტერონის გამოყოფაზე. ასეთი ასაკობრივი აკნეს მზის სხივებზე მიფიცხებით მორჩენა აბსურდია. ამან, შესაძლოა, კიდევ უფრო გააღიზიანოს ის და კანის დამწვრობაც კი მიიღოს. აკნე იკურნება, კერძოდ, მისი მკურნალობა მოიცავს მინიმუმ სამ-ოთხ თვეს. ამ დროს, ძირითადად, გასათვალისწინებელია სამი ფაქტორი: უნდა შემცირდეს ცხიმოვნება, გაიხსნას დაცობილი სადინარები და და შემდეგ ჩაცხრეს ანთება. დღეს აკნეს სამკურნალო უამრავი პრეპარატი არსებობს და მთლიანად არჩენს მას. წამლის დანიშვნა კი ინდივიდუალურად ხდება კონკრეტულ ადამიანზე. თინეიჯერი გოგონები ცდილობენ, აკნე ტონალური კრემებით დაფარონ, ეს კრემები კი შეიცავს მიკროკრისტალებს და სადინარებს აცობს. ერთჯერადად მათი გამოყენება, რასაკვირველია, შეიძლება, მაგალითად, თუ წვეულებაზე ან სადმე ასეთ ადგილას გიწევთ წასვლა, მაგრამ, სისტემატურად მისი ხმარება არ არის რეკომენდებული. გაფრთხილებთ, რომ არასწორად ნამკურნალები აკნე ტოვებს არასასურველ, ესთეტიკურად არასასიამოვნო ნაწიბურებს, რომლის მკურნალობაც შემდგომში ძვირი ჯდება. თინეიჯერები უნდა მოერიდონ კანზე გამონაყარის ხელით წვალებას, კოვზით გაწმენდას და ასე შემდეგ. საკმარისია, გამომუშავდეს მათ ორგანიზმში ჰორმონი ტესტოსტერონი და ეს პრობლემა თავისთავად მოგვარდება.