სიბრძნე მინიატურებში
ასკეტი
ერთი მოლოზანი გურუსთან მიდიოდა. გზად სამი ასკეტი შემოხვდა. ერთი მათგანი ჭიანჭველების უზარმაზარ საცხოვრებელს დასჯდომოდა შიშველ-ტიტველი. მწერები შეუბრალებლად ჰკბენდნენ ასკეტს და გვამის გვემა მას ნეტარებით აღავსებდა. მეორე მდინარის პირას ჩამომჯდარიყო, წყლის დინებას მიშტერებოდა და თავის საფიქრალს მისცემოდა. მესამე კი ცეკვავდა და მღეროდა უზარმაზარი ხის ქვეშ.
როდესაც ასკეტებმა შეიტყვეს, რომ მოლოზანი გურუსთან მიდიოდა, სთხოვეს, ეკითხა წმიდა მოძღვრისთვის, კიდევ რამდენი სიცოცხლე დარჩათ გასატარებელი ასკეტიზმში, საბოლოო გათავისუფლებამდე. მოლოზანმა აღუთქვა, რომ მათ თხოვნას აუცილებლად შეასრულებდა.
უკან დაბრუნებულ მოლოზანს ასკეტებმა ჰკითხეს, რა უპასუხა მას გურუმ დასმულ კითხვაზე.
– შენ, ჭიანჭველებში ჩამჯდარო, კიდევ ორი სიცოცხლე უნდა გაატარო სატანჯველში.
ასკეტმა თავი ჩაქინდრა.
– შენ, წყლის ნაკადს რომ მიშტერებიხარ, კიდევ ათი სიცოცხლე უნდა მიეცე ფიქრებს, ვიდრე საბოლოოდ გათავისუფლდები.
ასკეტმა მწარედ ამოიოხრა.
– შენ კი, რომელიც მღერი და ცეკვავ, იმდენი სიცოცხლე გაკლია გათავისუფლებამდე, რამდენი ფოთოლიცაა ამ ხეზე.
ასკეტს გაუხარდა, ჩემი გათავისუფლების დრო მოსულაო და კიდევ უფრო ომახიანად შემოსძახა თავისი სიმღერა. იმწამს ხეს ყველა ფოთოლი გასცვივდა და ასკეტმა ნანატრი თავისუფლება მიიღო.
ილოცე და იშრომე
ერთი კაცი მეთევზეს ნავით ნაპირზე გაჰყავდა. მგზავრს სამსახურში აგვიანდებოდა და აჩქარებდა. უცებ მან დაინახა, რომ ნავის ერთ ნიჩაბს ეწერა „ილოცე“, მეორეს კი – „იშრომე“.
– რისთვის გჭირდება ეს ყველაფერი? – ჰკითხა მან მეთევზეს.
– იმისთვის, რომ ყოველთვის მახსოვდეს, ვილოცო და ვიშრომო, – იყო პასუხი.–
– კარგი, გასაგებია, რომ უნდა იშრომო, რადგან შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევ, მაგრამ ლოცვა? რა საჭიროა ლოცვა, ის ხომ არავის არაფერში არგია. რატომ უნდა კარგო ამისთვის დრო?! – ხელი ჩაიქნია მგზავრმა.
– როგორ თუ არ არგია? – ჩაეკითხა მეთევზე და წყლიდან ამოიღო ნიჩაბი წარწერით: „ილოცე“. ნავი ერთ ადგილას დატრიალდა, ოდნავაც ვერ წავიდა წინ, – ნავმა იცის, რომ მეორე ნიჩაბიც საჭიროა. ადამიანმაც უნდა იცოდეს.
უმაღლესი ოსტატობა
ერთხელ ჩინური საბრძოლო ხელოვნების მოხუც მასწავლებელთან ევროპელი მოწაფე მივიდა და ჰკითხა:
– მასწავლებელო, კრივსა და ფრანგულ ორთაბრძოლაში ჩემი ქვეყნის ჩემპიონი ვარ, კიდევ რა შეგიძლიათ მასწავლოთ?
ძველი ოსტატი ერთხანს დუმდა. შემდეგ გაიღიმა და თქვა:
– წარმოიდგინე, რომ ქალაქში სეირნობისას თავი ამოჰყავი ქუჩაზე, სადაც მძარცველები ჩაგისაფრდნენ და მოუთმენლად გელიან, როდის გამოჩნდები, რათა გაგძარცვონ და ნეკნები ჩაგიმტვრიონ. ჰოდა, მე გასწავლი, როგორ არ უნდა მოხვდე ასეთ ქუჩაზე.